წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი მარტი 2015

 ბიოგრაფია

ის თვალებით ემსახურება ღმერთს

ის თვალებით ემსახურება ღმერთს

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ სხეულს ვერ იმორჩილებთ და მხოლოდ თვალების მოძრაობას აკონტროლებთ? ჩემი ძმა ხირო სწორედ ასეთ სავალალო მდგომარეობაშია. მიუხედავად ამისა, მის სიცოცხლეს აზრი აქვს. სანამ აგიხსნიდეთ, რამ გაუჩინა მას სიცოცხლის ხალისი, ნება მიბოძეთ, მოგითხროთ მისი ისტორია.

ხირო ცერებრული დამბლის იმ ფორმით დაიბადა, რომელსაც სპასტიკური ტეტრაპლეგია ეწოდება (ოთხივე კიდურის დამბლა). * ის სხეულის უმეტეს ნაწილს ვერ იმორჩილებს. თავის ტვინი კუნთებს ვერ გადასცემს მკვეთრ სიგნალებს, რის გამოც კიდურები ეხლართება. ზოგჯერ ხირო ისეთ უნებლიე მოძრაობებს აკეთებს, რომ შეიძლება საკუთარ თავსაც კი ავნოს. თუ ამ დროს გარშემომყოფნი ყურადღებით არ არიან, შეიძლება ისინიც დაზარალდნენ. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, მას ხშირად ხელ-ფეხი ინვალიდის სავარძელზე აქვს მიბმული.

მტკივნეული გზა ბავშვობიდან ზრდასრულობამდე

ხიროს ზრდის პროცესი მეტად მტკივნეული იყო. სამი თვიდან კრუნჩხვებში ვარდებოდა და გონებას კარგავდა. ძალიან ხშირად შეშინებული დედაჩემი მკერდზე მიიკრავდა და საავადმყოფოში გააქანებდა ხოლმე, ეგონა რომ უკვდებოდა.

იმის გამო, რომ მუდმივად გაკოჭილი იყო, მისმა ძვლებმა დეფორმაცია განიცადა. 16 წლის ასაკში მას მენჯის ძვალი ამოუვარდა, რის გამოც თეძოზე, ბარძაყსა და მენჯზე სერიოზული ოპერაცია დასჭირდა. დღემდე მახსოვს, როგორ ღმუოდა ყოველღამე ტკივილისგან გაწამებული.

ხიროს დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია და მთლიანად სხვაზეა დამოკიდებული, ისეთ უბრალო საქმეებშიც კი, როგორიცაა: ჭამა, ჩაცმა, დაწოლა და ადგომა, რაშიც ძირითადად ჩემი მშობლები ეხმარებიან. მართალია, მას ყოველთვის სხვისი დახმარება სჭირდება, მაგრამ მშობლები ყოველთვის შეახსენებენ, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ ადამიანებზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ღმერთზე.

ხიროსთან ურთიერთობის საშუალება გვეძლევა

ჩვენი მშობლები იეჰოვას მოწმეები არიან. ამიტომ ხიროს ჩვილობიდანვე უკითხავდნენ ბიბლიურ ისტორიებს. მათ ყოველთვის ესმოდათ, რომ ადამიანის სიცოცხლეს აზრს ღმერთთან ახლო ურთიერთობა სძენს. მართალია, ხიროს უსაშინლესი დაავადება სტანჯავს, მაგრამ მას შეუძლია მომავლის ნათელი და მტკიცე იმედი ჰქონდეს. თუმცა მშობლებს ყოველთვის აფიქრებდათ, სწვდებოდა თუ არა ხირო ბიბლიურ ჭეშმარიტებას.

ერთხელ მამაჩემმა პატარა ხიროს ჰკითხა: „ხირო, შეგიძლია რამე მითხრა? — და თან დააყოლა — თუ  ნამდვილად გიყვარვარ, მეტყვი!“. როცა მამა ევედრებოდა, რომ თუნდაც ერთი სიტყვა ეთქვა, ხიროს თვალები ცრემლებით აევსო. ცდილობდა, გრძნობები სიტყვებით გამოეხატა, მაგრამ მხოლოდ ხორხისმიერ ბგერებს გამოსცემდა. ხიროს ცრემლების შემხედვარე, მამამ ძალიან ცუდად იგრძნო თავი. თუმცა მისი რეაქციებიდან მივხვდით, რომ მან გაიგო მამის ნათქვამი. პრობლემა ის იყო, რომ მას ლაპარაკი არ შეეძლო.

