არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  სექტემბერი 2015

 ბიოგრაფია

დიდებაზე ბევრად უკეთესი

დიდებაზე ბევრად უკეთესი

1984 წლის ერთ საღამოს ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა — უბრალო თინეიჯერი გოგონა ცნობილ ქალბატონად ვიქეცი. იმ საღამოს მის ჰონკონგის ტიტული მოვიპოვე. ჩემი ფოტოები ჟურნალ-გაზეთების გარეკანზე იბეჭდებოდა. ვმღეროდი, ვცეკვავდი, სიტყვით გამოვდიოდი, ვსტუმრობდი ტელე-შოუებს, ვიმოსებოდი ძვირადღირებული ტანსაცმლით და ისეთი ცნობილი ადამიანების გვერდით ვჩნდებოდი, როგორიც მაგალითად, ჰონკონგის გუბერნატორი იყო.

მომდევნო წელს ფილმებში გადასაღებად მიმიწვიეს და რამდენიმე მთავარი როლიც შევასრულე. რეპორტიორები გამუდმებით ინტერვიუს მთხოვდნენ, ფოტოგრაფები სურათებს მიღებდნენ, მეპატიჟებოდნენ პრემიერებზე, ლენტის გაჭრის ცერემონიებზე, სპეციალურ სადილებსა თუ ვახშმებზე. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი.

მძაფრსიუჟეტიან ფილმში

ნელ-ნელა მივხვდი, რომ ეს ყველაფერი არც ისეთი მიმზიდველი ყოფილა, როგორც წარმომედგინა. ძირითადად, მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მიღებდნენ, რაც ერთობ სახიფათო იყო. ჰოლივუდისგან განსხვავებით ჰონკონგში მსახიობებს არ ჰყავდათ დუბლიორები, ამიტომ ყველა ტრიუკის შესრულება თავად მიწევდა, მაგალითად ისეთის, როგორიცაა, მოტოციკლით მანქანის სახურავზე გადახტომა. ბევრი ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ვთამაშობდი, უზნეობისა და ძალადობის ამსახველ კადრებს შეიცავდა. ზოგი კი დემონიზმით იყო გაჟღენთილი.

1995 წელს ცოლად გავყევი ცნობილ კინოპროდიუსერს. თითქოს ყველაფერი მქონდა, რაც ბედნიერებისთვის იყო საჭირო: პოპულარობა, სიმდიდრე, მყავდა მოსიყვარულე მეუღლე, მაგრამ ხშირად მიპყრობდა სევდა და ზოგჯერ დეპრესიაშიც ვვარდებოდი. გადავწყვიტე, მსახიობობისთვის თავი დამენებებინა.

ბავშვობაში შეძენილი რწმენა

იმ პერიოდში სასიამოვნოდ ვიხსენებდი ბავშვობაში შეძენილ რწმენას. მაშინ ყოველ შაბათს მე და ჩემი დაიკო იეჰოვას მოწმეების ერთ ოჯახს ვსტუმრობდით. ოჯახის უფროსი ჯო მეგრასი ჩვენ და თავის სამ ქალიშვილს ბიბლიას გვასწავლიდა. ძალიან თბილი და მოსიყვარულე ოჯახი იყო. ბიძია ჯო თავის მეუღლეს და შვილებს სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობოდა. მათ თავიანთ ქრისტიანულ შეხვედრებზეც დავყავდი, რაც ძალიან მსიამოვნებდა. ზოგჯერ დიდ კონგრესებზეც დავდიოდი. მოწმეების გვერდით თავს ბედნიერად და უსაფრთხოდ ვგრძნობდი. ის დრო ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება.

ჩვენს ოჯახში კი სულ სხვაგვარი სურათი იყო. მამაჩემის უკუღმართმა ცხოვრებამ დედას სიცოცხლე გაუმწარა.  დარდმა ის ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. ათი წლის რომ ვიყავი, დედამ იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა გაწყვიტა. მე მაინც დავდიოდი კრებაზე, თუმცა ისეთი ენთუზიაზმით არა, როგორც ბავშვობაში. 17 წლის ასაკში მოვინათლე, მაგრამ მალე ისეთი რამ ჩავიდინე, რაც ღმერთს არ მოსწონდა. ამის გამო იეჰოვას მოწმედ აღარ ვითვლებოდი.

