წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი სექტემბერი 2014

 ბიოგრაფია

ღვთის მსახურებაში გატარებული აზრით აღსავსე ცხოვრება

ღვთის მსახურებაში გატარებული აზრით აღსავსე ცხოვრება

ბავშვობაში რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი ვიყავი, გარდა ამისა, სულ იმის შიში მქონდა, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა, ამას ისიც ემატებოდა, რომ მორცხვი და გაუბედავი ვიყავი. იმ იმედით, რომ ბიბლიას შეეძლო ჩემი ნუგეშისცემა, ადგილობრივ კათოლიკურ ეკლესიას მივაკითხე, რათა ბიბლიის გაგებაში დამხმარებოდნენ. მაგრამ იმედგაცრუებულმა სპორტზე გადავიტანე ყურადღება.

მალე ტანვარჯიშს და კულტურიზმს მივყავი ხელი. დროთა განმავლობაში ფიზიოთერაპიის ცენტრი გავხსენი სან-ლეანდროში (კალიფორნია, აშშ). ვმუშაობდი კულტურისტებთან, რომელთა შორის იყო „მისტერ ამერიკა“-ს ტიტულის მფლობელი. კუნთები კი გავიძლიერე, მაგრამ შინაგანი სიცარიელე ვერ შევივსე.

ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი

ერთმა ჩემმა მეგობარმა იცოდა, რომ ბიბლია ძალიან მაინტერესებდა და მირჩია, თავის ნაცნობს შევხვედროდი. მეორე დილითვე მომაკითხა იეჰოვას მოწმემ. ჩემ მიერ დასმულ კითხვებს ის ოთხი საათის განმავლობაში პასუხობდა ბიბლიიდან. ვთხოვე, რომ საღამოს ისევ მოსულიყო. ჩვენმა საუბარმა შუაღამემდე გასტანა. ამ ყველაფრით აღფრთოვანებულმა ვთხოვე, მსახურებაში წავეყვანე, რომ მენახა, როგორ ქადაგებდა. გავოცდი, როცა დავინახე, რა კარგად ფლობდა ბიბლიას და რა თავისუფლად პასუხობდა კითხვებს ბიბლიიდან. მაშინ მივხვდი, რომ ეს სწორედ საჩემო საქმე იყო.

სამუშაოს თავი დავანებე და დილიდან საღამომდე იმ პიონერს (ასე უწოდებენ იეჰოვას მოწმეები სრული დროით მქადაგებლებს) დავყვებოდი ხოლმე მსახურებაში. 1948 წლის მაისში სან-ფრანცისკოში (კალიფორნია), ქაუ პალასში გამართულ კონგრესზე მოვინათლე. იმავე წელს მეც პიონერად დავიწყე მსახურება.

მოწმეებს ვთხოვე, რომ დედაჩემი მოენახულებინათ. მან ადვილად მიიღო ჭეშმარიტება და მალე ისიც იეჰოვას მოწმე გახდა. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, დედა წლების განმავლობაში, სიკვდილამდე ღვთის ერთგული იყო. ჩემი ოჯახის სხვა არც ერთი წევრი არ გამხდარა იეჰოვას მოწმე.

მომავალ მეუღლესთან შეხვედრა

1950 წელს გადავედი გრანდ ჯანქშენში, კოლორადოს შტატში, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე, ბილი გავიცანი. ის 1928 წელს დაიბადა და „დიდი დეპრესიის“ (მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი) პერიოდში გაიზარდა. დედამისი მინი მას ყოველღამე ლამპის მბჟუტავ შუქზე უკითხავდა ბიბლიას. ოთხი წლის ბილის უკვე შეეძლო კითხვა და ზეპირად იცოდა ბევრი ბიბლიური მოთხრობა. 1940-იანი წლების მიწურულს დედამისმა მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დროს გაიგო, რომ ჯოჯოხეთი საწამებელი ადგილი კი არ იყო, არამედ უბრალოდ სამარე (ეკლესიასტე 9:5, 10). ბილის მშობლები იეჰოვას მოწმეები გახდნენ.

1949 წელს ბოსტონში კოლეჯის დამთავრების შემდეგ ბილიმ სერიოზულად მოჰკიდა ხელი ბიბლიის შესწავლას. სკოლის მასწავლებლობას მან იეჰოვას მსახურება არჩია. ბილი 1950 წელს იანკის სტადიონზე (ნიუ-იორკი) იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო კონგრესზე მოინათლა. მალევე ერთმანეთი გავიცანით, დავქორწინდით და ერთად შევუდექით სრული დროით მსახურებას.

