წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2013

 ბიოგრაფია

ჩემს კარიერად იეჰოვას მსახურება ავირჩიე

ჩემს კარიერად იეჰოვას მსახურება ავირჩიე

1937 წლის იანვარში სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე შტატ აიოვას უნივერსიტეტში (დასავლეთ აშშ-ს ცენტრალური ნაწილი), არცთუ ისე შორს იმ ადგილიდან, სადაც ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი. ლექციებზე დავდიოდი და პარალელურად ვმუშაობდი, რომ სწავლის საფასური გადამეხადა, ამიტომ თავისუფალი დრო თითქმის აღარ მრჩებოდა. მოზარდობიდანვე მიტაცებდა მაღალსართულიანი შენობებისა და დაკიდული ხიდების კონსტრუქცია.

1942 წლის დასაწყისში შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ახალი ჩაბმული იყო. ამ დროს მეხუთე კურსზე ვსწავლობდი და სულ რაღაც რამდენიმე თვეში უნდა მიმეღო ბაკალავრის ხარისხი მშენებლობის დარგში. ჩემთან ერთად კიდევ ორი ბიჭი ცხოვრობდა. ერთ-ერთმა მითხრა, რომ გავსაუბრებოდი იმ ახალგაზრდას, რომელიც ქვემოთ მცხოვრებ ბიჭებს აკითხავდა. ასე შევხვდი ჯონ ბრემერს, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. მაოცებდა, როგორ პასუხობდა ნებისმიერ კითხვას ბიბლიიდან, ამიტომ ჯონისთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. დროთა განმავლობაში შეძლებისდაგვარად მას საქადაგებლადაც დავყვებოდი.

ჯონის მამა, ოტო, ქალაქ უოლნატში (აიოვას შტატი) ბანკის მმართველი იყო, როცა იეჰოვას მოწმე გახდა. მან დატოვა თავისი თანამდებობა, რომ სრული დროით მსახურება დაეწყო. ოტოსა და მისი ოჯახის შესანიშნავმა მაგალითმა აღმძრა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიმეღო.

არჩევნის წინაშე

ერთ დღეს უნივერსიტეტის დეკანმა გამაფრთხილა, რომ ბოლო დროს დაბალ ქულებს ვიღებდი, ამიტომ დიპლომის მისაღებად მხოლოდ ადრე მიღებული ქულები არ იქნებოდა საკმარისი. ამის გამო მხურვალედ ვლოცულობდი და იეჰოვას ხელმძღვანელობას ვთხოვდი. ცოტა ხანში ჩემმა პროფესორმა დამიბარა და მითხრა, რომ ერთ-ერთ კომპანიას სჭირდებოდა ინჟინერი, მან არჩევანი ჩემზე შეაჩერა და კომპანიას თანხმობა ტელეგრამით ჩემ გარეშე გაუგზავნა. მადლობა გადავუხადე პროფესორს, თუმცა ავუხსენი, რომ ჩემს კარიერად იეჰოვას მსახურება ავირჩიე. 1942 წლის 17 ივნისს მოვინათლე და მალევე პიონერად დავიწყე მსახურება (ასე უწოდებენ იეჰოვას მოწმეები სრული დროით მქადაგებლებს).

მოგვიანებით იმავე წელს ჯარში გამიწვიეს. გამწვევი კომისიის წინაშე მომიწია იმის ახსნა, თუ რატომ არ მრთავდა სინდისი ომში წასვლის ნებას. მათ წარვუდგინე ჩემი დახასიათება, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორებმა მომცეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ დადებითად შემაფასეს როგორც პიროვნულად, ისე პროფესიული კუთხით, კომისიამ 10 000 დოლარის ჯარიმა დამაკისრა და ხუთი წლით პატიმრობა მომისაჯა ლევენუორთის (კანზასი) ციხეში.

