წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ოქტომბერი 2014

 საუბრები ბიბლიურ თემებზე

როდის დაიწყო ღვთის სამეფომ მმართველობა? ნაწილი 1

როდის დაიწყო ღვთის სამეფომ მმართველობა? ნაწილი 1

ქვემოთ მოყვანილია იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს საუბარი. წარმოიდგინეთ, რომ ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად პაატა, ესაუბრება მამაკაცს, სახელად გოგას.

„მოძებნე და . . . შეიძინე ცოდნა“

პაატა: გოგა, ძალიან მსიამოვნებს თქვენთან ბიბლიურ თემებზე მსჯელობა. * ბოლო საუბრისას თქვენ წამოჭერით საკითხი ღვთის სამეფოსთან დაკავშირებით და მკითხეთ, თუ რატომ გვჯერა იეჰოვას მოწმეებს, რომ სამეფომ მმართველობა 1914 წელს დაიწყო.

გოგა: ჰო, ერთი თქვენი ჟურნალი წავიკითხე, სადაც ეწერა, რომ ღვთის სამეფომ მმართველობა 1914 წელს დაიწყო. ეს ცოტა არ იყოს უცნაურად მომეჩვენა, რადგან როგორც ამბობთ, თქვენი სწავლებები ბიბლიაზეა დაფუძნებული.

პაატა: ნამდვილად ასეა.

გოგა: ბიბლია თავიდან ბოლომდე მაქვს წაკითხული, მაგრამ არ მახსოვს, რომ 1914 წელი სადმე შემხვედროდა. ამ თარიღის ძებნა ბიბლიის ელექტრონულ ვერსიაშიც დავიწყე, მაგრამ იქაც უშედეგოდ.

პაატა: მიხარია, რომ ბიბლია გაქვთ წაკითხული, როგორც ჩანს, აფასებთ ღვთის სიტყვას.

გოგა: ნამდვილად, მას ვერც ერთი წიგნი ვერ შეედრება.

პაატა: გეთანხმებით. კარგია, რომ თქვენს კითხვაზე პასუხის მისაღებად ბიბლიას მიმართეთ. თქვენ ზუსტად ის გააკეთეთ, რისკენაც ბიბლია მოგვიწოდებს: „მოძებნე და . . . შეიძინე ცოდნა“. * ნამდვილად შესაქებია, რომ ბიბლიის კვლევას ასეთ ძალისხმევას ახმართ.

გოგა: მადლობა. მართლა ძალიან მინდა, კარგად ვიცოდე ბიბლია. ამ კითხვაზე პასუხი სხვაგანაც ვეძებე და იმ წიგნში, ჩვენ რომ განვიხილავთ, რაღაც ინფორმაცია მოვიძიე 1914 წელზე. იქ მოთხრობილია სიზმარზე, რომელიც მეფემ ნახა. როგორც მახსოვს, სიზმარი ეხებოდა ხეს, რომელიც მოჭრეს და შემდეგ ისევ გაიზარდა, თუ რაღაც ასეთი.

პაატა: კი ასეა. ეს წინასწარმეტყველური სიზმარი იყო, რომელიც ჩაწერილია დანიელის მე-4 თავში. ეს სიზმარი ბაბილონის მეფე, ნაბუქოდონოსორს ესიზმრა.

გოგა: სწორედ მაგას ვგულისხმობდი. ეს წინასწარმეტყველება რამდენჯერმე წავიკითხე, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, ვერ მივხვდი, რა საერთო აქვს მას ღვთის სამეფოსთან ან 1914 წელთან.

პაატა: გოგა, სინამდვილეში წინასწარმეტყველ დანიელსაც არ ესმოდა ბოლომდე იმის მნიშვნელობა, რასაც ღვთივშთაგონებით წერდა.

გოგა: მართლა?

პაატა: კი, ნახეთ, რას ამბობს ის დანიელის 12:8-ში: „მოვისმინე, მაგრამ ვერ გავიგე“.

