არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ოქტომბერი 2014

 მთავარი თემა | „მოვიდეს სუფევა შენი“ — იცით, რას ნიშნავს ეს სიტყვები?

ღვთის სამეფო რატომ ანიჭებს იესო მას დიდ მნიშვნელობას?

ღვთის სამეფო რატომ ანიჭებს იესო მას დიდ მნიშვნელობას?

იესო ქადაგებისას ბევრ საკითხს შეეხო. მაგალითად, ის თავის მიმდევრებს ასწავლიდა, როგორ ელოცათ, როგორ ესიამოვნებინათ ღვთისთვის და როგორ ეპოვათ ნამდვილი ბედნიერება (მათე 6:5—13; მარკოზი 12:17; ლუკა 11:28). მაგრამ თემა, რომელზეც იესო ყველაზე ხშირად საუბრობდა და რომელსაც მის გულში ყველაზე დიდი ადგილი ეკავა, ღვთის სამეფო იყო (ლუკა 6:45).

როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, დედამიწაზე ყოფნისას იესო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას (ლუკა 8:1). ის თავს არ ზოგავდა, ისრაელის მიწაზე ასობით კილომეტრს გადიოდა და ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ ასწავლიდა. იესოს მსახურების შესახებ ოთხ სახარებაშია მოთხრობილი, რომლებშიც ღვთის სამეფო 100-ზე მეტჯერ არის მოხსენიებული და უმეტესწილად თავად იესოს მიერ. თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც იესოს სამეფოს შესახებ უთქვამს (იოანე 21:25).

და მაინც, რატომ ანიჭებდა იესო ამხელა მნიშვნელობას ღვთის სამეფოს? მან იცოდა, რომ ღმერთმა ის აირჩია ამ სამეფოს მმართველად (ესაია 9:6; ლუკა 22:28—30). თუმცა იესოს მიზანი ძალაუფლებისა და დიდების მოხვეჭა არ ყოფილა (მათე 11:29; მარკოზი 10:17, 18). სამეფოზე ქადაგებისას იესოს პირადი ინტერესები არ ამოძრავებდა, რადგან კარგად ესმოდა სამეფოს ფასი. მისთვის სამეფოს დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა, * ვინაიდან იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სამეფო როგორც მისი საყვარელი მამის, ისე მისი ერთგული მიმდევრებისთვის.

რატომ არის სამეფო მნიშვნელოვანი იესოს ზეციერი მამისთვის?

იესოს ძალიან უყვარს თავისი ზეციერი მამა (იგავები 8:30; იოანე 14:31). მას ხიბლავს მამის გასაოცარი თვისებები, მაგალითად, სიყვარული, თანაგრძნობა და სამართლიანობა (კანონი 32:4; ესაია 49:15; 1 იოანე 4:8). აქედან გამომდინარე, ალბათ არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ იესოს სძულს მამაზე გავრცელებული სიცრუე, რომ თითქოს ღვთისთვის სულერთია ადამიანთა ტანჯვა და უბედურება, ან უფრო მეტიც, მას სურს კიდეც ჩვენი ტანჯვა. სწორედ ეს იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ აცხადებდა იესო „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ ასე თავდაუზოგავად. მან იცოდა, რომ დადგებოდა დრო, როცა სამეფო აღადგენდა მამის შელახულ რეპუტაციას (მათე 4:23; 6:9, 10). როგორ გააკეთებს სამეფო ამას?

იეჰოვა სამეფოს მეშვეობით რადიკალურ ცვლილებებს მოახდენს კაცობრიობის სასარგებლოდ. ის ერთგულ ადამიანებს „მოსწმენდს . . . ყოველ ცრემლს თვალებიდან“. იეჰოვა მოსპობს ამ ცრემლების გამომწვევ მიზეზებს და გვარწმუნებს, რომ „აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:3, 4). სამეფოს მეშვეობით ღმერთი წერტილს დაუსვამს ადამიანთა ტანჯვას. *

 გასაკვირი არ არის, რატომ ქადაგებდა იესო ასე თავდაუზოგავად ღვთის სამეფოს შესახებ. მას კარგად ესმოდა, რომ სწორედ სამეფოს მეშვეობით დამტკიცდებოდა, თუ რა განუზომელ ძალას ფლობს იეჰოვა და რა გულმოწყალე და თანამგრძნობი ღმერთია (იაკობი 5:11). იესომ ისიც კარგად იცოდა, რომ სამეფო მისთვის ძვირფას და ერთგულ ადამიანებსაც მოუტანდა შვებას.

რას მოუტანს სამეფო ერთგულ ადამიანებს?

დედამიწაზე ჩამოსვლამდე, იესო დიდი ხნის მანძილზე ზეცაში მამასთან ცხოვრობდა. ღმერთმა ყოველივე თავის ძესთან ერთად შექმნა: გასაოცარი სამყარო, უთვალავი ვარსკვლავი, გალაქტიკები, ჩვენი ლამაზი პლანეტა და ველური ბუნება (კოლოსელები 1:15, 16). თუმცა იესოს ყველაზე მეტად ადამიანები შეუყვარდა (იგავები 8:31).

