წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი აგვისტო 2014

 მიჰბაძეთ მათ რწმენას | იოსები

„მომისმინეთ, აი რა მესიზმრა“

„მომისმინეთ, აი რა მესიზმრა“

იოსები გულდაწყვეტილი იყურება აღმოსავლეთისკენ. ერთი სული აქვს, თავი დააღწიოს ქარავანს და გაიქცეს. სადღაც, მთებს იქით, არც ისე შორს, ხებრონში მისი სახლია, სადაც მამა ელოდება. მამისთვის, იაკობისთვის, კი ეს ერთი ჩვეულებრივი საღამოა; მას წარმოდგენაც კი არა აქვს, რა შეემთხვა მის საყვარელ ვაჟს. მაგრამ ყმაწვილმა იცის, რომ შესაძლოა, ვეღარასოდეს იხილოს მოხუცებული მამის საყვარელი სახე. სამხრეთისკენ მიმავალი ვაჭრები, რომლებიც მათთვის კარგად ნაცნობ გზაზე მიერეკებიან ქარავანს, თვალს არ აშორებენ იოსებს, რომელიც ახლა მათი საკუთრებაა. მათთვის ეს ყმაწვილი ისეთივე ძვირფასი შენაძენია, როგორც სურნელოვანი საკმევლითა და ზეთებით დატვირთული ქარავანი, რაც დიდ მოგებას ჰპირდება მათ შორეულ ეგვიპტეში.

იოსები 17 წელზე მეტის არ იქნებოდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გაჰყურებდა დასავლეთის ცას, სადაც მზე ის-ის იყო დიდ ზღვაში ჩაესვენებოდა და იმაზე ფიქრობდა, რა უკუღმა დატრიალდა მისი ცხოვრება. უჭირდა იმის დაჯერება, რომ საკუთარმა ძმებმა მოსაკლავადაც კი გაიმეტეს და მონად გაყიდეს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ალბათ ცრემლებს ვერ შეიკავებდა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რას უქადდა მომავალი.

იოსებმა თავისუფლება დაკარგა, მაგრამ რწმენა არ დაუკარგავს

როგორ აღმოჩნდა იოსები ასეთ საშინელ მდგომარეობაში? რით არის ჩვენთვის მისაბაძი ამ ახალგაზრდა კაცის რწმენა, რომელიც საკუთარი ოჯახის წევრებმა მოიძულეს და უარყვეს?

დაძაბული ოჯახური მდგომარეობა

იოსები დიდ ოჯახში აღიზარდა, მაგრამ მის ოჯახში ბედნიერება და ერთობა არ სუფევდა. ბიბლიაში იაკობის ოჯახი იმის ცოცხალი მაგალითია, თუ რა უარყოფითი შედეგები მოჰყვება მრავალცოლიანობას — იმ დროს ფესვგადგმულ ჩვეულებას, რომელსაც ღმერთი თავის ხალხს შორის მანამდე იწყნარებდა, სანამ მისმა ძემ არ აღადგინა ქორწინებასთან დაკავშირებით ღვთის მიერ თავდაპირველად დადგენილი კანონი, ერთცოლიანობა (მათე 19:4—6). იაკობს სულ მცირე 14 შვილი ჰყავდა ოთხი ქალისგან; აქედან ორი, ლეა და რახელი, მისი ცოლი იყო, ორი კი — ზილფა და ბილჰა, მისი ცოლების მოახლეები. იაკობს თავიდანვე რახელი უყვარდა, რომელიც ძალიან ლამაზი იყო. მას რახელივით არასოდეს ჰყვარებია ლეა, რომელიც მოტყუებით შერთეს ცოლად. ამის გამო დები ერთმანეთს მტრად გადაეკიდნენ; მათი შური  და სიძულვილი მათ შვილებზეც გადავიდა (დაბადება 29:16—35; 30:1, 8, 19, 20; 37:35).

