არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  ოქტომბერი 2014

 ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვცხოვრობდი

მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვცხოვრობდი
  • დაბადების წელი: 1951

  • ქვეყანა: გერმანია

  • წარსულში: ამაყი და ზედმეტად თავდაჯერებული

მოკლე ბიოგრაფია:

დავიბადე აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ლაიფციგში, ჩეხეთისა და პოლონეთის საზღვრებთან ახლოს. ექვსი წლის რომ ვიყავი, მამის სამსახურის გამო საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოგვიწია; ჯერ ბრაზილიაში გადავედით, შემდეგ კი ეკვადორში.

14 წლისა რომ გავხდი, მშობლებმა გერმანიაში გამაგზავნეს გიმნაზიაში სასწავლებლად. რადგან მშობლები, სამხრეთ ამერიკაში, ჩემგან ძალიან შორის იყვნენ, საკუთარ თავზე ზრუნვა მარტოს მიხდებოდა. ამის გამო ზედმეტად დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოვყალიბდი. საერთოდ არ მადარდებდა, როგორ იმოქმედებდა ჩემი საქციელი სხვებზე.

მშობლები გერმანიაში რომ დაბრუნდნენ, უკვე 17 წლის ვიყავი. თავიდან ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით, მაგრამ ჩემი ხასიათის გამო ვერ ვეგუებოდი მშობლებთან ცხოვრებას და მიჭირდა მათი მორჩილება. 18 წლისა სახლიდან წამოვედი.

ხშირად ვფიქრობდი სიცოცხლის აზრზე, რამაც მოსვენება დამიკარგა. ვაკვირდებოდი, რა ცხოვრებას ეწეოდნენ ცალკეული თუ სხვადასხვა ჯგუფებში გაერთიანებული ადამიანები და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველაზე საუკეთესო, რაც შეიძლებოდა გამეკეთებინა, ის იყო, რომ მემოგზაურა და ჩვენი ლამაზი პლანეტა შემესწავლა, სანამ ადამიანები მას ბოლომდე მოსპობდნენ.

ასე რომ, მოტოციკლი ვიყიდე და გერმანიიდან აფრიკისკენ ავიღე გეზი. თუმცა, ცოტა ხანში მოტოციკლის შესაკეთებლად ევროპაში მომიწია დაბრუნება. მალევე პორტუგალიაში, ზღვის სანაპიროზე ამოვყავი თავი. გადავწყვიტე, მოტოციკლის ნაცვლად მოგზაურობა გემით გამეგრძელებინა.

ახალგაზრდების ერთ ჯგუფს შევუერთდი, რომლებიც ატლანტის ოკეანის გადაცურვას აპირებდნენ. ჩემი მომავალი მეუღლე ლორიც ამ ჯგუფის წევრი იყო. თავდაპირველად კარიბის კუნძულებისკენ გავცურეთ. შემდეგ პუერტო-რიკოში გავჩერდით და მალევე უკან დავბრუნდით ევროპაში. მე და ლორის გვინდოდა, სადმე პატარა გემი გვეშოვა, რომელსაც იახტად გადავაკეთებდით და იქ ვიცხოვრებდით. სამი თვის ძებნის შემდეგ გეგმა ჩაგვეშალა, ვინაიდან გერმანიის ჯარში გამიწვიეს.

წელიწადი და სამი თვე გერმანიის საზღვაო ფლოტში გავატარე. ამ პერიოდში მე და ლორი დავქორწინდით და ახალი  მოგზაურობებისთვის დავიწყეთ მზადება. ჯარიდან გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე სამაშველო გემის კორპუსი ვიყიდეთ, რომლისგანაც პატარა გემი გავაკეთეთ. გვინდოდა გემზევე გვეცხოვრა და ასე გაგვეგრძელებინა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. გემის აწყობა ჯერ დასრულებული არ გვქონდა, რომ იეჰოვას მოწმეებს შევხვდით და მათთან ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

თავიდან ვერ ვხვდებოდი, რომ ცხოვრება უნდა შემეცვალა. ცოლთან ხელი მქონდა მოწერილი, თამბაქოსაც აღარ ვეწეოდი (ეფესოელები 5:5). რაც შეეხება ჩვენს გეგმას, გვემოგზაურა მსოფლიოს გარშემო, ვფიქრობდი, რომ ნამდვილად ღირდა ცხოვრების მიძღვნა ისეთი დიდებული საქმისთვის, როგორიც ღვთის გასაოცარ შემოქმედებაზე დაკვირვება იყო.

არადა ცვლილებების მოხდენა ნამდვილად მჭირდებოდა, განსაკუთრებით, საკუთარ პიროვნებაში. ზედმეტ სიამაყეს და თავდაჯერებულობას იმდენად ვყავდი შეპყრობილი, რომ საკუთარი შესაძლებლობებისა და მიღწევების იქით, ვეღარაფერს ვხედავდი. მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვცხოვრობდი.

