არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი აპრილი 2014

 ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ისინი ყველა ჩემს კითხვას ბიბლიიდან პასუხობდნენ

ისინი ყველა ჩემს კითხვას ბიბლიიდან პასუხობდნენ
  • დაბადების წელი: 1950

  • ქვეყანა: ესპანეთი

  • წარსულში: კათოლიკე მონაზონი

მოკლე ბიოგრაფია:

იმ დროს, როცა მე დავიბადე, ჩემი მშობლები ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე მიყრუებულ სოფელ გალიციაში ცხოვრობდნენ. ისინი მიწათმოქმედებას მისდევდნენ. რვა დედმამიშვილიდან მე მეოთხე ვიყავი. ჩვენს ოჯახში სითბო და სიყვარული სუფევდა. იმ დროს ესპანეთში მიღებული იყო, რომ ოჯახში სულ მცირე ერთ ბავშვს სასულიერო სემინარიაში ან ქალთა მონასტერში ესწავლა. ჩვენს სახლში სამმა გადავდგით ეს ნაბიჯი.

13 წლის ვიყავი, როდესაც მადრიდის ქალთა მონასტერში წავედი, სადაც ჩემი უფროსი და სწავლობდა. იქ ურთიერთობები ცივი და ოფიციალური იყო. ცნება „მეგობრობა“ არ არსებობდა, მთავარი იყო წესების დაცვა და ლოცვა; ყველგან სიმკაცრე იგრძნობოდა. დილით ადრე სამლოცველოში ვიკრიბებოდით, რომ გვეფიქრა, თუმცა ხშირად არაფერზე არ შემეძლო ფიქრი. შემდეგ რელიგიურ სიმღერებს ვმღეროდით და მესას ვესწრებოდით. ეს ყველაფერი ლათინურ ენაზე მიმდინარეობდა. ფაქტობრივად, არაფერი მესმოდა და ვფიქრობდი, რომ ღმერთი ჩემგან ძალიან შორს იყო. დღეები სამარისებურ სიჩუმეში გადიოდა. მაშინაც კი, როცა საკუთარ დას ვხვდებოდი, ერთმანეთს მხოლოდ ამ სიტყვებს ვეუბნებოდით: „გიხაროდენ, წმინდაო მარიამ“. ერთმანეთთან სასაუბროდ მხოლოდ ნახევარი საათი გვქონდა ჭამის შემდეგ. როგორ განსხვავდებოდა აქაურობა ჩემი თბილი ოჯახისგან! თავს მიტოვებულად ვგრძნობდი და ხშირად ვტიროდი.

არასდროს მიგრძნია თავი ღმერთთან ახლოს, მაგრამ 17 წლის ასაკში მაინც გავხდი მონაზონი. უბრალოდ, გავაკეთე ის, რასაც ჩემგან მოელოდნენ, მაგრამ მალე დავეჭვდი, იყო თუ არა ეს ნამდვილად ჩემი მოწოდება. მონაზვნები ამბობდნენ, რომ ვისაც ასეთი ეჭვები აწუხებდა, ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებოდა. მაგრამ მე ეჭვები მაინც მღრღნიდა. ვიცოდი, რომ იესო განდეგილივით არ ცხოვრობდა, ის სხვებს ასწავლიდა და ეხმარებოდა (მათე 4:23—25). 20 წლის ასაკში უკვე ვერანაირ საფუძვლიან მიზეზს ვერ ვხედავდი, რომ მონაზვნად მემსახურა. ჩემდა გასაკვირად, დედაომ მითხრა, რომ თუ ეჭვები მქონდა, ჯობდა, რაც შეიძლება სწრაფად დამეტოვებინა იქაურობა. ჩემი აზრით, ეშინოდა, სხვებზე არ მომეხდინა გავლენა. ასე წამოვედი ქალთა მონასტრიდან.

 სახლში რომ დავბრუნდი, ჩემს გადაწყვეტილებას მშობლები გაგებით მოეკიდნენ. სოფელში არანაირი სამუშაო არ იყო, ამიტომ გერმანიაში წავედი, სადაც ჩემი ძმა ცხოვრობდა. ის ესპანელი ემიგრანტებისგან შემდგარი კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი იყო. თავი ძალიან კარგად ვიგრძენი იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იბრძოდნენ მუშათა უფლებებისა და ქალთა თანასწორუფლებიანობისთვის. ასე რომ, მეც კომუნისტი გავხდი და მოგვიანებით ცოლად გავყევი ამავე პარტიის წევრს. ვფიქრობდი, რომ კარგ საქმეს ვაკეთებდი, რადგან კომუნისტურ ლიტერატურას ვავრცელებდი და საპროტესტო აქციებში ვმონაწილეობდი.

