წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი სექტემბერი 2015

„ბედელის ბიბლია“ ბიბლიის უკეთ გასაგებად გადადგმული პატარა ნაბიჯი

„ბედელის ბიბლია“ ბიბლიის უკეთ გასაგებად გადადგმული პატარა ნაბიჯი

როდესაც ინგლისელი სასულიერო პირი უილიამ ბედელი 1627 წელს ირლანდიაში ჩავიდა, მას იქ რთული ვითარება დახვდა. ირლანდიას, სადაც დომინანტური რელიგია კათოლიციზმი იყო, პროტესტანტული ბრიტანეთი მართავდა. პროტესტანტ რეფორმატორებს ბიბლია თითქმის ყველა ევროპულ ენაზე ჰქონდათ ნათარგმნი, მაგრამ მისი ირლანდიურ ენაზე თარგმნის სურვილი არავის გასჩენია.

ბედელს მტკიცედ სჯეროდა, რომ ირლანდიელი ხალხი „არ უნდა ყოფილიყო უყურადღებოდ მიტოვებული იმის გამო, რომ ინგლისური არ იცოდნენ“. ამიტომ მან ბიბლიის ირლანდიურ ენაზე გამოცემა განიზრახა, მაგრამ სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდა, განსაკუთრებით, პროტესტანტების მხრიდან. რატომ?

ირლანდიური ენის წინააღმდეგ

ბედელმა მიზნად დაისახა, შეესწავლა ირლანდიური ენა. როდესაც ის დუბლინის სამების კოლეჯის რექტორი, მოგვიანებით კი კილმორის ეპისკოპოსი გახდა, თავის სტუდენტებს მოუწოდებდა, აქტიურად გამოეყენებინათ ეს ენა. ფაქტობრივად, ინგლისის დედოფალმა ელისაბედ I-მა სამების კოლეჯი იმ მიზნით დააარსა, რომ იქ აღზრდილ ღვთის მსახურებს ბიბლია ირლანდიელებისთვის მშობლიურ ენაზე ესწავლებინათ. ბედელიც სწორედ ამისკენ ისწრაფოდა.

კილმორის პროვინციაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ირლანდიურად საუბრობდა. ამიტომ ბედელი სამების კოლეჯის სტუდენტებისგან ირლანდიური ენის ცოდნას მოითხოვდა. ის იზიარებდა 1 კორინთელების 14:19-ში ჩაწერილ პავლე მოციქულის სიტყვებს: „კრებაში მირჩევნია ხუთი სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით, რათა სხვებსაც ვასწავლო სიტყვიერად, ვიდრე ათი ათასი სიტყვა უცხო ენაზე“.

მაგრამ ქვეყნისა და ეკლესიის სათავეში მოქცეული გავლენიანი პირები ყველანაირად ცდილობდნენ ბედელის შეჩერებას. მემატიანეების ცნობით, ზოგი ამტკიცებდა, რომ ირლანდიური ენის გამოყენება „ქვეყნისთვის დიდ საშიშროებას“ წარმოადგენდა. ზოგი კი ამას „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად“ მიიჩნევდა. სხვების აზრით, ირლანდიელების სრულ უმეცრებაში ყოფნა ინგლისის ინტერესებში შედიოდა. ფაქტობრივად, მათ კანონებიც კი მიიღეს, რომელთა თანახმადაც ირლანდიელებს უარი უნდა ეთქვათ თავიანთ ენასა და კულტურაზე და დაუფლებოდნენ ინგლისურ ენას და ბრიტანულ კულტურას.

„ბედელის ბიბლიის“ თარგმნის პროცესი

ბედელი არ შეუშინდა ირლანდიელების მიმართ გატარებულ მკაცრ პოლიტიკას. 1630-იანი წლების დასაწყისში ის შეუდგა ირლანდიურ ენაზე ბიბლიის თარგმნას, რისთვისაც გამოიყენა ინგლისურ ენაზე არსებული უახლესი ბიბლია („მეფე ჯეიმზის თარგმანი“, 1611 წლის გამოცემა). მისი სურვილი იყო, გამოეცა ისეთი ბიბლია, რომელიც, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იქნებოდა გასაგები. მას ძალიან აწუხებდა ის ფაქტი, რომ უბრალო ადამიანებს არ შეეძლოთ წაეკითხათ ის მუხლები, რომლებიც მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან გზას აპოვნინებდა და ეს იმიტომ, რომ ბიბლია მათთვის დალუქული წიგნივით იყო (იოანე 17:3).

ბედელი არ ყოფილა პირველი, ვინც ეს პრობლემა შენიშნა. დაახლოებით 30 წლით ადრე ეპისკოპოსმა  უილიამ დენიელმა დაინახა, როგორ უჭირდა ხალხს ბიბლიური სწავლებების გაგება, ვინაიდან, როგორც თავად თქვა, „უცხო და გაუგებარი ენა ამ წიგნს ბურუსში ხვევდა“. ამიტომ დენიელმა ირლანდიურ ენაზე თარგმნა ქრისტიანულ-ბერძნული წერილები. ბედელი კი ებრაული წერილების თარგმნას შეუდგა. საბოლოოდ, ებრაული წერილების მისეულ თარგმანს დაემატა უილიამ დენიელის მიერ ნათარგმნი ბერძნული წერილები, რაც „ბედელის ბიბლიის“ სახელით გახდა ცნობილი. ეს გახლავთ ირლანდიურ ენაზე შესრულებული პირველი სრული ბიბლია, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ერთადერთი ირლანდიური ბიბლია იყო 300 წლის მანძილზე.

