წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი აგვისტო 2015

 მიჰბაძეთ მათ რწმენას | დებორა

„გამოვჩნდი, დედა, ისრაელში“

„გამოვჩნდი, დედა, ისრაელში“

დებორამ თაბორის მთაზე შეკრებილ მეომრებს გადაავლო თვალი. მათი იქ ხილვა მისთვის ძალიან ამაღელვებელი იყო. გამთენიისას იგი მეომრების გაბედულებასა და მათი მეთაურის, ბარაკის, რწმენაზე ფიქრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მებრძოლთა რიცხვი 10 000-ს აღწევდა, იმ დღეს მათი რწმენა და ვაჟკაცობა დიდად გამოიცდებოდა, რადგან ცუდად შეიარაღებულ ისრაელებს მრავალრიცხოვანი და დაუნდობელი მტრის წინააღმდეგ უნდა გაელაშქრათ. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც შეკრებილიყვნენ, მათი გაბედულება და შემართება კი სწორედ ამ ქალის დამსახურება გახლდათ.

წარმოიდგინეთ მთაზე მდგომი დებორა, რომელსაც მოსასხამს ნიავი უშრიალებს. ის და ბარაკი თაბორის მთის ბრტყელი მწვერვალიდან მათ თვალწინ გადაშლილ არემარეს გაჰყურებენ. თითქმის 400 მეტრზე აზიდული თაბორის მთიდან, რომელიც დიდ კონუსს წააგავდა, სამხრეთ-დასავლეთით გადაჭიმული იზრეელის ველი მოჩანდა. მწვანით მოსილ ველს კიშონის ხევი სერავდა და ქარმელის მთის ძირას, დიდ ზღვაში ჩაედინებოდა. შორს, გაშლილ მდელოზე რაღაც ელვარებდა; შესაძლოა ეს დამშრალი მდინარის კალაპოტიც ყოფილიყო, მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა სისერას ჯარი მთას, მით უფრო იკვეთებოდა რკინის აღჭურვილობის ავბედითი ელვარება. მთისკენ სისერას საამაყო 900 საომარი ეტლი მიემართებოდა, რომელთაც ბორბლებზე დანები ჰქონდათ დამაგრებული. სისერას, სურდა, ბალახივით მოეცელა და თვალის დახამხამებაში აღეგავა ისრაელები მიწის პირისგან.

დებორამ იცოდა, რომ ბარაკი და მისი მეომრები მისგან ნიშანს ელოდნენ. ერთადერთი ქალი იყო ის ბრძოლის ველზე? რთული იყო მისთვის ასეთი პასუხისმგებლობის შესრულება? ხომ არ ნანობდა იქ ყოფნას? ცხადია, არა, რადგან ამ ომის წამოწყება მისმა ღმერთმა, იეჰოვამ დაავალა. ღმერთმა დებორას ისიც გაუმჟღავნა, რომ ერს ამ ომში საბოლოო გამარჯვებას ქალი მოუტანდა (მსაჯულები 4:9). რის სწავლა შეგვიძლია დებორასა და ამ მამაცი მეომრების რწმენის მაგალითიდან?

„წადი . . . მოეფინე თაბორის მთას“

ბიბლია დებორას პირველად წინასწარმეტყველად მოიხსენიებს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის განსაკუთრებულ საქმეს ასრულებდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დებორა არ ყოფილა ერთადერთი წინასწარმეტყველი ქალი. * მას სხვა პასუხისმგებლობაც ეკისრა. ის მასთან სამართლის საძიებლად მისულ ხალხს იეჰოვას გადაწყვეტილებებს ამცნობდა (მსაჯულები 4:4, 5).

დებორა რამასა და ბეთელს შორის ეფრემის მთიან მხარეში ცხოვრობდა. ის პალმის ქვეშ იჯდა და იეჰოვას მითითებისამებრ ხალხს სამართალს უჩენდა. უდავოდ, მას საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე ეკისრა, თუმცა დებორა ამას არ შეჰპუებია, რადგან ერს მისი დახმარება ძალიან სჭირდებოდა. მოგვიანებით მან ბარაკთან ერთად ღვთივშთაგონებით შეთხზა სიმღერა, რომელშიც ორგული ისრაელებიც მოიხსენია: „უცხო ღმერთები აირჩიეს. მაშინ გაჩაღდა ომი კარიბჭეებთან“ (მსაჯულები 5:8). ისრაელებმა მიატოვეს იეჰოვა და სხვა ღმერთებს დაუწყეს თაყვანისცემა, ამიტომ ღმერთმა ისინი მტრის ხელში ჩაყარა. ქანაანელი მეფე იაბინი და მისი ლაშქრის მეთაური სისერა სასტიკად ჩაგრავდნენ ისრაელ ერს.

