წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ივნისი 2015

 ბიოგრაფია

მემკვიდრეობა, რომელიც შვიდ თაობას გადაეცა

მემკვიდრეობა, რომელიც შვიდ თაობას გადაეცა

ამბობენ, რომ მამას ძალიან ვგავარ თვალებით, მანერებითა და იუმორის გრძნობით. ყველაზე ძვირფასი კი, რაც მამამ მიანდერძა, არის მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენი ოჯახის შვიდი თაობა განძივით უფრთხილდებოდა. ნება მიბოძეთ, მოგითხროთ ამის შესახებ.

მამასთან ერთად ოჯახის მემკვიდრეობას ვეცნობი

1815 წლის 20 იანვარს ინგლისის ქალაქ დონკასტერში ჩემი დიდი წინაპარი ტომას უილიამზი (1) * დაიბადა. მას დედა ორი წლის ასაკში გარდაეცვალა, ამიტომ მამამისს, ჯონ უილიამზს, ოთხი შვილის გაზრდა მარტოს უწევდა. მამა მას დურგლობას ასწავლიდა, თუმცა ტომასს სულ სხვა მისწრაფებები ჰქონდა.

მაშინ ინგლისში რელიგია აღორძინების გზას ადგა. მქადაგებელი ჯონ უესლი გამოეყო ინგლისის ეკლესიას და დააფუძნა მეთოდისტური მიმდინარეობა. მეთოდისტები ხალხს ბიბლიის კითხვისა და ქადაგებისკენ მოუწოდებდნენ. უესლის მოსაზრებები სწრაფად გავრცელდა, რაც უილიამზების ოჯახმა მთელი გულით გაიზიარა. ტომასი მქადაგებელი გახდა და მალევე წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მისიონერულ მსახურებას შეუდგა. 1840 წლის ივლისში ის და მისი მეუღლე მერი (2) ფიჯის ვულკანურ კუნძულ * ლაკებაზე ჩავიდნენ, რომელზეც კანიბალები სახლობდნენ.

ცხოვრება კანიბალებს შორის

თავიდან ტომასი და მერი დიდ სირთულეებს ხვდებოდნენ. მათ საათობით უწევდათ საშინელ პირობებსა და აუტანელ სიცხეში მუშაობა. გარდა ამისა, ისინი ენით აუწერელ შიშში ცხოვრობდნენ, რადგან მათ ირგვლივ ისეთი საშინელებები ხდებოდა, როგორიცაა: ტომებს შორის ბრძოლა, კანიბალიზმი, ქვრივების დახრჩობა და ბავშვების ხოცვა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ადგილობრივები ეწინააღმდეგებოდნენ მათ ქადაგებას. ერთხელ მერი და მისი უფროსი ვაჟი ჯონი ისე დაავადნენ, რომ ლამის სიცოცხლეს გამოესალმნენ. „საშინლად ვიტანჯებოდი და უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ვიყავი“, — ვკითხულობთ ტომასის 1843 წლის ჩანაწერში. ამ ყველაფრის მიუხედავად, იეჰოვა ღმერთისადმი რწმენა მას და მერის სირთულეების ატანის ძალას აძლევდა.

იქ ყოფნისას ტომასს გამოადგა მამისგან ნასწავლი ხელობა. მან ააშენა ევროპული სტილის სახლი. ამ სახლმა ფიჯიელებში დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ბევრი სიახლით გამოირჩეოდა, მათ შორის ვენტილაციის მიზნით მიწიდან დაშორებული იატაკით. სახლის მშენებლობის დასრულებამდე მათ მეორე ვაჟი, ჩემი უშუალო წინაპარი, ტომას უიტონ უილიამზი (3) შეეძინათ.

1843 წელს ტომას უფროსმა მონაწილეობა მიიღო იოანეს სახარების ფიჯი ენაზე თარგმნაში, რაც მისთვის არც თუ ისე ადვილი საქმე იყო. * ის შესანიშნავი ანთროპოლოგი გახლდათ და დეტალების შესწავლის არაჩვეულებრივი უნარით გამოირჩეოდა. მან თავისი კვლევები დაწვრილებით გადმოსცა წიგნში „ფიჯი და  ფიჯიელები“ (1858), რომელშიც შესანიშნავად აღწერა მე-19 საუკუნის ფიჯიელების ცხოვრება.

ფიჯიზე 13-წლიანი მძიმე შრომის შემდეგ ტომასს ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა, ამიტომ ის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა. ტომასი 1891 წელს ქალაქ ბალარატში (ვიქტორიის შტატი) გარდაიცვალა. ასე დასრულდა მისი ხანგრძლივი სასულიერო კარიერა.