გადავწყვიტე, კრებას დავბრუნებოდი

დაქორწინებიდან მალევე სახლში მეწვია იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი კრების ორი ზედამხედველი. მათ ამიხსნეს, როგორ შეიძლებოდა დავბრუნებოდი იეჰოვა ღმერთს. მალე მათ ჩემ დასახმარებლად ერთი მისიონერი, სახელად სინდი, გამოგზავნეს. მაშინ რწმენა თითქმის დაკარგული მქონდა, ამიტომ სინდის ვთხოვე, დაემტკიცებინა, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის სიტყვა იყო. ჩვენ ერთად ვმსჯელობდით უკვე შესრულებულ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზე. ამასობაში მე და სინდი დავმეგობრდით. მან შემომთავაზა, რომ ერთად განგვეხილა ძირითადი ბიბლიური სწავლებები, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. მაშინღა მივხვდი, რა მოსიყვარულე ღმერთი ყოფილა იეჰოვა, რომელსაც ჩემი ბედნიერება სურდა.

როცა ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება განვაახლე, მივხვდი, რომ მოწმეებთან უფრო კარგად ვგრძნობდი თავს, ვიდრე კინო-ინდუსტრიაში მოღვაწე ხალხთან. ბავშვობაში გადატანილმა იმხელა დაღი დამასვა, რომ მიჭირდა ადამიანების ნდობა; უღირსობის გრძნობაც მტანჯავდა. კრების ერთმა წევრმა ბიბლიდან დამანახვა, როგორ გავმკლავებოდი ემოციურ პრობლემებს. ვისწავლე ისიც, როგორ შემეძინა ნამდვილი მეგობრები.

დიდებაზე ბევრად უკეთესი

1997 წელს მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად გადავედით ჰოლივუდში (კალიფორნია, აშშ). იქ უფრო მეტად ჩავები სამქადაგებლო საქმიანობაში და ხალხს ღვთიურ სიბრძნეს ვუზიარებდი. სხვებისთვის ბიბლიის სწავლება უფრო მეტ კმაყოფილებას მანიჭებდა, ვიდრე ის დიდება და ბრწყინვალება, რაც მსახიობობას მოჰქონდა. მაგალითად, 2002 წელს შევხვდი ჰონკონგელ ნაცნობს, ჩერის. ჩვენი ცხოვრება ბევრი რამით ჰგავდა ერთმანეთს. ჩემამდე ერთი წლით ადრე ჩერისაც მის ჰონკონგის ტიტული ჰქონდა მოპოვებული. სწორედ მან დამადგა გვირგვინი მომდევნო წელს. ისიც მსახიობი, მოგვიანებით კი კინოპროდიუსერი გახდა და ცნობილ რეჟისორებთან თანამშრომლობდა და ახლა ისიც ჩემსავით ჰოლივუდში ცხოვრობდა.

გული მეტკინა, როცა გავიგე, რომ ჩერის საქმრო გულის შეტევით გარდაცვლილა. ჩერის ვერანაირი შვება ვერ მოჰგვარა ბუდიზმმა. ჩემსავით მანაც ისეთ დიდებას მიაღწია, რაც ბევრს შეშურდებოდა, მაგრამ გულგატეხილი იყო ცხოვრებაზე და არავის ენდობოდა. მე მას ბიბლიური ცნობა გავუზიარე, მაგრამ იმის გამო, რომ ბუდისტურ ოჯახში აღიზარდა, უჭირდა ამ წიგნის სათანადოდ დაფასება.

ჩემი მეგობარი ჩერი გადასაღებ მოედანზე

2003 წლის ერთ მშვენიერ დღეს ჩერიმ ვანკუვერიდან (კანადა) დამირეკა, სადაც ფილმს იღებდა. ის აღფრთოვანებული მიყვებოდა, რომ თურმე ქალაქგარეთ მანქანით მოგზაურობისას ბუნების სილამაზით მოხიბლულს უცებ ხმამაღლა დაუწყია ლოცვა: „ჭეშმარიტო ღმერთო, გამაგებინე, რომელი ხარ? რა გქვია?“. ლოცვა არ ჰქონია დამთავრებული, რომ სამეფო დარბაზთან ჩაუვლია, რომლის აბრაზეც სახელი „იეჰოვა“ შეუნიშნავს. ჩერი მაშინვე მიმხვდარა, რომ ეს მის ლოცვაზე პასუხი იყო და გადაწყვიტა, რაც შეიძლება მალე შეხვედროდა იეჰოვას მოწმეებს. მე დაუყოვნებლივ ვიზრუნე ამაზე და რამდენიმე დღეში ვანკუვერში ის უკვე ჩინურენოვან კრებას ესწრებოდა.

