წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი მაისი 2015

 ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

დავინახე, რომ იეჰოვა მოწყალე და მიმტევებელი ღმერთია

დავინახე, რომ იეჰოვა მოწყალე და მიმტევებელი ღმერთია
  • დაბადების წელი: 1954

  • ქვეყანა: კანადა

  • წარსულში: თაღლითი, აზარტული მოთამაშე

მოკლე ბიოგრაფია:

გავიზარდე ქალაქ მონრეალის ერთ-ერთ ღარიბ უბანში. ექვსი თვის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა და ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა დედას დააწვა კისერზე. რვა შვილიდან ყველაზე უმცროსი ვიყავი.

როცა წამოვიზარდე, ჩემი ცხოვრება ნარკოტიკების, აზარტული თამაშების, ძალადობისა და კრიმინალების გარშემო ტრიალებდა. ათი წლის ასაკში მეძავებისა და იმ კრიმინალი მევახშეების დავალებებს ვასრულებდი, რომლებიც ფულს მაღალი პროცენტით გასცემდნენ და შემდეგ მუქარითა და ძალის გამოყენებით იღებდნენ. ხშირად ვიტყუებოდი და ხალხის გაცურებით დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ეს ჩემთვის ნარკოტიკივით იყო.

14 წლისა უკვე დახელოვნებული თაღლითი ვიყავი. ვყიდულობდი დიდი რაოდენობით მოოქროვილ საათებს, სამაჯურებსა და ბეჭდებს, ვარტყამდი 585 სინჯის ოქროს შტამპს და ვყიდდი ქუჩებსა თუ სავაჭრო ცენტრების ავტოსადგომებზე. მომწონდა ფულის იოლი გზით შოვნა. იყო შემთხვევა, როცა დღეში 10 000 კანადური დოლარიც კი ვიშოვე.

15 წლის რომ ვიყავი, გამოსასწორებელი სკოლიდან გამომაგდეს. წასასვლელი არსად მქონდა. ღამეს ქუჩებსა და პარკებში ვათევდი, ზოგჯერ შემთხვევით გაცნობილებს თავისთან მივყავდი სახლში.

ჩემი საეჭვო საქმიანობის გამო პოლიცია ხშირად მიწყობდა დაკითხვას. რადგანაც მოპარული საქონლით არ ვვაჭრობდი, პატიმრობას არ მისჯიდნენ, თუმცა თაღლითობის, ადამიანების შეცდომაში შეყვანისა და უკანონო ვაჭრობის გამო ძალიან დიდ ჯარიმებს ვიხდიდი. ქვეყანაზე არავისი მეშინოდა; მევახშეები ფულის ამოსაღებად მიშვებდნენ ხოლმე, რაც საკმაოდ სარისკო საქმე იყო. ამიტომ ხშირად იარაღსაც ვატარებდი. რამდენიმე ორგანიზებულ დანაშაულშიც მივიღე მონაწილეობა.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

 ბიბლიასთან შეხება პირველად 17 წლის ასაკში მქონდა, როცა ჩემმა მეგობარმა გოგომ, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი, ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. მე არ მომწონდა, რომ ბიბლია ზნეობრივ  საკითხებში ბევრ რამეს კრძალავდა. ამიტომ მივატოვე ის და იმ გოგოსთან წავედი, რომელსაც ადრეც ვხვდებოდი.

ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როცა ამ გოგომაც მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ვხედავდი, როგორ იცვლებოდა უკეთესობისკენ. თანდათან უფრო მომთმენი და ლმობიერი ხდებოდა, რაც ძალიან მაკვირვებდა. ერთხელაც მას იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში გავყევი. იქ ძალიან თბილად მიმიღეს. გამაოცა მათმა თავაზიანობამ და მოწესრიგებულობამ. ეს ხალხი სრულიად განსხვავდებოდა იმ საზოგადოებისგან, რომელშიც მე ვტრიალებდი. ოჯახის წევრებისგან არასოდეს მიგრძნია ყურადღება და სიყვარული, ბავშვობაში არც სხვები ავლენდნენ ჩემ მიმართ თბილ გრძნობებს. იეჰოვას მოწმეებმა სწორედ ის სითბო მაგრძნობინეს, რაც ასე ძალიან მაკლდა. ამიტომ, როდესაც მათ ბიბლიის შესწავლა შემომთავაზეს, სიხარულით დავთანხმდი.

