წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი მაისი 2014

 მთავარი თემა

შეუძლია ვინმეს მომავლის განჭვრეტა?

შეუძლია ვინმეს მომავლის განჭვრეტა?

მომავალზე ყველა ვფიქრობთ. გვაინტერესებს, რა გველოდება წინ ჩვენ და ჩვენს საყვარელ ადამიანებს. ზოგჯერ ასეთი კითხვები გვებადება: იცხოვრებენ ჩემი შვილები უკეთეს გარემოში? განადგურდება დედამიწა? შემიძლია რამე შევცვალო, უკეთესი მომავალი რომ მქონდეს? ცნობისმოყვარეობა ჩვენი ბუნების განუყოფელი ნაწილია. ბუნებრივია, რომ გვსურს რაღაცაში დარწმუნება, გარკვევა, წესრიგი და სტაბილურობა. ზუსტად რომ ვიცოდეთ, რა მოხდება მომავალში, უკეთ მოვემზადებოდით როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად.

და მაინც, როგორი მომავალი გველის? შეუძლია ვინმეს ამის განსაზღვრა? ზოგჯერ ადამიანები სწორად წინასწარმეტყველებენ მომავალს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ისინი ცდებიან. მაგრამ ღმერთზე ნათქვამია, რომ მას ზუსტად შეუძლია მოვლენების განჭვრეტა. ბიბლიაში წერია, რომ ის „დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს და ძველი დროიდან იმას, რაც არ მომხდარა“ (ესაია 46:10). ნამდვილად სრულდება ღვთის სიტყვები?

რამდენად ზუსტია ღვთის წინასწარმეტყველებები?

რატომ უნდა გაინტერესებდეთ, ზუსტად შესრულდა თუ არა ღვთის მიერ ძველ დროში წარმოთქმული წინასწარმეტყველებები? ალბათ თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა სინოპტიკოსი, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ყოველდღე შეუცდომლად პროგნოზირებს ამინდს. აქედან გამომდინარე, მის მიერ გამოცხადებულ ხვალინდელი ამინდის პროგნოზსაც უეჭველად ენდობოდით. მსგავსად ამისა, თუ გაიგებდით, რომ ღვთის მიერ ნაწინასწარმეტყველები მოვლენები დიდი სიზუსტით შესრულდა, უდავოდ დაინტერესდებოდით, რას ამბობს ის თქვენს მომავალთან დაკავშირებით.

ძველი ნინევეს ნანგრევებში აღდგენილი კედელი

დიდი ქალაქის გაპარტახება:

ნამდვილად გმირობის ტოლფასია იმის ზუსტად წინასწარმეტყველება, რომ საუკუნეების განმავლობაში უძლეველი ქალაქი მალე მიწასთან გასწორდებოდა. ერთ-ერთი თავისი წარმომადგენლის მეშვეობით ღმერთმა სწორედ ასეთი რამ — ქალაქ ნინევეს გაპარტახება — იწინასწარმეტყველა (სოფონია 2:13—15). რას მოგვითხრობს ისტორიული ჩანაწერები?  ძვ. წ. მე-7 საუკუნეში, ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან სავარაუდოდ 15 წლის შემდეგ, ბაბილონელები და მიდიელები თავს დაესხნენ ნინევეს და გაანადგურეს. გარდა ამისა, ღმერთმა წინასწარ ისიც თქვა, რომ ნინევე უდაბნოსავით გახრიოკდებოდა. ესეც შესრულდა? დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის საერთო ფართობი 518 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, მტრებმა არ ისურვეს შემდგომში ამ ტერიტორიის გამოყენება, როგორც ამას ჩვეულებრივ დამპყრობლები აკეთებდნენ ხოლმე. ნაცვლად ამისა, მათ ქალაქი მთლიანად ააოხრეს და გაანადგურეს. რომელ ანალიტიკოსს შეეძლო ასე დეტალურად გაეთვალა ეს მოვლენები?