რახელს დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ უჩნდებოდა, მაგრამ ბოლოს იოსები გააჩინა, რომელსაც იაკობი, როგორც თავის სიბერის შვილს, განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდა. მაგალითად, როდესაც იაკობი მასზე სამტროდ გადაკიდებულ ძმასთან, ესავთან, შესახვედრად მიდიოდა, მან რახელი და პატარა იოსები ოჯახის სხვა წევრების უკან, ყველაზე უსაფრთხო ადგილას დააყენა. ის მძიმე დღე იოსებს არასოდეს დაავიწყდებოდა. ან წარმოიდგინეთ იოსების განცვიფრებული თვალები, როდესაც დაინახავდა კოჭლობით მავალ მოხუც, მაგრამ ჯანმაგარ მამას. როგორ გაოცდებოდა, როცა გაიგებდა, რომ იმ ღამით მამამისი ძლევამოსილ ანგელოზს შეეჭიდა და ეს იმიტომ, რომ მას იეჰოვასგან კურთხევის მიღება სურდა. კურთხევის ნიშნად მას სახელი შეეცვალა და ისრაელი დაერქვა. მომავალში მთელ ერს მისი სახელი ეწოდებოდა (დაბადება 32:22—31). მოგვიანებით იოსებმა გაიგო, რომ ისრაელის ვაჟებისგან წარმოიშვა ამ ერში შემავალი ტომები.

ძალიან მალე მოზარდ იოსებს დიდი ტრაგედია დაატყდა, როდესაც საკუთარი თვალით იხილა საყვარელი დედის სიკვდილი. დედამისი მისი ძმის ბენიამინის მშობიარობას გადაჰყვა. მამამისი ცოლის სიკვდილს ძალიან გლოვობდა. წარმოიდგინეთ, რა ნაზად შეუმშრალებდა იოსებს თვალებზე ცრემლებს და იმავე იმედით ანუგეშებდა, რომლითაც ერთ დროს მისმა პაპამ, აბრაამმა ინუგეშა თავი. რა გულისამაჩუყებელი იქნებოდა იოსებისთვის იმის გაგება, რომ ერთ მშვენიერ დღესაც იეჰოვა დედამისს სიცოცხლეს დაუბრუნებდა. შესაძლოა, მაშინ იოსებს კიდევ უფრო მეტად შეუყვარდა ასეთი მოსიყვარულე და თანამგრძნობი ღმერთი (ლუკა 20:38; ებრაელები 11:17—19). ცოლის სიკვდილის შემდეგ იაკობი კიდევ უფრო მეტ სიყვარულსა და ყურადღებას ავლენდა უდედოდ დარჩენილი შვილების მიმართ (დაბადება 35:18—20; 37:3; 44:27—29).

იოსების ადგილას ბევრი ბავშვი შეიძლება გათამამებულიყო და გაფუჭებულიყო, მაგრამ მან მშობლებისგან ბევრი კარგი თვისება შეიძინა; გარდა ამისა, ძლიერი რწმენა განივითარა და ისწავლა ცუდისა და კარგის გარჩევა. ერთხელ, როდესაც 17 წლის იოსები უფროს ძმებს ფარის მწყემსვაში ეხმარებოდა, შენიშნა, რომ ძმები რაღაც არასწორს აკეთებდნენ. როგორ მოიქცა ის? ხომ არ ჰქონდა იმის ცდუნება, რომ ძმების გულის მოსაგებად, ეს ამბავი დაემალა? როგორც უნდა ყოფილიყო, მან ის გააკეთა, რაც სწორი იყო. იოსებმა მამას ყველაფერი მოუყვა (დაბადება 37:2). ასეთი მამაცური საქციელის გამო იოსები კიდევ უფრო ამაღლდებოდა მამის თვალში. რა შესანიშნავი და დამაფიქრებელი მაგალითია ახალგაზრდა ქრისტიანებისთვის! როდესაც იმის ცდუნების წინაშე ვდგებით, რომ დავმალოთ სხვისი, მაგალითად დედმამიშვილის ან მეგობრის, სერიოზული ცოდვა, გონივრული იქნება, მივბაძოთ იოსებს და საქმის კურსში ჩავაყენოთ ისინი, ვისაც შემცოდველის დახმარება შეუძლია (ლევიანები 5:1).

