წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი თებერვალი 2014

 მკითხველები გვეკითხებიან

რატომ უშვებს ღმერთი, რომ ძლიერებმა დაჩაგრონ სუსტები?

რატომ უშვებს ღმერთი, რომ ძლიერებმა დაჩაგრონ სუსტები?

ბიბლიაში ჩაწერილია ძლიერების მიერ სუსტების ჩაგვრის რამდენიმე სამწუხარო შემთხვევა. ერთი ასეთი ადამიანი, რომელიც ჩაგვრის მსხვერპლი გახდა, ნაბოთი იყო. * ძვ. წ. მე-10 საუკუნეში ისრაელის მეფე ახაბმა ნება დართო თავის ცოლს, იზებელს, ნაბოთი და მისი ვაჟები დაეხოცა, რათა ნაბოთის ვენახს დაპატრონებოდა (1 მეფეები 21:1—16; 2 მეფეები 9:26). რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ძალაუფლება ასე ბოროტად გამოეყენებინათ?

ღმერთმა „შეუძლებელია იცრუოს“ (ტიტე 1:2).

მოდით, დავფიქრდეთ ბიბლიაში ჩაწერილ მნიშვნელოვან სიტყვებზე: „შეუძლებელია [ღმერთმა] იცრუოს“ (ტიტე 1:2). რა საერთო აქვს ამას ჩაგვრასთან? კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ღმერთმა პირველი ადამიანები გააფრთხილა, რომ მისადმი დაუმორჩილებლობა სავალალო შედეგს — სიკვდილს — მოიტანდა. ღმერთი მართალი აღმოჩნდა, რადგან ედემის ბაღში მომხდარი ამბოხების შემდეგ ადამიანები კვდებიან. პირველი ადამიანი, რომელიც მოკვდა, ჩაგვრას ემსხვერპლა. ეს მაშინ მოხდა, როცა კაენმა თავისი ძმა, აბელი, მოკლა (დაბადება 2:16, 17; 4:8).

იმ დღიდან მოყოლებული ჩაგვრა კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). დამტკიცდა ამ სიტყვების ჭეშმარიტება? იეჰოვამ ისრაელი ერი, თავისი ხალხი, გააფრთხილა, რომ მათი მეფეები მათ დაჩაგრავდნენ, რის გამოც ხალხი შველას ღმერთს შესთხოვდა (1 სამუელი 8:11—18). ბრძენი მეფე სოლომონიც კი ჩაგრავდა ხალხს, რადგან მათ მძიმე უღელს ადგამდა (1 მეფეები 11:43; 12:3, 4). ახაბის მსგავსი ბოროტი მეფეები უფრო დაუნდობლად ჩაგრავდნენ თავიანთ ქვეშევრდომებს. დავფიქრდეთ: თუ ღმერთი ხალხზე ბატონობას არ დაუშვებდა, განა მატყუარა არ გამოვიდოდა?

„კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9).

არც სატანის განაცხადი უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითქოს ადამიანები ღმერთს ეგოისტური მიზნებით ემსახურებიან (იობი 1:9, 10; 2:4). თუ ღმერთი ყველა თავის მსახურს ყოველგვარი ჩაგვრისგან დაიხსნიდა, განა სატანის სიტყვები არ გამართლდებოდა? და თუ ღმერთი ყველა ადამიანს ააცილებდა ჩაგვრას, განა ის უფრო დიდ ტყუილზე არ იქნებოდა პასუხისმგებელი? ამგვარად, დაცული ადამიანების უმრავლესობა უსათუოდ დაასკვნიდა, რომ ღვთის დახმარების გარეშეც შესანიშნავად შეეძლოთ საკუთარი თავის მართვა. მაგრამ ღვთის სიტყვა სრულიად საპირისპიროს ამბობს, რომ ადამიანს არ ძალუძს საკუთარი თავის მართვა (იერემია 10:23). დედამიწაზე ღვთის სამეფო უნდა დამყარდეს. მხოლოდ მაშინ დასრულდება უსამართლობა.

ნიშნავს ეს იმას, რომ ღმერთი დღეს არაფერს აკეთებს ჩაგვრის მოსასპობად? ნამდვილად, არა. დავფიქრდეთ ორ რამეზე: პირველი, ღმერთი გვიმხელს, თუ რატომ ხდება ჩაგვრა. მაგალითად, მისი სიტყვა ააშკარავებს ნაბოთის წინააღმდეგ იზებელის მიერ შემუშავებული მზაკვრული გეგმის ყველა დეტალს. ბიბლია შემდგომ გვიხსნის, რომ ასეთი ბოროტი საქმეების მიღმა დგას ძლიერი მმართველი, რომელიც მალავს თავის ვინაობას (იოანე 14:30; 2 კორინთელები 11:14). ბიბლია მას სატანა ეშმაკს უწოდებს. იმის ცოდნა, თუ ვინ დგას ბოროტებისა და ჩაგვრის უკან, გვეხმარება, თავი შევიკავოთ ბოროტი საქმეებისგან. ამგვარად, ღმერთი გვაძლევს მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობას.

მეორე, ღმერთი მტკიცე იმედს გვაძლევს, რომ ბოლოს მოუღებს ჩაგვრას. ის, რომ ღმერთმა ამხილა, გაასამართლა და დასაჯა ახაბი და იზებელი, და მათ მსგავსად ბევრი ბოროტი ადამიანი, რწმენას გვიმტკიცებს, რომ ერთ დღესაც ღმერთი მოსპობს ყველა ბოროტს (ფსალმუნი 52:1—5). ის იმის მტკიცე იმედსაც გვაძლევს, რომ თავის მოყვარულთათვის ბოროტების ყოველგვარ კვალს წაშლის. * ერთგული ნაბოთი და მისი ვაჟები დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლით დატკბებიან, სადაც აღარ იქნება ჩაგვრა (ფსალმუნი 37:34).

^ აბზ. 3 იხილეთ ამავე ჟურნალში დაბეჭდილი სტატია „მიჰბაძეთ მათ რწმენას“.

^ აბზ. 8 იხილეთ მე-11 თავი წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.