 მოგვიანებით ჩერიმ მითხრა: „ამ ხალხმა ჩემდამი დიდი სითბო და ინტერესი გამოავლინა, ამიტომ თავისუფლად შემიძლია მათ ჩემი გრძნობები გავუზიარო“. ამის მოსმენა ძალიან მესიამოვნა, რადგან მანამდე მას იმ სამყაროში, სადაც ტრიალებდა, არ ჰყოლია მეგობრები. ჩერის არ შეუწყვეტია კრების შეხვედრებზე დასწრება, თუმცა 2005 წელს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ორი ეპიკურ-ისტორიული ფილმის გადაღებაზე, რის გამოც ჰონკონგში მოუწია დაბრუნება. საბედნიეროდ, 2006 წელს იეჰოვას მოწმეების კონგრესზე ჩერი მოინათლა. მონათვლის შემდეგ მას დიდი სურვილი გაუჩნდა, რომ იეჰოვასთვის მეტი ემსახურა, მაგრამ სამუშაო ძალიან უშლიდა ხელს, რის გამოც თავს ცუდად გრძნობდა.

სიხარული, რაც სხვების დახმარებას მოაქვს

2009 წელს ჩერის ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. მან გადაწყვიტა, დაეტოვებინა კინო-ინდუსტრია და იეჰოვას მსახურებაში მთლიანად ჩაბმულიყო. ჩერიმ კრებაში ბევრი მეგობარი შეიძინა. ის დროის უმეტეს ნაწილს სასიხარულო ცნობის ქადაგებას უთმობს, რითაც ადამიანებს ცხოვრების გაუმჯობესებაში ეხმარება. ეს კი მას ნამდვილ სიხარულს ანიჭებს (მათე 24:14).

მოგვიანებით ჩერიმ ნეპალური ენის შესწავლა გადაწყვიტა, რათა ჰონკონგში ნეპალურ ენაზე მოლაპარაკე მოწმეების მზარდ ჯგუფს დახმარებოდა. ჰონკონგში ნეპალელებს ამცირებენ და აბუჩად იგდებენ, რადგან მათ განსხვავებული კულტურა აქვთ და გამართულად ვერც ინგლისურად ლაპარაკობენ და ვერც ჩინურად. ჩერი მიყვება ხოლმე, თუ რამხელა სიხარულს ანიჭებს მას ნეპალელებისთვის ბიბლიის სწავლება. ერთხელ ის კარდაკარ მსახურებისას შეხვდა ერთ ნეპალელ ქალს, რომელსაც იესოზე ცოტა რამ სმენოდა, მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, შესახებ არაფერი სცოდნია. ჩერიმ მას ბიბლიიდან ზეციერი მამის მიმართ აღვლენილი იესოს ლოცვა წაუკითხა. როცა ქალმა გაიგო, რომ მასაც შეეძლო, ლოცვით მიემართა ჭეშმარიტი ღვთისთვის, ბიბლიის შესწავლაზე სიხარულით დათანხმდა. მალე შესწავლაში ამ ქალბატონს მეუღლე და ქალიშვილიც შეუერთდა (ფსალმუნი 83:18; ლუკა 22:41, 42).

ჩერი დღეს

როცა დავინახე, თუ რამხელა სიხარულს ანიჭებდა ჩერის სრული დროით მსახურება, საკუთარ თავს ვკითხე: „რა მიშლის ხელს, რომ ის ვაკეთო, რასაც ჩერი აკეთებს?“. იმ დროისთვის უკვე მეც ჰონკონგში ვცხოვრობდი. გადავწყვიტე, ცხოვრება ისე დამეგეგმა, რომ ქადაგებისთვის უფრო მეტი დრო დამეთმო. ხალხის მოსმენა და ღვთის სიტყვის მათ გულამდე მიტანა უდიდეს სიხარულს მანიჭებს.

ღვთის სიტყვის ხალხის გულამდე მიტანა უდიდეს სიხარულს მანიჭებს

მაგალითად, ბიბლია შევასწავლე ერთ ვიეტნამელ ქალბატონს, რომელიც უღიმღამო ცხოვრების გამო მუდამ თვალცრემლიანი და მოწყენილი იყო. ბიბლიამ მას სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა; დღეს იგი კრების წევრებთან ახლო ურთიერთობით ხარობს.

მეც და ჩერიმაც გლამურულ ცხოვრებაზე ძვირფასი რამ ვიპოვეთ. მართალია, კინო-ინდუსტრიაში მუშაობას ჩვენთვის გარკვეული სიამოვნება და დიდება მოჰქონდა, მაგრამ ეს ვერაფრით შეედრება იმ კმაყოფილებას, რასაც ხალხისთვის იეჰოვას გაცნობა გვანიჭებს, ვინაიდან ამას იეჰოვასთვის მოაქვს დიდება. მე და ჩერიმ საკუთარ თავზე გამოვცადეთ იესოს სიტყვების ჭეშმარიტება: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

გაიგეთ მეტი

ახალგაზრდების შეკითხვები

რა გიყალიბებს სტერეოტიპებს? (ნაწილი 1) გოგოებისთვის

ბევრი, ვისაც ჰგონია, რომ ორიგინალური და განსხვავებულია, სინამდვილეში სხვას ჰბაძავს.