არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  მარტი 2015

მეფის საკადრისი ძღვენი

მეფის საკადრისი ძღვენი

„აღმოსავლეთიდან იერუსალიმში ასტროლოგები მივიდნენ . . . ამოალაგეს თავიანთი განძეული და მიართვეს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და სმირნა“ (მათე 2:1, 11).

რას მიართმევდით საჩუქრად პატივდებულ ადამიანს? ბიბლიურ დროში ზოგიერთი სურნელოვანი მცენარე ოქროსავით ძვირფასი იყო, იმდენად ძვირფასი, რომ მეფის საკადრის ძღვნად ითვლებოდა. * ამიტომაც იყო, რომ იმ საჩუქრებში, რომლებიც ასტროლოგებმა „იუდეველთა მეფეს“ მიართვეს, ორი სურნელოვანი სანელებელი იყო (მათე 2:1, 2, 11).

ბალზამის ზეთი

ბიბლია იმის შესახებაც მოგვითხრობს, როცა საბას დედოფალი სოლომონს ესტუმრა და საჩუქრად „მიართვა . . . მეფეს ას ოცი ტალანტი ოქრო, ბალზამი დიდი რაოდენობით და ძვირფასი ქვები; არასდროს ყოფილა იქ იმდენი ბალზამი, რამდენიც საბას დედოფალმა მიართვა მეფე სოლომონს“ * (2 მატიანე 9:9). სოლომონს იმ დროინდელი სამეფოების მეფეებიც უგზავნიდნენ ბალზამს პატივისცემის ნიშნად (2 მატიანე 9:23, 24).

რატომ ფასობდა ასე ბიბლიურ დროში სურნელოვანი მცენარეები და მისგან დამზადებული სანელებლები? მათი მრავალმხრივი გამოყენების გამო. მათ იყენებდნენ კოსმეტიკაში, რელიგიურ მსახურებაში და დასაკრძალავად ცხედრის მოსამზადებლად (იხილეთ ჩარჩო „ სურნელოვანი სანელებლების გამოყენება ბიბლიურ დროში“). გარდა იმისა, რომ ამ პროდუქტებზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, სანელებლები ძვირად იმის გამოც ფასობდა, რომ მათი მოპოვება და ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა.

არაბეთის უდაბნოს გადაკვეთა

კასია

ბიბლიურ დროში ზოგი სურნელოვანი მცენარე იორდანეს ველზე იზრდებოდა, ზოგი კი სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდათ. ბიბლიაში არაერთი სურნელოვანი მცენარეა მოხსენიებული, ყველაზე ხშირად ზაფრანა, ალოე, ბალზამი, დარიჩინი, გუნდრუკი და სმირნა. გარდა ამისა, ბიბლია მოიხსენიებს საკვების სანელებლებსაც, მაგალითად, ზირას, პიტნასა და კამას.

საიდან შემოჰქონდათ ეგზოტიკური სანელებლები? ალოე, კასია და დარიჩინი მოიპოვებოდა დღევანდელი ჩინეთის, ინდოეთისა და შრი-ლანკის ტერიტორიებზე. სმირნას და გუნდრუკს იღებდნენ იმ ხეებისა და ბუჩქებისგან, რომლებიც ხარობდა არაბეთის სამხრეთიდან სომალიმდე (აფრიკა) გადაჭიმულ უდაბნოში. ნარდი კი მხოლოდ ინდოეთში, ჰიმალაის მთებში მოიპოვებოდა.

ზაფრანა

სურნელოვანი მცენარეებისგან დამზადებული სანელებლები ისრაელში არაბეთის უდაბნოს გავლით ჩაჰქონდათ. გარკვეულწილად ამან განაპირობა ის, რომ ძვ. წ. II და I ათასწლეულებში „აღმოსავლეთიდან დასავლეთში იმპორტული საქონლის შეტანისა და ვაჭრობის საქმეში მონოპოლია არაბეთს ჰქონდა აღებული“, — აღნიშნულია ერთ წიგნში (The Book of Spices). ისრაელის სამხრეთით, ნეგებში, ძველი ქალაქების ნანგრევების, ციხე-სიმაგრეებისა და ქარავნების გასაჩერებელი ადგილების აღმოჩენისას გამოიკვეთა, თუ რა გზას გადიოდნენ  სანელებლებით მოვაჭრენი. აღმოჩენილი ქალაქები იმაზეც „მოწმობს, რომ სამხრეთ არაბეთიდან ხმელთაშუაზღვისპირეთამდე მცხოვრებთათვის ვაჭრობა მეტად სარფიან საქმეს წარმოადგენდა“, — იუწყება იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი.

