არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  მაისი 2015

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

ეთანხმება არქეოლოგია ბიბლიას?

ესაიას 20:1-ში მოხსენიებული ასურეთის მეფე სარგონ II

ჟურნალ „ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვაში“ გამოქვეყნებულ ერთ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ არქეოლოგებმა ებრაულ წერილებში მოხსენიებული „სულ მცირე 50“ პიროვნების არსებობის დამადასტურებელი ფაქტები აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენებმა დაადასტურა იუდასა და ისრაელის 14 მეფის არსებობა, მათ შორის, ისეთი ცნობილი მეფეების, როგორებიც იყვნენ: დავითი და ხიზკია, აგრეთვე ნაკლებად ცნობილი მეფეების — მენახემისა და ფეკახის. ამ სიაშია აგრეთვე ასურეთის, ბაბილონის, მოაბის, სპარსეთისა და სირიის 19 მეფე და ეგვიპტის 5 ფარაონი. თუმცა ბიბლია და არქეოლოგიური აღმოჩენები, არა მხოლოდ მეფეების, არამედ შედარებით დაბალი თანამდებობის მქონე პირების არსებობასაც ამტკიცებს. მაგალითად, მღვდელმთავრების, მწიგნობრისა და სხვა უფლებამოსილი პირების.

იმავე სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ამ ადამიანების არსებობას „არქეოლოგთა დიდი ნაწილი ადასტურებს“. არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოხსენიებული ისეთი ადამიანების არსებობაც დაამტკიცა, როგორებიც იყვნენ: ჰეროდე, პონტიუს პილატე, ტიბერიუსი, კაიაფა და სერგიუს პავლუსი.

როდის გადაშენდნენ ლომები ბიბლიურ ქვეყნებში?

ძველი ბაბილონის მოკირწყლული საპროცესიო გზის ფრაგმენტი

დღეს წმინდა მიწის ველურ ბუნებაში ვერსად შეხვდებით ლომს, მაგრამ ბიბლიაში ეს ცხოველი დაახლოებით 150-ჯერ არის მოხსენიებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ცნობილი იყო ბიბლიის დამწერთათვის. ბიბლიაში ეს ცხოველი უმეტეს შემთხვევაში სიმბოლური მნიშვნელობით არის გამოყენებული; თუმცა რამდენიმე ადგილას ის პირდაპირი მნიშვნელობითაც გვხვდება. მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ სამსონმა, დავითმა და ბენაიამ მოკლეს ლომები (მსაჯულები 14:5, 6; 1 სამუელი 17:34, 35; 2 სამუელი 23:20). სხვები კი ამ ცხოველის მსხვერპლი გახდნენ (1 მეფეები 13:24; 2 მეფეები 17:25).

ძველად აზიური ლომი (Panthera leo persica) მცირე აზიაში, საბერძნეთში, პალესტინაში, სირიაში, შუამდინარეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში გვხვდებოდა. ამ შიშისა და მოწიწების მომგვრელ ცხოველს ხშირად შეხვდებოდით უძველეს ახლო აღმოსავლურ ხელოვნებაში. მაგალითად, ძველი ბაბილონის საპროცესიო გზა ლომების გამოსახულებებით იყო მოკირწყლული.

გადმოცემის თანახმად, ახ. წ. მე-12 საუკუნის ბოლოსთვის პალესტინაში ჯვაროსნები ნადირობდნენ ამ ცხოველზე. ამ ტერიტორიაზე ლომი გადაშენების პირას მე-14 საუკუნის დასაწყისისთვის მივიდა. თუმცა ამ ცხოველის არსებობა შუამდინარეთსა და სირიაში მე-19 საუკუნემდე, ხოლო ირანსა და ერაყში მე-20 საუკუნის პირველ ნახევრამდე ფიქსირდება.