წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ივლისი 2014

 მთავარი თემა | რატომ ატყდება უბედურება კარგ ადამიანებს?

რას გააკეთებს ღმერთი უბედურებების აღმოსაფხვრელად?

რას გააკეთებს ღმერთი უბედურებების აღმოსაფხვრელად?

ბიბლია ნათლად გვიხსნის, თუ რას გააკეთებენ იეჰოვა და მისი ძე, იესო ქრისტე, ტანჯვის აღმოსაფხვრელად, რომელსაც სატანა ეშმაკი იწვევს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „შემცოდველი ეშმაკისგან არის, რადგან ეშმაკი დასაბამიდან სცოდავს. ღვთის ძე [იესო] სწორედ იმიტომ გამოჩნდა, რომ დაემსხვრია ეშმაკის საქმეები“ (1 იოანე 3:8). ქვეყნიერება, სადაც სიხარბე, სიძულვილი და ბოროტება ყვავის, წარსულს ჩაჰბარდება. იესო გვპირდება, რომ „ქვეყნიერების მმართველი“ . . . გარეთ განიდევნება“ (იოანე 12:31). დამყარდება ახალი სამართლიანი ქვეყნიერება, სადაც ადამიანები მშვიდად იცხოვრებენ და სატანა ვერ მოახდენს მათზე გავლენას (2 პეტრე 3:13).

რა შეიძლება ითქვას მათზე, ვინც ჯიუტად აგრძელებს ბოროტების ჩადენას და არ სურს ცხოვრების შეცვლა? დაფიქრდით ბიბლიაში ნათლად ჩაწერილ ღვთის ამ დაპირებაზე: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე, ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავები 2:21, 22). ბოროტი ადამიანები მეტად ვეღარ გაუმწარებენ სხვებს სიცოცხლეს. ასეთ მშვიდობიან პირობებში მორჩილი კაცობრიობა თანდათან გათავისუფლდება მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილებისგან (რომაელები 6:17, 18; 8:21).

როგორ მოხდება, რომ ახალ ქვეყნიერებაში ბოროტება აღარ იარსებებს? ცხადია, ღმერთი ნების თავისუფლებას არ წაართმევს ადამიანებს და მათ რობოტებად არ გადააქცევს. ღმერთი მორჩილ ადამიანებს თავის გზებს ასწავლის და დაეხმარება, ზურგი აქციონ თავიანთ არასწორ ფიქრებსა და მოქმედებებს.

ღმერთი ტანჯვის ყოველგვარ მიზეზს აღმოფხვრის

რას მოიმოქმედებს ღმერთი უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით? ღმერთი გვპირდება, რომ მალე ღვთის სამეფოს მმართველობა დედამიწაზეც გავრცელდება. ღმერთმა ამ სამეფოს მეფედ დანიშნა იესო ქრისტე, რომელსაც ავადმყოფების განკურნების ძალა შესწევს (მათე 14:14). იესოს ბუნების ძალების მართვაც შეუძლია (მარკოზი 4:35—41). აქედან გამომდინარე, „დრო და შემთხვევით“ გამოწვეული ტანჯვა ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა (ეკლესიასტე 9:11). ქრისტეს მმართველობის დროს არანაირი უბედურება აღარ მოხდება! (იგავები 1:33).

რის თქმა შეიძლება ტრაგიკულად დაღუპულ მილიონობით უდანაშაულო ადამიანზე? სანამ იესო თავის მეგობარ ლაზარეს მკვდრეთით აღადგენდა, შემდეგი სიტყვები თქვა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“ (იოანე 11:25). დიახ, იესოს ნამდვილად აქვს ძალა, მკვდრები აღადგინოს ანუ მათ სიცოცხლე დაუბრუნოს!

თუ მოგხიბლათ იმ აზრმა, რომ ახალ ქვეყნიერებაში კარგ ადამიანებს ცუდი აღარაფერი დაემართებათ, მიზნად დაისახეთ, მეტი გაიგოთ ჭეშმარიტი ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ. იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან, ასეთი ცოდნის მისაღებად მათთან ერთად შეისწავლოთ ბიბლია. გულთბილად გიწვევთ, დაუკავშირდეთ თქვენ მახლობლად მცხოვრებ მოწმეებს ან მისწეროთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.