ჩვენ შეგვიძლია იოსების შერეული ოჯახისგანაც ვისწავლოთ ბევრი რამ. მართალია, ჭეშმარიტი  ქრისტიანებისთვის მიუღებელია მრავალცოლიანობა, მაგრამ შერეული ოჯახები მაინც არსებობს, სადაც დედინაცვალი, მამინაცვალი და გერები არიან. ფავორიტიზმი და მიკერძოება არღვევს ოჯახის ერთიანობასა და სიმყუდროვეს. ასეთ ოჯახებში გონიერმა მშობლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ საკუთარი შვილები და გერები თავიანთ სიყვარულში დაარწმუნონ და უთხრან, რომ თითოეულ მათგანს ღვთისგან ბოძებული განსაკუთრებული ნიჭი აქვს და თითოეულს თავისი წვლილი შეაქვს ოჯახის ბედნიერებაში (რომაელები 2:11).

შური ფესვს იდგამს

იაკობი აფასებდა იოსებს ერთგულებისა და სამართლიანობის გამო

შესაძლოა იმის გამო, რომ იოსები მტკიცედ იცავდა იმას, რაც სწორი იყო, იაკობმა მას განსაკუთრებული პატივი დასდო; მან იოსებისთვის გამორჩეული ტანსაცმელი დაამზადებინა (დაბადება 37:3). როგორც ჩანს, ეს იყო გრძელი ელეგანტური მოსასხამი, რომელიც სრულად უფარავდა მკლავებსა და კოჭებს. ასეთ მოსასხამებს დიდგვაროვნები და უფლისწულები ატარებდნენ.

მართალია, იაკობს კარგი განზრახვა ჰქონდა და იოსებიც ძალიან გაახარა სიყვარულით გაკეთებულმა ამ საჩუქარმა, მაგრამ მოსასხამმა მას საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნა. გავიხსენოთ, რომ იოსები მწყემსი იყო, რაც მძიმე ფიზიკურ შრომას უკავშირდებოდა. წარმოიდგინეთ სამეფო მოსასხამში გამოწყობილი ახალგაზრდა, რომელიც ბალახებში იკვალავს გზას, კლდოვან ადგილებში მიბობღავს ან ეკლიან ბუჩქებში გახლართულ ბატკანს ათავისუფლებს. დავფიქრდეთ იმაზეც, თუ როგორ იმოქმედებდა ძმებთან მის ურთიერთობაზე მამის მხრიდან იოსების მიმართ გამოვლენილი განსაკუთრებული პატივი?

ბიბლიაში ვკითხულობთ: „როცა დაინახეს მისმა ძმებმა, რომ მამას მათზე მეტად უყვარდა ის, შეიძულეს იგი და მშვიდად ვეღარ ელაპარაკებოდნენ“ * (დაბადება 37:4). ერთის მხრივ, მათი შური შეიძლება გასაგები იყოს, მაგრამ იოსების ძმები უგუნურად მოიქცნენ, როცა ამ მომწამლავ გრძნობას გასაქანი მისცეს (იგავები 14:30; 27:4). შეგშურებიათ სხვისი, როდესაც მას მიუღია ის ყურადღება და პატივი, რაც თქვენ გინდოდათ, რომ მიგეღოთ? გახსოვდეთ იოსების ძმები! შურმა მათ ისეთი სამარცხვინო საქციელი ჩაადენინა, რაც მოგვიანებით მწარედ ინანეს. მათი მაგალითი შეახსენებს ქრისტიანებს, რომ გაცილებით გონივრულია, მოხარულებთან იხარონ (რომაელები 12:15).

