არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  თებერვალი 2015

 მთავარი თემა | განიჭებთ სამუშაო სიამოვნებას?

განიჭებთ სამუშაო კმაყოფილებას?

განიჭებთ სამუშაო კმაყოფილებას?

„ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“ (ეკლესიასტე 3:13). თუკი ღმერთს სურს, რომ სამუშაომ სიამოვნება მოგვანიჭოს, ლოგიკურია, რომ იმასაც გვასწავლის, როგორ მივიღოთ სიამოვნება (ესაია 48:17). ღმერთი ამას თავისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით აკეთებს. განვიხილოთ ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ, სიამოვნება პოვოთ გარჯაში.

განივითარეთ დადებითი განწყობა სამუშაოს მიმართ

გონებრივი სამუშაოს შესრულება გიწევთ, თუ ფიზიკურის, გახსოვდეთ, რომ „ყოველგვარი შრომა სასარგებლოა“ (იგავები 14:23). რა მხრივ? უპირველეს ყოვლისა, მუყაითად შრომა გვეხმარება, ჩვენს მატერიალურ მოთხოვნილებებზე ვიზრუნოთ. ღმერთი ჰპირდება თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს, რომ იზრუნებს მათ საჭიროებებზე (მათე 6:31, 32). მაგრამ ის ჩვენგან მოელის, საკუთარი თავი გულმოდგინე და პატიოსანი შრომით შევინახოთ (2 თესალონიკელები 3:10).

აქედან გამომდინარე, სამუშაო შეგვიძლია მივიჩნიოთ მიზნის მიღწევის კარგ საშუალებად. სამუშაო ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობების შესრულებაში გვეხმარება. 25 წლის ჯოშუა ამბობს: „საკუთარი თავის უზრუნველყოფა უბრალო საქმე არ არის. თუ თავის რჩენა შეგიძლია, ესე იგი, სამუშაო თავის მიზანს ემსახურება“.

უფრო მეტიც, ძალისხმევა, რომელსაც მძიმე სამუშაოს შესრულებას ვახმართ, გვიმაღლებს ღირსების გრძნობას. როდესაც ვცდილობთ, თუნდაც რთული და მოსაწყენი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, ეს კმაყოფილებას გვანიჭებს, რადგან ვიცით, რომ საქმე საუკეთესოდ შევასრულეთ. ამ დროს დავძლევთ იმ მიდრეკილებასაც, რომ მძიმე სამუშაოს თავი ავარიდოთ (იგავები 26:14). სწორედ ამის გამო გვეუფლება კმაყოფილების გრძნობა. „გრძელი სამუშაო დღის ბოლოს სასიამოვნო გრძნობა მეუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ძალიან ვიღლები და შეიძლება ჩემ მიერ გაკეთებული საქმეც ვერავინ შენიშნა, ვიცი, რომ იმ დღეს რაღაც ღირებული გავაკეთე“, — ამბობს წინა სტატიაში მოხსენიებული აარონი.

 მთელი გულით შეასრულეთ სამუშაო

ბიბლია დადებითად ახასიათებს „საქმეში დახელოვნებულ“ მამაკაცს და ქალს, რომელიც „ყველა საქმეს სიხარულით კიდებს ხელს“ (იგავები 22:29; 31:13). რა თქმა უნდა, ადამიანი თავისთავად ვერ დახელოვნდება ამა თუ იმ საქმეში. ცოტას თუ შეუძლია, სიამოვნება მიიღოს იმ საქმისგან, რომლის კეთებაც კარგად არ გამოსდის. ალბათ, ამიტომ ვერ ანიჭებს ბევრს სამუშაო სიამოვნებას. ისინი უბრალოდ, არ ცდილობენ, დახელოვნდნენ თავიანთ საქმეში.

