არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი იანვარი 2014

 ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

„იეჰოვას არ დავვიწყებივარ“

„იეჰოვას არ დავვიწყებივარ“
  • დაბადების წელი: 1922

  • ქვეყანა: ესპანეთი

  • წარსულში: კატეხიზმოს მასწავლებელი

მოკლე ბიოგრაფია:

დავიბადე ბილბაოში (ჩრდილოეთი ესპანეთი) საშუალო ფენის ოჯახში. ოთხი დედმამიშვილიდან მეორე ვიყავი. ჩემი ოჯახის წევრები გულმოდგინე კათოლიკეები იყვნენ და მეც ყოველდღე დავდიოდი მესაზე. 23 წლის ასაკში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ჩემი პროფესია ძალიან მიყვარდა, მას 40 წელი მივუძღვენი. მეამაყებოდა, რომ სხვა საგნებთან ერთად კათოლიკურ რელიგიასაც ვასწავლიდი. საღამოობით გოგონებს ვუხსნიდი, როგორ მიეღოთ პირველი ზიარება.

ბედნიერ ქორწინებაში გატარებული 12 წლის შემდეგ დავქვრივდი და ოთხი ქალიშვილის აღზრდა მარტოს მომიწია. მაშინ მხოლოდ 33 წლის ვიყავი. ვცდილობდი, ნუგეში ჩემს რელიგიაში მეპოვა, მაგრამ კითხვები მოსვენებას არ მაძლევდა. მაინტერესებდა, რატომ კვდებიან ადამიანები, თუ იესომ გამოგვისყიდა? რატომ ვლოცულობთ ღვთის სამეფოს მოსვლაზე, თუ ადამიანები ისედაც ზეცაში მიდიან? ამ ყველაფერთან ერთად ვფიქრობდი: თუ უკვე სიკვდილი ღვთის განაჩენია, მაშინ რა საჭიროა ზეცაში ასვლა, განსაწმენდელი ან ჯოჯოხეთი?

ეს კითხვები დავუსვი რამდენიმე მღვდელს. ერთ-ერთმა მათგანმა მიპასუხა: „არ ვიცი. ეპისკოპოსს ჰკითხე. ამის ცოდნას რა მნიშვნელობა აქვს? ხომ გწამს ღმერთის? ეს საკმარისი არ არის?“. მაგრამ მე ძიებას არ ვწყვეტდი. მოგვიანებით დავესწარი იეზუიტების, ორმოცდაათიანელების და გნოსტიკოსების შეხვედრებს, მაგრამ ვერსად ვერ მივიღე დამაკმაყოფილებელი პასუხები ჩემს კითხვებზე.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

60 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა მოსწავლემ, 7 წლის გოგონამ იეჰოვას მოწმეების შეხვედრაზე დამპატიჟა. ძალიან მომეწონა რაც იქ დავინახე და მოვისმინე, მაგრამ გადატვირთული გრაფიკის გამო იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობის გაგრძელება ვერ შევძელი. ორი წლის შემდეგ კარზე იეჰოვას მოწმე წყვილმა, ჟუანმა და მაიტამ, დამიკაკუნა. სამი თვის განმავლობაში კითხვებს ვუსვამდი და ისინიც მპასუხობდნენ, ბოლოს ბიბლიის შესწავლა დავიწყე.

ყოველ შეხვედრას სულმოუთქმელად ველოდი. ყველაფერს დაწვრილებით ვიკვლევდი და ბიბლიის სამ თარგმანს ვიყენებდი, რომ დავრწმუნებულიყავი, ჭეშმარიტებას ასწავლიდნენ  თუ არა იეჰოვას მოწმეები. მალე მივხვდი, რომ ათწლეულების მანძილზე სულიერ სიბნელეში ვიმყოფებოდი. ძალიან აღვშფოთდი, როცა გავიგე, თუ რამხელა სხვაობა იყო ჩემს რწმენასა და ბიბლიურ სწავლებებს შორის. თუმცა ჩემში იმდენად ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული ჩემს რწმენას, რომ მიჭირდა მისი ამოძირკვა და ამას ძალიან განვიცდიდი.