უდავოა, იოსები გრძნობდა ძმების მტრულ დამოკიდებულებას. ხომ არ მალავდა ამის გამო თავის ლამაზ მოსასხამს, როცა ძმებთან იყო? შეიძლება უნდოდა კიდეც ამის გაკეთება, მაგრამ გაიხსენეთ, იაკობს სურდა, რომ მის შვილს ეს მოსასხამი მისი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად ეტარებინა. იოსებს უნდოდა, მამის მოლოდინი გაემართლებინა და ერთგულად ატარებდა მოსასხამს. რა კარგი მაგალითია ჩვენთვის! ჩვენი ზეციერი მამა მიკერძოებას არასოდეს  ავლენს, მაგრამ ზოგჯერ ის გამოარჩევს ხოლმე თავის ერთგულ მსახურებს და განსაკუთრებულ პატივს ანიჭებს. უფრო მეტიც, ის მათგან მოითხოვს, რომ განსხვავდებოდნენ ამ გახრწნილ და ბოროტ ქვეყნიერებაში მცხოვრები ხალხისგან. როგორც მოსასხამი გამოარჩევდა იოსებს სხვებისგან, ისე გამოირჩევიან ჭეშმარიტი ქრისტიანები თავიანთი საქციელით გარშემომყოფებისგან. ეს კი ზოგჯერ შურსა და აგრესიას იწვევს (1 პეტრე 4:4). უნდა დამალონ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა, რომ ღვთის მსახურები არიან? როგორც იოსები არ მალავდა თავის მოსასხამს, არც მათ უნდა დამალონ თავიანთი ვინაობა (ლუკა 11:33).

იოსების სიზმრები

არ გასულა დიდი ხანი და იოსებს ორი უცნაური სიზმარი ესიზმრა. პირველ სიზმარში მან იხილა, რომ ის და მისი ძმები მინდორში ძნებს კრავდნენ. შემდეგ მათი ძნები გარს შემოეხვივნენ მის ძნას და მდაბლად თაყვანი სცეს. მეორე სიზმარში კი მზე, მთვარე და 11 ვარსკვლავი მდაბლად თაყვანს სცემდნენ იოსებს (დაბადება 37:6, 7, 9). რა უნდა გაეკეთებინა მას ასეთი უცნაური და ცხადი სიზმრების ნახვის შემდეგ?

სიზმრები იეჰოვასგან იყო. მათ წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა; ღმერთს სურდა, რომ იოსებს სიზმრების მნიშვნელობა გაეცხადებინა. რაღაც გაგებით, იოსებს ის უნდა გაეკეთებინა, რასაც მოგვიანებით წინასწარმეტყველები აკეთებდნენ, როდესაც ურჩ ხალხს იეჰოვას ცნობას და განაჩენს უცხადებდნენ.

იოსებმა თავის ძმებს ტაქტიანად უთხრა: „მომისმინეთ, აი რა მესიზმრა“. ძმები მიხვდნენ სიზმრის მნიშვნელობას, რაც ძალიან არ ესიამოვნათ. მათ მიუგეს: „ჩვენი მეფე უნდა გახდე თუ ჩვენზე უნდა იბატონო?“. ბიბლიაში შემდეგ ვკითხულობთ: „კიდევ ერთი საბაბი მიეცათ, რომ მოეძულებინათ იგი მისი სიზმრისა და სიტყვების გამო“. იოსებმა მეორე სიზმარი მამასაც მოუყვა, მაგრამ არც მისი რეაქცია იყო უკეთესი. ბიბლიაში ნათქვამია: «მამამისმა კი უსაყვედურა: „ეს რა გესიზმრა?! შენ უნდა გეახლოთ და მდაბლად უნდა გცეთ თაყვანი მე, დედაშენმა და შენმა ძმებმა?!“». მიუხედავად ამისა, იაკობმა გულში დაიმარხა ეს ამბავი. შესაძლოა მან გაიფიქრა, რომ ბიჭს იეჰოვა ელაპარაკა (დაბადება 37:6, 8, 10, 11).