მსახურება იუჯინში (ორეგონი) დავიწყეთ, სადაც ბევრი ერთგული მეგობარი შევიძინეთ. 1953 წელს გრანტს პასში (ორეგონი) გადავედით იმ მიზნით, რომ  იქ არსებულ პატარა კრებას დავხმარებოდით. იმავე წელს მიგვიწვიეს ბიბლიურ სკოლა „გალაადის“ 23-ე კლასში. ეს სკოლა, რომელიც ამზადებს მისიონერებს, იმ დროს ქალაქ ნიუ-იორკიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 400 კილომეტრში, საუთ-ლანსინგში (ნიუ-იორკის შტატი) მდებარეობდა.

მისიონერული მსახურება ბრაზილიაში

1954 წლის დეკემბერს, სკოლა „გალაადის“ დამთავრებიდან ხუთ თვეში, მე და ბილი ორპროპელერიანი თვითმფრინავით ბრაზილიაში გავემგზავრეთ. ერთ საათში ერთი ძრავა მწყობრიდან გამოვიდა, საბედნიეროდ, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაჯდა ბერმუდის კუნძულებზე. კუბაში კიდევ მოგვიწია ავარიული დაშვება, ბოლოს 36-საათიანი დამქანცველი ტრანზიტული მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა, ჩავედით რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია) იეჰოვას მოწმეების ფილიალში.

პირველი სამეფო დარბაზი ბაურუში, დაქირავებული შენობა, რომელზეც საკუთარი ხელით გავაკეთე წარწერა, 1955 წელი

ფილიალში რამდენიმე დღე დავრჩით; იქიდან ორ მისიონერთან ერთად გავემგზავრეთ ბაურუში (სან-პაულუს შტატი) მისიონერთა სახლის გასახსნელად. იმ ქალაქში მაშინ 50 000-ზე მეტი მოსახლე იყო, ჩვენ იქ პირველი მოწმეები ვიყავით.

მსახურება კარდაკარ ქადაგებით დავიწყეთ, მაგრამ მალე კათოლიკე მღვდლისგან წინააღმდეგობას შევხვდით. ის უკან დაგვყვებოდა და მობინადრეებს ეუბნებოდა, რომ ჩვენთვის არ მოესმინათ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვირაში ერთმა დიდმა ოჯახმა, რომელსაც ვაკითხავდით, ბიბლიის შესწავლა დაიწყო და მოგვიანებით მთელი ოჯახი მოინათლა. მალე სხვებმაც დაიწყეს შესწავლა.

იმ მონათლული ოჯახის ერთი ნათესავი ცნობილი კლუბის პრეზიდენტი გახლდათ. მას მოველაპარაკე, რომ ამ კლუბში კონგრესი ჩაგვეტარებინა. როცა ადგილობრივმა მღვდელმა დაჟინებით მოითხოვა კონტრაქტის გაუქმება, პრეზიდენტი კლუბის წევრებს შეხვდა და უთხრა: „თუ კონტრაქტს გააუქმებთ, მე გადავდგები“. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ კლუბში კონგრესი ჩავატარეთ.

1956 წელს სან-პაულუს ქალაქ სანტუსში მიგვიწვიეს საოლქო კონგრესზე. ჩვენი კრებიდან დაახლოებით 40 მოწმე წავედით მატარებლით კონგრესზე დასასწრებად. ბაურუში რომ დავბრუნდით, სახლში წერილი დაგხვდა, რომელშიც ეწერა, რომ მიმომსვლელ ზედამხედველად ვიყავი დანიშნული. ჩემს მოვალეობაში შედიოდა იეჰოვას მოწმეების კრებების მონახულება. ასე დაიწყო ჩემი თითქმის 25-წლიანი მოღვაწეობა ბრაზილიაში, რომლის დროსაც მოვიარე ამ უზარმაზარი ქვეყნის უმეტესი ტერიტორია.

სულ რაღაც ერთ წელიწადში ბაურუში ერთგული მქადაგებლების ჯგუფი ჩამოყალიბდა

მიმოსვლით მსახურებაში

იმ დროს გადაადგილება არ იყო ადვილი. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ქვეყანა ავტობუსით, მატარებლით, სამგზავრო ეტლით, ველოსიპედით და ფეხით შემოვიარეთ. ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელსაც ვეწვიეთ იყო ჟაუ (სან-პაულუ). აქაც მღვდელი დაგვიპირისპირდა.

— თქვენ არა გაქვთ უფლება, ჩემს ცხვარს უქადაგოთ — მკაცრად გვითხრა მან.

— ისინი თქვენი ცხვრები არ არიან. ისინი ღმერთს ეკუთვნიან — ვუპასუხეთ ჩვენ.

გადავწყვიტეთ, მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის შესახებ გვეჩვენებინა ფილმი „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებს“, მაგრამ იმ მღვდელმა თავი მოუყარა ბრბოს, რომ თავს დაგვსხმოდნენ და ფილმის ჩვენება ჩაეშალათ. ეს ამბავი მაშინვე პოლიციას ვაცნობეთ. როცა მღვდელი თავის მრევლთან ერთად თეატრის შენობასთან მოვიდა, წინ პოლიციის კორდონი გადაეღობა, რომელთაც იარაღი მათკენ ჰქონდათ მიშვერილი. ფილმმა ფართო აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.

