არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  აპრილი 2015

 საუბრები ბიბლიურ თემებზე

რატომ აღვნიშნავთ იესოს სიკვდილის დღეს?

რატომ აღვნიშნავთ იესოს სიკვდილის დღეს?

ქვემოთ მოყვანილია იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს საუბარი. წარმოიდგინეთ, რომ ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად ინგა, ესაუბრება ერთ ქალს, თეას.

„ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“

ინგა: გამარჯობა თეა. გამიხარდა, გასულ კვირას იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს რომ დაესწარით. * რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

თეა: მომეწონა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, რაც იქ ითქვა ყველაფერი ვერ გავიგე. ვიცი, რომ ხალხი ქრისტეს დაბადებას შობის დღესასწაულზე ზეიმობს, მის მკვდრეთით აღდგომას კი — აღდგომის დღესასწაულზე, მაგრამ არასოდეს გამიგია, რომ ვინმეს მისი სიკვდილი აღენიშნოს.

ინგა: გეთანხმებით, მთელ მსოფლიოში შობა და აღდგომა ყველაზე პოპულარული დღესასწაულებია. მაგრამ იეჰოვას მოწმეები მართებულად მიიჩნევენ, რომ აღნიშნონ იესოს სიკვდილი. ცოტა დრო თუ გაქვთ, სიამოვნებით აგიხსნიდით ამის მიზეზს.

თეა: კი ბატონო.

ინგა: მოკლედ რომ ვთქვათ, იეჰოვას მოწმეები იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს იმიტომ აღვნიშნავთ, რომ ამის გაკეთება თავის მიმდევრებს თავად იესომ დაავალა. გავიხსენოთ, რა მოხდა იესოს სიკვდილის წინა ღამეს. გსმენიათ განსაკუთრებული ვახშმის შესახებ, რომელიც იესომ თავის ერთგულ მოწაფეებთან ერთად გამართა?

თეა: საიდუმლო სერობას გულისხმობთ?

ინგა: დიახ. მას აგრეთვე უფლის ვახშამიც ეწოდება. ამ ვახშამზე იესომ თავის მიმდევრებს კონკრეტული მითითებები მისცა. შეგიძლიათ წაიკითხოთ ლუკას 22:19-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები?

თეა: სიამოვნებით. «აიღო პურიც, ღმერთს მადლობა გადაუხადა, დაამტვრია, მისცა მათ და თქვა: „ეს ჩემს სხეულს ნიშნავს, რომელიც თქვენთვის უნდა იქნეს გაღებული. ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“».

ინგა: მადლობა. ყურადღება მიაქციეთ, რა მითითებას იძლევა იესო: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“. სანამ იესო თავის მიმდევრებს ეტყოდა, რომ ყოველთვის ხსომებოდათ იგი, მან გასაგებად უთხრა, თუ რა უნდა ხსომებოდათ. მან თქვა, რომ საკუთარ სიცოცხლეს თავისი მიმდევრებისთვის გაიღებდა. იესომ მსგავსი აზრი მათეს 20:28-შიც თქვა: „კაცის ძეც არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“. სწორედ ამიტომ ვიკრიბებით იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად მისი სიკვდილის დღეს, რათა გავიხსენოთ იესოს მიერ გაღებული გამომსყიდველური მსხვერპლი. მის სიკვდილს სიცოცხლის მოტანა შეუძლია, ყველა მორჩილი ადამიანისთვის.

რატომ გახდა გამოსასყიდი საჭირო?

თეა: ხალხისგან მსმენია, რომ იესოს სიკვდილს ჩვენთვის სიცოცხლის მოტანა შეუძლია, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, არასდროს მესმოდა, როგორ შეიძლება, რომ ქრისტეს სიკვდილმა ჩვენ სიცოცხლე მოგვიტანოს.

ინგა: მესმის თქვენი. ეს ბევრისთვის რთული გასაგებია, რადგან იესოს გამოსასყიდი საკმაოდ ღრმა საკითხია.  თუმცა ის ღვთის სიტყვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სწავლებაა. თუ ცოტა დრო კიდევ გაქვთ, შეგვიძლია, ამ საკითხზეც ვისაუბროთ.

თეა: კი ბატონო, მაქვს რამდენიმე წუთი.

ინგა: შესანიშნავია! სწორედ ახლა ვიკვლევდი ამ საკითხს და შევეცდები, მარტივად აგიხსნათ.

თეა: გისმენთ.

ინგა: გამოსასყიდის მნიშვნელობის გასაგებად, მოდით, გავიხსენოთ, რა მოხდა ედემის ბაღში, როცა ადამმა და ევამ შესცოდეს. ამაში რომაელების 6:23-ე მუხლი დაგვეხმარება. შეგიძლიათ წაიკითხოთ?

