წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი თებერვალი 2014

 მთავარი თემა

ომი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ომი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ზუსტად საუკუნის წინ მილიონობით ახალგაზრდა კაცმა ოჯახი დატოვა და ომში წავიდა. პატრიოტული სულისკვეთებით აღძრულნი დიდი ხალისით მიემართებოდნენ საბრძოლველად. „ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ იმ საოცარი მომავლის გამო, რაც წინ გველის“, — აღნიშნა ერთმა ამერიკელმა მოხალისემ 1914 წელს.

მაგრამ მალე ამ მამაკაცებს სიხარული მწუხარებად ექცათ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მილიონობით ჯარისკაცს წლების განმავლობაში მოუწევდა ბრძოლა ბელგიასა და საფრანგეთში. მაშინ ხალხმა ამ ომს „დიდი ომი“ უწოდა. ისტორიაში ის პირველი მსოფლიო ომის სახელით შევიდა.

პირველ მსოფლიო ომს დიდი იმიტომ უწოდეს, რომ მან არაერთი დიდი უბედურება მოიტანა. ზოგიერთი გამოთვლის თანახმად, ომმა დაახლოებით 10  მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 20 მილიონი დაასახიჩრა. დიდი კიდევ იმიტომ ეწოდა, რომ ეს ომი გამოიწვია დიდმა შეცდომებმა. ევროპელმა სახელმწიფო ლიდერებმა ვერ შეძლეს საერთაშორისო დაძაბულობის შეჩერება, რაც გადაიზარდა გლობალურ კონფლიქტში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „დიდმა ომმა“, დიდი, მოუშუშებელი ჭრილობები დატოვა. მან იმდენად შეცვალა მსოფლიო, რომ შედეგები დღემდე იგრძნობა.

 შეცდომები, რომლებმაც ხალხს ნდობა დაუკარგა

პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი არასწორი გათვლები გახდა. ევროპელი ლიდერები „მთვარეულებივით მოიქცნენ. მათი მოულოდნელი წაბორძიკება 1914 წლის ზაფხულის ერთ მშვიდ დღეს საბედისწერო აღმოჩნდა“, — აღნიშნულია ერთ წიგნში (Fall of the Dynasties—The Collapse of the Old Order 1905-1922).

ავსტრიის ერცჰერცოგის მკვლელობიდან რამდენიმე კვირაში ევროპის უდიდესი სამხედრო ძალები თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ ომში ჩაებნენ. „როგორ მოხდა ეს?“, — ჰკითხეს გერმანიის კანცლერს ომის დაწყებიდან ორიოდე დღის შემდეგ. „ოჰ, ნეტა ვინმემ იცოდეს“, — სინანულით თქვა კანცლერმა.

პოლიტიკოსებს, რომელთა საბედისწერო გადაწყვეტილებებს ომი მოჰყვა, ოდნავი წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ შედეგებზე. მაგრამ სანგარში მყოფი ჯარისკაცები მალე მიხვდნენ ომის საშინელებას. მათ დაინახეს, რომ სახელმწიფო ლიდერებმა იმედები გაუმტყუნეს, რელიგიურმა წინამძღოლებმა მოატყუეს, გენერლებმა კი უღალატეს.

სახელმწიფო ლიდერებმა მათ იმედები გაუმტყუნეს, რელიგიურმა წინამძღოლებმა მოატყუეს, გენერლებმა კი უღალატეს

სახელმწიფო ლიდერები აცხადებდნენ, რომ ომი გზას გახსნიდა ახალი და უკეთესი მსოფლიოსკენ. გერმანიის კანცლერი აცხადებდა: „ჩვენ ვიბრძვით, რომ მოვიმკათ მშვიდობიანი შრომის ნაყოფი, დავიცვათ ჩვენი დიდებული წარსულის მემკვიდრეობა და გვქონდეს უკეთესი მომავალი!“. ამერიკის პრეზიდენტი ვუდრო უილსონი მხარს უჭერდა დამაიმედებელ, პოპულარულ სლოგანს, რომ ომი „მსოფლიო დემოკრატიას მოიტანდა“. ბრიტანელი ხალხი კი ფიქრობდა, რომ ეს ომი იქნებოდა „ყველა ომის დასასრული“. სამწუხაროდ, ისინი მწარედ ცდებოდნენ.

სამღვდელოება აქტიურად უჭერდა ომს მხარს. „ღვთის სიტყვის ეგრეთ წოდებული დამცველები ხალხს ომში წასვლისკენ მოუწოდებდნენ. ტოტალურ ომს ტოტალური სიძულვილი მოჰყვა“, — აღნიშნული იყო ერთ ისტორიულ წიგნში (The Columbia History of the World). სამღვდელოება სიძულვილს აღვივებდა, ნაცვლად იმისა, რომ როგორღაც ჩაეხშო ის. „სამღვდელოებას არ შეეძლო და ფაქტობრივად უმრავლესობას სურვილიც არ ჰქონდა, რომ ქრისტიანობა პატრიოტიზმზე წინ დაეყენებინა, — ვკითხულობთ იმავე წიგნში. — ბევრი უფრო ადვილ გამოსავალს ეძებდა და ქრისტიანობას პატრიოტიზმთან აიგივებდა. ყველა აღმსარებლობის ქრისტიან ჯარისკაცებს მოუწოდებდნენ, ღვთის სახელით ერთმანეთი დაეხოცათ“.

გენერლები ჯარისკაცებს აიმედებდნენ, რომ სწრაფად და ადვილად მოიპოვებდნენ გამარჯვებას, რაც ნამდვილად არ მომხდარა ასე. მალე დაპირისპირებული ძალები ჩიხში მოექცნენ. მილიონობით ჯარისკაცმა, როგორც ერთი ისტორიკოსი წერდა, „უსაშინლესი ემოციური და ფიზიკური ტრავმა მიიღო“. დიდი დანაკარგის მიუხედავად, გენერლები ჯარისკაცებს აიძულებდნენ მავთულხლართებზე გადასვლას და ტყვიამფრქვევების პირისპირ ბრძოლას. გასაკვირი არ არის, რომ ყველგან მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ეწყობოდა.

როგორ იმოქმედა საზოგადოებაზე პირველმა მსოფლიო ომმა? ერთ ისტორიულ ნაშრომში მოყვანილია ერთი ვეტერანის სიტყვები: „ომმა . . . თაობებს აზროვნება და ქცევები დაუმახინჯა“. მართლაც, ომმა იმპერიები დაშალა. ამ ტრაგიკული კონფლიქტით დაიწყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი საუკუნე. რევოლუციები და მუშათა გამოსვლები თითქმის უკვე ყველგან ხდებოდა.

რატომ დააყენა ომმა თავდაყირა მთელი მსოფლიო? ამხელა უბედურება მხოლოდ შემთხვევითობა იყო? გვიმჟღავნებს ამ კითხვებზე პასუხები რამეს ჩვენს მომავალზე?