იოსები არც პირველი იყო და არც უკანასკნელი, რომელსაც ღმერთმა წინასწარმეტყველური ცნობის გადაცემა დაავალა. ამ ცნობას შესაძლოა ხალხის მხრიდან უარყოფითი რეაქცია და დევნაც კი მოჰყოლოდა. იესო უდიდესი იყო მათ შორის, ვინც ღვთიურ ცნობას ავრცელებდა. მან თავის მიმდევრებს უთხრა: „თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან“ (იოანე 15:20). ყველა ასაკის ქრისტიანს შეუძლია მიჰბაძოს ახალგაზრდა იოსებს რწმენასა და გამბედაობაში.

სიძულვილი პიკს აღწევს

ერთხელ იაკობმა იოსები ძმების მოსანახულებლად გაგზავნა. უფროსი ძმები ჩრდილოეთით, შექემთან ახლოს მწყემსავდნენ ცხვარს, სადაც ცოტა ხნის წინ მტრები გაიჩინეს. ბუნებრივია, იაკობი დარდობდა თავის ვაჟებზე და მათი ამბის გაგება სურდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას იგრძნობდა იოსები? მან იცოდა, რომ მის ძმებს ძალიან სძულდათ ის. როგორ მოეპყრობოდნენ მას, როცა გაიგებდნენ, რომ მათთან იაკობმა გაგზავნა? ყველაფრის მიუხედავად, იაკობი დაჰყვა მამის ნებას და ძმებთან გაეგზავნა (დაბადება 34:25—30; 37:12—14).

იოსებს დიდი გზა ჰქონდა გასავლელი, შესაძლოა ოთხი ან ხუთი დღის სავალი. შექემი ხებრონის ჩრდილოეთით, სადღაც 80 კმ-ში მდებარეობდა. მაგრამ შექემში ჩასულმა იოსებმა გაიგო, რომ მისი ძმები დოთანში გადასულიყვნენ, რომელიც ჩრდილოეთით დაახლოებით კიდევ 22 კილომეტრის სავალზე იყო. დოთანში ჩასულ იოსებს ძმებმა შორიდანვე მოჰკრეს თვალი. სიძულვილმა პიკს მიაღწია. ბიბლიაში ვკითხულობთ: «ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ნახეთ, სიზმარა მოდის. მოდი მოვკლათ, ჭაში ჩავაგდოთ და ვთქვათ, რომ ნადირმა შეჭამა. მერე ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები“». მაგრამ რეუბენი არწმუნებდა თავის ძმებს, რომ ჭაში ჩაეგდოთ იოსები, რადგან ფიქრობდა, რომ მოგვიანებით დაიხსნიდა (დაბადება 37:19—22).

იოსებს ეგონა, რომ ძმები არაფერს დაუშავებდნენ და თამამად მიუახლოვდა მათ. მაგრამ ძმებმა მაშინვე ხელი სტაცეს, ძვირფასი მოსასხამი გახადეს, ამომშრალ ჭამდე მიათრიეს და შიგ ჩააგდეს. გონზე რომ მოვიდა, ჭიდან ამოსვლას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. ჭიდან მხოლოდ ცის ერთ ნაკუწს ხედავდა და ექოსავით ჩაესმოდა ძმების ხმები. ის შველას ითხოვდა, მაგრამ ყურს არავინ ათხოვებდა. ძმები კი ისხდნენ და უდარდელად შეექცეოდნენ საჭმელს. როგორც კი რეუბენი გაიგულეს, კვლავ მის მოკვლაზე დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ საქმეში უკვე იუდა ჩაერია  და დაარწმუნა ძმები, რომ ბიჭი გამვლელი ვაჭრებისთვის მიეყიდათ. დოთანი ეგვიპტისკენ მიმავალ სავაჭრო გზასთან ახლოს მდებარეობდა, მალე ისმაელელთა და მიდიანელთა ქარავანიც გამოჩნდა. საქმე რეუბენის მოსვლამდე მოათავეს. მათ 20 შეკელად გაყიდეს თავიანთი ძმა მონად * (დაბადება 37:23—28; 42:21).