ციხეში

ლევენუორთის ციხე დღეს, სადაც დაახლოებით 230 ახალგაზრდა ვიხდიდით სასჯელს

230-ზე მეტი ახალგაზრდა იეჰოვას მოწმე იხდიდა სასჯელს ლევენუორთის ფედერალური ციხის ფერმაში. იქ მცველების მეთვალყურეობის ქვეშ  სხვადასხვა სამუშაოს ვასრულებდით. ზოგიერთმა მათგანმა იცოდა ჩვენი ნეიტრალიტეტის შესახებ და პატივს სცემდა ჩვენს შეხედულებებს.

რამდენიმე მცველი ხელს გვიწყობდა, რომ რეგულარულად ჩაგვეტარებინა შეხვედრები ბიბლიის შესასწავლად. ისინი ციხეში ბიბლიური ლიტერატურის შემოტანაშიც გვეხმარებოდნენ. ციხის ზედამხედველმა გამოიწერა კიდეც ჟურნალი „ნუგეში“ („გამოიღვიძეთ!“).

ციხიდან გათავისუფლება და მისიონერული მსახურება

მართალია, ხუთი წელი მომისაჯეს, მაგრამ სამ წელიწადში, 1946 წლის 16 თებერვალს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში გამათავისუფლეს. მაშინვე შევუდექი სრული დროით მსახურებას. პიონერად იმავე ქალაქში დამნიშნეს, სადაც სასჯელი მოვიხადე. ამ ქალაქში ხალხს სძულდა იეჰოვას მოწმეები, ამიტომ, ცოტა არ იყოს, შიშმა შემიპყრო. სამუშაოს პოვნა ძალიან ძნელი იყო, საცხოვრებელზე რომ აღარაფერი ვთქვა.

ერთხელ ქადაგების დროს შევხვდი ერთ მცველს, რომელმაც მიყვირა: „გაეთრიე აქედან!“. მას ხელში ბეისბოლის კეტი ეჭირა. შიშისგან ენა ჩამივარდა და სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას. სხვა სახლში კი დიასახლისმა მთხოვა, ერთი წუთით კართან დავლოდებოდი. მოულოდნელად მან მეორე სართულის ფანჯრიდან ჭუჭყიანი წყალი გადმომასხა. მიუხედავად ყველაფრისა, მსახურებაში კურთხევები არ მაკლდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ზოგი, ვინც ბიბლიური ლიტერატურა გამომართვა, მოწმე გამხდარა.

1943 წელს ნიუ-იორკის ჩრდილოეთ ნაწილში დაარსდა „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“ მისიონერთათვის. 1948 წლის 8 თებერვალს ამ სკოლის მეათე კლასი დავამთავრე. მისიონერად ოქროს ნაპირზე (ახლანდელი განა) გამგზავნეს.

იქ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და ევროპელებისთვის უნდა მექადაგა. შაბათ-კვირაობით იეჰოვას მოწმეების ერთ კრებასთან ვთანამშრომლობდი და კრების წევრებს კარდაკარ მსახურებაში ვეხმარებოდი. დაშორებულ ტერიტორიებზეც დავდიოდი და იქ მცხოვრებ მოწმეებს ქადაგებას ვასწავლიდი. ამავე დროს ვმსახურობდი მიმომსვლელ ზედამხედველად მეზობელ ქვეყანაში, სპილოს ძვლის ნაპირზე (ახლანდელი კოტ-დ’ივუარი).

აფრიკაში მსახურების დროს ვისწავლე ადგილობრივებივით ცხოვრება — მეძინა ალიზით ნაშენ სახლში, ხელით ვჭამდი, მოსასაქმებლად კი ისე გავდიოდი, როგორც ძველად ისრაელები უდაბნოში (კანონი 23:12—14). ამის გამო მოსახლეობაში მისიონერებს კარგი სახელი გვქონდა. მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის ცოლთან ბიბლიის შესწავლა  დავიწყეთ და როცა მოწინააღმდეგეების წაქეზებით ჩვენი ვიზების გაუქმების ბრძანება გაიცა, მათ თავიანთ მეუღლეებს ეს გადაწყვეტილება შეაცვლევინეს.

