წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2014

უნდა ვისესხო ფული?

უნდა ვისესხო ფული?

„ფულის სესხება ქორწილს ჰგავს, ჩასესხება კი — გლოვას“ — სუაჰილური ანდაზა.

აღმოსავლეთ აფრიკელებისთვის კარგად ცნობილი ეს ანდაზა უდავოა, ბევრ ქვეყანაში მცხოვრები ხალხის გრძნობებს გამოხატავს. თქვენც მსგავსი გრძნობები ხომ არ გეუფლებათ, როდესაც საქმე ფულის სესხებას ეხება? ზოგჯერ შეიძლება ფულის სესხება მიზანშეწონილი ჩანდეს, მაგრამ საინტერესოა, არის თუ არა ამის გაკეთება კარგი აზრი? რა საფრთხე შეიძლება იმალებოდეს ფულის სესხების მიღმა?

სხვა სუაჰილური გამონათქვამი კარგად აღწერს პრობლემის არსს: „ფულის სესხება და გასესხება ანგრევს მეგობრობას“. ნამდვილად, ვალები საფრთხეს უქმნის მეგობრობას და ურთიერთობას. მაშინაც კი, როცა საუკეთესო გეგმები და გულწრფელი განზრახვა გვაქვს, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. მაგალითად, თუ დრო გადის და ვალს სათანადოდ ვერ ვისტუმრებთ, ამან შეიძლება გამსესხებელი გააღიზიანოს. გაღიზიანებამ და გულისწყრომამ შეიძლება დაძაბოს ურთიერთობა როგორც გამსესხებელსა და მსესხებელს, ისე მათ ოჯახებს შორის. ვინაიდან უთანხმოების წარმოშობის ძირითადი მიზეზი ფულია, სესხის აღება ჩვენთვის უნდა იყოს არა როგორც ფინანსური პრობლემებიდან მარტივი გამოსავალი, არამედ უკიდურესი ზომა.

სესხის აღებამ შეიძლება ღმერთთან ჩვენს ურთიერთობასაც შეუქმნას საფრთხე. როგორ? ბიბლია ისეთ ადამიანს, რომელიც განზრახ და შეგნებულად არ იხდის ვალს, ბოროტს უწოდებს (ფსალმუნი 37:21). ბიბლიაში ისიც წერია, რომ „მოვალე მევალის მსახურია“ (იგავები 22:7). მოვალეს უნდა ესმოდეს, რომ სანამ ვალს არ გადაიხდის, მევალის წინაშე ვალდებულება აკისრია. შემდეგი აფრიკული ანდაზა კიდევ ერთ რეალობას ასახავს: „თუ ადამიანს ფეხებს სთხოვ, იქ უნდა წახვიდე, საითაც ისინი წაგიყვანს“. ამ სიტყვების არსი ის არის, რომ ვინც დიდ ვალებშია ჩაფლული, თავისუფლად ვეღარ აკეთებს იმას, რაც სურს.

აქედან გამომდინარე, ვალის გასტუმრება ჩვენი უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები იჩენს თავს. მზარდმა ვალებმა შეიძლება დიდ სტრესში ჩაგვაგდოს, რასაც მოჰყვება უძილო ღამეები, დამატებითი სამუშაო, უთანხმოება ცოლ-ქმარს შორის და ზოგჯერ ოჯახის დანგრევაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ შესაძლო სასამართლო პროცესებსა და პატიმრობაზე. ნამდვილად დიდი სიბრძნეა ჩადებული რომაელების 13:8-ში, სადაც ვკითხულობთ: „არავისი არაფერი გემართოთ გარდა ერთმანეთის სიყვარულისა“.

 აუცილებელია ვალის აღება?

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სიფრთხილე გვმართებს, როცა საქმე ფულის სესხებას ეხება. გონივრულია შემდეგ კითხვებზე დაფიქრება: აუცილებელია ვალის აღება? ფულს იმიტომ ხომ არ სესხულობთ, რომ ოჯახის საჭიროებისთვის განკუთვნილ თანხას არაფერი მოაკლოთ? თუ სიხარბემ გძლიათ და გსურთ იმაზე უკეთ იცხოვროთ, ვიდრე თქვენი ბიუჯეტი გაძლევთ ამის შესაძლებლობას? ნებისმიერ შემთხვევაში, უკეთესია მცირედით დავკმაყოფილდეთ, ვიდრე ფული ვისესხოთ და სხვისი მოვალე გავხდეთ.

ცხადია, გამონაკლისი სიტუაციები ყოველთვის იქნება. მაგალითად, მოულოდნელი უბედური შემთხვევები, როცა სხვა გამოსავალი უბრალოდ არ ჩანს. და მაინც, თუ პიროვნება გადაწყვეტს ვალის აღებას, პატიოსნად უნდა მოიქცეს და სიტყვა შეასრულოს. რა დაგეხმარებათ ამ დროს?