ამ ამბიდან მალევე, მშობლებმა შენიშნეს, რომ ხანდახან ხირო თავისი აზრებისა და გრძნობების გამოსახატავად თვალებს აქეთ-იქით სწრაფად ამოძრავებდა. ზოგჯერ იმედგაცრუებული რჩებოდა, როცა რაღაცას ვერ გვაგებინებდა. მაგრამ, როცა მშობლები მისი თვალების მოძრაობით ხვდებოდნენ, რა უნდოდა და სურვილს დაუკმაყოფილებდნენ, მადლიერების ნიშნად სახე უბრწყინავდა.

ერთმანეთის უკეთ გასაგებად, ლოგოპედმა გვირჩია, რომ ისეთი კითხვების დასმისას, რომლებზე პასუხიც „კი“ ან „არა“ იქნებოდა, აგვეწია ორივე ხელი. მარჯვენა ხელი იქნებოდა „კი“, მარცხენა კი — „არა“. ასე რომ, ხიროს სურვილებს იმის მიხედვით ვგებულობდით, თუ რომელი ხელისკენ გაიხედავდა.

მნიშვნელოვანი მომენტი ხიროს ცხოვრებაში

წელიწადში სამჯერ იეჰოვას მოწმეები კონგრესებს მართავენ, სადაც მრავალრიცხოვანი აუდიტორია ბიბლიაზე დაფუძნებულ მოხსენებებს ისმენს. ხიროს ძალიან უხაროდა ნათლობის მსურველთათვის წარმოთქმული მოხსენების მოსმენა. ერთხელაც, როცა ის უკვე 16 წლისა იყო, მამამ ჰკითხა: „ხირო, გინდა, რომ მოინათლო?“. მან უყოყმანოდ მიაპყრო მზერა მამის მარჯვენა ხელს, რაც თანხმობის ნიშანი იყო. შემდეგ მამამ ჰკითხა: „შეჰპირდი ლოცვაში ღმერთს, რომ მარადიულად მისი მსახური იქნები? “, რაზეც მან მამის მარჯვენა ხელს კვლავ დაჟინებით შეხედა. ნათელი იყო, რომ ხიროს თავისი სიცოცხლე უკვე იეჰოვასთვის ჰქონდა მიძღვნილი.

არაერთი ბიბლიური თემის განხილვის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ხიროს კარგად ესმოდა ქრისტიანული ნათლობის მნიშვნელობა. ასე რომ, 2004 წელს მას უმნიშვნელოვანესი კითხვა დაუსვეს: „მიუძღვენი თავი იეჰოვას მისი ნების შესასრულებლად?“. ხირომ ამ კითხვას თვალების ზევით აპყრობით უპასუხა, რაც თანხმობის ნიშანი იყო; ძმებმა ამისთვის წინასწარ მოამზადეს. ამგვარად, 17 წლის ასაკში ის მოინათლა და იეჰოვას მოწმეთა რიგებს შეუერთდა.

ღვთის დიდებული საქმეებისკენ მიპყრობილი მზერა

2011 წელს ხიროს კომუნიკაციის ახალი საშუალება მიეცა. ეს იყო თვალის მოძრაობით მართვადი კომპიუტერი. ეს მოწყობილობა აღიქვამს თვალის მოძრაობას, რის შედეგადაც ხიროს შეუძლია გაააქტიუროს ეკრანზე გამოსახული სიმბოლოები. სიმბოლოზე თვალის დახამხამება ან დაჟინებით ცქერა, იგივეა, რაც მაუსზე  დაწკაპუნება. აგრეთვე ეკრანზე გამოტანილია პიქტოგრამები, რაც ხიროს საუბარში ეხმარება. როცა ის თვალს დაახამხამებს რომელიმე პიქტოგრამაზე, პროგრამა დაწერილ ტექსტს ახმოვანებს.