თეა: რა თქმა უნდა. „რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“.

ინგა: დიდი მადლობა. მოდი გავარჩიოთ ეს სიტყვები. მიაქციეთ ყურადღება მუხლის პირველ სიტყვებს: „ცოდვის საზღაური სიკვდილია“. ეს არის წესი, რომელიც ღმერთმა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში დაადგინა — ცოდვის საზღაური არის სიკვდილი. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ყველა უცოდველი იყო. ადამი და ევა სრულყოფილი ქმნილებები იყვნენ; შესაბამისად, მათი შვილებიც სრულყოფილები უნდა დაბადებულიყვნენ. მაშასადამე, არც სიკვდილის გამომწვევ მიზეზს უნდა ეარსება. ადამსა და ევას თავიანთ შთამომავლობასთან ერთად შესანიშნავი მომავალი ელოდათ — ბედნიერი სიცოცხლე მარადიულად. მაგრამ როგორც ვხედავთ, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა.

თეა: ადამმა და ევამ აკრძალული ხის ნაყოფი შეჭამეს, არა?

ინგა: ნამდვილად. ასე მოქცევით, მათ ღვთისადმი დაუმორჩილებლობა გამოავლინეს, ანუ შესცოდეს. ასე რომ, თავად აირჩიეს, გამხდარიყვნენ ცოდვილები და არასრულყოფილები. ეს არჩევანი არა მარტო ადამსა და ევას მოუტანდა დამღუპველ შედეგებს, არამედ მათ შთამომავლობასაც.

თეა: რას გულისხმობთ?

ინგა: ვეცდები, მაგალითით აგიხსნათ. ცხობა თუ გიყვართ?

თეა: დიახ. ჩემთვის ცხობა ერთ-ერთი საყვარელი საქმეა.

ინგა: ვთქვათ, გაქვთ ახალი პურის საცხობი ყალიბი. მაგრამ, ის გამოყენებამდე დაგივარდათ და დეფორმირდა. რას ფიქრობთ, როგორი ფორმის იქნება ამ ყალიბში გამომცხვარი პურები? განა ისეთივე დეფორმირებული არა, როგორიც თავად ყალიბი?

თეა: რა თქმა უნდა.

ინგა: მსგავსადვე, როცა ადამმა და ევამ ღვთის დაუმორჩილებლობა ირჩიეს, ისინი ცოდვილები და არასრულყოფილები გახდნენ, რის შედეგადაც, ასე ვთქვათ, დეფორმირდნენ, ანუ გაუჩნდათ დეფექტი. და რადგანაც მათ მანამ შესცოდეს, სანამ შთამომავლობა ეყოლებოდათ, მათი შვილებიც იგივე „დეფექტით“, ანუ ცოდვილები დაიბადებოდნენ. ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „ცოდვა“ არა მხოლოდ მოქმედებას გულისხმობს, არამედ მდგომარეობას, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაფერი დაგვიშავებია და იმ დროს არც კი ვარსებობდით, მათ თავიანთი არჩევანით შთამომავლობას მემკვიდრეობით არასრულყოფილება, ცოდვა და სიკვდილი გადმოგვცეს. როგორც რომაელების 6:23-ში წავიკითხეთ ცოდვის საზღაური სიკვდილია.

თეა: რა უსამართლობაა! მათი ცოდვის გამო რატომ უნდა იტანჯებოდეს მარადიულად მთელი კაცობრიობა?

ინგა: მართალი ხართ, ეს ნამდვილად უსამართლობაა. ამიტომ სამართლიანმა ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ადამი და ევა ჩადენილი ცოდვის გამო მომკვდარიყვნენ, ჩვენ კი, მათი შთამომავლები უიმედოდ არ დავუტოვებივართ. ღმერთმა იზრუნა, რომ არ დავრჩენილიყავით ასეთ სავალალო მდგომარეობაში. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი კი, სწორედ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლია. მოდი, კიდევ ერთხელ ვნახოთ რომაელების 6:23, რომელიც ასეთი სიტყვებით იწყება: „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ — შემდეგ კი გრძელდება — „ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“. ამგვარად,  სწორედ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი გვაძლევს საშუალებას, თავი დავაღწიოთ ცოდვისა და სიკვდილის მონობას. *

გამოსასყიდი — ღვთის უძვირფასესი ძღვენი

ინგა: ამ მუხლში კიდევ ერთი დეტალია, რაზეც თქვენი ყურადღების გამახვილება მინდა.

თეა: რა გაქვთ მხედველობაში?

ინგა: ნახეთ, აქ წერია „ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“. დაფიქრდით, თუ იესო იტანჯა და სიცოცხლე გაიღო ჩვენთვის, რატომ წერია ამ მუხლში, რომ გამოსასყიდი არის „ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს“ და არა „ძღვენი, რომელსაც იესო გვაძლევს“? *

თეა: ნამდვილად არ ვიცი.