სისერას სახელის გაგონებაც კი ისრაელებს შიშის ზარს სცემდა. ქანაანელების რელიგია და კულტურა სისასტიკით გამოირჩეოდა — ისინი ტაძრებში მეძაობდნენ და თავიანთ ღმერთებს მსხვერპლად ბავშვებს სწირავდნენ. როგორი იქნებოდა ქანაანელი მხედართმთავრისა და მისი მეომრების უღელქვეშ ცხოვრება? დებორას  სიმღერიდან ვიგებთ, რომ დასახლებებში აღარავინ ცხოვრობდა და მგზავრობაც თითქმის შეუძლებელი იყო (მსაჯულები 5:6, 7). წარმოიდგინეთ, როგორ აფარებს შეძრწუნებული ხალხი თავს მთებსა თუ ტყეებს. ისინი შიშით ვერც მიწას ამუშავებენ და ვერც უგალავნო დასახლებებში ცხოვრობენ. ისრაელები შემოვლითი გზით მგზავრობენ, რადგან მთავარ გზებზე მათ თავს ესხმიან, შვილებს სტაცებენ და ქალებს აუპატიურებენ. *

ისრაელის ჩაგვრა 20 წელიწადს გრძელდებოდა. მდგომარეობა მაშინ შეიცვალა, როცა იეჰოვამ მათში მომნანიებელი გული დაინახა და როცა დებორა გამოჩნდა, „დედა, ისრაელში“. ამის შესახებ თავად დებორამ და ბარაკმა ღვთივშთაგონებულ სიმღერაში აღნიშნეს. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ჰყავდა თუ არა დებორას, ლაფიდოთის ცოლს, შვილები, თუმცა აშკარაა, რომ ის ისრაელის დედა გადატანითი მნიშვნელობით იყო. იეჰოვამ დებორას ისრაელისთვის დედობრივი მზრუნველობის გაწევა და ბარაკის, ძლიერი რწმენის მქონე კაცის, მოხმობა დაავალა, რათა ამ უკანასკნელს სისერას წინააღმდეგ გაელაშქრა (მსაჯულები 4:3, 6, 7; 5:7).

დებორა ამხნევებს ბარაკს, რათა იეჰოვას ხალხი მტრის ხელიდან დაიხსნას

„წადი . . . და მოეფინე თაბორის მთას“, — ეს სიტყვები იეჰოვამ ბარაკს დებორას პირით შეუთვალა. მას ისრაელის ორი ტომიდან 10 000 კაცისთვის უნდა მოეყარა თავი. დებორამ ბარაკს ღვთის დაპირება გადასცა და უთხრა, რომ ისინი სძლევდნენ სისერასა და მის 900 საომარ ეტლს. ეს სიტყვები ბარაკს დიდად გააოცებდა, რადგან ისრაელს ფაქტობრივად, არც ჯარი ჰყავდა და არც სათანადო საბრძოლო აღჭურვილობა გააჩნდა. მიუხედავად ამისა, ბარაკი ბრძოლაზე დათანხმდა, თუმცა ერთი პირობით — მთაზე დებორაც უნდა გაჰყოლოდა (მსაჯულები 4:6—8; 5:6—8).

ზოგის აზრით, ამ დროს ბარაკმა რწმენის ნაკლებობა გამოავლინა, რაც სინამდვილეს ნამდვილად არ შეესაბამება. ეს იქიდანაც გამოჩნდა, რომ მას იეჰოვასთვის უფრო მეტი იარაღი არ უთხოვია. პირიქით, ბარაკი, როგორც ძლიერი რწმენის მქონე კაცი, ხედავდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო იეჰოვას წარმომადგენლის ბრძოლის ველზე ყოფნა, რომელიც მას და მის მებრძოლებს გაამხნევებდა (ებრაელები 11:32, 33). იეჰოვამ გაითვალისწინა ბარაკის სათხოვარი და ნება დართო დებორას, გაჰყოლოდა მას. ღმერთმა დებორას მეშვეობით ისიც იწინასწარმეტყველა, რომ ამ ბრძოლაში საბოლოო გამარჯვებას კაცის ხელით ვერ მოიპოვებდნენ (მსაჯულები 4:9). იეჰოვას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ბოროტ სისერას სიცოცხლეს ქალი გამოასალმებდა.