რაც მეტად სწვდებოდა ხირო ბიბლიურ ჭეშმარიტებას, მით მეტად სურდა, სხვებს სულიერად დახმარებოდა. ყოველკვირეული ოჯახური შესწავლის დროს ის ხან მე მიყურებს, ხან — თავის კომპიუტერს, რითაც შემახსენებს, რომ კომენტარი დავუწერო, რათა კრების შეხვედრაზე პასუხების გაცემა შეძლოს.

კრების შეხვედრაზე ის მოთმინებით აყოლებს თვალს თავის ეკრანს და ააქტიურებს საჭირო სიმბოლოს, რის შემდეგაც მის კომენტარს, რომელსაც კომპიუტერი ახმოვანებს, მთელი კრება ისმენს. ის ყოველთვის თბილად იღიმის და ასეთი სახით ამხნევებს კრების წევრებს. მისი ერთ-ერთი მეგობარი, ალექსი, ამბობს: „ყოველთვის გაოცებული ვარ, როცა ვისმენ, როგორ აკეთებს ხირო კომენტარს“.

ხირო თვალის მოძრაობით მართვად კომპიუტერს იყენებს, რომ კრების შეხვედრებზე კომენტარი გააკეთოს და სხვებს თავისი რწმენის შესახებ ესაუბროს

ხირო თვალებით ხალხს თავის რწმენაზეც ესაუბრება. ამისათვის ის თვალის მოძრაობით ააქტიურებს პიქტოგრამას, რომელიც აღწერს ბაღს, სადაც ცხოველები და სხვადასხვა ეროვნების ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ. შემდეგ კომპიუტერი ახმოვანებს მის სიტყვებს: „ბიბლია გვპირდება, რომ დედამიწაზე იქნება სამოთხე, სადაც აღარ იქნება ავადმყოფობა და სიკვდილი, გამოცხადების 21:4“. თუ მსმენელი ინტერესს გამოავლენს, ის სხვა სიმბოლოს ააქტიურებს და ეკითხება: „გსურთ ბიბლიის შესწავლა ჩემთან ერთად?“. ჩვენდა გასაოცრად, პაპაჩემი დათანხმდა მას ბიბლიის შესწავლაზე. ნამდვილად ამაღელვებელი იყო იმის დანახვა, თუ როგორ უტარებდა ნელ-ნელა ხირო სხვა თანაქრისტიანთან ერთად პაპაჩემს ბიბლიის შესწავლას. ძალიან მიხარია, რომ 2014 წლის აგვისტოში მადრიდში გამართულ რეგიონულ კონგრესზე პაპაჩემი მოინათლა.

ხიროს ღვთისადმი ერთგულება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მისი სკოლის მასწავლებლებს. მისმა ლოგოპედმა, როსარიომ, ერთხელ ასეთი სიტყვები თქვა: „თუკი ოდესმე გადავწყვეტ რომელიმე რელიგიაში გაერთიანებას, აუცილებლად იეჰოვას მოწმე გავხდები. საკუთარი თვალით ვხედავ, როგორ შესძინა რწმენამ ხიროს სიცოცხლეს აზრი მისი უძლურების მიუხედავად“.

ხიროს სიხარულისგან უბრწყინავს თვალები, როცა ბიბლიაში ჩაწერილ შემდეგ დაპირებას ვუკითხავ: „კოჭლი ირემივით იხტუნებს და მუნჯის ენა სიხარულით შესძახებს“ (ესაია 35:6). მართალია, ზოგჯერ იმედგაცრუება ეუფლება, მაგრამ მთლიანობაში მხნეობას ინარჩუნებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მისი ცხოვრება ღვთისა და თანაქრისტიანების გარშემო ტრიალებს. ხიროს დადებითი განწყობა და ძლიერი რწმენა იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვას მსახურება ჩვენს უფერულ და უღიმღამო ცხოვრებას სილაღეს და სიხასხასეს მატებს.

^ აბზ. 5 ცერებრული დამბლა არის თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული მოძრაობის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, კვებითი მოშლილობა და მეტყველების დარღვევა. სპასტიკური ტეტრაპლეგია ცერებრული დამბლის ყველაზე მწვავე ფორმაა, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ოთხივე კიდურისა და კისრის დამბლას.

გაიგეთ მეტი

რას ამბობს ბიბლია ­ტანჯვაზე

სულერთია ღვთისთვის ჩვენი ­ტანჯვა და ტკივილი?