იესომ დედამიწაზე მსახურებით ცხადყო, თუ რა ძლიერ უყვარდა კაცთა მოდგმა. მან თავიდანვე მოჰფინა ნათელი იმას, რომ დედამიწაზე გაჭირვებული და ჩაგრული ადამიანებისთვის სასიხარულო ცნობის საუწყებლად იყო მოსული (ლუკა 4:18). მაგრამ იესო მარტო კი არ ლაპარაკობდა ადამიანთა დახმარებაზე, არამედ სიყვარულს საქმით ამტკიცებდა. მაგალითად, როდესაც უამრავი ხალხი მისი სიტყვის მოსასმენად შეიკრიბა, იესოს „გული დაეწვა მათ გამო და მათი ავადმყოფები განკურნა“ (მათე 14:14). როცა ერთმა მამაკაცმა, რომელსაც საშინელი დაავადება სტანჯავდა, ირწმუნა, რომ თუ იესო მოისურვებდა, შეეძლო მისი განკურნება, იესომ თანაგრძნობით უთხრა: „მსურს, განიწმინდე!“. სიყვარულით აღძრულმა იესომ მამაკაცი განკურნა (ლუკა 5:12, 13). როდესაც იესომ დაინახა, როგორ გლოვობდა მისი მეგობარი მარიამი თავის ძმას, ლაზარეს, „სულით ამოიოხრა, აფორიაქდა . . . და აცრემლდა“ (იოანე 11:32—36). შემდეგ მან წარმოუდგენელი რამ გააკეთა, ლაზარეს, რომელიც უკვე ოთხი დღის მკვდარი იყო, სიცოცხლე დაუბრუნა! (იოანე 11:38—44).

რა თქმა უნდა, იესომ კარგად იცოდა, რომ ამგვარი შვება დროებითი იყო, რადგან ადრე თუ გვიან, ყველა, ვისაც ის კურნავდა, კვლავ დაავადდებოდა და ყველა, ვისაც მკვდრეთით აღადგენდა, ისევ მოკვდებოდა. მაგრამ ღვთის სამეფო ასეთ პრობლემებს ერთხელ და სამუდამოდ მოუღებდა ბოლოს. სწორედ ამიტომ იესო მხოლოდ სასწაულებს კი არ ახდენდა, არამედ გულმოდგინედ ქადაგებდა „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ (მათე 9:35). თავისი სასწაულებით იესომ მცირე მასშტაბით ცხადყო ის, რასაც ღვთის სამეფო მომავალში მთელ დედამიწაზე მოიმოქმედებს. ნახეთ, რას გვპირდება ბიბლია მომავალთან დაკავშირებით:

  •  აღარ იქნება ავადმყოფობა.

    „მაშინ ბრმებს თვალები აეხილებათ და ყრუებს ყურები გაეხსნებათ; მაშინ კოჭლი ირემივით იხტუნებს და მუნჯის ენა სიხარულით შესძახებს“; „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24; 35:5, 6).

  • აღარ იქნება სიკვდილი.

    „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).

    „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა“ (ესაია 25:8).

  • იქნება მკვდრეთით აღდგომა.

    „ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).

    „იქნება მკვდრეთით აღდგომა“ (საქმეები 24:15).

  • აღარ იქნება უმუშევრობა და ყველას ექნება სახლ-კარი.

    „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად . . .სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:21, 22).

  •  აღარ იქნება ომები.

    „ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე“ (ფსალმუნი 46:9).

    „ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“ (ესაია 2:4).

  • აღარ იქნება საკვების უკმარისობა.

    „დედამიწა მოგვცემს თავის ნაყოფს და გვაკურთხებს ღმერთი, ჩვენი ღმერთი“ (ფსალმუნი 67:6).

    „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:16).

  • აღარ იქნება სიღარიბე.

    „ყოველთვის არ იქნება საწყალი დავიწყებული“ (ფსალმუნი 9:18).

    „ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს. ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს, იხსნის ღარიბთა სულებს“ (ფსალმუნი 72:12, 13).

როდესაც ღვთის სამეფოს ამ დაპირებებზე ფიქრობთ, ალბათ აღარ გიკვირთ, რატომ არის იესოსთვის სამეფო ასე მნიშვნელოვანი. დედამიწაზე ყოფნისას ის გულმოდგინედ ესაუბრებოდა ღვთის სამეფოზე ყველას, რადგან იცოდა, რომ სამეფო ბოლოს მოუღებდა დღეს არსებულ ყველა პრობლემას.

გხიბლავთ სამეფოსთან დაკავშირებული ბიბლიური დაპირებები? გსურთ, უფრო მეტი გაიგოთ ამ სამეფოს შესახებ? ალბათ გაინტერესებთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენც მიიღოთ სამეფოს კურთხევები. მომდევნო სტატია დაგეხმარებათ ამ კითხვებზე პასუხების მიღებაში.

^ აბზ. 5 ეს სტატია სამეფოსადმი იესოს დამოკიდებულებას აწმყოში გამოხატავს, რადგან ზეცად ამაღლების შემდეგაც ღვთის სამეფო მისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება (ლუკა 24:51).

^ აბზ. 8 იმის გასაგებად, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას, იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 11. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

გაიგეთ მეტი

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას და ტანჯვას?

როგორ გაჩნდა ბოროტება და რატომ დაუშვა ღმერთმა ის ასე დიდხანს? დასრულდება ოდესმე ტანჯვა?