არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  აგვისტო 2015

 მთავარი თემა | არსებობს იმედი გარდაცვლილთათვის?

რა გვარწმუნებს, რომ არსებობს იმედი გარდაცვლილთათვის?

რა გვარწმუნებს, რომ არსებობს იმედი გარდაცვლილთათვის?

გულუბრყვილობაა გვჯეროდეს, რომ გარდაცვლილებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ? პავლე მოციქული ასე არ ფიქრობდა. ღვთივშთაგონებით მან დაწერა: „თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში გვაქვს ქრისტეს იმედი, ყველაზე საცოდავები ვყოფილვართ. მკვდრეთით აღდგა ქრისტე, სიკვდილის ძილით მიძინებულთა პირველი ნაყოფი“ (1 კორინთელები 15:19, 20). პავლეს მტკიცედ სწამდა მკვდრეთით აღდგომის. მას ამის რწმენას თავად იესო ქრისტეს აღდგომა უმყარებდა * (საქმეები 17:31). იესო იყო პირველი, ვინც მარადიული სიცოცხლისთვის აღდგა, სწორედ ამიტომ უწოდა პავლემ მას „პირველი ნაყოფი“. აქედან გამომდინარე, თუ იესო იყო პირველი, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ სხვებიც აღდგებოდნენ.

იობმა ღმერთს უთხრა: „მოგენატრება შენი ხელის ქმნილება“ (იობი 14:14, 15)

აღდგომის იმედს სხვა ფაქტორიც გვიმყარებს. იეჰოვა ჭეშმარიტების ღმერთია, „რომელმაც შეუძლებელია, იცრუოს“ (ტიტე 1:2). ღმერთს ტყუილი არასდროს უთქვამს და არც არასოდეს იტყვის. განა შესაძლებელია, რომ ღმერთმა მოგვცეს მკვდრეთით აღდგომის იმედი, გვაჩვენოს, რომ შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ არ შეასრულოს თავისი დაპირება? ასეთი რამ ყოვლად წარმოუდგენელია!

რატომ განიზრახა ღმერთმა მკვდრეთით აღდგომა? იმიტომ, რომ ის მოსიყვარულეა. ღვთის ერთგულმა მსახურმა, იობმა, იკითხა: „თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? . . . დამიძახებ და მე პასუხს გაგცემ, ვინაიდან მოგენატრება შენი ხელის ქმნილება“ (იობი 14:14, 15). იობი დარწმუნებული იყო, რომ მოსიყვარულე ზეციერ მამას მოენატრებოდა და სიცოცხლეს დაუბრუნებდა მას. ხომ არ შეიცვალა ღმერთი? ბიბლიაში ვკითხულობთ: „მე ვარ იეჰოვა, მე არ შევცვლილვარ“ (მალაქია 3:6). ღმერთს კვლავაც ენატრება გარდაცვლილი ადამიანები და სურს, სიცოცხლე დაუბრუნოს მათ, რათა ბედნიერებმა და ჯანმრთელებმა მარადიულად იცოცხლონ. იეჰოვას ამის გაკეთების ისეთივე ძლიერი სურვილი აქვს, როგორც ნებისმიერ მოსიყვარულე მშობელს,  რომელსაც შვილი სიკვდილმა წაართვა. თუმცა მშობლისგან განსხვავებით იეჰოვას თავისი სურვილების სისრულეში მოყვანის ძალა შესწევს (ფსალმუნი 135:6).

სიკვდილი ულმობელი მტერია, მაგრამ ღმერთი დაგვიხსნის ამ მტრისგან

იეჰოვა ძალაუფლებას მისცემს თავის ძეს, რომ უსაზღვრო სიხარულით აავსოს მგლოვიარენი, რომელთაც საყვარელი ადამიანები ხელიდან გამოეცალათ. რას გრძნობს იესო მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით? სანამ იესო თავის მეგობარ ლაზარეს აღადგენდა, მგლოვიარე დებისა და მეგობრების შემხედვარე ისიც აცრემლდა (იოანე 11:35). ხოლო ნაინელი ქვრივის დანახვისას, რომელსაც ერთადერთი შვილი მოუკვდა, იესოს «გული დაეწვა და უთხრა: „ნუ ტირი“». მან ქვრივის ვაჟი მაშინვე აღადგინა (ლუკა 7:13). იესო ძლიერ განიცდის, როდესაც ხედავს ადამიანთა მწუხარებასა და სიკვდილს. რა ბედნიერი იქნება ის, როცა მთელ დედამიწაზე მწუხარებას სიხარულით შეცვლის!

განგიცდიათ საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული მწუხარება? ალბათ ფიქრობთ, რომ სიკვდილი დაუძლეველი მტერია. მაგრამ ეს ასე არ არის — ღმერთი იესოს მეშვეობით მკვდრებს სიცოცხლეს დაუბრუნებს. გახსოვდეთ, ღმერთს სურს, რომ თქვენც იყოთ ამ მოვლენის მომსწრე და კვლავ ჩაიკრათ გულში თქვენთვის საყვარელი ადამიანები. წარმოიდგინეთ ის დრო, როცა მარადიულად ერთად იქნებით და სიკვდილი ვეღარასოდეს დაგაშორებთ ერთმანეთს!

შესავალ სტატიაში მოხსენიებული ლიონელი ამბობს: „როცა მკვდრეთით აღდგომის შესახებ პირველად მოვისმინე, ვერაფრით დავიჯერე და ვერც იმ ადამიანის სიტყვას ვენდე, ვინც ეს მითხრა. თუმცა მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია ბიბლიაში გადავამოწმე, დავრწმუნდი, რომ ჭეშმარიტება ყოფილა. სულმოუთქმელად ველი იმ დროს, როდესაც პაპაჩემს კვლავ ვიხილავ“.

გსურთ, მეტი გაიგოთ ამ საკითხის შესახებ? იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით აგიხსნიან თქვენივე ბიბლიიდან, თუ რატომ სწამთ მტკიცედ მკვდრეთით აღდგომის. *

^ აბზ. 3 იმაში დასარწმუნებლად, რომ იესო ნამდვილად აღდგა მკვდრეთით, იხილეთ წიგნი „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ (რუს.) გვერდები 78—86. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 9 იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-7 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)

მეუღლის სიკვდილი ტრაგედიის პირისპირ

ბიბლია ადასტურებს, რომ მეუღლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი მ­ტანჯველიცაა და ხანგრძლივიც. წაიკითხეთ, რა მხრივ შეიძლება აღმოჩნდეს ღვთის სიტყვაში ჩაწერილი მკვდრეთით აღდგომის იმედი ნუგეშის წყარო.

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

რეალური იმედი გარდაცვლილთათვის

ხელიდან გამოგაცალათ სიკვდილმა საყვარელი ადამიანი? შესაძლებელია მათი კვლავ ნახვა? გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია მკვდრეთით აღდგომის შესახებ.