„მცირე მოცულობის, მაღალი ფასისა და დიდი მოთხოვნის გამო, სურნელოვანი სანელებლები ვაჭრებისთვის განსაკუთრებით სასურველ საქონელს წარმოადგენდა“ (The Book of Spices)

სურნელოვანი სანელებლებით დატვირთულ ქარავნებს გამუდმებით უწევდათ დაახლოებით 1 800 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლა არაბეთის გადასაკვეთად (იობი 6:19). ბიბლიაში მოხსენიებულია ისმაელელ ვაჭართა ქარავანი, რომელთაც გალაადიდან ეგვიპტეში „საკმელი, ბალზამი, და ხის ფისიანი ქერქი“ მიჰქონდათ (დაბადება 37:25). იაკობის ვაჟებმა თავიანთი ძმა, იოსები, სწორედ ამ ვაჭრებს მიჰყიდეს.

„ყველა დროის საგულდაგულოდ შენახული სავაჭრო საიდუმლო“

კამა

საუკუნეების მანძილზე სურნელოვანი სანელებლების ყიდვა-გაყიდვას ძირითადად არაბი ვაჭრები აკონტროლებდნენ. ისინი აზიიდან ისეთი სანელებლების ექსკლუზიური შემომტანები გახდნენ, როგორიც იყო: კასია და დარიჩინი. ხმელთაშუაზღვისპირეთში მცხოვრებთათვის ხელი რომ შეეშალათ აღმოსავლეთთან პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობის დამყარებაში, არაბები თხზავდნენ ამ მცენარეების მოპოვებასთან დაკავშირებულ უცნაურ ზღაპრებს. მაგრამ სინამდვილე „ყველა დროის საგულდაგულოდ შენახულ სავაჭრო საიდუმლოს“ წარმოადგენდა, — აღნიშნულია ზემოხსენებულ წიგნში.

ზირა

რა ზღაპრებს ავრცელებდნენ არაბები? ჰეროდოტე, ძვ. წ. V საუკუნეში მოღვაწე ბერძენი ისტორიკოსი, მოიხსენიებს ასეთ ზღაპრებს, საშინელ ფრინველებზე, რომლებიც ბუდეებს დარიჩინის ხის ქერქისგან აკეთებდნენ მიუწვდომელ ფრიალო კლდეებზე. როგორც მან დაწერა, ამ ძვირფასი სანელებლის მოსაპოვებლად, შემგროვებლები კლდის ძირში ხორცის დიდ ნაჭრებს აწყობდნენ. ფრინველები ხორცს ხარბად აცხრებოდნენ და იმდენს  ეზიდებოდნენ, რომ ბუდეები სიმძიმეს ვერ უძლებდა და იშლებოდა. ძირს დაცვენილ დარიჩინის ხის ქერქს შემგროვებლები უმალ კრეფდნენ, შემდეგ კი ვაჭრებთან ყიდდნენ. მსგავსი ზღაპრები ფართოდ იყო გავრცელებული. და იმის გამო, რომ „დარიჩინის მოპოვება თითქოსდა ასეთი საშიში და რთული იყო, მას ძალიან ძვირად ყიდდნენ“, — ნათქვამია იმავე წიგნში.

პიტნა

ბოლოს არაბების საიდუმლო გამოაშკარავდა და მათი მონოპოლიაც დასრულდა. ძვ. წ. I საუკუნისთვის ეგვიპტის ქალაქი, ალექსანდრია, მსხვილი ნავსადგური და სურნელოვანი სანელებლების სავაჭრო ცენტრი გახდა. როგორც კი მეზღვაურებმა ისწავლეს, როგორ გამკლავებოდნენ ინდოეთის ოკეანეში მუსონურ ქარებს, რომაულმა გემებმა ეგვიპტიდან ინდოეთამდე ჩააღწიეს. შედეგად კი, ეს ერთ დროს ძვირადღირებული სანელებლები იმდენად უხვად შემოდიოდა, რომ ბაზარზე მისი ფასი საგრძნობლად დაეცა.

დღეს სანელებლებს ოქროს ფასი აღარ აქვს და აღარც არავინ თვლის მეფის საკადრის ძღვნად. თუმცა მთელ მსოფლიოში მას ფართოდ იყენებენ პარფიუმერიასა და მედიცინაში; და რაღა თქმა უნდა, კულინარიაში არომატისა და პიკანტურობისთვის. მართლაც, არომატული სურნელის გამო სანელებლები დღესაც ისევე იზიდავს ადამიანებს, როგორც ათასობით წლის წინ.

დარიჩინი

^ აბზ. 3 ბიბლიაში დედნისეულ ენაზე გამოყენებულ სიტყვა „სანელებლებში“ ძირითადად იგულისხმება არომატული, კეთილსურნელოვანი მცენარეებისგან დამზადებული პროდუქტები და არა საჭმლის საკაზმი სანელებლები.

^ აბზ. 4 „ბალზამში“ იგულისხმება არომატული ზეთი ან ფისის შემცველი ნივთიერება, რომელსაც ხეებიდან და ბუჩქებიდან იღებდნენ.