არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  მარტი 2015

 მთავარი თემა | რისგან გვიხსნის იესო?

რატომ ვსაჭიროებთ ხსნას?

რატომ ვსაჭიროებთ ხსნას?

„კაცი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და შფოთით აღსავსე. ყვავილივით იშლება, მაგრამ მოწყვეტილია, ჩრდილივით ჩაიქროლებს და წყვეტს არსებობას“ (იობი 14:1, 2).

უხსოვარი დროიდანვე ადამიანებს ახალგაზრდობისა და უკვდავების დაუოკებელი სურვილი კლავდათ. მაგრამ სამწუხაროდ, ყველანი ვკვდებით. 3 000 წლის წინათ წარმოთქმული იობის ზემოხსენებული სიტყვები დღემდე მწარე რეალობად რჩება.

უკვდავებისკენ სწრაფვის დაუცხრომელი სურვილი ადამიანებს დღემდე არ განელებიათ. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ჩვენს გულებში მარადიულობის წყურვილი ღმერთმა ჩადო, ისევე როგორც მეტი და მეტი ცოდნის დაუფლების სურვილი (ეკლესიასტე 3:11). განა მოსიყვარულე ღმერთი ისეთი რამის სურვილს ჩადებდა ჩვენში, რისი შესრულებაც შეუძლებელი იქნებოდა? თუ ფიქრობთ, რომ არა, მართალი ხართ. ბიბლია სიკვდილს მტერს უწოდებს და გვპირდება, რომ მას ბოლო მოეღება (1 კორინთელები 15:26).

სიკვდილი მართლაც რომ მტერია. სიკვდილი არავის სურს. როცა რაიმე საფრთხე გვემუქრება, ვცდილობთ, როგორმე თავიდან ავირიდოთ; როცა ავად ვხდებით, ვცდილობთ, ყველაფერი ვიღონოთ გამოსაჯანმრთელებლად და როცა სიკვდილის პირისპირ ვდგებით, რას აღარ ვაკეთებთ, სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

გვაქვს რაიმე მიზეზი იმაში დასარწმუნებლად, რომ კაცობრიობის ამ უძველეს მტერს ბოლო მოეღება? რა თქმა უნდა! იეჰოვა ღმერთს, ჩვენს შემოქმედს, იმიტომ არ შევუქმნივართ, რომ რამდენიმე წელი გვეცოცხლა და მერე მოვმკვდარიყავით. ადამიანების სიკვდილი არ შედიოდა მის განზრახვაში; ჩვენ მარადიულად უნდა გვეცხოვრა დედამიწაზე. ღმერთი ამ განზრახვას აუცილებლად შეასრულებს! (ესაია 55:11).

მაინც, როგორ მოეღება სიკვდილს ბოლო? ისტორიის განმავლობაში ადამიანები სიკვდილის დამარცხების გზებს უშედეგოდ ეძებდნენ. სიკვდილზე გამარჯვების სურვილი დღემდე არ დამცხრალა. მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინები და მედიკამენტები, რითაც ზოგიერთ დაავადებას ამარცხებენ. მათ ცოცხალი ორგანიზმები უჯრედის დონემდეც კი შეისწავლეს. შედეგად ბევრ ქვეყანაში ადამიანები დღეს იმაზე დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე საუკუნის წინ. მაგრამ სიკვდილი ჯერ ისევ ბობოქრობს. როგორც ბიბლია ამბობს, „ყველა ერთ ადგილას მიდის; მტვრისგან არიან შექმნილნი და მტვერსვე უბრუნდებიან“ (ეკლესიასტე 3:20).

სასიხარულოა, რომ ამ დაუძინებელი მტრის დასამარცხებლად ადამიანის გონიერებაზე არა ვართ დაიმედებული. იეჰოვა ღმერთმა სიკვდილისგან ჩვენ სახსნელად უკვე მიიღო ზომები. მის განზრახვაში იესო ქრისტეს მთავარი როლი აკისრია.