გოგა: მიხარია რომ, გამონაკლისი არა ვარ.

პაატა: დანიელი იმიტომ ვერ მიხვდა სიზმრის მნიშვნელობას, რომ მაშინ ჯერ არ იყო იმის დრო დამდგარი, რომ ადამიანები ბოლომდე ჩასწვდომოდნენ ამ წინასწარმეტყველებების მნიშვნელობას.  მაგრამ, ჩვენ დღეს უკვე შეგვიძლია გავიგოთ მათი მნიშვნელობა.

გოგა: რის საფუძველზე ამბობთ ამას?

პაატა: ყურადღება მიაქციეთ, რა წერია დანიელის 12:9-ში: „საიდუმლოა ეს სიტყვები და ბეჭედდასმულია უკანასკნელ დრომდე“. როგორც ვხედავთ, ეს წინასწარმეტყველებები დიდი ხნის შემდეგ, „უკანასკნელ დროს“ უნდა ახსნილიყო. მოგვიანებით ბიბლიის შესწავლის დროს გავიგებთ, რომ ყველა ფაქტი იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ ზუსტად ამ პერიოდში ვცხოვრობთ. *

გოგა: მაშინ შეგიძლიათ დანიელის წინასწარმეტყველება ამიხსნათ?

პაატა: შევეცდები.

ნაბუქოდონოსორის სიზმარი

პაატა: მოდი თავიდან მოკლედ შევიხსენოთ, რა ესიზმრა მეფე ნაბუქოდონოსორს. მან სიზმარში უზარმაზარი ხე ნახა, რომელიც ცას სწვდებოდა. შემდეგ გაიგონა, როგორ ბრძანეს მოეჭრათ ხე, მაგრამ მისი მთავარი ფესვი მიწაში დაეტოვებინათ. „შვიდი დროის“ გასვლის შემდეგ ხე კვლავ გაიზრდებოდა. * თავდაპირველად წინასწარმეტყველება თავად ნაბუქოდონოსორზე უნდა შესრულებულიყო. მართალია, ის ძლიერი და სახელგანთქმული მეფე იყო, როგორც სიზმარში ნანახი ცას აწვდენილი ხე, მაგრამ ის მოკვეთილი უნდა ყოფილიყო „შვიდი დროის“ განმავლობაში. გახსოვთ, რა მოხდა შემდეგ?

გოგა: არა, არ მახსოვს.

პაატა: ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ნაბუქოდონოსორი ჭკუიდან გადავიდა. როგორც ჩანს, ეს შვიდი წელი გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში მას აღარ შეეძლო ქვეყნის მართვა. მაგრამ „შვიდი დროის“ გასვლის შემდეგ ნაბუქოდონოსორს გონება დაუბრუნდა და ისევ გამეფდა. *

გოგა: ეს კი გავიგე, მაგრამ რა საერთო აქვს ამას ღვთის სამეფოსთან და 1914 წელთან?

პაატა: ამ წინასწარმეტყველებას ორი მნიშვნელობა აქვს. პირველი ნაბუქოდონოსორზე შესრულდა, როდესაც მას მეფობა შეუწყდა. მეორე კი, ღვთის მმართველობის შეწყვეტას უკავშირდება. ასე რომ, ამ წინასწარმეტყველების მეორე შესრულება ღვთის სამეფოს ეხება.

გოგა: ეგ საიდან იცით?

პაატა: უპირველესად იქიდან, რომ ამაზე თავად წინასწარმეტყველება მიგვანიშნებს. დანიელის 4:17-დან ვიგებთ, რომ ეს ყველაფერი ნაწინასწარმეტყველები იყო „რათა ცოცხლებმა იცოდნენ, რომ უზენაესი მმართველობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს მას“. მიაქციეთ ყურადღება გამოთქმას „კაცთა სამეფო“?