დღეს ქალებს უსამართლობის, ძალადობისა და შეურაცხყოფის ატანა უწევთ. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ქალს თუ ეპყრობიან ღვთისმოსაწონი სიყვარულითა და პატივისცემით. ღვთისთვის ქალიც და კაციც ერთნაირად ძვირფასია და მისი კეთილგანწყობის მოპოვება  ორივე სქესის წარმომადგენელს შეუძლია (რომაელები 2:11; გალატელები 3:28). დებორას მაგალითი შეგვახსენებს, რომ ღმერთი ქალებსაც ანდობს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობებს, რითაც მათდამი პატივისცემასა და ნდობას ავლენს. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს გავიზიაროთ ამ ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი შეუწყნარებელი დამოკიდებულება ქალების მიმართ.

„მიწა შეიძრა და ცა ჩამოიქცა“

ბარაკი საქმეს შეუდგა. მან 10 000 მამაცი მეომარი შეკრიბა, რომლებიც სისერას შიშისმომგვრელი ჯარის წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ. ის მეომრებს თაბორის მთისკენ მიუძღვოდა იმაში დარწმუნებული, რომ მის გვერდით იყო ადამიანი, რომელიც გაამხნევებდა მათ. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „დებორაც მასთან ერთად ავიდა“ (მსაჯულები 4:10). წარმოიდგინეთ, რა შემართებას შესძენდა ჯარისკაცებს ამ ძლიერი რწმენის მქონე ქალის დანახვა, რომელიც თაბორის მთისკენ მათთან ერთად მიემართებოდა და რომელიც მზად იყო, იეჰოვას გულისთვის თავიც კი გაეწირა.

როგორც კი სისერამ შეიტყო, რომ ისრაელები მის წინააღმდეგ საბრძოლველად დარაზმულიყვნენ, მოქმედება დაუყოვნებლივ დაიწყო. მეფე იაბინის, იმ მიწაზე ყველაზე ძლევამოსილი ხელმწიფის, ჯარს საბრძოლო ძალა ქანაანის სხვა მეფეებმაც მიახმარეს. სისერას საომარი ეტლებისგან შემდგარი ესკადრონები, რომლებიც გუგუნით მოემართებოდნენ და მიწას აზანზარებდნენ, მთელ ველს მოედნენ. ქანაანელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისრაელების უსუსურ ჯარს თვალის დახამხამებაში გააცამტვერებდნენ (მსაჯულები 4:12, 13; 5:19).

რას მოიმოქმედებდნენ ამ დროს ბარაკი და დებორა? შესაძლოა მათთვის თაბორის მთის ფერდობზე დარჩენა სტრატეგიულად მომგებიანი პოზიცია ყოფილიყო, რადგან ქანაანელებს საომარი ეტლების ეფექტურად გამოყენება მხოლოდ სწორ, გაშლილ ადგილას შეეძლოთ. ბარაკს სურდა, რომ ბრძოლა იეჰოვას მითითებისამებრ წარემართა, ამიტომ დებორასგან ნიშანს ელოდა. და აი, ამის დროც დადგა. დებორამ მას უთხრა: „ადექი, დღეს ჩაგიგდებს იეჰოვა ხელში სისერას. განა იეჰოვა არ მიგიძღვის წინ?!“. შემდეგ კი ვკითხულობთ: „ჩამოვიდა ბარაკი თაბორის მთიდან, უკან ათი ათასი კაცი მოჰყვებოდა“ (მსაჯულები 4:14). *

ისრაელები მთიდან დაეშვნენ და პირდაპირ ქანაანელების გამანადგურებელი ეტლებისკენ გაემართნენ. წაუძღვა მათ იეჰოვა, როგორც ამას დებორა დაჰპირდა? რა თქმა უნდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მიწა შეიძრა და ცა ჩამოიქცა“. იეჰოვამ სისერას საამაყო ჯარს თავ-გზა აუბნია. მალე ისეთი თავსხმა წვიმა წამოვიდა, რომ წარმოქმნილმა ნიაღვრებმა მიწა მთლიანად დაფარა. ტალახში უიმედოდ ჩაფლული ქანაანელების რკინის მძიმე ეტლები უსარგებლო ნივთებად იქცა (მსაჯულები 4:14, 15; 5:4).

