არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  იანვარი 2014

აღდგომის იმედი

აღდგომის იმედი

გწამთ აღდგომის შესახებ ბიბლიური დანაპირები? * იმაზე ფიქრი, რომ ჩვენს საყვარელ გარდაცვლილ ახლობლებს კვლავ შევხვდებით, სხვა თუ არაფერი, ძალიან სასიამოვნოა. მაგრამ, რამდენად რეალურია ასეთი იმედი? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად განვიხილოთ იესო ქრისტეს მოციქულების მაგალითი.

მოციქულებს მტკიცედ სჯეროდათ მკვდრეთით აღდგომის, სულ მცირე, ორი მიზეზის გამო. პირველი, მათი იმედი იმ ფაქტს ეფუძნებოდა, რომ იესო მკვდრეთით აღდგა. მოციქულებმა და „ხუთასზე მეტმა ძმამ ერთდროულად“ იხილეს აღდგენილი იესო (1 კორინთელები 15:6). იესოს აღდგომა საკმაოდ დადასტურებული და აღიარებული ფაქტი იყო, როგორც ამას ოთხივე სახარება აღწერს (მათე 27:62—28:20; მარკოზი 16:1—8; ლუკა 24:1—53; იოანე 20:1—21:25).

მეორე, მოციქულებმა საკუთარი თვალით იხილეს, როგორ აღადგინა იესომ, სულ მცირე, სამი ადამიანი, პირველი ნაინში, მეორე კაპერნაუმში და მესამე ბეთანიაში (ლუკა 7:11—17; 8:49—56; იოანე 11:1—44). მესამე აღდგომა, რომელიც ამ ჟურნალის ერთ-ერთ სტატიაში იყო განხილული, უკავშირდებოდა ერთ ოჯახს, რომელთანაც იესო ძალიან ახლოს იყო. მოდი, უფრო ვრცლად განვიხილოთ, რა მოხდა.

„მე ვარ აღდგომა“

„აღდგება შენი ძმა“. ეს სიტყვები იესომ უთხრა მართას, რომლის ძმა ლაზარეც ოთხი დღის მკვდარი იყო. მართამ თავიდან ვერ გაიგო, რას გულისხმობდა იესო. „ვიცი, რომ აღდგება“, — უპასუხა მან, რადგან ფიქრობდა, რომ ეს მომავალში მოხდებოდა. იესომ მართას უთხრა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“. წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როდესაც ამ სიტყვების შემდეგ იესომ ლაზარე აღადგინა (იოანე 11:23—25).

სად იყო ლაზარე სიკვდილის შემდეგ ოთხი დღის განმავლობაში? მას არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ იმ ოთხი დღის განმავლობაში სადმე განაგრძობდა სიცოცხლეს. ლაზარეს უკვდავი სული არ ჰქონია და ზეცაში არ ასულა. ასე რომ, დედამიწაზე დაბრუნებით იესოს მისთვის ზეციერი ნეტარება არ წაურთმევია. მაშ, სად იყო ლაზარე მთელი ოთხი დღის განმავლობაში? მას სამარხში სიკვდილის ძილით ეძინა (ეკლესიასტე 9:5, 10).

იესომ სიკვდილი ძილს შეადარა, მკვდრეთით აღდგომა კი — გაღვიძებას. მან თავის მოწაფეებს უთხრა:  «„ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა, მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“. მოწაფეებმა უთხრეს: „უფალო, თუ დაიძინა, გამოჯანმრთელდება“. მაგრამ იესო მის სიკვდილზე საუბრობდა. მათ კი ეგონათ, რომ ჩვეულებრივ ძილზე ლაპარაკობდა. მაშინ იესომ პირდაპირ უთხრა მათ: „ლაზარე მოკვდა“» (იოანე 11:11—14). იესომ ლაზარე აღადგინა და ასეთი სახით მას სიცოცხლე დაუბრუნა. ეს მართლაც დიდი სიხარული იქნებოდა ლაზარეს ოჯახისთვის.

იესოს მიერ მკვდრეთით აღდგენის მაგალითები იმის მტკიცებაა, რომ მომავალში, როცა ღვთის სამეფოს მეფე იქნება, ის იმავეს გააკეთებს. * დედამიწაზე თავისი მმართველობის დროს იესო სიცოცხლეს დაუბრუნებს მათ, ვისაც საერთო საკაცობრიო სამარეში სძინავთ. ამიტომაც თქვა მან: „მე ვარ აღდგომა“. წარმოიდგინეთ, რა სიხარული იქნება, როდესაც კვლავ შევხვდებით ჩვენს საყვარელ გარდაცვლილებს. მკვდრეთით აღდგენილთა სიხარულსაც საზღვარი არ ექნება (ლუკა 8:56).

წარმოიდგინეთ, რა სიხარული იქნება, როდესაც კვლავ შევხვდებით ჩვენს საყვარელ გარდაცვლილებს.

მარადიული სიცოცხლის რწმენა

იესომ მართას უთხრა: „ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება, და ყოველი, ვინც ცოცხლობს და ვისაც ვწამვარ, არასოდეს მოკვდება“ (იოანე 11:25, 26). მათ, ვისაც იესო ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში აღადგენს, მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა ექნებათ, თუ რა თქმა უნდა, ჭეშმარიტად ირწმუნებენ იესოს.

„ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება“ (იოანე 11:25).

მას შემდეგ, რაც მართას აღდგომის შესანიშნავ იმედზე გაუმახვილა ყურადღება, იესომ მას დამაფიქრებელი კითხვა დაუსვა: „გწამს ეს?“ მართამ მიუგო: „დიახ, უფალო, ვირწმუნე, რომ ქრისტე ხარ, ღვთის ძე“ (იოანე 11:26, 27). გსურთ, თქვენც განივითაროთ აღდგომის ისეთივე რწმენა, როგორიც მართას ჰქონდა? ამისათვის უპირველესად უნდა გაიგოთ, რა აქვს ღმერთს განზრახული ადამიანებისთვის (იოანე 17:3; 1 ტიმოთე 2:4). ასეთი ცოდნის შედეგად ვითარდება რწმენა. სთხოვეთ იეჰოვას მოწმეებს გითხრან, რას ასწავლის ბიბლია ამ საკითხთან დაკავშირებით. ისინი სიამოვნებით გაგესაუბრებიან აღდგომის საოცარ იმედზე.

^ აბზ. 2 იხილეთ ამ ჟურნალის მე-6 გვერდზე მოცემული სტატია „სიკვდილით ყველაფერი არ მთავრდება!“.

^ აბზ. 9 აღდგომასთან დაკავშირებით ბიბლიური დანაპირების შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 7. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.