წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი აგვისტო 2015

 მთავარი თემა | არსებობს იმედი გარდაცვლილთათვის?

არსებობს იმედი გარდაცვლილთათვის?

არსებობს იმედი გარდაცვლილთათვის?

შესაძლებელია, რომ გარდაცვლილებს სიცოცხლე დაუბრუნდეთ?

ბიბლია გვპასუხობს: „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).

იესომ იწინასწარმეტყველა იმ დროზე, როცა მისი სამეფოს მმართველობისას სამარხები დაცარიელდებოდა. „გაოცებული დავრჩი, როდესაც პირველად წავიკითხე იოანეს 5:28, 29 მუხლები, ამ სიტყვებმა ნათელი მომავლის იმედი ჩამისახა“, — იხსენებს წინა სტატიაში მოხსენიებული ფერნანდო.

ძველ დროს მცხოვრებ ღვთის ერთგულ იობს სჯეროდა, რომ სიკვდილის შემდეგ ღმერთი მას უთუოდ დაუბრუნებდა სიცოცხლეს. იობმა იკითხა: „თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?“. მან თავადვე დარწმუნებით გასცა ამ შეკითხვას პასუხი: „დავიცდი მთელი ჩემი მონური სამუშაოს განმავლობაში [სამარეში ყოფნის დროს], სანამ შვება მოვიდოდეს. დამიძახებ და მე პასუხს გაგცემ“ (იობი 14:14, 15).

ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა მომავლის იმედს გვისახავს

მკვდრეთით აღდგომის იმედი არც ლაზარეს დისთვის, მართასთვის, ყოფილა უცხო. ლაზარეს სიკვდილის შემდეგ იესომ მას უთხრა: „აღდგება შენი ძმა“, რაზეც მართამ მიუგო: «ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს. იესომ უთხრა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება“» (იოანე 11:23—25). იესომ მაშინვე დაუბრუნა ლაზარეს სიცოცხლე. ეს ამაღელვებელი შემთხვევა წარმოდგენას გვიქმნის იმ დიდებული მოვლენების შესახებ, რაც მომავალში გველის. წარმოიდგინეთ, რა საოცარი იქნება ის დრო, როცა მკვდრეთით აღდგომა მთელ დედამიწას მოიცავს!

აღდგება ვინმე ზეცაში ცხოვრებისთვის?

ბიბლია გვპასუხობს: ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ იესოს აღდგომა განსხვავდება იმ რვა მკვდრეთით აღდგომისგან, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი. იმ რვა ადამიანს სიცოცხლე დედამიწაზე საცხოვრებლად დაუბრუნდა. მაგრამ იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „იესო ქრისტე . . . ზეცაში ამაღლდა და ღვთის მარჯვნივ დაჯდა“ (1 პეტრე 3:21, 22). მხოლოდ იესო აღდგა ზეციერი ცხოვრებისთვის? სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ მოწაფეებს უთხრა: „თუ წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვარ“ (იოანე 14:3).

იესო ზეცად ამაღლდა და ადგილი მოუმზადა ზოგ თავის მოწაფეს. მათი რიცხვი, ვინც ზეცად ამაღლდება 144 000 შეადგენს (გამოცხადება 14:1, 3). რას გააკეთებენ ისინი ზეცაში?

 მათ უამრავი საქმე ექნებათ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბედნიერი და წმინდაა ის, ვისაც წილი აქვს პირველ აღდგომაში. მათზე ძალაუფლება არა აქვს მეორე სიკვდილს, არამედ ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“ (გამოცხადება 20:6). ზეცად ამაღლებულები ქრისტესთან ერთად მთელი დედამიწის მეფეები და მღვდლები იქნებიან.

ვინ აღდგება ზეციერი აღდგომის შემდეგ?

ბიბლია გვპასუხობს: წმინდა წერილებში ღვთივშთაგონებით ჩაიწერა პავლე მოციქულის მიერ წარმოთქმული შემდეგი სიტყვები: „მათ მსგავსად მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15).

ბიბლია გვარწმუნებს, რომ მილიარდობით გარდაცვლილს სიცოცხლე დაუბრუნდება

ვინ იგულისხმებიან პავლეს მიერ მოხსენიებულ „მართლებში“? მაგალითისთვის გავიხსენოთ წინასწარმეტყველი დანიელი, რომელსაც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ღმერთმა უთხრა: „დაისვენებ, მაგრამ აღდგები შენი წილის მისაღებად დღეების ბოლოს“ (დანიელი 12:13). სად აღდგება დანიელი? ბიბლიიდან ვიგებთ: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). ხოლო იესომ იწინასწარმეტყველა: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5). ამგვარად, დანიელი და სხვა ღვთის ერთგული მამაკაცები და ქალები მკვდრეთით აღდგებიან დედამიწაზე მარადიულად საცხოვრებლად.

ვინ იგულისხმებიან პავლეს მიერ მოხსენიებულ „უმართლოებში“? ამ ჯგუფში შედის მილიარდობით ადამიანი, რომლებიც ისე დაიხოცნენ, რომ არ ჰქონიათ შესაძლებლობა, გაეგოთ ბიბლიაში ჩაწერილი ჭეშმარიტება და ეცხოვრათ მის თანახმად. მათ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ შესაძლებლობა მიეცემათ, რომ გაიცნონ და დააფასონ იეჰოვა * ღმერთი და იესო ქრისტე (იოანე 17:3). მათ, ვინც იეჰოვას მსახურებას აირჩევს, შესაძლებლობა ექნებათ, იეჰოვას მსგავსად მარადიულად იცოცხლონ.

მათ, ვინც იეჰოვას მსახურებას აირჩევს, შესაძლებლობა ექნებათ, რომ ჯანმრთელებმა და ბედნიერებმა მარადიულად იცოცხლონ

როგორი პირობები იქნება დედამიწაზე?

ბიბლია გვპასუხობს: ღმერთი „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:4). „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს“ (ესაია 65:21).

წარმოიდგინეთ, რა მშვენიერი იქნება მკვდრეთით აღმდგარ საყვარელ ადამიანებთან ერთად ასეთ დედამიწაზე ცხოვრება! მაგრამ კვლავ იბადება კითხვა, რა გვარწმუნებს იმაში, რომ მკვდრეთით აღდგომა ნამდვილად იქნება?

^ აბზ. 15 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.

გაიგეთ მეტი

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

ბიბლია მოგვითხრობს, თუ რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა, როდის მოეღება ბოლო ტანჯვას, რა ელის დედამიწას მომავალში და ვინ იცხოვრებს მასზე.