წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი აპრილი 2015

 ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

სამმა კითხვამ ჩემი ცხოვრება შეცვალა

სამმა კითხვამ ჩემი ცხოვრება შეცვალა
  • დაბადების წელი: 1949

  • ქვეყანა: შეერთებული შტატები

  • წარსულში: ეძებდა სიცოცხლის აზრს

მოკლე ბიოგრაფია:

გავიზარდე ნიუ-იორკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პატარა ქალაქ ანკრემში. იქ ძალიან ბევრი მერძევეობის ფერმა იყო. ფაქტობრივად, ქალაქში ძროხა უფრო მეტი იყო, ვიდრე ადამიანი.

ჩემი ოჯახი ქალაქის ერთადერთ ეკლესიაში დადიოდა. ყოველ კვირა დილას პაპაჩემი ფეხსაცმელს მიპრიალებდა და ბებიის ნაჩუქარი პატარა თეთრი ბიბლიით ხელში საკვირაო სკოლაში მისტუმრებდა. მშობლებმა მე და ჩემს და-ძმას შრომის ფასი, ადამიანების პატივისცემა, სიკეთის კეთება და მადლიერების გამოვლენა გვასწავლეს.

როცა გავიზარდე, საცხოვრებლად ცალკე გადავედი და სკოლის მასწავლებელი გავხდი. ღვთისა და სიცოცხლის შესახებ უამრავი კითხვა მქონდა. ზოგი ჩემი მოსწავლე ძალიან ნიჭიერი იყო, ზოგს კი სწავლა დიდი ძალისხმევის ფასად უჯდებოდა. ზოგს ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა, მაშინ, როცა სხვები ჯან-ღონით სავსენი იყვნენ. ვფიქრობდი, რომ ეს უსამართლობა იყო. ზოგჯერ სუსტი ბავშვების მშობლები იტყოდნენ ხოლმე: „ღმერთს უნდოდა, რომ ჩემი შვილი ასეთი ყოფილიყო“. ვფიქრობდი, რატომ უშვებდა ღმერთი ბავშვების ავადმყოფობას. ბოლოს და ბოლოს, მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ.

იმაზეც ვფიქრობდი: რა იყო ის ღირებული საქმე, რისთვისაც შემეძლო, სიცოცხლე მიმეძღვნა. ვგრძნობდი, როგორ მიქროდა დღეები. შესანიშნავ ოჯახში გავიზარდე, კარგ სკოლებში ვსწავლობდი, იმ საქმეს ვაკეთებდი, რაც ძალიან მიყვარდა. მიუხედავად ამისა, მომავალი მაინც უღიმღამოდ მესახებოდა. საუკეთესო, რაც შეიძლებოდა წარმომედგინა ის იყო, რომ გავთხოვილიყავი, მყოლოდა შვილები, მქონოდა კარგი სახლი, პენსიაზე გასვლამდე მემუშავა და ბოლოს, დარჩენილი სიცოცხლე მოხუცებულთა სახლში გამეტარებინა. ვფიქრობდი, ნუთუ სულ ეს არის-თქო ცხოვრება?

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

ერთ ზაფხულს თანამშრომლებთან ერთად ევროპაში ვიმოგზაურე. მოვინახულეთ უესტმინსტერის სააბატო, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ვატიკანი და ბევრი სხვა ეკლესია. ყველგან, სადაც კი მივდიოდი, ჩემს კითხვებს ვსვამდი. უკან სლოტსბურგში (ნიუ-იორკი) რომ  დავბრუნდი, რამდენიმე ეკლესიაში მივედი, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხები იქაც ვერავინ გამცა.

ერთ მშვენიერ დღესაც სკოლაში 12 წლის მოსწავლე მომიახლოვდა და სამი შეკითხვა დამისვა. მკითხა, ვიცოდი, თუ არა, რომ იეჰოვას მოწმე იყო, რაზეც ვუთხარი, რომ ვიცოდი. შემდეგ მკითხა, მსურდა თუ არა, იეჰოვას მოწმეების შესახებ მეტი გამეგო, რაზეც ისევ დადებითად ვუპასუხე. ბოლოს სახლის მისამართი მკითხა. აღმოჩნდა, რომ მის სახლთან ახლოს ვცხოვრობდი. რას წარმოვიდგენდი, რომ ამ პატარა გოგონას დასმული სამი შეკითხვა ჩემს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა.

ჩვენი საუბრიდან მალევე, მან ველოსიპედით სახლში მომაკითხა და ჩემთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მასაც იგივე კითხვები დავუსვი, რაც მანამდე ბევრ მღვდელს. მათგან განსხვავებით გოგონამ სრულიად გასაგები და დამაკმაყოფილებელი პასუხები ამომაკითხა ჩემივე ბიბლიიდან — პასუხები, რომლებიც მანამდე ბიბლიაში არასოდეს წამეკითხა.

