არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  იანვარი 2014

 მთავარი თემა | სიკვდილით მთავრდება ყველაფერი?

ბრძოლა სიკვდილის დასამარცხებლად

ბრძოლა სიკვდილის დასამარცხებლად

იმპერატორი ცინ შიხუანდი

მეზღვაური და მკვლევარი ხუან პონსე დე ლეონი

სიკვდილი საშინელი მტერია, რომელსაც მთელი ძალით ვებრძვით. როდესაც საყვარელი ადამიანი გვიკვდება, გვიჭირს რეალობისთვის თვალის გასწორება. ახალგაზრდებისთვის წარმოუდგენელია იმაზე ფიქრი, რომ სიკვდილმა მათაც შეიძლება ხელი დარიოს. ამ ილუზიას ისინი მყარად არიან ჩაჭიდებულნი.

ცოტას თუ კლავდა უკვდავებისკენ სწრაფვის ისეთი დაუცხრომელი სურვილი, როგორც ფარაონებს. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი მათ და მათმა ქვეშევრდომებმა უკვდავების ძიებას შეალიეს. პირამიდების აშენება სწორედ იმაზე მოწმობს, რომ ისინი უკვდავებისკენ ისწრაფოდნენ, თუმცა ამაოდ.

უკვდავებისკენ ჩინელი იმპერატორებიც ილტვოდნენ, ოღონდ სხვა გზით. ისინი სიცოცხლის ელექსირს ეძებდნენ. იმპერატორი ცინ შიხუანდი მოითხოვდა, რომ ალქიმიკოსებს მისთვის მაგიური ელექსირი მოეპოვებინათ, რითაც სიკვდილს დაამარცხებდა. მაგრამ ნაზავების უმეტესობა ვერცხლისწყალს შეიცავდა. სავარაუდოდ, იმპერატორი ერთ-ერთმა ასეთმა ნაზავმა შეიწირა.

მე-16 საუკუნეში ესპანელმა მეზღვაურმა და მკვლევარმა ხუან პონსე დე ლეონმა კარიბის ზღვისკენ აიღო გეზი. როგორც ამბობენ, ის ახალგაზრდობის შადრევანს ეძებდა. ძიების პროცესში მან ფლორიდა (აშშ) აღმოაჩინა. რამდენიმე წლის შემდეგ ის ადგილობრივ ამერიკელებთან შეტაკების დროს დაიღუპა. ვერც მან და ვერც სხვებმა გაახალგაზრდავების წყაროს ვერ მიაგნეს.

ფარაონებსაც, იმპერატორებსაც და მკვლევრებსაც სიკვდილის დამარცხების დაუოკებელი სურვილი კლავდათ. შეიძლება ძიების მათეული მეთოდები არ იყოს ჩვენთვის მისაღები, მაგრამ რომელ ჩვენგანს არ ხიბლავს უკვდავების იდეა? გულის სიღრმეში ყველას გვსურს მარადიულად ვიცოცხლოთ.

შესაძლებელია სიკვდილის დამარცხება?

რატომ ვიბრძვით სიკვდილის წინააღმდეგ? ამის მიზეზს ბიბლია გვიხსნის. მასში ნათქვამია, რომ ჩვენმა შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა * „ყველაფერი მშვენივრად  შექმნა თავის დროზე. მარადიულობაც კი ჩადო მათ [ადამიანების] გულებში“ (ეკლესიასტე 3:11). ჩვენ გვსურს, რომ ბუნების სილამაზით მარადიულად დავტკბეთ და არა რაღაც 80 წელი (ფსალმუნი 90:10). ჩვენს გულს მარადიულობა სწადია.

რატომ ჩადო ღმერთმა ჩვენს გულებში მარადიულობა? ნუთუ იმიტომ, რომ გული გაგვტეხოდა? წარმოუდგენელია. პირიქით, ღმერთი გვპირდება, რომ სიკვდილს ბოლოს მოუღებს. ბიბლიაში არაერთხელ არის გამეორებული ის აზრი, რომ ღმერთი აღმოფხვრის სიკვდილს და ადამიანები მარადიულად იცოცხლებენ (იხილეთ ჩარჩო  „სიკვდილზე გამარჯვება“).

იესო ქრისტემ გასაგებად თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). როგორც ვხედავთ, სიკვდილის წინააღმდეგ ბრძოლა აზრს მოკლებული არ არის. იესო გვარწმუნებს, რომ მხოლოდ ღმერთს ძალუძს სიკვდილის დამარცხება.

^ აბზ. 9 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის საკუთარი სახელია.