არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი იანვარი 2015

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რა მნიშვნელობით არის სიტყვა „საჭურისი“ ბიბლიაში გამოყენებული?

ასურული რელიეფი, რომელზეც საჭურისია გამოსახული

ზოგ შემთხვევაში ეს სიტყვა შეიძლება გამოყენებული იყოს იმ მამაკაცის მიმართ, რომელსაც კასტრაცია ჰქონდა გაკეთებული. ბიბლიურ დროში ზოგჯერ კასტრაციას ტყვეებსა და მონებს უკეთებდნენ. ზოგჯერ კი კასტრაციას დამნაშავის დასასჯელად მიმართავდნენ. სანდო კაცებს, რომლებსაც კასტრაცია ჰქონდათ გაკეთებული, სამეფო კარზე ქალთა სახლებისა და ჰარამხანების მეთვალყურეობა ევალათ. მაგალითად, საჭურისები ჰეგაი და შააშგაზი სპარსეთის მეფის, ახაშვეროშის (იგივე ქსერქსე I), ცოლებისა და ხარჭების მცველებად მსახურობდნენ (ესთერი 2:3, 14).

მაგრამ ბიბლიაში მოხსენიებული ყველა საჭურისი არ იყო კასტრირებული. როგორც ზოგი სწავლული ამბობს, სიტყვა „საჭურისი“ ფართო გაგებითაც გამოიყენებოდა. მაგალითად, სამეფო კარის მოხელის აღსანიშნავად. სწორედ ამ მნიშვნელობით იყო გამოყენებული სიტყვა „საჭურისი“ იერემიას მეგობრის, ებედ-მელექისა, და უცნობი ეთიოპიელი მამაკაცის მიმართ, რომელსაც მახარობელმა ფილიპემ უქადაგა. როგორც ჩანს, ებედ-მელექს სამეფო კარზე მაღალი მდგომარეობა ეკავა, რადგან ის მეფე ციდკიას პირისპირ ესაუბრებოდა (იერემია 38:7, 8). ეთიოპ საჭურისზე კი ნათქვამია, რომ ეთიოპთა დედოფლის მთელ საგანძურზე იყო პასუხისმგებელი და „იერუსალიმში იყო თაყვანსაცემად“ (საქმეები 8:27).

რატომ აცალკევებდნენ ბიბლიურ დროში მწყემსები ცხვრებს თხებისგან?

მომავალ გასამართლებაზე საუბრისას, იესომ შემდეგი რამ თქვა: „როცა მოვა კაცის ძე . . . თავისი დიდებით . . . გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან“ (მათე 25:31, 32). რატომ აცალკევებდნენ მწყემსები ამ ცხოველებს ერთმანეთისგან?

ჩვეულებრივ, ცხვრები და თხები ერთ ფარას შეადგენდნენ და მთელი დღე ერთად ძოვდნენ. ღამით კი, მწყემსები ცხვრებსაც და თხებსაც შემოღობილ ადგილას უყრიდნენ თავს, რათა გარეული ცხოველებისგან, ქურდებისა და სიცივისგან დაეცვათ (დაბადება 30:32, 33; 31:38—40). ამ ორი სახეობის ცხოველს ერთმანეთისგან განცალკევებით, სხვადასხვა შემოღობილ ადგილას აბინავებდნენ, რათა შედარებით სუსტი ცხვრები, განსაკუთრებით დედლები და ბატკნები, დაეცვათ აგრესიული თხებისგან. მწყემსები ცხვრებს თხებისგან „გამრავლების, მოწველისა და პარსვის დროსაც აცალკევებდნენ“, — აღნიშნულია ერთ თეოლოგიურ წიგნში (All Things in the Bible). ამგვარად, იესოს მოყვანილი ეს მაგალითი ადვილად წარმოსადგენი და გასაგები იქნებოდა მისი მსმენელებისთვის, რომელთათვისაც კარგად ნაცნობი იყო ეს თემა.

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი

პირველი საუკუნის ქრისტიანთა ყოფა-ცხოვრება — მწყემსი

რომელი ცხოველები ებარა მწყემსს? რას მოიცავდა მისი საქმიანობა?