სინამდვილეში, ადამიანს შეუძლია ნებისმიერი საქმისგან მიიღოს სიამოვნება. მთავარია, სწორი განწყობით მიუდგეს მას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისწავლოს, როგორ შეასრულოს საქმე საუკეთესოდ. 24 წლის უილიამი ამბობს: „ძალიან დიდი კმაყოფილების გრძნობა გეუფლება, როდესაც იმ საქმის შედეგს ხედავ, რომელშიც მთელი გული და სული ჩადე. საქმის ზერელედ და უხარისხოდ კეთება, ამას ვერასოდეს განგაცდევინებს“.

იფიქრეთ იმაზე, თუ რა სიკეთე მოაქვს თქვენს სამუშაოს სხვებისთვის

მხოლოდ იმაზე ნუ იფიქრებთ, თუ რამდენს გამოიმუშავებთ. ნაცვლად ამისა, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რატომ არის ეს სამსახური აუცილებელი? რა მოხდებოდა ეს საქმე, რომ არ შესრულებულიყო ან ვინმეს არასწორად გაეკეთებინა? რა სიკეთე მოაქვს ჩემს სამსახურს სხვებისთვის?“.

დაფიქრება განსაკუთრებით ბოლო კითხვაზე ღირს, რადგან სამუშაო ყველაზე მეტად მაშინ არის სიამოვნების მომგვრელი, როცა ხედავ, რომ მას სხვებისთვის სიკეთე მოაქვს. იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). გარდა დამსაქმებლისა და მომხმარებლისა, ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოს სხვებისთვისაც მოაქვს სიკეთე. მაგალითად, ჩვენი ოჯახის წევრებისა და გაჭირვებულებისთვის.

ოჯახის წევრები. როცა ოჯახის უფროსი მძიმედ შრომობს, სულ მცირე, ორი რამით უზრუნველყოფს ოჯახს. პირველი, ის ზრუნავს მათ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე და უზრუნველყოფს საკვებით, ტანსაცმლითა და თავშესაფრით. ამგვარად, ის ასრულებს ღვთისგან დაკისრებულ პასუხისმგებლობას, იზრუნოს თავისიანებზე (1 ტიმოთე 5:8). მეორე, შრომისმოყვარე ოჯახის მარჩენალი საკუთარი მაგალითით ასწავლის შვილებს მუყაითი შრომის ფასს. წინა სტატიაში მოხსენიებული შეინი ამბობს: „მამაჩემს კარგი სამუშაო უნარ-ჩვევები აქვს. ის დურგალია და მთელი ცხოვრება პატიოსანი და მძიმე შრომით ირჩენს თავს. მისი მაგალითიდან ვისწავლე, რა ძვირფასია, როცა რაღაცას საკუთარი ხელით ქმნი და იცი, რომ ეს ნივთი ვიღაცას ძალიან გამოადგება“.

გაჭირვებულები. პავლე მოციქული ქრისტიანებს ურჩევდა, ეშრომათ „რათა [ჰქონოდათ] გაჭირვებულისთვის მისაცემი“ (ეფესოელები 4:28). მართლაც, როცა საკუთარი თავისა და ოჯახის სარჩენად მუყაითად ვშრომობთ, შეიძლება იმის საშუალებაც მოგვეცეს, რომ გაჭირვებულებს გავუმართოთ ხელი (იგავები 3:27). ამგვარად, შრომისმოყვარეობა შესაძლებლობას მოგვცემს, განვიცადოთ გაცემით გამოწვეული ბედნიერება.

 „ორ კილომეტრზე გაჰყევი“

მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „თუ ვინმე, ძალაუფლების მქონე, ერთ კილომეტრზე გაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი“ (მათე 5:41). როგორ შეგიძლიათ ამ პრინციპის გამოყენება სამსახურთან მიმართებით? ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ მინიმუმის კეთებას დასჯერდეთ, ეცადეთ, იმაზე მეტი აკეთოთ, ვიდრე მოგეთხოვებათ. დაისახეთ მიზნები — ეცადეთ, სამუშაო იმაზე უკეთ ან სწრაფად შეასრულოთ, ვიდრე ამას თქვენგან მოელიან. შეეცადეთ, რომ სიამოვნება წვრილმანმა საქმეებმაც მოგანიჭოთ.