რომ არა ბიბლია, ალბათ ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. გადაწყვეტილი მქონდა, ორ თანამზრახველთან ერთად ძარცვა მომეწყო, რათა წაგებული თანხა გადამეხადა, რომელიც 50 000 კანადურ დოლარზე მეტს შეადგენდა. რა ბედნიერი ვარ, რომ უარი ვთქვი ამ გეგმის განხორციელებაზე! ჩემმა თანამზრახველებმა ძარცვა მაინც მოაწყეს. შედეგად ერთი მათგანი დააკავეს, მეორე კი მოკლეს.

განვაგრძობდი ბიბლიის შესწავლას და ვხედავდი, რამდენი რამ მქონდა შესაცვლელი. მაგალითად, 1 კორინთელების 6:10-დან გავიგე, რომ „ვერც ქურდები, ვერც ხარბები, ვერც ლოთები, ვერც მლანძღველები და ვერც გამომძალველები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“. თვალზე ცრემლი მომადგა, როცა გავაცნობიერე, რა ცხოვრებას ვეწეოდი. მივხვდი, რომ რადიკალური ცვლილებები უნდა მომეხდინა (რომაელები 12:2). მოძალადე და აგრესიული ვიყავი. მთელი ჩემი ცხოვრება ტყუილზე იყო აგებული.

ბიბლიიდან ისიც გავიგე, რომ იეჰოვა გულმოწყალე და მპატიებელი ღმერთია (ესაია 1:18). ლოცვაში იეჰოვას ვევედრებოდი, დამხმარებოდა ძველი ცხოვრების მიტოვებაში. მისი დახმარებით ნელ-ნელა შევიცვალე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მე და ის გოგო, ვისთანაც ვცხოვრობდი, კანონიერად დავქორწინდით.

ბიბლიური პრინციპების დაცვამ სიცოცხლე შემინარჩუნა

24 წლისას უკვე ცოლი და სამი შვილი მყავდა. ოჯახის სარჩენად ფული პატიოსანი გზით უნდა მეშოვა. არც განათლება მქონდა და არც კარგი რეპუტაცია. იეჰოვას ამ საკითხშიც გულმხურვალედ ვთხოვდი ლოცვაში დახმარებას და სამუშაოს საძებრად მივდიოდი. დამსაქმებლებს ვეუბნებოდი, რომ ცხოვრების შეცვლა და პატიოსნად მუშაობა მინდოდა. ზოგჯერ იმასაც ვამბობდი, რომ ბიბლიას ვსწავლობდი და მსურდა, უკეთესი მოქალაქე გავმხდარიყავი. სამწუხაროდ, ბევრმა უარით გამომისტუმრა. ბოლოს, ერთ-ერთმა დამსაქმებელმა, რომელსაც გულწრფელად მოვუყევი ჩემი წარსული, მითხრა: „არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაც მკარნახობს, რომ სამუშაოზე უნდა აგიყვანო“. მჯერა, რომ ეს ჩემს ლოცვებზე პასუხი იყო. მალე მე და ჩემი ცოლი მოვინათლეთ.

კურთხევები:

ბიბლიური პრინციპების დაცვამ და ქრისტიანულ გზაზე სიარულმა სიცოცხლე შემინარჩუნა. შესანიშნავი ოჯახი მყავს. დღეს სუფთა სინდისი მაქვს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვამ მაპატია.

ბოლო 14 წელია, რაც ღმერთს სრული დროით ვემსახურები და სხვებს ბიბლიური პრინციპების გაგებაში ვეხმარები. ახლახან სრული დროით მსახურებაში მეუღლეც შემომიერთდა. 30 წლის განმავლობაში 22 თანამშრომელს დავეხმარე, გამხდარიყო იეჰოვას თაყვანისმცემელი. სავაჭრო ცენტრებში ისევ დავდივარ, ოღონდ არა იმიტომ, რომ ხალხი მოვატყუო, როგორც ამას ერთ დროს ვაკეთებდი, არამედ იმიტომ, რომ ადამიანებს ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების იმედი ჩავუსახო, სადაც აღარ იქნებიან თაღლითები (ფსალმუნი 37:10, 11).

გაიგეთ მეტი