დასავლეთში ნაპოვნი „ოქრო“

1883 წელს ტომას უიტონ უილიამზი და მისი მეუღლე ფებე (4) ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ავსტრალიის დასავლეთით მდებარე ქალაქ პერთში გადავიდნენ. ამ დროს მათი მეორე ვაჟი, არტურ ბეიკუელ უილიამზი (5) 9 წლის იყო, რომელიც ჩემი კიდევ ერთი წინაპარი გახლდათ.

არტური 22 წლის ასაკში ბედის საძიებლად პერთის აღმოსავლეთით დაახლოებით 600 კმ-ში მდებარე ქალაქ კალგურლში გადავიდა. ამ მდიდარ და ხალხმრავალ ქალაქში ოქროს მოიპოვებდნენ. მან იქ წაიკითხა ბიბლიის საერთაშორისო მკვლევრების [იეჰოვას მოწმეების] მიერ გამოცემული ლიტერატურა. არტურმა აგრეთვე გამოიწერა ჟურნალი „სიონის საგუშაგო კოშკი“. წაკითხულით აღფრთოვანებული არტური ახლად შეძენილ ცოდნას სხვებს უზიარებდა და ბიბლიის შესასწავლად შეხვედრებს აწყობდა. სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი იეჰოვას მოწმეების საქმიანობას დასავლეთ ავსტრალიაში.

არტურმა ახლად შეძენილი ცოდნა თავის ოჯახსაც გაუზიარა. მართალია, მამამისი ტომას უიტონი მის ახალ რწმენას დადებითად შეხვდა, მაგრამ სამწუხაროდ, ის მალევე გარდაიცვალა. ხოლო დედამისი ფებე და მისი დები, ვიოლეტა და მერი, ბიბლიის მკვლევრები გახდნენ. ვიოლეტა სრული დროით მქადაგებელი გახდა. როგორც არტური ამბობდა: „დასავლეთ ავსტრალიაში ის ყველაზე გულმოდგინე და ენთუზიაზმით აღსავსე პიონერი იყო“. ვერ ვიტყვით არტურს დის სიყვარული ალაპარაკებდა თუ არა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ვიოლეტას გულმოდგინებამ დიდი გავლენა იქონია უილიამზების მომავალ თაობებზე.

მოგვიანებით არტური დაქორწინდა და საცხოვრებლად დასავლეთ ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ დონიბრუკში გადავიდა. ამ პატარა ქალაქში ხალხი მეხილეობას მისდევდა. იქაურებმა არტურს „1914 წელზე გაგიჟებული“ შეარქვეს, რადგან ის მთელი შემართებით აცხადებდა ამ თარიღთან დაკავშირებულ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს. * მისი დაცინვა მაშინ შეწყდა, როცა პირველმა მსოფლიო ომმა იფეთქა. არტური ხშირად უმოწმებდა თავის მაღაზიაში მისულ კლიენტებს. მას მაღაზიის ფანჯარაზე გაკრული ჰქონდა ბიბლიური ლიტერატურა და წარწერა, რომელზეც ეწერა, რომ ის, ვინც შეძლებდა სამების, იმ არაბიბლიური სწავლების დამტკიცებას, რომელსაც არტური მტკიცედ უარყოფდა, 100 გირვანქა სტერლინგს მიიღებდა. ამ ფულის მიღება ვერავინ შეძლო.

უილიამზის სახლი დონიბრუკში ჯგუფური ბიბლიის შესწავლებისა და კრების შეხვედრები ჩასატარებელი პირველი ადგილი გახდა. მოგვიანებით არტურმა დასავლეთ ავსტრალიაში პირველი სამეფო დარბაზი, შეხვედრების ჩასატარებელი ადგილი, ააშენა. 70 წელს  გადაცილებული არტური კოსტიუმსა და ჰალსტუხში გამოწყობილი თავისი ცხენით, რომელსაც დოლს ეძახდა, მთელ დონიბრუკს უვლიდა და ქადაგებდა.

არტური მშვიდი, ღირსეული, მაგრამ ამავდროულად ძალიან შეუპოვარი ადამიანი იყო, რამაც დიდი გავლენა იქონია მის შვილებზე. მისი ქალიშვილი ფლორენსი (6) მისიონერად მსახურობდა ინდოეთში, ხოლო მისი ვაჟები, არტურ ლინდსი (7) და ტომასი, მამის მსგავსად წლების განმავლობაში კრებაში უხუცესებად მსახურობდნენ.

ტკბილი ლედი უილიამზი

ჩემი დიდი პაპა, არტურ ლინდს უილიამზი, ხალხს ძალიან უყვარდა, რადგან უაღრესად კეთილი ადამიანი იყო. ის ხალხს პატივისცემით ეპყრობოდა და მათთვის ყოველთვის ნახულობდა დროს. იგი საუკეთესო ტყისმჭრელი იყო; მან 12 წლის მანძილზე 18-ჯერ გაიმარჯვა შეშის ჩეხაში გამართულ რეგიონულ შეჯიბრში.