ერთ დღესაც იესოს მთაზე ქადაგება წავიკითხე (მათე 5—7 თავები). თავიდან ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა იესო, როცა ბედნიერებაზე ლაპარაკობდა. მაგალითად, მან თქვა, რომ ბედნიერნი არიან მშიერნი და მწყურვალნი (მათე 5:6). მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა გაჭირვებას ადამიანისთვის ბედნიერება მოეტანა. ბიბლიის შესწავლის პროცესში მივხვდი, რომ ყველა ადამიანშია ჩადებული სულიერი მოთხოვნილებები. ეს ყველამ თავმდაბლურად უნდა ვაღიაროთ და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ მის დაკმაყოფილებას. იესომაც ხომ თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).

მე და ლორიმ ბიბლიის შესწავლა გერმანიაში დავიწყეთ, მაგრამ მოგვიანებით საფრანგეთში გადავედით, იქიდან კი იტალიაში. სადაც არ უნდა წავსულიყავით, იეჰოვას მოწმეებს ყველგან ვხვდებოდით. მაოცებდა მათი გულწრფელი სიყვარული და ერთობა. დავინახე, რომ მოწმეები ნამდვილად საერთაშორისო საძმოს წევრები იყვნენ (იოანე 13:34, 35). მალევე მე და ლორიც მოვინათლეთ და იეჰოვას მოწმეები გავხდით.

ნათლობის შემდეგაც ვგრძნობდი, რომ ჯერ კიდევ მჭირდებოდა გამოსწორება. მე და ლორიმ გადავწყვიტეთ, აფრიკისკენ გაგვეცურა და შემდეგ ატლანტის ოკეანის გავლით შეერთებულ შტატებში ჩავსულიყავით. სწორედ იქ, შუაგულ ოკეანეში ყოფნისას მივხვდი, ძლევამოსილ შემოქმედთან შედარებით რამდენად უმნიშვნელო არსება ვიყავი. ვინაიდან ოკეანეში ბევრს ვერაფერს გავაკეთებდი და დროც თავზე საყრელად მქონდა, უმეტეს დროს ბიბლიის კითხვაში ვატარებდი. განსაკუთრებით გამაოცა სახარებებში აღწერილმა იესოს ცხოვრებამ. ის სრულყოფილი ადამიანი იყო და ისეთი ამოუწურავი შესაძლებლობები ჰქონდა, რაზეც მე ვერც კი ვიოცნებებდი. მიუხედავად ამისა, იესოს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არასოდეს ჰქონია. ის საკუთარი თავისთვის კი არა, ზეციერი მამისთვის ცხოვრობდა.

მივხვდი, რომ ღვთის სამეფო პირველ ადგილზე უნდა დამეყენებინა

იესოს ცხოვრებამ სერიოზულად დამაფიქრა. მივხვდი, რომ საკუთარ სურვილებზე წინ ღვთის სამეფო უნდა დამეყენებინა (მათე 6:33). ბოლოს, როცა მე და ლორი შეერთებულ შტატებში ჩავედით, გადავწყვიტეთ, იქ დავსახლებულიყავით და ღვთის თაყვანისმცემლობისთვის მეტი დრო დაგვეთმო.

კურთხევები:

წარსულში ჩემი ეგოცენტრული ბუნების გამო მიჭირდა გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ ახლა ხელმძღვანელობისთვის სიბრძნის უშრეტ წყაროს მივაგენი (ესაია 48:17, 18). ცხოვრებაში პირველად სიცოცხლის აზრიც ვიპოვე. თურმე ბედნიერება ღვთის თაყვანისცემას და სხვებისთვის მის გაცნობას მოაქვს.

ბიბლიის პრინციპების გამოყენებით მე და ლორიმ ჩვენი ქორწინება უფრო განვამტკიცეთ. იეჰოვამ იმითაც გვაკურთხა, რომ გვყავს მშვენიერი გოგონა, რომელსაც იეჰოვას სიყვარული ვასწავლეთ.

ჩვენი ცხოვრება ყოველთვის ია-ვარდებით მოფენილი არ ყოფილა, მაგრამ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, არასოდეს შევწყვიტოთ იეჰოვას მსახურება და მუდამ მასზე დავამყაროთ იმედი (იგავები 3:5, 6).

გაიგეთ მეტი

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

რა უნდა გააკეთოთ თქვენი ოჯახის ბედნიერებისთვის?

იეჰოვას, ბედნიერ ღმერთს სურს, რომ ოჯახები ბედნიერები იყვნენ. გაიგეთ რომელი ბიბლიური პრინციპები გამოადგებათ ქმრებს, ცოლებს, მშობლებს და შვილებს.