წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ნოემბერი 2014

 მთავარი თემა | ნამდვილად არსებობს სატანა?

სატანა, მხოლოდ ბოროტების განსახიერებაა?

სატანა, მხოლოდ ბოროტების განსახიერებაა?

როდესაც ბიბლიაში სატანის შესახებ ვკითხულობთ, ძალიან ადვილია დავასკვნათ, რომ ის უბრალოდ ბოროტების განსახიერებაა. მაგრამ ნამდვილად ამას გვასწავლის ბიბლია? თუ ასეა, მაშ რატომ წერია ბიბლიაში, რომ სატანა ელაპარაკა იესო ქრისტესა და თვით ყოვლისშემძლე ღმერთსაც? განვიხილოთ ამ საუბრებიდან ორი ეპიზოდი.

როცა სატანა იესოს ესაუბრა

როდესაც იესომ დედამიწაზე მსახურება დაიწყო, ეშმაკი სამჯერ შეეცადა მის შეცდენას. პირველად მაშინ, როდესაც სატანამ იესოს უბიძგა, ღვთისგან მიცემული ძალა ეგოისტური სურვილის, შიმშილის გრძნობის, დასაკმაყოფილებლად გამოეყენებინა. შემდეგ ეშმაკმა იესოს ისიც კი შეჰბედა, რომ სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო და ყურადღება საკუთარ თავზე მიეპყრო. ბოლოს სატანამ იესოს ყველა სამეფოზე მმართველობა შესთავაზა, თაყვანისმცემლობის გამომხატველი ერთი უბრალო მოქმედების სანაცვლოდ. იესომ უკუაგდო სატანის კარგად გათვლილი სამივე ხრიკი და თითოეულ შემთხვევაში პასუხი წმინდა წერილებიდან გასცა (მათე 4:1—11; ლუკა 4:1—13).

ვის ესაუბრებოდა იესო? საკუთარ თავში არსებულ ბოროტებას? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იესო „ჩვენსავით გამოიცადა ყველაფერში, ოღონდ უცოდველი იყო“ (ებრაელები 4:15). ბიბლიაში ისიც არის აღნიშნული, რომ „მას არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა იყო მის ბაგეზე“ (1 პეტრე 2:22). იესომ სიმტკიცე გამოავლინა და ასეთი სახით ბოლომდე უცოდველი დარჩა. მან არ დაუშვა, რომ მასში ბოროტება და ცუდი თვისებები განვითარებულიყო. ნათელია, რომ იესო საკუთარ თავში არსებულ ბოროტებას კი არ ესაუბრებოდა, არამედ რეალურ პიროვნებას.

სატანისა და იესოს საუბრის სხვა მხარეებიც ამტკიცებს, რომ სატანა რეალური პიროვნებაა.

  • გახსოვთ, ეშმაკმა იესოს მსოფლიოს მმართველობა შესთავაზა თაყვანისმცემლობის სანაცვლოდ? (მათე 4:8, 9). სატანა რეალური პიროვნება რომ არ ყოფილიყო, ეს შეთავაზება აზრს მოკლებული იქნებოდა. გარდა ამისა, იესოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ის ფაქტი, რომ სატანა ამხელა ძალაუფლებას ფლობდა.

  • მას შემდეგ, რაც იესომ უარყო ეშმაკის მაცდუნებელი წინადადებები, სატანა „გაშორდა მას, სანამ სხვა ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდა“ (ლუკა 4:13). რა ჩანს ამ შემთხვევიდან — სატანა უბრალოდ ბოროტების განსახიერებაა თუ მიზანდასახული მტერი?

  • ყურადღება მიაქციეთ, რომ „ანგელოზები მივიდნენ და მოემსახურნენ“ იესოს (მათე 4:11). აშკარაა, რომ ეს ანგელოზები რეალური სულიერი პიროვნებები იყვნენ, რომლებმაც გაამხნევეს იესო და მას პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინეს. მაშ, რატომ არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ სატანაც რეალური სულიერი ქმნილებაა?

 როცა სატანა ღმერთს ესაუბრა

მეორე შემთხვევა უკავშირდება ღვთისმოშიშ იობს. ეს ბიბლიური ჩანაწერი ღმერთსა და ეშმაკს შორის გამართულ ორ დიალოგს აღწერს. ორივე შემთხვევაში ღმერთი აქებს იობს ერთგულებისთვის. სატანა ღმერთს უმტკიცებდა, რომ იობი მას მხოლოდ პირადი გამორჩენის გამო ემსახურებოდა, რითაც გადაკვრით იმაზეც მიანიშნებდა, რომ ღმერთი იობს, ასე ვთქვათ, ერთგულებისთვის საფასურს უხდიდა. ფაქტიურად, ეშმაკი აცხადებდა, რომ იობს ღმერთზე უკეთ იცნობდა. იეჰოვამ სატანას ნება დართო, რომ იობისთვის წაერთმია ქონება, შვილები და ჯანმრთელობაც კი. * დროთა განმავლობაში დამტკიცდა, რომ ის, რასაც ღმერთი იობზე ამბობდა, მართალი იყო, სატანა კი — მატყუარა. ერთგულებისთვის ღმერთმა იობი უხვად აკურთხა (იობი 1:6—12; 2:1—7).

