არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  აპრილი 2014

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

როგორი იყო მონის ცხოვრება რომის იმპერიაში?

მონის საყელური რომში

დაპყრობითი ომებისა და ადამიანთა გატაცებების შედეგად რომის იმპერიაში უამრავი ადამიანი ხდებოდა მონა. დატყვევებულებს მონებად ყიდდნენ. ისინი ვეღარასოდეს უბრუნდებოდნენ თავიანთ ოჯახებს.

ბევრი მონა სიკვდილამდე მაღაროში მუშაობდა. ზოგს უკეთესი ხვედრი ხვდებოდა წილად და მიწას ამუშავებდა და სახლის საქმეებს ასრულებდა. ზოგ მონას იძულებით უკეთებდნენ რკინის საყელურს, რომელზეც მიმაგრებული იყო რკინის ფირფიტა. ფირფიტაზე ეწერა, რომ, ვინც გაქცეულ მონას პატრონს დაუბრუნებდა, დაჯილდოვდებოდა. მონას, რომელიც რამდენჯერმე ეცდებოდა გაქცევას, შუბლზე დაღს ასვამდნენ F-ის გამოსახულებით, რაც ნიშნავდა „ფუგიტივუს“-ს (გაქცეულს).

ბიბლიის წიგნი „ფილიმონი“ მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ მოციქულმა პავლემ როგორ დაუბრუნა გაქცეული მონა, სახელად ონისიმე, თავის პატრონს, ფილიმონს. მართალია, ფილიმონს კანონიერი უფლება ჰქონდა ონისიმე მკაცრად დაესაჯა, მაგრამ პავლემ სთხოვა, მისი ხათრით ის გულთბილად მიეღო (ფილიმონი 10, 11, 15—18).

რატომ იყო განთქმული ძველი ფინიკია ძოწისფერი საღებავით?

ფინიკია, რომელიც დღევანდელი ლიბანის ტერიტორიაზე მდებარეობდა, განთქმული იყო ტვიროსული ძოწისფერი საღებავით (სახელი მომდინარეობს ქალაქ ტვიროსიდან). ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა ღვთის ტაძარი მორთო „მოშინდისფრო შალის“ ქსოვილებით, რომელიც ტვიროსელი ხელოსნების მიერ იყო დამზადებული (2 მატიანე 2:13, 14).

ტვიროსული ძოწისფერი საღებავი იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებულ საღებავად ითვლებოდა, უმეტესწილად იმიტომ, რომ მისი დამზადება დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული. პირველ რიგში, მეთევზეებს ზღვაში დიდი რაოდენობით მურექსის მოლუსკი * უნდა შეეგროვებინათ, რადგან ერთი ტანსაცმლის შესაღებად დაახლოებით 12 000 მოლუსკი იყო საჭირო. შემდეგ მოლუსკები ნიჟარებიდან უნდა გამოეყვანათ და მათი ჯირკვლებიდან საღებავი გამოეწურათ. მიღებულ მასას აყრიდნენ მარილს და ღია ცის ქვეშ, მზეზე ტოვებდნენ სამი დღის განმავლობაში. ბოლოს მას თავდახურულ ჭურჭელში ათავსებდნენ და ზღვის წყალთან ერთად დაბალ ცეცხლზე რამდენიმე დღე ხარშავდნენ.

სავაჭრო ურთიერთობების წყალობით და კოლონიების დაარსებით, ფინიკიელები საუკუნეების განმავლობაში ამზადებდნენ და ყიდდნენ ტვიროსულ ძოწისფერ საღებავს. ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ტერიტორიასა და შორეული დასავლეთით, კადისის (ესპანეთი) მახლობლად აღმოჩენილ იქნა ტვიროსული საღებავით შეღებილი რელიკვიები.

^ აბზ. 8 მოლუსკის ნიჟარები სიგრძით 5—8 სმ-ია.