ადამიანთა ძვლები დაიწვება:

ვის შეეძლო 300 წლით ადრე გაეცხადებინა იმ კაცის ზუსტი სახელი და მოეხსენიებინა მისი წინაპარი, ვინც სამსხვერპლოზე დაწვავდა ადამიანთა ძვლებს და ამასთანავე, ეწინასწარმეტყველებინა იმ ქალაქის სახელი, სადაც ეს სამსხვერპლო იდგებოდა? და თუ ასეთი უჩვეულო წინასწარმეტყველება შესრულდებოდა, ეს უთუოდ სახელს გაუთქვამდა მის წარმომთქმელს. ღვთის ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ვაჟი შეეძინებოდა დავითის სახლს და იოშიას დაარქმევდნენ“. მან ისიც თქვა, რომ ის დაწვავდა ადამიანთა ძვლებს ქალაქ ბეთელში აღმართულ სამსხვერპლოზე (1 მეფეები 13:1, 2). ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან სამი საუკუნის შემდეგ დავითის საგვარეულო ხაზიდან გამეფდა კაცი, სახელად იოშია (იოშია არ იყო გავრცელებული ბიბლიური სახელი). სწორედ ისე, როგორც ნათქვამი იყო, იოშიამ „სამარხებიდან ძვლები ამოაღებინა და სამსხვერპლოზე დაწვა“, რომელიც ბეთელში იდგა (2 მეფეები 23:14—16). ვის შეეძლო ასეთი დეტალების წინასწარ გათვლა ზეადამიანური ხელმძღვანელობის გარეშე?

ბიბლიურ დროში მცხოვრებმა წინასწარმეტყველებმა ბაბილონის დაცემა გასაოცარი სიზუსტით იწინასწარმეტყველეს

იმპერიის დაცემა:

მართლაც სასწაული იქნებოდა, ვინმეს ზუსტად დაესახელებინა იმ კაცის სახელი, რომელიც დაამარცხებდა უძლეველ იმპერიას, და წინასწარ აღეწერა ბრძოლის უჩვეულო სტრატეგია, თანაც ეს ყველაფერი ამ კაცის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ეთქვა. ღმერთმა განაცხადა, რომ კაცი, სახელად კიროსი, დაიპყრობდა იმპერიას. იგივე კიროსი გაათავისუფლებდა იუდეველ ტყვეებს და ხელს შეუწყობდა მათ იერუსალიმის წმინდა ტაძრის აღდგენაში. გარდა ამისა, ღმერთმა ისიც თქვა, რომ კიროსის საბრძოლო სტრატეგიაში შევიდოდა მდინარეების დაშრობა. წინასწარმეტყველებაში ისიც იყო ნათქვამი, რომ ქალაქის კარიბჭეები ღია დარჩებოდა, რაც დამპყრობლებს გაუადვილებდა მის აღებას (ესაია 44:27—45:2). ზედმიწევნით შესრულდა ღვთის ნაწინასწარმეტყველები  ეს დეტალები? ისტორიკოსები ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ბაბილონი ნამდვილად კიროსმა დაიპყრო. კიროსის არმიამ საოცარ ტაქტიკას მიმართა. მათ ბაბილონის ერთ მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს, რათა წყლები ამომშრალიყო. კიდევ უფრო დიდი სასწაული ის იყო, რომ დამპყრობლები ქალაქში კარიბჭეებიდან შევიდნენ, რომლებიც ღია დარჩენოდათ. მოგვიანებით კიროსმა იუდეველი ხალხი ტყვეობიდან გაათავისუფლა და მათ იერუსალიმში თავიანთი ტაძრის აღდგენის ნება დართო. ესეც გასაკვირია, რადგან კიროსი არ იყო იუდეველთა ღმერთის თაყვანისმცემელი (ეზრა 1:1—3). განა ღმერთის გარდა შეეძლო ვინმეს ამ ისტორიული მოვლენების ასე დეტალურად წინასწარმეტყველება?

ჩვენ მხოლოდ სამი მაგალითი მოვიყვანეთ იმის საჩვენებლად, თუ რა სრულყოფილად წინასწარმეტყველებს ღმერთი მომავალს. ბიბლია სავსეა მსგავსი მაგალითებით. ერთხელ იუდეველთა წინამძღოლმა იესო ნავეს ძემ ფართო საზოგადოებას მათთვის კარგად ცნობილი ფაქტი შეახსენა: „კარგად იცით თქვენი გულითა და სულით, რომ არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ, ყველა შეგისრულდათ, არც ერთი არ გამტყუნებულა“ (იესო ნავეს ძე 23:1, 2, 14). იესო ნავეს ძის დროს მცხოვრებნი არ უარყოფდნენ იმ ფაქტს, რომ იეჰოვას დაპირებები და წინასწარმეტყველებები ზედმიწევნით სრულდებოდა. და მაინც, როგორ ხდება, რომ ღვთის სიტყვა ყოველთვის სრულდება? ღვთის გზები და ადამიანის გზები ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან. ამის ცოდნა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ღმერთმა ახლო მომავალთან დაკავშირებით სერიოზული წინასწარმეტყველებები წარმოთქვა, რაც პირადად თქვენც უსათუოდ შეგეხებათ.