რა ჩანს ღმერთსა და სატანას შორის გამართული საუბრებიდან: იეჰოვა თავის თავში არსებულ ბოროტებას ესაუბრებოდა? ბიბლიაში ვკითხულობთ: „სრულყოფილია ჭეშმარიტი ღვთის გზა“ (2 სამუელი 22:31). ღვთის სიტყვაში აგრეთვე ნათქვამია: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა ღმერთი, ყოვლისშემძლე“ (გამოცხადება 4:8). წმინდა ნიშნავს სუფთას, სპეტაკს, უცოდველს. იეჰოვა სრულყოფილი და უცოდველია. უბრალოდ შეუძლებელია მასში ბოროტების ნატამალიც კი იყოს.

სატანასა და ღმერთს შორის გამართულმა საუბარმა ნამდვილად დიდი გავლენა იქონია იობის ცხოვრებაზე

თუმცა, ზოგიერთმა შეიძლება იობის არსებობაც დააყენოს ეჭვქვეშ და თქვას, რომ ეს საუბარი ალეგორიული ხასიათისაა. მაგრამ საფუძვლიანია ეს არგუმენტი? ბიბლიის სხვა მონაკვეთები მიანიშნებს იმაზე, რომ იობი ნამდვილად არსებობდა. მაგალითად, იაკობის 5:7—11-ში იობი ქრისტიანებისთვის იმის მაგალითად არის მოყვანილი, რომ განსაცდელების დროს მასავით მოითმინონ და ახსოვდეთ, რომ იეჰოვა ასეთ მოთმინებას ყოველთვის აკურთხებს. რა ძალა ექნებოდა ამ მაგალითს, თუკი იობი არარეალური პიროვნება იქნებოდა და მასზე განხორციელებული სატანის თავდასხმა გამოგონილი ამბავი? გარდა ამისა, ეზეკიელის 14:14, 20-ში იობი მოხსენიებულია სამ მართალ მამაკაცს შორის, ნოესა და დანიელის გვერდით. ნოესა და დანიელის მსგავსად იობიც რეალური პიროვნება იყო, რომელსაც უდიდესი რწმენა გააჩნდა. თუკი იობი რეალური პიროვნება იყო, მისი თავდამსხმელი და მდევნელიც ხომ რეალური პიროვნება გამოდის?

აშკარაა, რომ ბიბლია სატანას რეალურ, სულიერ პიროვნებად წარმოაჩენს. თუმცა შეიძლება იფიქროთ: „დღესაც წარმოადგენს ის საფრთხეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის?“.

რა ვითარებაა დღეს?

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ქალაქს უეცრად კრიმინალების ჯგუფი დაესხა თავს. ასეთ ვითარებაში ადამიანთა უსაფრთხოება დაირღვეოდა და საზოგადოებაში ზნეობრივი ნორმებიც დაეცემოდა. ახლა წარმოიდგინეთ მსგავსი სცენარი: სატანა თავის დემონებთან ერთად, რომლებიც მის მსგავსად, ღმერთს დაუპირისპირდნენ, უეცრად დედამიწას შემოესია. რას გამოიწვევდა ეს? იმას, რასაც ყოველდღიურად ისმენთ ახალ ამბებში ადგილობრივ თუ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე:

  • ხედავთ ძალადობის ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრას მთელი მსოფლიო ცდილობს?

  • ხედავთ, როგორ იზრდება გართობის ინდუსტრიაში სპირიტიზმის ელემენტები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მშობელს აწუხებს ეს პრობლემა?

  • ხედავთ, როგორ ბინძურდება და ნადგურდება გარემო, მიუხედავად იმისა, რომ ამის შეჩერებას ბევრი ცდილობს?

  • თვლით, რომ საზოგადოება სერიოზული პრობლემის წინაშე დგას და თითქოს რაღაც ძალა კაცობრიობას განადგურებისკენ მიაქანებს?

ყურადღება მიაქციეთ, ვის ასახელებს ბიბლია ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზად: „გადმოგდებულ იქნა დიდი დრაკონი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო, გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად იქნენ გადმოყრილნი . . . ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:9, 12). ამ მტკიცებულებების განხილვის შემდეგ ბევრმა დაასკვნა, რომ სატანა საშიში სულიერი ქმნილებაა, რომელიც დღემდე დიდ გავლენას ახდენს მთელ დედამიწაზე.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ შეგიძლიათ მისგან თავის დაცვა. ამაზე ფიქრი ნამდვილად ღირს. მომდევნო სტატიაში მოცემულია რამდენიმე პრაქტიკული რჩევა.

^ აბზ. 12 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.