ვიცოდი, რომ განძი უკვე ნაპოვნი მქონდა

მოგვიანებით ჩემი მეორე ქმარიც ავად გახდა და გარდაიცვალა. იმ პერიოდში პენსიაზე გავედი და ბილბაოდანაც დროებით წავედი. ჟუანი და მაიტაც საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ. სამწუხაროდ, ბიბლიის შესწავლა ვეღარ გავაგრძელე. მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ განძი უკვე ნაპოვნი მქონდა და ეს ყოველთვის მახსოვდა.

20 წლის შემდეგ, როდესაც უკვე 82 წლის ვიყავი, ჟუანი და მაიტა ბილბაოში დაბრუნდნენ და კვლავ მომაკითხეს. ძალიან გამახარა მათმა დანახვამ. მივხვდი, რომ იეჰოვას არ დავვიწყებივარ და შესწავლა განვაახლე. ჟუანსა და მაიტას ერთსა და იმავე კითხვებს გაუთავებლად ვუსვამდი და ისინიც მოთმინებით მპასუხობდნენ. კვლავ და კვლავ მჭირდებოდა ბიბლიური არგუმენტების მოსმენა, რომ ბოლომდე ამომეძირკვა ჩემში ღრმად გამჯდარი ძველი რწმენა. ამასთანავე მინდოდა დავხელოვნებულიყავი, რომ კარგად შემძლებოდა ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების ახსნა.

87 წლის ასაკში იეჰოვას მოწმეების კონგრესზე მოვინათლე. ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო. როდესაც ნათლობის მსურველთათვის ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენება წაგვიკითხეს, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პირდაპირ იეჰოვა მელაპარაკებოდა. მონათვლის შემდეგ ბევრი მოწმე მოდიოდა და მილოცავდა, უმეტესობა მათგანს არც კი ვიცნობდი.

კურთხევები:

ყოველთვის ვიცოდი, რომ იესო ქრისტე იყო „გზა“ (იოანე 14:6). მაგრამ ბიბლიის შესწავლის წყალობით გავიცანი იეჰოვა, ვისკენაც იესო მიგვიძღვის. ახლა უკვე ღმერთს ლოცვაში ვესაუბრები, როგორც ძვირფას მამას და მეგობარს. ჩემზე ღრმა კვალი დატოვა წიგნმა „დაუახლოვდი იეჰოვას“ *. ეს წიგნი ერთ ღამეში წავიკითხე. ძალიან იმოქმედა იმის გაგებამ, რომ იეჰოვა გულმოწყალეა.

როცა ვფიქრობ იმაზე, თუ რამდენ ხანს ვეძებდი ჭეშმარიტებას, მახსენდება იესოს სიტყვები: „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ“ (მათე 7:7). დღეს უკვე ვიპოვე იმ კითხვებზე პასუხები, რომლებსაც ამდენი ხანი ვეძებდი და ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ამაზე სხვებსაც ვესაუბრო.

მართალია, 90 წლისა ვარ, მაგრამ სულიერად ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. თითოეული კრების შეხვედრა, რომელსაც სამეფო დარბაზში ვესწრები, ჩემთვის განსაკუთრებულია. ერთი მხრივ იმიტომ, რომ ძვირფას ცოდნას ვიძენ და მეორე იმიტომ, რომ მეძლევა საყვარელ და-ძმებთან ურთიერთობის საშუალება. ძალიან მინდა, კვლავ დავუბრუნდე მასწავლებლის პროფესიას დაპირებულ სამოთხეში დედამიწაზე (გამოცხადება 21:3, 4). მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც კვლავ შევხვდები საყვარელ გარდაცვლილებს, რომ მათაც ვესაუბრო ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე (საქმეები 24:15). ერთი სული მაქვს, მათ მოვუყვე, თუ რა ძვირფასი საჩუქარი გამიკეთა იეჰოვამ სიბერეში.

^ აბზ. 15 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.