ბიბლიის შესწავლამ დიდი სიხარული მომგვარა და სულიერი სიცარიელე შემივსო. გავოგნდი, როცა 1 იოანეს 5:19 წავიკითხე, სადაც წერია: „ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია“. გულზე მომეშვა, როცა გავიგე, რომ თურმე ღმერთის კი არა, სატანის ბრალი ყოფილა ამდენი უბედურება, რაც ჩვენ გარშემო ხდება და რომ მალე ღმერთი ყველაფერს გამოასწორებს (გამოცხადება 21:3, 4). აღმოვაჩინე, რომ ბიბლია უძვირფასესი წიგნია, თუ მისი ახსნა იცი. მართალია, მოწმე, რომელიც ბიბლიას მასწავლიდა 12 წლის იყო, მაგრამ მივხვდი, რომ ჭეშმარიტება ჭეშმარიტებაა, მნიშვნელობა არა აქვს, ვისი პირიდან ისმენ.

და მაინც, მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, მოწმეები თუ ცხოვრობდნენ იმ პრინციპებით, რომლებსაც ქადაგებდნენ. მაგალითად, პატარა გოგონა მეუბნებოდა, რომ ნამდვილი ქრისტიანები მომთმენები და კეთილები არიანო (გალატელები 5:22, 23). გადავწყვიტე, გამომეცადა, თვითონ თუ ავლენდა ამ თვისებებს. ერთხელ შესწავლაზე განზრახ დავაგვიანე. მაინტერესებდა, დამელოდებოდა თუ არა. და თუ დამელოდებოდა, გაბრაზებული დამხვდებოდა თუ არა. სახლს რომ მივუახლოვდი, დავინახე, რომ გოგონა კიბეზე იყო ჩამომჯდარი. მაშინვე ჩემს მანქანასთან მოირბინა და მითხრა: „ახლა სახლში ვაპირებდი წასვლას, რომ დედიკოსთვის მეთქვა, საავადმყოფოში და პოლიციაში დაერეკა და გაეგო, რამე ხომ არ შეგემთხვათ. თქვენზე ძალიან ვნერვიულობდი, შესწავლაზე არასოდეს დაგიგვიანიათ“.

სხვა დროს ისეთი კითხვა დავუსვი, რომელზეც ვფიქრობდი, რომ 12 წლის ბავშვს გაუჭირდებოდა პასუხის გაცემა. მაინტერესებდა, რას იზამდა — სახელდახელოდ შეთხზავდა პასუხს, თუ არა. მაგრამ მან სერიოზული სახე მიიღო და მითხრა: „ეს ძალიან რთული შეკითხვაა. თქვენს შეკითხვას ჩავიწერ და მშობლებს ვკითხავ“. შემდეგ შესწავლაზე მომიტანა ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“, რომელშიც ჩემს კითხვაზე პასუხი ეწერა. სწორედ ამან მომხიბლა იეჰოვას მოწმეებში — მათი პუბლიკაციები ბიბლიიდან სცემდა პასუხს ყველა იმ კითხვას, რომელიც მაწუხებდა. პატარა გოგონასთან ბიბლიის შესწავლა გავაგრძელე და ერთ წელიწადში მეც იეჰოვას მოწმე გავხდი. *

კურთხევები:

როცა ჩემს კითხვებზე, როგორც იქნა, დამაკმაყოფილებელი პასუხები მივიღე, მომინდა, რომ ამის შესახებ ყველასთან მელაპარაკა (მათე 12:35). თავიდან ოჯახი მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი შეეგუვნენ ჩემს ახალ რწმენას. დედამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მართალია, მონათვლა ვერ მოასწრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, იეჰოვას მსახური გამხდარიყო.

1978 წელს ცოლად გავყევი ელიეს კაზანს. 1981 წელს მე და ელიესი შეერთებული შტატების ბეთელში მიგვიწვიეს. * სამწუხაროდ, ოთხ წელიწადში ელიესი გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ ისევ ბეთელში დავრჩი. ეს ძალიან დამეხმარა, რომ სასოწარკვეთილებას არ მივცემოდი.

2006 წელს დავქორწინდი ბეთელელ ძმაზე, რიჩარდ ელდრიდზე. დღეს ორივე ბეთელში ვმსახურობთ. ღვთის შესახებ ჭეშმარიტების გაგებამ არა მარტო იმ კითხვებზე გამცა პასუხი, რომლებსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი, არამედ სიცოცხლის აზრიც მაპოვნინა. ყველაფერი კი პატარა გოგონას დასმული სამი კითხვით დაიწყო.

^ აბზ. 16 ეს გოგონა და მისი და-ძმები მთლიანობაში თავიანთ ხუთ მასწავლებელს დაეხმარნენ, შეესწავლათ ბიბლია და იეჰოვას მოწმეები გამხდარიყვნენ.

^ აბზ. 18 „ბეთელი“ ნიშნავს „ღვთის სახლს“. ასე უწოდებენ იეჰოვას მოწმეები თავიანთ ფილიალებს მთელ მსოფლიოში (დაბადება 28:17, 19). ბეთელის ოჯახის წევრები ასრულებენ სხვადასხვა სამუშაოს, რაც ხელს უწყობს იეჰოვას მოწმეების საგანმანათლებლო საქმიანობის წინსვლას.

გაიგეთ მეტი

რა არის სიცოცხლის აზრი?

დაგბადებიათ ოდესმე კითხვა: „რა არის სიცოცხლის აზრი?“. ნახეთ, რას გვპასუხობს ბიბლია ამ კითხვაზე.