გოგა: დიახ, აქ წერია: „უზენაესი მმართველობს კაცთა სამეფოზე“.

პაატა: როგორ ფიქრობთ, ვინ არის უზენაესი?

გოგა: ვფიქრობ, ღმერთი.

პაატა: მართალი ხართ. როგორც აქედან ჩანს, ეს წინასწარმეტყველება მხოლოდ ნაბუქოდონოსორს კი არ ეხება, არამედ „კაცთა სამეფოს“, რაშიც იგულისხმება ღვთის მმართველობა კაცობრიობაზე. თუ ამ წინასწარმეტყველების კონტექსტს წავიკითხავთ, ეს არალოგიკურად არ მოგვეჩვენება.

გოგა: რას გულისხმობთ?

წიგნ „დანიელის“ მთავარი თემა

პაატა: დანიელის წიგნში მთავარი თემა რამდენჯერმე მეორდება. ეს თემა ეხება ღვთის სამეფოს დამყარებას, რომელსაც ღვთის ძე, იესო, უხელმძღვანელებს. მოდით, ორი თავით უკან გადავფურცლოთ. შეგიძლიათ წაიკითხოთ დანიელის 2:44?

გოგა: კი, ბატონო. აქ წერია: „იმ მეფეების დროს ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“.

პაატა: გმადლობთ. შეგიძლიათ ეს მუხლი ღვთის სამეფოს დაუკავშიროთ?

 გოგა: ცოტა არ იყოს, მიჭირს.

პაატა: ყურადღება მიაქციეთ, მუხლში ნათქვამია, რომ ეს სამეფო „მარადიულად იდგება“. ეს მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ადამიანურ მთავრობებზე, ხომ ასეა?

გოგა: დიახ, ასეა.

პაატა: დანიელის წიგნში კიდევ ერთი წინასწარმეტყველებაა, რაც ღვთის სამეფოზე მიუთითებს. ეს წინასწარმეტყველება ჩაწერილია დანიელის 7:13, 14-ში, სადაც მომავალ მეფესთან დაკავშირებით ნათქვამია: „მას მიეცა მმართველობა, დიდება და სამეფო, რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს. მისი მმართველობა მარადიული მმართველობაა, რომელიც არ შეწყდება, და მისი სამეფო არ დაიქცევა“. ხედავთ, აქაც სამეფოზეა ლაპარაკი?

გოგა: ნამდვილად ასეა.

პაატა: ეს არ არის ჩვეულებრივი სამეფო. დაუკვირდით, ამ სამეფოს ძალაუფლება ექნება ყველა ხალხებზე, ერებსა და ენებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს სამეფო მთელ მსოფლიოზე იმმართველებს.

გოგა: რა საინტერესოა, არ ვიცოდი, რომ ამ მუხლში ეს აზრი იგულისხმებოდა.

პაატა: იმასაც მიაქციეთ ყურადღება, კიდევ რას ამბობს ეს წინასწარმეტყველება: „მისი მმართველობა მარადიული მმართველობაა, რომელიც არ შეწყდება, და მისი სამეფო არ დაიქცევა“. ხომ ძალიან ჰგავს ეს სიტყვები იმას, რაც წეღან წავიკითხეთ დანიელის 2:44-ში?

გოგა: ნამდვილად.

პაატა: მოდით მოკლედ შევაჯამოთ, რაზეც ვილაპარაკეთ. დანიელის მე-4 თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველება იმ მიზნით დაიწერა, რომ ხალხს სცოდნოდა, რომ „უზენაესი მმართველობს კაცთა სამეფოზე“. ეს სიტყვები აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ ეს წინასწარმეტყველება მხოლოდ ნაბუქოდონოსორზე არ შესრულებულა. დანიელის წიგნში ბევრ წინასწარმეტყველებას ვხვდებით ღვთის სამეფოს დამყარების შესახებ, რომლის მეფეც ღვთის ძე იქნება. ახლა ხედავთ, რა კავშირია დანიელის მე-4 თავსა და ღვთის სამეფოს შორის?

