წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი იანვარი 2015

 ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ სულიერი წყურვილი მომიკლა

ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ სულიერი წყურვილი მომიკლა
  • დაბადების წელი: 1987

  • ქვეყანა: აზერბაიჯანი

  • წარსულში: მამით მუსულმანი, დედით იუდეველი

მოკლე ბიოგრაფია:

დავიბადე აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. ორი დედმამიშვილიდან უმცროსი ვიყავი. მამაჩემი მუსულმანი იყო, დედა კი — იუდეველი. ჩემს მშობლებს უყვარდათ ერთმანეთი და პატივს სცემდნენ ერთმანეთის სარწმუნოებას. დედა მხარს უჭერდა მამას, როცა ის რამადანის მარხვას იცავდა, მამა კი დედას პასექის აღნიშვნაში უწყობდა ხელს. სახლში ყურანიც გვქონდა, თორაც და ბიბლიაც.

თავს მუსულმანად ვთვლიდი. ღვთის არსებობაში ეჭვი არასოდეს შემპარვია, მაგრამ იყო კითხვები, რომლებიც მოსვენებას არ მაძლევდა. მაინტერესებდა: „რატომ გაგვაჩინა ღმერთმა და რატომ ხდებოდა, რომ აქაც მთელი ცხოვრება იტანჯებოდნენ ადამიანები და სიკვდილის შემდეგაც მარადიულად უნდა დატანჯულიყვნენ ჯოჯოხეთის ცეცხლში?“. რადგან ბევრს სწამდა, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდებოდა, ჩემთვის ვფიქრობდი: „ნუთუ ღმერთი მარიონეტებივით გვექცევა — ჯერ განსაცდელში გვაგდებს, მერე კი სიამოვნებით ტკბება, როცა ხედავს, როგორ ვიტანჯებით?“.

12 წლის ასაკში გადავწყვიტე, ყოველდღიური ხუთგზის ლოცვა, ნამაზი, შემესრულებინა. იმ დროს მამამ მე და ჩემი და ებრაულ სკოლაში შეგვიყვანა. სხვა საგნებთან ერთად სკოლაში თორას ტრადიციებსა და ებრაულ ენას გვასწავლიდნენ. ყოველ დილით გაკვეთილების დაწყებამდე ებრაული ტრადიციის მიხედვით უნდა გველოცა. ამგვარად, დილით სახლში ნამაზს ვლოცულობდი, სკოლაში კი — იუდაურ ლოცვებს.

კითხვები მოსვენებას არ მაძლევდა. ერთი სული მქონდა, ლოგიკური პასუხები მეპოვა. სკოლაში რაბინებს ხშირად ვეკითხებოდი, რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანები? როგორ უყურებდა ღმერთი ჩემს მუსულმან მამას? მამაჩემი კარგი კაცი იყო და რატომ მიიჩნევდნენ მას უწმინდურად? საერთოდ, რატომ გააჩინა ღმერთმა მამაჩემი? მათი პასუხები ლოგიკას მოკლებული და ნაკლებად სარწმუნო იყო.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

2002 წელს რწმენა საერთოდ დავკარგე. გერმანიაში საცხოვრებლად ერთი კვირის გადასულები ვიყავით, როცა მამაჩემს ინსულტი დაემართა და კომაში  ჩავარდა. წლები მის გამოჯანმრთელებასა და ჩემი ოჯახის კარგად ყოფნაზე ვლოცულობდი. მჯეროდა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთს სიცოცხლეზეც ჰქონდა ძალაუფლება და სიკვდილზეც და ყოველდღე ვემუდარებოდი, მამაჩემი არ მომკვდარიყო. ვფიქრობდი, რომ პატარა გოგონას გულწრფელი სურვილის შესრულება ღვთისთვის ძალიან მარტივი იქნებოდა. მჯეროდა, რომ ღმერთი უპასუხოდ არ დატოვებდა ჩემს ხვეწნა-მუდარას, მაგრამ მამაჩემი დაიღუპა.

ღვთის გულგრილობამ საერთოდ გამანადგურა. ორი დასკვნა გამოვიტანე — ან არასწორად ვლოცულობდი, ან ღმერთი არ არსებობდა. თავზარდაცემულს ნამაზის ლოცვის თავიც აღარ მქონდა. სხვა რელიგიები უაზრობად მიმაჩნდა, ამიტომ დავასკვენი, რომ ღმერთი არ არსებობდა.

ამ ამბიდან ექვსი თვის შემდეგ კარზე იეჰოვას მოწმეები მოგვადგნენ. ვინაიდან ქრისტიანობისადმი დიდი სიმპათიები არ გაგვაჩნდა, მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ, მათთვის ტაქტიანად დაგვენახვებინა, რომ მცდარ გზას ადგნენ და ვკითხეთ, რატომ ეთაყვანებოდნენ ქრისტიანები იესოს, ჯვარს, მარიამსა და სხვა კერპებს, რაც ეწინააღმდეგებოდა ათ მცნებას. მოწმეებმა წმინდა წერილებიდან დამაჯერებელი პასუხი გაგვცეს და გვითხრეს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის მიუღებელი იყო კერპთაყვანისმცემლობა და რომ ლოცვებს მხოლოდ ღვთის მიმართ აღავლენდნენ. მათმა პასუხმა განმაცვიფრა.