მას შემდეგ, პრაქტიკულად ყველგან, სადაც ვმსახურობდით, რელიგიურ კლიმატი ერთნაირი იყო — წინააღმდეგობა და სიძულვილი. მაგალითად, ქალაქ ბრუსკეში (სანტა-კატარინა) ორ პიონერ დას შევხვდით, რომლებიც ძლიერ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ მსახურებაში. მაგრამ იეჰოვამ დიდად დააჯილდოვა  მათი მოთმინება და სიმტკიცე. დღეს იქ, 50-ზე მეტი წლის შემდეგ, 60-ზე მეტი აქტიური კრებაა, მეზობლად მდებარე ქალაქ იტაჟაიში კი მათ ლამაზი საკონგრესო დარბაზი აქვთ.

მიმოსვლითი მსახურებიდან სასიამოვნოდ მახსენდება ის დრო, როდესაც კონგრესების მომზადებისას თანაქრისტიანები ერთმანეთის მხარდამხარ ვშრომობდით. 1975—1977 წლებში ზედამხედველობას ვუწევდი მორუმბის უზარმაზარ სტადიონზე გამართულ კონგრესებს. ახლომდებარე ასამდე კრებას თხოვნით მივმართეთ, რომ თითოეულ მათგანს 10 მოხალისე გამოეგზავნა კონგრესის წინა საღამოს სტადიონის დასასუფთავებლად.

იმ საღამოს, როცა ფეხბურთელები სტადიონიდან გადიოდნენ, დამცინავად ამბობდნენ: „ერთი ამ ქალებს შეხედეთ ცოცხებითა და ტილოებით ხელში“. დებმა შუაღამემდე მთელი სტადიონი დაასუფთავეს. სტადიონის მენეჯერმა გაოცება ვერ დამალა და თქვა: „ჩემს თანამშრომლებს მთელი კვირა დასჭირდებოდათ იმ საქმის გასაკეთებლად, რაც თქვენ, მოწმეებმა, რამდენიმე საათში გააკეთეთ“.

ვბრუნდებით შეერთებულ შტატებში

1980 წელს მამაჩემი გარდაიცვალა; მალე შეერთებულ შტატებში დავბრუნდით, რომ დედაზე გვეზრუნა, რომელიც კალიფორნიის ქალაქ ფრემონტში ცხოვრობდა. თავის სარჩენად საღამოობით შენობებს ვალაგებდით, დღისით კი, პიონერულ მსახურებას ვეწეოდით და პორტუგალიურ ენაზე მოლაპარაკე ხალხს ვეხმარებოდით. მოგვიანებით გადავედით ახლომდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც სან-ხოაკინის ველი ეწოდება. საკრამენტოდან ბეიკერსფილდამდე გადაჭიმულ ამ ვეება ტერიტორიაზე პორტუგალიურ ენაზე მოლაპარაკე ხალხს ვეძებდით. ახლა კალიფორნიაში პორტუგალიურ ენაზე დაახლოებით 10 კრებაა.

1995 წელს, დედაჩემის სიკვდილის შემდეგ, ფლორიდაში გადავედით. იქ ბილის მამას ვუვლიდით სიკვდილამდე. ბილის დედა 1975 წელს გარდაიცვალა. ბოლოს 2000 წელს სამხრეთ-დასავლეთ კოლორადოში, შემაღლებულ ადგილზე მდებარე ხრიოკ რეგიონში გადავედით, სადაც სრული დროით ვმსახურობდით და ვქადაგებდით ამერიკელ ინდიელებთან ნავაჰო და უტე ტომთა დასახლებებში. სამწუხაროდ, 2014 წლის თებერვალში ბილი გარდაიცვალა.

რა ბედნიერი ვარ, რომ 65 წელზე მეტი ხნის წინ შევხვდი ერთ იეჰოვას მოწმეს, რომელმაც ჩემს უამრავ კითხვას ბიბლიიდან გასცა პასუხი. განსაკუთრებით იმით ვარ კმაყოფილი, რომ მის ნათქვამს ბიბლიას ვადარებდი, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ რასაც ის ამბობდა, ნამდვილად ბიბლიაზე იყო დაფუძნებული. მას შემდეგ ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა და იმ დღიდან მოყოლებული ღვთის მსახურება არ შემიწყვეტია.

გაიგეთ მეტი

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ბრაზილია

წაიკითხეთ იმ ადამიანების გამამხნევებელი შემთხვევები, რომლებმაც მსახურება გააფართოვეს და გადავიდნენ სხვა ტერიტორიებზე საქადაგებლად.