ინგა: ადამი და ევა ღმერთმა შექმნა, ასე რომ, ის იყო ერთადერთი პიროვნება, ვის წინააღმდეგაც მათ შესცოდეს. ღმერთს ძალიან ეტკინებოდა გული პირველი მიწიერი შვილების ამბოხების გამო. მაგრამ იეჰოვამ დაუყოვნებლივ იპოვა გამოსავალი. * მან განიზრახა, რომ ერთ-ერთი სულიერი ქმნილება ჩამოსულიყო დედამიწაზე, ეცხოვრა, როგორც სრულყოფილ ადამიანს და ბოლოს საკუთარი სიცოცხლე გამომსყიდველურ მსხვერპლად გაეღო. აი, ამგვარად იყო გამოსასყიდი ღვთის ძღვენი. გარდა ამისა, გამოსასყიდი სხვა მიზეზის გამოც იყო ღვთის ძღვენი. გიფიქრიათ ოდესმე, რას იგრძნობდა ღმერთი, როცა იესო მოკლეს?

თეა: არა, ამაზე არ მიფიქრია.

ინგა: ეზოში სათამაშოებს ვხედავ, ალბათ შვილები გყავთ.

თეა: დიახ, ქალ-ვაჟი მყავს.

ინგა: როგორც მშობელი ერთი წუთით დაფიქრდით, რას იგრძნობდა იესოს ზეციერი მამა, იეჰოვა ღმერთი, როდესაც იესო მოკლეს. წარმოიდგინეთ, რა გრძნობები დაეუფლებოდა, როცა ზეციდან თავისი შვილის დაპატიმრებას, მასხრად აგდებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას უყურებდა. ან რას იგრძნობდა მშობელი მამა მაშინ, როცა თავის ძეს ძელზე გაკრულს უყურებდა, რომელიც მტანჯველი სიკვდილით კვდებოდა.

თეა: ამაზე არ დავფიქრებულვარ. ალბათ თვითონაც საშინლად იტანჯებოდა.

ინგა: რა თქმა უნდა, ზუსტად ვერ ვიტყვით, რას გრძნობდა ღმერთი იმ დღეს, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცით, რომ მას აქვს გრძნობები და ისიც, თუ რატომ დაუშვა ეს ყოველივე, რაც კარგად არის ახსნილი იოანეს 3:16-ე მუხლში. შეგიძლიათ წაიკითხოთ?

თეა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“.

გამომსყიდველური მსხვერპლი სიყვარულის არნახული გამოვლინებაა

ინგა: გმადლობთ. ნახეთ, როგორ იწყება ეს მუხლი: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა“. სწორედ ეს არის მთავარი — სიყვარული. სიყვარულმა უბიძგა ღმერთს, რომ დედამიწაზე გამოეგზავნა თავისი ძე, რომელიც ჩვენთვის უნდა მომკვდარიყო. ასე რომ, გამომსყიდველური მსხვერპლი სიყვარულის არნახული გამოვლინებაა. აი, ამის გასახსენებლად იკრიბებიან იეჰოვას მოწმეები ყოველ წელიწადს, იესოს სიკვდილის დღეს. იმედია, საინტერესო საუბარი გამოგვივიდა.

თეა: მართლაც საინტერესო იყო. უღრმესი მადლობა საუბრისთვის.

გაგჩენიათ ბიბლიური კითხვები, რომლებზეც ისურვებდით პასუხის მიღებას? გაინტერესებთ, რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს? თუ ასეა, ჰკითხეთ მათ, როცა შეხვდებით. ისინი დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებიან.

^ აბზ. 5 წელიწადში ერთხელ იეჰოვას მოწმეები იესოს სიკვდილის დღეს, მის მიერ გაღებული მსხვერპლის გასახსენებლად იკრიბებიან. ამ წელს ეს დღე აღინიშნება პარასკევს, 3 აპრილს.

^ აბზ. 32 ამ რუბრიკის მომავალ სტატიაში განხილული იქნება, თუ როგორ იხსნის იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი კაცობრიობას ცოდვისგან და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ მსხვერპლმა ჩვენც მოგვიტანოს სიკეთე.

^ აბზ. 36 როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთი და იესო ორი სხვადასხვა პიროვნებაა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 4.

გაიგეთ მეტი

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რატომ მოკვდა იესო?

ადამიანთა უმეტესობას სწამს, რომ იესო ჩვენთვის შეეწირა. რა იგულისხმება ამაში და რა სიკეთე მოაქვს მის სიკვდილს თითოეული ჩვენგანისთვის?

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

გამოსასყიდი ღვთის უძვირფასესი საჩუქარი

რა არის გამოსასყიდი? როგორ ემსახურება ის შენს კეთილდღეობას?