შემდეგ სამებაზეც ვკითხეთ. თუ იესო ღმერთია, როგორ მოხდა, რომ ღმერთი დედამიწაზე ცხოვრობდა და შემდეგ ადამიანებმა მოკლეს? მათ ისევ ბიბლიიდან გვიპასუხეს და აგვიხსნეს, რომ იესო არ იყო ღმერთი და შესაბამისად, ვერც ღვთის თანასწორი იქნებოდა. გვითხრეს, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო არ სწამდათ სამება. მათი პასუხები იმდენად გამაოგნებელი იყო, რომ გავიფიქრე, ეს რა უცნაური ქრისტიანები არიან-მეთქი.

კითხვები, რატომ კვდებოდნენ ადამიანები და რატომ უშვებდა ღმერთი ტანჯვას, ტვინს მიღრღნიდა. მოწმეებმა მიჩვენეს წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ *, რომელიც ჩემს კითხვებზე სცემდა პასუხს. დაუყოვნებლივ დავიწყე მათთან ბიბლიის შესწავლა.

ყოველ შეხვედრაზე მათგან გონივრულ, ბიბლიურ პასუხებს ვიღებდი ჩემს კითხვებზე. გავიგე, რომ ღმერთს იეჰოვა ერქვა (ფსალმუნი 83:18), და რომ ღვთის ძირითადი თვისება უანგარო სიყვარული ყოფილა (1 იოანე 4:8). თურმე მან ადამიანები იმიტომ შექმნა, რომ სიცოცხლით დამტკბარიყვნენ. მივხვდი, რომ ღმერთი კი უშვებდა უსამართლობას, მაგრამ მას სძულდა ბოროტება და მალე სამუდამოდ ბოლოს მოუღებდა მას. ისიც გავიგე, რომ ადამისა და ევას დაუმორჩილებლობამ მიიყვანა ადამიანები ტანჯვამდე (რომაელები 5:12). საყვარელი ადამიანების სიკვდილიც ცოდვის სამწუხარო შედეგია. მიუხედავად ამისა, ღვთის განზრახვის თანახმად, მომავალ ახალ ქვეყნიერებაში ტანჯვა და სიკვდილი აღარ იქნება და მკვდრებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ, მათ შორის ჩემს საყვარელ მამას (საქმეები 24:15).

ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ სულიერი წყურვილი მომიკლა. ღვთისადმი რწმენა კვლავ დამიბრუნდა. იეჰოვას მოწმეების ახლოს გაცნობამ დამარწმუნა, რომ ისინი მსოფლიო საძმოს წარმოადგენენ. მათ შორის არსებულმა ერთობამ და სიყვარულმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა (იოანე 13:34, 35). ღვთის შესახებ ნასწავლმა მისი მსახურების სურვილი გამიჩინა, ამიტომ გადავწყვიტე, იეჰოვას მოწმე გავმხდარიყავი და 2005 წლის 8 იანვარს მოვინათლე.

კურთხევები:

ბიბლიის სარწმუნო ლოგიკამ ცხოვრებაზე შეხედულება შემაცვლევინა. ღვთის სიტყვაში ჩაწერილმა დამაჯერებელმა სწავლებებმა შინაგანი სიმშვიდე მომგვარა. დიდ სიხარულსა და ნუგეშს მგვრის ბიბლიური იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა და კვლავ ვიხილავ ჩემს საყვარელ მამას (იოანე 5:28, 29).

ექვსი წელია, რაც გათხოვილი ვარ იონათანზე და ბედნიერი ოჯახი გვაქვს. ორივე დავრწმუნდით, რომ ბიბლია ფასდაუდებელი საგანძურია, მაგრამ ღვთის შესახებ ჭეშმარიტებას ის საკმაოდ გარკვევით და მარტივად ხსნის. სწორედ ამიტომ დიდი სიამოვნებით ვუზიარებთ სხვებს ჩვენს რწმენას და საუცხოო იმედს. დღეს უკვე ვიცი, რომ იეჰოვას მოწმეები „უცნაური ქრისტიანები“ კი არა, ნამდვილი ქრისტიანები არიან.

^ აბზ. 15 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, მაგრამ დღეს აღარ გამოიცემა.

გაიგეთ მეტი

ჭეშმარიტება ღვთის შესახებ

შენი აზრით, პირადად შენზე ზრუნავს ღმერთი? გაეცანი მის პიროვნებას და გაიგე, როგორ შეგიძლია დაუახლოვდე მას.

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

ბიბლია მოგვითხრობს, თუ რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა, როდის მოეღება ბოლო ტანჯვას, რა ელის დედამიწას მომავალში და ვინ იცხოვრებს მასზე.