იოსები მტკიცედ იცავდა იმას, რაც სწორი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ძმებმა შეიძულეს იგი

ახლა სტატიის დასაწყისში აღწერილ მოვლენას დავუბრუნდეთ. მას შემდეგ, რაც იოსები სამხრეთით, ეგვიპტისკენ მიმავალ გზას გაუყენეს, ისე ჩანდა, რომ მან ყველაფერი დაკარგა. ის სახლსა და ახლობლებს დააცილეს. წლების განმავლობაში არაფერი იცოდა თავისი ოჯახის წევრების შესახებ; არ იცოდა, როგორ გაბრაზდა რეუბენი, როცა უკან დაბრუნდა და დაინახა, რომ იოსები იქ აღარ იყო; არ იცოდა, როგორ გლოვობდა მამამისი, როცა დააჯერეს, რომ მისი საყვარელი შვილი მკვდარი იყო; არ იცოდა, როგორ იყო მისი ხანდაზმული პაპა, ისაკი, რომელიც ცოცხალი დატოვა. არაფერი იცოდა თავისი უმცროსი ძმის, ბენიამინის შესახებ, რომელიც ძალიან ენატრებოდა. მართლა ყველაფერი დაკარგა იოსებმა? (დაბადება 37:29—35).

იოსებს კვლავაც ჰქონდა რაღაც, რასაც ძმები ვერასოდეს წაართმევდნენ. ეს იყო რწმენა. ის კარგად იცნობდა თავის ღმერთს, იეჰოვას და მასთან ურთიერთობას ვერავინ და ვერაფერი წაართმევდა — ვერც სახლის დაკარგვა, ვერც ხანგრძლივი და აუტანელი მგზავრობა ეგვიპტეში და ვერც ის დამამცირებელი ფაქტი, რომ ეგვიპტეში მონად მიჰყიდეს ერთ მდიდარ კაცს, პოტიფარს (დაბადება 37:36). ასეთი განსაცდელები კიდევ უფრო აძლიერებდა იოსების რწმენას და მის გადაწყვეტილებას, არ ჩამოშორებოდა თავის ღმერთს. მომდევნო სტატიებიდან დავინახავთ, როგორ განადიდა თავისი რწმენით იოსებმა ღმერთი და როგორ დაეხმარა გასაჭირში მყოფ თავის ოჯახს. მართლაც, რა შესანიშნავი მისაბაძი მაგალითია იოსები ჩვენთვის!

^ აბზ. 15 ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ იოსების ძმებმა მამის მიერ იოსებისთვის გაკეთებული საჩუქარი იმის ნიშნად ჩათვალეს, რომ იაკობი პირმშოობის უფლებას მას მიანიჭებდა. მათ იცოდნენ, რომ იოსები პირველი შვილი იყო იაკობის საყვარელი ქალისა, რომელიც წესით მისი პირველი ცოლი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, იაკობის პირმშო რეუბენი მამამისის ხარჭასთან დაწვა, რითაც შეურაცხყო იაკობი და პირმშოობის უფლება დაკარგა (დაბადება 35:22; 49:3, 4).

^ აბზ. 25 თუნდაც ამ უმნიშვნელო დეტალშიც კი ჩანს ბიბლიის უტყუარობა. იმდროინდელი ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, რომ მონის საშუალო ღირებულება ეგვიპტეში 20 შეკელს შეადგენდა.

გაიგეთ მეტი

„როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება?“

როგორ გაუძლო იოსებმა ფოტიფარის ცოლის დაჟინებულ სურვილს, შეეცდინა იგი?