გოგა: ამას კი ვხედავ, მაგრამ 1914 წელს მაინც ვერ ვუკავშირებ.

„შვიდმა დრომ გადაიაროს“

პაატა: დავუბრუნდეთ მეფე ნაბუქოდონოსორს. წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას ხე განასახიერებდა მეფე ნაბუქოდონოსორს. მას შემდეგ, რაც ხე მოჭრეს, მისი მმართველობა შეწყდა „შვიდი დროის“ განმავლობაში; სწორედ ეს პერიოდი იყო, როცა ის ჭკუიდან იყო გადასული. „შვიდი დრო“ მაშინ დასრულდა, როცა ნაბუქოდონოსორს გონება დაუბრუნდა და შესაბამისად — მეფობაც. წინასწარმეტყველების მეორე შესრულება კი იმას ეხება, რომ ღვთის მმართველობაც შეწყდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა ეს ღვთის მიზეზით არ მოხდებოდა.

გოგა: რას გულისხმობთ?

პაატა: ბიბლიური დროში ისრაელის მეფეებზე, რომლებიც იერუსალიმიდან მმართველობდნენ, ნათქვამი იყო, რომ „იეჰოვას ტახტზე“ * ისხდნენ. ისინი განასახიერებდნენ ღვთის მმართველობას მის ხალხზე. ასე რომ, ამ მეფეების მმართველობა მართლაც ღვთის მმართველობის გამოხატულება იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში მეფეების უმრავლესობამ ღვთისადმი დაუმორჩილებლობა გამოავლინა; შედეგად მათმა ქვეშევრდომებმა მათ ცუდ მაგალითს მიჰბაძეს. ისრაელი ერის დაუმორჩილებლობის  გამო ღმერთმა დაუშვა, რომ ისინი ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებს დაეპყროთ. იმ დროიდან მოყოლებული იერუსალიმის ტახტზე მეფე აღარ დამჯდარა. ამ გაგებით შეწყდა ღვთის მმართველობა. ხომ არ დაგაბნიეთ?

გოგა: არა, არა, განაგრძეთ.

პაატა: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძვ. წ. 607 წლიდან დაიწყო „შვიდი დროის“ ათვლა, ანუ ღვთის მმართველობის შეწყვეტის პერიოდი. „შვიდი დროის“ დასრულების შემდეგ ღმერთი თავის წარმომადგენლად ტახტზე დასვამდა ახალ მმართველს, ამჯერად უკვე ზეცაში. დანიელის წიგნში ჩაწერილი დანარჩენი წინასწარმეტყველებები სწორედ ამ დროს უნდა შესრულდეს. იბადება მნიშვნელოვანი კითხვა: როდის დასრულდა „შვიდი დრო“? თუ ამ კითხვას ვუპასუხებთ, გავიგებთ, როდის დაიწყო ღვთის სამეფომ მმართველობა.

გოგა: მგონი ვხვდები, რისი თქმა გინდათ, ანუ „შვიდი დრო“ 1914 წელს დასრულდა?

პაატა: კი, სწორედ ასეა.

გოგა: კი მაგრამ, რის საფუძველზე შეგვიძლია ამის თქმა?

