წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ივნისი 2015

ვინ არის ანტიქრისტე?

ვინ არის ანტიქრისტე?

ახლახან გამოვიდა საშინელებათა ფილმი სათაურით „ანტიქრისტე“.

ერთმა მუსიკალურმა ჯგუფმა თავის ალბომს „ანტიქრისტე სუპერვარსკვლავი“ დაარქვა.

მე-19 საუკუნეში მოღვაწე ფილოსოფოსმა, ფრიდრიხ ნიცშემ, თავის ერთ-ერთ ნაშრომს „ანტიქრისტე“ უწოდა.

შუა საუკუნეების მეფეები და იმპერატორები თავიანთ მოწინააღმდეგეებს ანტიქრისტეებს ეძახდნენ.

გერმანელმა რეფორმატორმა, მარტინ ლუთერმა, რომის კათოლიკური ეკლესიის პაპებს ანტიქრისტეები უწოდა.

ვინაიდან ანტიქრისტეს ყველას და ყველაფერს უწოდებენ — მონარქებიდან დაწყებული ფილმებით დამთავრებული — ბუნებრივია, დაგვებადოს კითხვა: ვინ არის ანტიქრისტე? აქვს ამას ჩვენთვის რაიმე მნიშვნელობა? გონივრულია, ამ კითხვებზე პასუხები ბიბლიაში ვეძებოთ, სადაც ეს ტერმინი ხუთჯერ გვხვდება.

ანტიქრისტეს მხილება

სიტყვა „ანტიქრისტეს“ ბიბლიაში მხოლოდ მოციქული იოანე იყენებს. როგორ აღწერს ის მას? იოანე თავის პირველ წერილში ანტიქრისტეს შემდეგნაირად აღწერს: „შვილებო, ახლა უკანასკნელი საათია და, როგორც უკვე მოისმინეთ, ანტიქრისტე მოდის, უკვე მოვიდა კიდეც მრავალი ანტიქრისტე; აქედან ვიგებთ, რომ უკანასკნელი საათია. ისინი ჩვენგან გავიდნენ, მაგრამ ჩვენიანები არ იყვნენ . . . ვინ არის ცრუ, თუ არა ის, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ვინც მამასა და ძეს უარყოფს, ანტიქრისტეა“ (1 იოანე 2:18,19, 22).

იოანეს ესმოდა, რომ ანტიქრისტეა ის, ვინც განზრახ ავრცელებს რელიგიურ სიცრუეს იესო ქრისტესა და მისი სწავლებების შესახებ

რას ვიგებთ ამ სიტყვებიდან? იოანემ მოიხსენია „მრავალი ანტიქრისტე“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ერთი კონკრეტული პიროვნება კი არა, ადამიანებისგან შემდგარი გარკვეული ჯგუფია. ის ადამიანები თუ ორგანიზაციები, რომლებიც ანტიქრისტეს წარმოადგენენ, ავრცელებენ სიცრუეს, უარყოფენ იესოს, როგორც მესიას და ამახინჯებენ ღმერთსა და მის ძეს, იესო ქრისტეს შორის ურთიერთობას. ისინი თავს ქრისტედ ან მის წარმომადგენლად აცხადებენ. მათზე ნათქვამია, რომ „ისინი ჩვენგან გავიდნენ“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ბიბლიის სწავლებებს განუდგნენ. უფრო მეტიც, ასეთი ადამიანები უკვე არსებობდნენ მაშინ, როცა იოანემ ეს წერილი დაწერა. მან ამ პერიოდს „უკანასკნელი საათი“ უწოდა, რაშიც შესაძლოა მოციქულთა მოღვაწეობის ბოლო პერიოდი იგულისხმა.

კიდევ რა დაწერა იოანემ ანტიქრისტეს შესახებ? ცრუწინასწარმეტყველების შესახებ მან ქრისტიანები გააფრთხილა: „ყოველი შთაგონებული სიტყვა, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისგან არის, ხოლო ყოველი შთაგონებული სიტყვა, რომელიც იესოს არ აღიარებს, ღვთისგან არ არის. უფრო მეტიც, ეს ანტიქრისტეს შთაგონებული სიტყვაა, სიტყვა, რომლის მოსვლის შესახებაც მოისმინეთ და რომელიც უკვე ქვეყნიერებაშია“ (1 იოანე 4:2, 3). იოანემ თავის მეორე წერილში კიდევ ერთხელ აღნიშნა: „ბევრი მატყუარა გაჩნდა ქვეყანაზე, რომლებიც არ აღიარებენ, რომ იესო ქრისტე ხორციელად მოვიდა. ვინც ამას აკეთებს, მატყუარა და ანტიქრისტეა“ (2 იოანე 7). ცხადია, იოანეს ესმოდა, რომ ანტიქრისტეა ის, ვინც განზრახ ავრცელებს რელიგიურ სიცრუეს იესო ქრისტესა და მისი სწავლებების შესახებ.