ღვთიური და ადამიანური წინასწარმეტყველებები

ადამიანის მიერ ნაწინასწარმეტყველები მოვლენები ხშირად ეფუძნება მეცნიერულ კვლევებს, აგრეთვე არსებული ფაქტებისა და მიმდინარე პროცესების ანალიზს. ზოგი იმასაც აცხადებს, რომ ზებუნებრივი ხილვები აქვს. მაგრამ, თავიანთი პროგნოზების შემდეგ ისინი ჩვეულებრივ იმის მოლოდინში არიან ხოლმე, ახდება თუ არა მათი ნათქვამი (იგავები 27:1).

ადამიანებისგან განსხვავებით, ღმერთმა ყველა დეტალი იცის. მან ძალიან კარგად უწყის ადამიანის ბუნება. აქედან გამომდინარე, როდესაც ღმერთი რაღაცის გაკეთებას განიზრახავს, მას შეუძლია უშეცდომოდ განჭვრიტოს, როგორ მოიქცევიან არა მარტო ცალკეული ადამიანები, არამედ მთლიანობაში ერები. ღმერთს ამაზე მეტიც შეუძლია. მას ძალუძს, აკონტროლოს სიტუაცია და სასურველი შედეგის მისაღწევად მოვლენები სხვაგვარად წარმართოს. ის ამბობს: „ჩემი პირიდან გამოსული სიტყვა უშედეგოდ არ დამიბრუნდება, შეასრულებს იმას, რაც მსურს, და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ესაია 55:11). ამგვარად, ზოგჯერ ღმერთი წინასწარმეტყველებების მეშვეობით გვეუბნება იმას, რასაც მომავალში უსათუოდ გააკეთებს. ის გვარწმუნებს, რომ მისი ნათქვამი ზედმიწევნით შესრულდება.

თქვენი მომავალი

არსებობს რაიმე სანდო წინასწარმეტყველება, რომელიც პირადად თქვენი და თქვენი ახლობლების მომავალს ეხება? თუ გეცოდინებოდათ, რომ თქვენს ტერიტორიაზე ქარიშხალია მოსალოდნელი, ბუნებრივია, საჭირო ზომებს მიიღებდით გადასარჩენად. ბიბლიური წინასწარმეტყველების მიმართაც მსგავსი დამოკიდებულება გმართებთ. ღმერთმა წინასწარ გააცხადა, რომ მალე მთელ მსოფლიოში გრანდიოზულ ცვლილებებს მოახდენს (იხილეთ ჩარჩო „ რას გვიმჟღავნებს ღმერთი მომავალთან დაკავშირებით“). მომავალთან დაკავშირებული ღვთის წინასწარმეტყველება რადიკალურად განსხვავდება ეგრეთ წოდებულ წინასწარმეტყველთა პროგნოზებისგან.

შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობის ისტორიის სცენარი დაწერილია. თქვენ შეგიძლიათ ბიბლიური წინასწარმეტყველებების მეშვეობით გაიგოთ, როგორ დასრულდება სიუჟეტი. ბიბლიაში ღმერთზე ნათქვამია, რომ ის „დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს“. იეჰოვა ამბობს: „შესრულდება ჩემი გადაწყვეტილება და გავაკეთებ ყველაფერს, რაც მსურს“ (ესაია 46:10). ღმერთი საუცხოო მომავალს გვპირდება. თქვენი და თქვენი ოჯახის მომავალი თქვენს ხელშია. ჰკითხეთ იეჰოვას მოწმეებს, რას ამბობს ბიბლია მომავალთან დაკავშირებით. იეჰოვას მოწმეები ნათელმხილველები არ არიან, ისინი არც იმას ამბობენ, რომ ზებუნებრივი ხილვები აქვთ და არც იმას, რომ წინასწარმეტყველების განსაკუთრებულ უნარს ფლობენ. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც გულმოდგინედ სწავლობენ ბიბლიას. მათ შეუძლიათ ბიბლიაში გაჩვენონ, თუ რას აკეთებს ღმერთი თქვენი მომავლისთვის.