როდესაც იმაზე მეტს აკეთებთ, ვიდრე გთხოვენ, მეტია იმის ალბათობა, რომ სამუშაომ კმაყოფილება მოგგვაროთ. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ამ დროს სიტუაციას თავად მართავთ! უფრო მეტს იმიტომ კი არ აკეთებთ, რომ ვიღაც გაიძულებთ, არამედ იმიტომ, რომ ეს თავად გსურთ (ფილიმონი 14). ამასთან დაკავშირებით იგავების 12:24-ში საინტერესო პრინციპს ვკითხულობთ: „მუყაითის ხელი იხელმწიფებს, მოდუნებული ხელი კი მონურად იმუშავებს“. რა თქმა უნდა, ძალიან იშვიათად ხდება, რომ ვინმეს მონურად ან იძულებით მოუწიოს მუშაობა. თუმცა ადამიანს, რომელიც ყოველთვის ზერელედ უდგება სამუშაოს, შესაძლოა, ისეთი გრძნობა დაეუფლოს, თითქოს ვიღაცის მონაა და ყოველთვის სხვის მოთხოვნებს ასრულებს. ამის საპირისპიროდ, მას, ვინც იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე მისგან მოელიან, მსგავსი გრძნობები არ ეუფლება, რადგან თავად აკონტროლებს სიტუაციას.

სამუშაოს სათანადო ადგილი მიუჩინეთ

შრომისმოყვარეობა შესაქებია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრებაში სამუშაოზე მნიშვნელოვანი რამეც არსებობს. ბიბლია მოგვიწოდებს, ვიყოთ მუყაითები (იგავები 13:4). თუმცა, ის არ გვეუბნება, რომ მუშაობის მანიით ვიყოთ შეპყრობილები. ეკლესიასტეს 4:6 ამბობს: „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“. ადამიანი, რომელიც სამუშაოსაა გადაყოლილი და მთელ დროსა თუ ენერგიას მას ახმარს, ვერასდროს მიიღებს სიამოვნებას საკუთარი შრომის შედეგით და მისი შრომა ისეთივე უსარგებლო იქნება, როგორც „ქარის დევნა“.

ბიბლია დაგვეხმარება, რომ სამუშაოსთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს. მართალია, ის მოგვიწოდებს მთელი გულით ვაკეთოთ საქმე, მაგრამ, ამავდროულად, გვირჩევს: „დავრწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10). უფრო მნიშვნელოვანი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობაა. ამაზე მნიშვნელოვანი კი, სულიერი საქმეებით დაკავებაა. მაგალითად, ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე დაფიქრება.

მათ, ვისაც ამ მხრივ გაწონასწორებული თვალსაზრისი აქვთ, სამუშაო უფრო მეტ კმაყოფილებას ანიჭებთ. ზემოთ მოხსენიებული უილიამი ამბობს: „ჩემი ყოფილი დამსაქმებელი გაწონასწორებულობის კარგ მაგალითს მაძლევს. ის შრომისმოყვარეა და სამუშაოს ხარისხიანად ასრულებს, რის გამოც კლიენტებში კარგი სახელი აქვს. მაგრამ სამუშაო დღის ბოლოს მას შეუძლია, მთლიანად გადაერთოს ოჯახსა და სულიერ საქმეებზე. და იცით, ის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანია მათ შორის, ვისაც ვიცნობ“.

გაიგეთ მეტი

გამოიღვიძეთ!

როგორ მივაღწიოთ ნამდვილ წარმატებას

ხუთი რჩევა დაგეხმარებათ ნამდვილი წარმატების მიღწევაში.

სამშენებლო პროექტები

ტაქსიდოში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს

იეჰოვას მოწმეები სხვადასხვა შტატიდან და ქვეყნიდან ტაქსიდოში (ნიუ-იორკი) ჩავიდნენ და ანაზღაურების გარეშე მუშაობენ სამშენებლო პროექტზე. რატომ?