 „ცრუწინასწარმეტყველები“ და „უკანონობის კაცი“

იესო თავის მოწაფეებს აფრთხილებდა ცრუწინასწარმეტყველების შესახებ, რომლებიც მოვიდოდნენ, როგორც „ცხვრის სამოსში გახვეული მგლები“

იოანემდე დიდი ხნით ადრე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები გააფრთხილა: „უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენთან ცხვრის სამოსლით მოდიან, შიგნით კი მტაცებელი მგლები არიან“ (მათე 7:15). მოციქულმა პავლემ მსგავსი სიტყვები მისწერა თესალონიკელ ქრისტიანებს: „არავინ შეგაცდინოთ არასგზით, რადგან ის [იეჰოვას] დღე არ დადგება, სანამ განდგომილება არ მოვა და არ გამოვლინდება უკანონობის კაცი, დაღუპვის ძე“ (2 თესალონიკელები 2:3).

ამგვარად, პირველ საუკუნეში ცრუწინასწარმეტყველები და განდგომილები უკვე არსებობდნენ და ცდილობდნენ ქრისტიანული კრების დასუსტებას. ყველა, ვინც იესო ქრისტესა და მისი სწავლებების შესახებ სიცრუეს ავრცელებდა იყო იოანეს მიერ მოხსენიებული „ანტიქრისტე“. პავლემ მათ მიმართ გამოიყენა ტერმინი „დაღუპვის ძე“, საიდანაც გამოჩნდა, თუ როგორ უყურებს იეჰოვა ასეთ ადამიანებს.

უფრთხილდით ანტიქრისტეს

რის თქმა შეგვიძლია მათზე დღეს? ის ადამიანები თუ ორგანიზაციები, რომლებიც ანტიქრისტეს წარმოადგენენ, კვლავაც ეწინააღმდეგებიან ქრისტეს და მის სწავლებებს. ისინი შეგნებულად ავრცელებენ სიცრუეს, რომ ბუნდოვანი გახადონ იეჰოვა ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს ვინაობა. ასე რომ, სიფრთხილე გვმართებს, რათა არ გავებათ რელიგიური სიცრუის მახეში. განვიხილო ორი რელიგიური სიცრუე:

საუკუნეებია, რაც ეკლესიები სამების მოძღვრებას ასწავლიან და ამტკიცებენ, რომ მამა და ძე ერთარსნი არიან. ამგვარად, ანტიქრისტე ბურუსში ახვევს იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს ვინაობას, რითაც ხელს უშლის გულწრფელ ადამიანებს, მიჰბაძონ იესო ქრისტეს და დაუახლოვდნენ ღმერთს, როგორც მათ ამისკენ ბიბლია მოუწოდებს (1 კორინთელები 11:1; იაკობი 4:8).

მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის დედნისეულ ტექსტში ღვთის სახელი იეჰოვა დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება, ეკლესიები ბიბლიის იმ თარგმანებს იყენებენ, საიდანაც ამოღებულია ღვთის სახელი. შედეგად, ჭეშმარიტი ღვთის ვინაობა კიდევ უფრო ეხვევა საიდუმლოების საბურველში.

მეორე მხრივ, ღვთის სახელის ცოდნა მრავალ გულწრფელ ადამიანს დაეხმარა მასთან დაახლოებაში. სწორედ ასეთი რამ შეემთხვა რიჩარდს. ის იხსენებს, თუ რა გრძნობები დაეუფლა იეჰოვას მოწმეებთან საუბრის შემდეგ: „მათ ბიბლიიდან მიჩვენეს ღვთის სახელი იეჰოვა . . . გავოცდი, როდესაც გავიგე, რომ ღმერთს სახელი აქვს, რაც მანამდე არასოდეს მსმენოდა“. ბიბლიური პრინციპებით რომ ეცხოვრა და იეჰოვასთვის ესიამოვნებინა, რიჩარდმა ბევრი ცვლილება მოახდინა. ის ამბობს: „ღვთის სახელის ცოდნა მასთან დაახლოებაში დამეხმარა“.

საუკუნეების განმავლობაში ანტიქრისტე სულიერ სიბნელეში ამყოფებს მილიონებს. მაგრამ ღვთის სიტყვის, ბიბლიის, შესწავლით შეგვიძლია ამოვიცნოთ ანტიქრისტე და არ გავებათ მისი სიცრუის მახეში (იოანე 17:17).

 

გაიგეთ მეტი

ვინ მართავს მსოფლიოს სინამდვილეში?

ბიბლიაში მოცემულმა პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ. რატომ ღირს პასუხის გაგება? როგორ შეცვლის ის ჩვენს მომავალს?

ბიბლიური მოძღვრებაა სამება?

რელიგიების უმეტესობას სწამს, რომ ღმერთი სამებაა. ასწავლის ბიბლია სამების მოძღვრებას?

აქვს ღმერთს სახელი?

ღმერთს ბევრი წოდება აქვს, მაგალითად, ყოვლისშემძლე, შემოქმედი, უფალი. ამ ვიდეორგოლიდან გაიგებთ, რომ ღვთის სახელი ბიბლიაში დაახლოებით 7 000-ჯერ არის მოხსენიებული.