სტიქიას ბარაკი და მისი ჯარი არ შეუჩერებია, რადგან იცოდნენ, ვინ გამოიწვია ეს ყოველივე. ისრაელები სისერას ჯარს დაედევნენ და როგორც ღვთის მეომრებმა, ქანაანელთა ჯარი მთლიანად გაანადგურეს. დახოცილთა გვამები აზვირთებულმა კიშონის ხევმა წალეკა და მათ დიდი ზღვის ფსკერზე სამუდამოდ დაუდო ბინა (მსაჯულები 4:16; 5:21).

როგორც დებორამ იწინასწარმეტყველა, იეჰოვამ იბრძოლა თავისი ხალხისთვის და დაამარცხა სისერას ჯარი

მართალია, დღეს იეჰოვა თავის მსახურებს პირდაპირი გაგებით ბრძოლის ველზე აღარ აგზავნის, მაგრამ ის მათ სულიერ ბრძოლაში ჩაბმისკენ მოუწოდებს (მათე 26:52; 2 კორინთელები 10:4). თუ ვცდილობთ, დავემორჩილოთ იეჰოვას, ესე იგი, ამ ბრძოლაში ვართ ჩაბმული. ღვთის მსახურები შესაძლოა საშინელ წინააღმდეგობებს შევხვდეთ, ამიტომ განსაკუთრებით გვმართებს სიმამაცის გამოვლენა. იეჰოვა არ შეცვლილა; ის კვლავაც მზად არის, დაიცვას თავისი მსახურები, რომლებიც დებორას, ბარაკისა და მამაცი მეომრების მსგავსად ძლიერ რწმენასა და ნდობას ავლენენ.

„ქალთა შორის ყველაზე კურთხეული“

ისრაელებს ხელიდან ყველაზე საშიში მტერი დაუსხლტათ. ღვთის ხალხის მჩაგვრელმა სისერამ სასიკვდილოდ განწირული ტალახში ჩაფლული მეომრები მიატოვა და ბრძოლის ველიდან ფეხით გაიქცა. იმის შიშით, რომ ისრაელი ჯარისკაცები არ დასწეოდნენ, სასოწარკვეთილს ყველაზე ახლოს, რამდენიმე კილომეტრში, მცხოვრები მოკავშირე კენიელი ხებერი გაახსენდა და მის ბანაკს მიაშურა. კენიელ ხებერს, რომელიც თავის ხალხს გამოჰყოფოდა და სამხრეთით დასახლებულიყო, მეფე იაბინთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა (მსაჯულები 4:11, 17).

ქანცგაწყვეტილი სისერა ხებერის ბანაკს მიადგა. მას სახლში მხოლოდ ხებერის ცოლი იაელი დახვდა. ალბათ, სისერამ დაასკვნა, რომ იაელი იწონებდა თავისი ქმრისა და მეფე იაბინის კავშირს. როგორც ჩანს, მისთვის ყოვლად წარმოუდგენელი იყო, რომ ცოლს ქმრისგან განსხვავებულად ეფიქრა და ემოქმედა. სისერა  ნამდვილად არ იცნობდა იაელს, რომელსაც შეუმჩნეველი არ დარჩენია, თუ რა სასტიკად ჩაგრავდნენ ქანაანელები ისრაელებს. იაელი მიხვდა, რომ მას ახლა არცთუ ისე იოლი გადაწყვეტილება უნდა მიეღო — ან დახმარებოდა ამ მტარვალ კაცს, ან თავად ეტვირთა იეჰოვას ხალხის დაუნდობელი მტრის დამარცხება. რას გააკეთებდა ის? როგორ შეძლებდა ქალი ასეთი ძლიერი, ბრძოლაში გაწვრთნილი მეომრის დამარცხებას?

იაელს სწრაფად უნდა ემოქმედა. მან სისერას მოსასვენებელი ადგილი შესთავაზა. სისერამ გააფრთხილა ის, რომ მდევრისთვის მისი ადგილსამყოფელი არ გაემხილა. მოსასვენებლად წამოწოლილ სისერას ქალმა საბანი გადააფარა, ხოლო როცა სტუმარმა წყალი მოსთხოვა, მან რძე დაალევინა. მალე სისერას თავი ღრმა ძილმა წაართვა. ამ დროს იაელმა აიღო კარვის პალო და ჩაქუჩი, რომელსაც კარავში მცხოვრები ქალები ხშირად და დახელოვნებულად იყენებდნენ და მის თავთან ჩაიმუხლა. იაელს იეჰოვას ნების შესასრულებლად ძალიან რთული ნაბიჯი უნდა გადაედგა. მისი ოდნავი ყოყმანიც კი შეიძლება სავალალოდ დასრულებულიყო. ბიბლია არაფერს ამბობს, თუ რა ფიქრები უტრიალებდა იაელს ამ დროს თავში: ფიქრობდა თუ არა ის ღვთის ხალხზე და იმაზე, როგორ სასტიკად ტანჯავდა ეს კაცი მათ ათეულობით წლის განმავლობაში? თუ იმაზე ფიქრობდა, რომ სწორედ ახლა ჰქონდა შესაძლებლობა, იეჰოვას მხარეს დამდგარიყო? ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რაც მან მალევე მოიმოქმედა — სისერა სიცოცხლეს გამოასალმა (მსაჯულები 4:18—21; 5:24—27).