დროთა განმავლობაში ისევ გული გამიტყდა. ვხედავდი, რომ კომუნისტები ხშირად ვერ აკეთებდნენ იმას, რისკენაც სხვებს მოუწოდებდნენ. ეჭვები კიდევ უფრო გამიძლიერდა, როცა 1971 წელს ჩვენი პარტიის რამდენიმე ახალგაზრდა აქტივისტმა ფრანკფურტში ესპანეთის საკონსულო დაწვა. ამით მათ პროტესტი გამოხატეს ესპანეთში არსებული დიქტატორული რეჟიმისა და უსამართლობის წინააღმდეგ. მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ იყო სწორი ფორმა აღშფოთებისა და უკმაყოფილების გამოსახატავად.

როდესაც პირველი შვილი შეგვეძინა, მეუღლეს ვუთხარი, რომ მეტად ვეღარ დავესწრებოდი კომუნისტების შეკრებებს. თავს ეულად ვგრძნობდი, რადგან არც ერთი მეგობარი არ მოსულა ჩემი და ჩემი ბავშვის სანახავად. ვფიქრობდი, ჰქონდა თუ არა სიცოცხლეს აზრი. ღირდა თუ არა საერთოდ ბრძოლა ხალხის მდგომარეობის გამოსასწორებლად?

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

1976 წელს ერთმა ესპანელმა ცოლ-ქმარმა კარზე მოგვიკაკუნა და ბიბლიური ლიტერატურა შემოგვთავაზა. მათი პუბლიკაციები სიამოვნებით ავიღე. მეორედ რომ მოვიდნენ, კითხვები დავაყარე, თუ რატომ არსებობდა ტანჯვა, უთანასწორობა და უსამართლობა. გაოცებული დავრჩი, როდესაც მათ ყველა ჩემს კითხვას ბიბლიიდან უპასუხეს. სიამოვნებით დავთანხმდი ბიბლიის შესწავლაზე.

თავიდან მხოლოდ თეორიულ ცოდნას ვიღებდი. მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მე და ჩემმა მეუღლემ იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე დავიწყეთ სიარული. იმ დროს უკვე ორი შვილი გვყავდა. მოწმეებს სამეფო დარბაზში მანქანით მივყავდით და კრების მსვლელობის დროს ჩვენს ბავშვებზე ზრუნავდნენ. ამ ხალხის მიმართ თბილი გრძნობები გამიჩნდა.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მათ სწავლებაში ეჭვი მეპარებოდა. ერთხელაც ჩემი მშობლების მოსანახულებლად ესპანეთში გადავწყვიტე წასვლა. ბიძაჩემი, რომელიც მღვდელი იყო, ყველანაირად შეეცადა, ბიბლიის შესწავლა შემეწყვიტა. მაგრამ იქ მცხოვრები მოწმეები გვერდში ამომიდგნენ. ისინი ჩემს შეკითხვებს ბიბლიიდან პასუხობდნენ, ისე როგორც ამას გერმანიაში მცხოვრები მოწმეები აკეთებდნენ. გადავწყვიტე, გერმანიაში დაბრუნებისთანავე განმეახლებინა ბიბლიის შესწავლა. მართალია ჩემმა ქმარმა უარი თქვა ბიბლიის შესწავლის გაგრძელებაზე, მაგრამ მე ჩემი გადაწყვეტილების ერთგული დავრჩი. 1978 წელს მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი.

კურთხევები:

ბიბლიური ჭეშმარიტების ზუსტმა ცოდნამ ჩემს ცხოვრებას აზრი შესძინა და სწორი მიმართულება მისცა. მაგალითად, 1 პეტრე 3:1—4 მოუწოდებს ცოლებს, დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს, პატივი სცენ მათ და გამოავლინონ ღვთის თვალში ძალიან ძვირფასი თვისება, რბილი ხასიათი. ასეთი პრინციპების გათვალისწინება მეხმარება, ვიყო კარგი ცოლი და დედა.

35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმე გავხდი. ბედნიერი ვარ, რომ ერთ ოჯახად გაერთიანებულ სულიერ და-ძმებთან ერთად ვემსახურები ღმერთს. ძალიან მახარებს ისიც, რომ ხუთი შვილიდან ოთხი ჩემ მსგავსად იეჰოვა ღმერთს ემსახურება.