ბიბლიის ინგლისურიდან ირლანდიურზე გადასათარგმნად ბედელს, რომელიც ებრაული ენის სპეციალისტი გახლდათ, ეხმარებოდა ორი ირლანდიელი სწავლული. ზოგჯერ ის ერთ ან ორ სანდო მკვლევართან ერთად, საგულდაგულოდ ამოწმებდა და ასწორებდა თითოეულ მუხლს. თავიანთ ნაშრომს ისინი ადარებდნენ შვეიცარიელი თეოლოგის ჯოვანი დიოდატის იტალიურ თარგმანს, ბერძნულ სეპტუაგინტასა და უძველეს ებრაულ ხელნაწერებს.

მთარგმნელთა ამ ჯგუფმა „მეფე ჯეიმზის თარგმანზე“ მომუშავე მთარგმნელების მიბაძვით (ბევრ მათგანს ბედელი პირადად იცნობდა) ღვთის საკუთარი სახელი თავიანთ თარგმანში რამდენიმე ადგილას მოიხსენია. მაგალითად, გამოსვლის 6:3-ში მთარგმნელებმა გამოიყენეს ღვთის სახელი „იეჰოვა“. ბედელის ტექსტის ორიგინალი ინახება დუბლინში, მარშის ბიბლიოთეკაში (იხილეთ ჩარჩო „ბედელის ღვაწლის აღიარება“).

„ბედელის ბიბლიამ“ მზის შუქი იხილა

უილიამ ბედელმა პროექტზე მუშაობა დაახლოებით 1640 წელს დაასრულა, თუმცა მისი მაშინვე დაბეჭდვა ვერ შეძლო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მას კვლავინდებურად უმოწყალოდ ეწინააღმდეგებოდნენ. ცილისმწამებლებმა ჩირქი მოსცხეს ბედელის მთავარ მთარგმნელს იმ იმედით, რომ მის ნამუშევარს ხალხი ეჭვის თვალით შეხედავდა. მზაკვრული გეგმის წყალობით  მოწინააღმდეგეებმა მოახერხეს მისი დაჭერა და დაპატიმრება. თითქოს ეს არ კმაროდა, 1641 წელს, როცა ანტი-ინგლისურმა აჯანყებამ იფეთქა, მას სასტიკად გაუსწორდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბედელი ინგლისელი იყო, ადგილობრივი ირლანდიელები მის დაცვას ცდილობდნენ, რადგან ხედავდნენ, რომ მას გულწრფელად აღელვებდა მათი მდგომარეობა. მაგრამ ბოლოს, აჯანყებულებმა ბედელი მაინც დააპატიმრეს და არაადამიანურ პირობებში ამყოფეს, რამაც მას სიცოცხლე მოუსწრაფა. იგი 1642 წელს გარდაიცვალა. სამწუხაროდ, იგი ვერ მოესწრო თავისი ნაშრომის გამოქვეყნებას.

ბედელის ორიგინალი ტექსტის თავფურცელი, დაახლოებით 1640 წელი და 1685 წელს გამოცემული ბიბლია

სიკვდილის შემდეგ ბედელს მთელი სახლი გადაუქექეს და გაუნადგურეს, რასაც კინაღამ შეეწირა მისი ნაშრომი. საბედნიეროდ, მისმა ახლო მეგობარმა როგორღაც მოახერხა მისი თარგმანების გადარჩენა. წლების განმავლობაში ამ ნაშრომს საგულდაგულოდ ინახავდა ნარსისუს მარში, რომელიც მოგვიანებით ქალაქ არმას არქიეპისკოპოსი და ირლანდიის ეკლესიის პრიმასი გახდა. მან ფინანსური დახმარება მიიღო ცნობილი მეცნიერის, რობერტ ბოილისგან და 1685 წელს უშიშრად გამოაქვეყნა „ბედელის ბიბლია“.

პატარა, მაგრამ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი

„ბედელის ბიბლიას“ მსოფლიო აღიარება არ მოუპოვებია. ეს იყო პატარა, მაგრამ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბიბლიის უკეთ გასაგებად, განსაკუთრებით, ირლანდიურენოვანი ხალხისთვის არა მარტო ირლანდიაში, არამედ შოტლანდიაში და ბევრ სხვა ადგილას. ახლა მათ უკვე შეეძლოთ ღვთის სიტყვა მშობლიურ ენაზე წაეკითხათ და დაეკმაყოფილებინათ სულიერი შიმშილი (მათე 5:3, 6).

«როცა „ბედელის ბიბლიას“ ვკითხულობთ, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ღმერთი მშობლიურ ენაზე გველაპარაკება. სწორედ ამან გვიბიძგა მე და ჩემს ოჯახს, ბიბლია ხელში აგვეღო და მასში ჩაწერილი უძვირფასესი ჭეშმარიტება გაგვეგო»

„ბედელის ბიბლია“ დღემდე ეხმარება ჭეშმარიტების მოყვარულთ, აკეთონ ის, რაც სწორია. ერთი ირლანდიელი მამაკაცი, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ გაიგო, თურმე რას ასწავლიდა ბიბლია სინამდვილეში, ამბობს: «როცა „ბედელის ბიბლიას“ ვკითხულობთ, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ღმერთი მშობლიურ ენაზე გველაპარაკება. სწორედ ამან გვიბიძგა მე და ჩემს ოჯახს, ბიბლია ხელში აგვეღო და მასში ჩაწერილი უძვირფასესი ჭეშმარიტება გაგვეგო».

გაიგეთ მეტი

მათ „ღვთის წმინდა სიტყვების“ თარგმნის პატივი ხვდათ წილად — რომაელები 3:2

იეჰოვას მოწმეები წლების მანძილზე ბიბლიის სხვადასხვა თარგმანებს იყენებდნენ. რატომ თარგმნეს მათ ბიბლია თანამედროვე ინგლისურ ენაზე?