ცოტა ხანში ბარაკიც გამოჩნდა, რომელიც ბრძოლის ველიდან გამოქცეულ სისერას დადევნებოდა. როდესაც იაელმა საფეთქელში პალოჩარჭობილი სისერას გვამი აჩვენა, ბარაკი მაშინვე მიხვდა, რომ დებორას მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველება შესრულდა. ძლევამოსილმა მეომარმა, ქალის ხელით დაასრულა სიცოცხლე! მართალია, დღეს კრიტიკოსები და სკეპტიკოსები იაელს უარყოფით პერსონაჟად წარმოაჩენენ, მაგრამ დებორამ და ბარაკმა კარგად იცოდნენ, რაშიც იყო საქმე. ამიტომ გაბედულების გამო თავიანთ სიმღერაში მას „ქალთა შორის ყველაზე კურთხეული“ უწოდეს (მსაჯულები 4:22; 5:24). ყურადღების მიღმა არც დებორას კეთილშობილება უნდა დაგვრჩეს, რომელსაც არ შეშურებია, იაელის დიდება, რადგან მისი მთავარი საფიქრალი იეჰოვას სიტყვის შესრულება იყო.

სისერას სიკვდილთან ერთად, მეფე იაბინის ძალაუფლებაც შესუსტდა. ქანაანელების მიერ ისრაელების ჩაგვრას საბოლოოდ დაესვა წერტილი. მას შემდეგ ისრაელში მშვიდობა 40 წელს სუფევდა (მსაჯულები 4:24; 5:31). რა საოცრად აკურთხა იეჰოვამ დებორას, ბარაკისა და იაელის რწმენა! თუკი მივბაძავთ დებორას რწმენის მაგალითს, გაბედულად დავიკავებთ იეჰოვას მხარეს და ამისკენ სხვებსაც წავახალისებთ, იეჰოვა უთუოდ გაგვამარჯვებინებს სულიერ ბრძოლაში და მარადიული მშვიდობით გვაკურთხებს.

^ აბზ. 7 სხვა წინასწარმეტყველი ქალები, მათ შორის მირიამი, ხულდა და ესაიას ცოლი, მოხსენიებული არიან გამოსვლის 15:20-ში, 2 მეფეების 22:14-სა და ესაიას 8:3-ში.

^ აბზ. 9 დებორა თავის სიმღერაში აღნიშნავს, რომ ხშირად ბრძოლიდან დაბრუნებულ სისერას თავისი ჯარისკაცებისთვის ნადავლად ერთზე მეტი მხევალი მოჰყავდა (მსაჯულები 5:30). ამ მუხლში გამოყენებული სიტყვა „მხევალი“დედნისეულ ენაზე „საშვილოსნოს“ ნიშნავს. აქედან ვიგებთ, რომ ქალები მხოლოდ გამრავლების ორგანოების გამო ფასობდნენ. იმ დროს ქალის გაუპატიურება ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

^ აბზ. 17 ბიბლიაში ეს ბრძოლა ორჯერ არის აღწერილი. პირველად ამ ბრძოლის ისტორიულ ჩანაწერს მსაჯულების მე-4 თავში ვკითხულობთ ხოლო მე-5 თავში, ის სიმღერის სახითაა გადმოცემული. ეს ჩანაწერები ერთმანეთს ავსებს, რადგან თითოეული მათგანი განსხვავებულ დეტალებს აღგვიწერს.

გაიგეთ მეტი

ღმერთი „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“

როგორი რწმენა მოსწონს ღმერთს? როგორ აჯილდოებს ის თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს?

აღელვებს ღმერთს ქალის ბედი?

ფიქრობთ, რომ ბიბლია ამცირებს ქალებს? გაიგეთ, თუ როგორია სინამდვილეში ღვთის თვალსაზრისი ამ საკითხზე.