არტურს ძალიან გაუკვირდა, როცა მისმა ორი წლის ბიჭუნამ, რონალდმა, (8) (პაპაჩემი) ცული დაჰკრა სახლის გვერდით მდგარ ვაშლის პატარა ხეს. რონალდის დედამ ხის დაზიანებული ადგილი ფრთხილად შეახვია. შედეგად, ხემ სიცოცხლე შეინარჩუნა და მოგვიანებით უჩვეულოდ ტკბილი ვაშლი მოისხა, რომელსაც „ლედი უილიამზის ვაშლი“ დაერქვა. ამ და სხვა ვაშლისგან გამოიყვანეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაშლის ჯიში (Cripps Pink apple).

მოგვიანებით პაპაჩემი რონალდი სამშენებლო საქმეში ჩაება. წლების განმავლობაში ის და ბებია ავსტრალიასა და სოლომონის კუნძულებზე მოხალისეებად მსახურობდნენ იეჰოვას მოწმეების სამშენებლო პროექტებზე. 80 წელს მიტანებული პაპაჩემი დღეს კრებაში უხუცესად მსახურობს და მონაწილეობას იღებს დასავლეთ ავსტრალიაში სამეფო დარბაზების აშენებასა თუ გარემონტებაში.

ჩემი მემკვიდრეობის დაფასება

ჩემი წინაპრების მსგავსად ჩვენი მშობლები, ჯეფრი (9) და ჯენისი, (10) ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მე (12) და ჩემი და კეტრინი (11) ქრისტიანული პრინციპებით აღვეზარდეთ. 13 წლის ასაკში ქრისტიანული პრინციპები სრულად გავითავისე და იეჰოვასთან პირადი, ახლო ურთიერთობა განვავითარე. მახსოვს, ერთ კონგრესზე ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ჯონ ბარმა, ახალგაზრდებს შემდეგი სიტყვებით მოგვმართა: „ფუჭად ნუ გალევთ ახალგაზრდულ წლებს. ხელიდან არ გაუშვათ ძვირფასი შესაძლებლობა, რომ გაიცნოთ და შეიყვაროთ იეჰოვა“. მისმა სიტყვებმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ იმ ღამესვე მივუძღვენი თავის იეჰოვას. ორი წლის შემდეგ კი პიონერად მსახურება დავიწყე.

დღეს მე და ჩემი მეუღლე ქლოე სრული დროით ვმსახურობთ დასავლეთ ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მაღაროელთა ქალაქ ტომ-პრაისში. თავის სარჩენად ორივენი ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობთ. ჩემი მშობლები ჩემს დასთან კეტრინთან და მის მეუღლე ენდრუსთან ერთად პიონერებად მსახურობენ დაახლოებით 420 კილომეტრით მოშორებულ ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ პორტ-ჰედლენდში. მე და მამა კრებაში უხუცესებად ვმსახურობთ.

ჩემმა დიდმა წინაპარმა, ტომას უილიამზმა, იეჰოვა ღმერთისადმი მსახურება გადაწყვიტა. მისი სულიერი მემკვიდრეობა შვიდ თაობას გადაეცა, რასაც მე დიდ კურთხევად და საუკეთესო მემკვიდრეობად მივიჩნევ.

^ აბზ. 5 სურათები დანომრილია თანმიმდევრობის მიხედვით.

^ აბზ. 6 ძველად ამ კუნძულს ლაკემბა ერქვა, რომელიც ფიჯის აღმოსავლეთით, ლაუს კუნძულებს შორის მდებარეობს.

^ აბზ. 10 ფიჯი ენაზე „ახალი აღთქმის“ უმეტესი ნაწილი მისიონერმა, ჯონ ჰანტმა, თარგმნა. 1847 წელს გამოცემული ეს თარგმანი იმით გამოირჩევა, რომ მარკოზის 12:36-ში, ლუკა 20:42-სა და საქმეების 2:34-ში გამოყენებულია ღვთის სახელი.

^ აბზ. 16 იხილეთ დანართი „1914 წელი — მისი მნიშვნელობა ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში“ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. აგრეთვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.jw.org.

 

გაიგეთ მეტი

რატომ არის სასარგებლო ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება?

იესომ აგვიხსნა, თუ რატომ გვჭირდება ხელმძღვანელობა და რომელი ორი ბიბლიური პრინციპი არის ძალზედ მნიშვნელოვანი.

რას ვიგებთ ბიბლიური ქრონოლოგიიდან 1914 წლის შესახებ?

დანიელის მე-4 თავში მოხსენიებული წინასწარმეტყველება „შვიდი დროის“ შესახებ მიუთითებს ადამიანთა მმართველობის რთულ პერიოდზე.

„მიჰბაძეთ მათ რწმენას“

რისი სწავლა შეგვიძლია ძველ დროში მცხოვრები ძლიერი რწმენის მქონე მამაკაცებისა და ქალების მაგალითიდან?