პირველი, ბოროტად არ ისარგებლოთ იმ ადამიანებით, რომლებსაც თქვენი აზრით, სხვებზე მეტი ფული აქვთ. არ უნდა იფიქროთ, რომ ისინი ვალდებულნი არიან, ფინანსურად დაგეხმარონ. არც ის უნდა იფიქროთ, რომ ასეთი ადამიანების წინაშე მორალური პასუხისმგებლობა არ გაკისრიათ და შეგიძლიათ უპატიოსნოდ მოექცეთ. ნუ შეგშურდებათ მათი, ვინც ფინანსურად უზრუნველყოფილია (იგავები 28:22).

მეორე, აუცილებლად დააბრუნეთ ვალი და ეს რაც შეიძლება მალე გააკეთეთ. თუ მევალემ ვალის გასტუმრების კონკრეტული დრო არ დაგიდგინათ, თქვენ თვითონ შეადგინეთ გეგმა და მიჰყევით მას. ვალის აღების დროს გაუგებრობების თავიდან ასარიდებლად, უმჯობესია, გააფორმოთ წერილობითი შეთანხმება (იერემია 32:9, 10). თუ მოახერხებთ, ვალი მევალეს პირადად მიუტანეთ, რაც იმის შესაძლებლობას მოგცემთ, რომ მადლობა გადაუხადოთ. ვალის დაბრუნებისას კეთილსინდისიერება კარგი ურთიერთობის საწინდარია. მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა“ (მათე 5:37). გარდა ამისა, ყოველთვის გახსოვდეთ ოქროს წესი: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12).

დამხმარე ბიბლიური რჩევები

ფულის სესხება რომ არ ვიჩქაროთ, ბიბლია ერთ მარტივ წამალს გვთავაზობს: „სინამდვილეში კი დიდი მონახვეჭი ის არის, რომ იყო ღვთისადმი ერთგული და იმით კმაყოფილი, რაც გაქვს“ (1 ტიმოთე 6:6). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი კმაყოფილი ვიქნებით იმით, რაც გვაქვს, თავიდან ავირიდებთ ფულის სესხებით გამოწვეულ სამწუხარო შედეგებს. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ადვილი არ არის კმაყოფილი ვიყოთ იმით რაც გვაქვს, მაშინ როცა, დღევანდელი ქვეყნიერება წუთიერ სიამოვნებაზეა კონცენტრირებული. სწორედ ამ დროს უნდა გაგვახსენდეს, რომ უფრო მნიშვნელოვანია, ვიყოთ „ღვთისადმი ერთგული“. რა იგულისხმება ამაში?

განვიხილოთ აზიაში მცხოვრები ერთი ქრისტიანი ცოლ-ქმრის მაგალითი. ახალგაზრდობაში ისინი შენატროდნენ მათ, ვისაც საკუთარი სახლი ჰქონდა. ერთხელაც გადაწყვიტეს, თავიანთი დანაზოგით, ბანკიდან გამოტანილი სესხითა და ნათესავებისგან აღებული ვალით სახლი ეყიდათ. მაგრამ მალე იგრძნეს, თუ რამხელა ტვირთი დააწვათ ყოველთვიური მაღალი გადასახადის გამო. მათ დამატებითი სამუშაოც აიღეს და იმდენად გვიან ბრუნდებოდნენ სახლში, რომ შვილებისთვის დრო თითქმის აღარ რჩებოდათ. ქმარი იხსენებს: „სტრესი, დარდი და უძილო ღამეები მძიმე ლოდივით მაწვა გულზე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიგუდებოდი“.

„თუ გინდა, რომ პრობლემებისგან დაცული იყო, მატერიალურ კეთილდღეობას სულიერი თვალით უნდა შეხედო“

ბოლოს მათ გაახსენდათ 1 ტიმოთეს 6:6-ში ჩაწერილი სიტყვები და მიხვდნენ, რომ ერთადერთი გამოსავალი სახლის გაყიდვა იყო. მათ ორი წელი დასჭირდათ, რომ ეს ტვირთი ბოლომდე ჩამოეხსნათ მხრებიდან. რა ისწავლა ამ ცოლ-ქმარმა საკუთარი გამოცდილებიდან? ისინი ასეთ დასკვნამდე მივიდნენ: „თუ გინდა, რომ პრობლემებისგან დაცული იყო, მატერიალურ კეთილდღეობას სულიერი თვალით უნდა შეხედო“.

სტატიის დასაწყისში მოყვანილი სუაჰილური ანდაზა ბევრისთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა ხალხი ვალის აღებისგან. ზემოთ განხილული ბიბლიური პრინციპების გათვალისწინებით განა გონივრული არ იქნებოდა სერიოზულად დაფიქრებულიყავით კითხვაზე: „უნდა ვისესხო ფული?“.

გაიგეთ მეტი

შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ ფინანსებთან და ვალების გადახდასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში?

ფულით ვერ იყიდით ბედნიერებას, მაგრამ ეს ოთხი ბიბლიური პრინციპი დაგეხმარებათ თქვენი ფინანსური პრობლემების გადაჭრაში.

სამი რამ, რასაც ფულით ვერ იყიდით

ფულით შეიძლება ბევრი რამ იყიდოთ, მაგრამ ცხოვრებაში კმაყოფილებას მხოლოდ ის მოგიტანთ, რასაც ფულით ვერ იყიდით.