პაატა: დედამიწაზე მსახურებისას იესომ მიანიშნა, რომ „შვიდი დრო“ ჯერ არ იყო დასრულებული. * აქედან გამომდინარე, „შვიდი დრო“ საკმაოდ დიდ პერიოდს მოიცავდა. ეს დრო იესოს დედამიწაზე მოსვლამდე საუკუნეებით ადრე დაიწყო და გაგრძელდებოდა მისი ზეცად ამაღლებიდან გარკვეული პერიოდი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დანიელის წინასწარმეტყველებები „უკანასკნელ დრომდე“ * არ აიხსნებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ბიბლიის გულმოდგინე მკვლევრებმა ამ და სხვა წინასწარმეტყველებების გულდასმით გამოკვლევა დაიწყეს. ნელ-ნელა ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ „შვიდი დრო“ 1914 წელს უნდა დასრულებულიყო. შემდგომში, მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმაც ცხადყო, რომ ღვთის სამეფომ მმართველობა ზეცაში ნამდვილად 1914 წელს დაიწყო. ამ წლიდან იწყება ქვეყნიერების ბოლო დღეების ათვლა. დამეთანხმებით, ადვილი არ არის ამდენი ახალი ინფორმაციის ერთბაშად გაანალიზება.

გოგა: გეთანხმებით. კარგად რომ გავიგო ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ უნდა გადავხედო ამ თემას.

პაატა: მეც საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, რომ ეს წინასწარმეტყველებები ერთმანეთთან დამეკავშირებინა და საერთო სურათი დამენახა. ვიმედოვნებ, ჩვენმა საუბარმა იმაში მაინც დაგარწმუნათ, რომ სამეფოსთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეების სწავლება ბიბლიაზეა დაფუძნებული.

გოგა: მე ეს თქვენში ყოველთვის მომწონდა.

პაატა: ვხედავ, რომ თქვენც გსურთ, თქვენი რწმენა ბიბლიაზე დააფუძნოთ და ეს ძალიან კარგია. დღეს ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და გავიგეთ, რომ „შვიდი დრო“ უკავშირდება ღვთის სამეფოს და მისი ათვლა ძვ. წ. 607 წელს დაიწყო, მაგრამ საინტერესოა ზუსტად რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს დრო 1914 წელს დასრულდა? *

გოგა: კი, ძალიან საინტერესოა.

პაატა: ისევ და ისევ ბიბლიიდან შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ ამ დროის ხანგრძლივობა. რას იტყვით, ამ თემაზე შემდეგ შეხვედრაზე რომ ვისაუბროთ? *

გოგა: დიდი სიამოვნებით.

გაგჩენიათ ბიბლიური კითხვები, რომლებზეც ისურვებდით პასუხის მიღებას? გაინტერესებთ, რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს? თუ ასეა, ჰკითხეთ მათ, როცა შეხვდებით. ისინი დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებიან.

^ აბზ. 5 ბიბლიის უფასო შესწავლის მეშვეობით იეჰოვას მოწმეები ხშირად მობინადრეებთან ბიბლიურ თემებს თემატურად განიხილავენ.

^ აბზ. 21 იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ თავი მე-9, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 61 ბოლო დღეებთან დაკავშირებით იესომ იწინასწარმეტყველა: „გათელილი იქნება იერუსალიმი [რომელიც ღვთის მმართველობას განასახიერებდა] უცხოტომელთა მიერ, სანამ არ დასრულდება უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ (ლუკა 21:24). ამგვარად ღვთის მმართველობა იესოს დედამიწაზე ყოფნის დროსაც შეწყვეტილი იყო და ეს გაგრძელდებოდა ბოლო დღეებამდე.

^ აბზ. 65 იხილეთ დანართი „1914 წელი — მისი მნიშვნელობა ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში“ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“

^ აბზ. 67 ამ სერიის მომდევნო სტატიაში განვიხილავთ ბიბლიურ მუხლებს, რომელიც ნათელს მოჰფენს „შვიდი დროის“ ხანგრძლივობას.

გაიგეთ მეტი

როდის დაიწყო ღვთის სამეფომ მმართველობა? (ნაწილი 2)

ბიბლიური წინასწარმეტყველება და სიზმარი, რომელიც ღმერთმა ბაბილონის მეფეს ახილვინა, გვეხმარება თარიღის გამოთვლაში.

ხშირად დასმული კითხვები იეჰოვას მოწმეების შესახებ

მიიღე კონკრეტული პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე.