წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი აპრილი 2015

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რა როლს ასრულებდა ცენტურიონი რომაულ ჯარში?

სტელა, რომელზეც გამოსახულია ცენტურიონი მარკუს ფავონიუს ფასილისი

ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოხსენიებულია რამდენიმე რომაელი ცენტურიონი. ამ წოდებას ატარებდნენ ასისთავი, რომელიც იესოს სიკვდილით დასჯას თვალყურს ადევნებდა და კორნელიუსი, ქრისტიანობაზე მოქცეული პირველი უცხოტომელი. ცენტურიონები იყვნენ, აგრეთვე ოფიცერი, რომელიც პავლეს გაშოლტვას ხელმძღვანელობდა და იულიუსი, რომელმაც ის რომში ჩაიყვანა (მარკოზი 15:39; საქმეები 10:1; 22:25; 27:1).

ცენტურიონი ცენტურიის (რომის სამხედრო ქვედანაყოფი) მეთაური იყო, რომლის დაქვემდებარებაშიც 50-დან 100-მდე ჯარისკაცი იყო. მის მოვალეობაში შედიოდა სამხედრო დისციპლინის დამყარება, ჯარისკაცების გაწვრთნა, მათი ეკიპირების შემოწმება და ჯარის განლაგება.

ცენტურიონი იყო უმაღლესი წოდება, რომლის მიღწევაც რიგით ჯარისკაცს შეეძლო. ამ წოდებას იღებდნენ მხოლოდ პროფესიით ჯარისკაცები, რომლებიც მეთაურისთვის საჭირო კარგი უნარ-ჩვევებით გამოირჩეოდნენ. რომის ძლევამოსილი არმიის ეფექტიანობა და მასში არსებული დისციპლინა დიდ წილად იყო დამოკიდებული ცენტურიონებზე. ერთი წყაროს თანახმად, ისინი „ყველაზე გამოცდილი და კარგად ინფორმირებული მამაკაცები იყვნენ რომის არმიაში“.

რით განსხვავდებოდა ბიბლიური დროის სარკეები დღევანდელისგან?

ძველი ეგვიპტური სარკე

დღევანდელი შუშის სარკეებისგან განსხვავებით, ბიბლიურ დროში სარკეები ლითონისგან მზადდებოდა, რომლის ზედაპირიც გაპრიალებული იყო. სარკეების დასამზადებლად ძირითადად ბრინჯაოს იყენებდნენ. მათ აგრეთვე ამზადებდნენ სპილენძის, ვერცხლის, ოქროსა და ელექტრუმისგან (ოქროსა და ვერცხლის შენადნობი). ბიბლიაში სარკე პირველად ისრაელების პირველი თაყვანისმცემლობის ადგილის, კარვის, აგებისას მოიხსენიება. მაშინ ქალებმა სპილენძის აუზისა და სადგამის დასამზადებლად თავიანთი სარკეები შესწირეს (გამოსვლა 38:8). სავარაუდოდ, ეს სარკეები გადაადნეს და ისე გამოიყენეს.

ისრაელსა და მის შემოგარენში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ძვირფასეულობასა და ქალის სხვა მორთულობასთან ერთად სარკეებიც აღმოაჩინეს. სარკეებს ხის, ლითონის ან სპილოს ძვლის მოჩუქურთმებული სახელურები ჰქონდა — ხშირ შემთხვევაში ქალის მოყვანილობის. სარკის მეორე მხარე კი, როგორც წესი, დაუმუშავებელი იყო.

დღევანდელი შუშის სარკეებისგან განსხვავებით, ანტიკური სარკეების არეკვლის ხარისხი გაცილებით დაბალი იყო. აქედან გამომდინარე ვხვდებით, თუ რატომ დაწერა პავლემ შემდეგი სიტყვები: „ამჟამად ბუნდოვან მონახაზს ვხედავთ ლითონის სარკეში“ (1 კორინთელები 13:12).