აფრიკაში მცხოვრები სხვა მისიონერების მსგავსად, მეც შემეყარა მალარია. ციებ-ცხელებისგან ვბოდავდი, ზოგჯერ ყბა ისე მიცახცახებდა, რომ ხელს ვუჭერდი. მიუხედავად ამისა, მსახურება დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას მანიჭებდა.

აფრიკაში გატარებული პირველი ოთხი წლის განმავლობაში ევა ჰოლკვისტთან მიწერ-მოწერა მქონდა. ის ჯერ კიდევ ჩამოსვლამდე გავიცანი შეერთებულ შტატებში. გავიგე, რომ 1953 წლის 19 ივლისს ევა სკოლა „გალაადის“ 21-ე კლასს ამთავრებდა და გამოშვება იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო კონგრესზე ნიუ-იორკში იანკის სტადიონზე ექნებოდა. შეერთებულ შტატებში მიმავალი გემის კაპიტანს მოველაპარაკე, რომ მგზავრობის საფასურს გემზე მუშაობით ავანაზღაურებდი.

შიგადაშიგ აბობოქრებულ ზღვაში გვიწევდა ტალღების გაპობა. ოცდაორდღიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა, ჩავედით ნიუ-ორკში. ევასთან შესახვედრად იეჰოვას მოწმეების ბრუკლინის მთავარ სამმართველოში გავეშურე. შენობის სახურავზე, საიდანაც ნიუ-იორკის პორტისა და ქალაქის შთამბეჭდავი ხედი იშლებოდა, ევას ხელი ვთხოვე. მოგვიანებით ევა ოქროს ნაპირზე ჩამოვიდა, რომ ერთად გვემსახურა.

ოჯახის წევრებზე ზრუნვა

აფრიკაში ევას ჩამოსვლიდან რამდენიმე წელი იყო გასული, როცა დედამ მომწერა, რომ მამას კიბო ჰქონდა და დიდხანს ვერ იცოცხლებდა. ჩვენ მსახურების დროებით შეწყვეტა და შეერთებულ შტატებში დაბრუნება მოგვიწია. მამის მდგომარეობა უფრო და უფრო გაუარესდა და ის მალევე მოკვდა.

განაში დაბრუნებიდან დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ გავიგეთ, რომ დედასაც ჯანმრთელობა შეერყა. მეგობრებმა გვირჩიეს, სახლში დავბრუნებულიყავით და მასზე გვეზრუნა. ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიგვიღია. 15-წლიანი მისიონერული მსახურების შემდეგ, აქედან 11 წელი ევასთან ერთად, შეერთებულ შტატებში დავბრუნდით.

ადგილობრივ ბელადთან ოქროს ნაპირზე (ახლანდელი განა)

წლების მანძილზე დედას რიგრიგობით ვუვლიდით და, შეძლებისდაგვარად, კრების შეხვედრებზეც დაგვყავდა. დედა 1976 წლის 17 იანვარს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაგრამ ამაზე დიდი დარტყმა ცხრა წლის შემდეგ მივიღე, როცა ევას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვებრძოდით ამ საშინელ დაავადებას, ევა 1985 წლის 4 ივნისს 70 წლისა დამეღუპა.

ახალი ცვლილებები

1988 წელს განას გაფართოებული ფილიალის მიძღვნაზე მიმიწვიეს. ეს მართლაც დაუვიწყარი მოვლენა იყო. დაახლოებით 40 წლის წინ, როცა განაში სკოლა „გალაადის“ დამთავრების შემდეგ ჩავედი, მოწმეების რიცხვი რამდენიმე ასეულს შეადგენდა. 1988 წლისთვის მათი რაოდენობა 34 000-ს აღემატებოდა, დღეს კი იქ დაახლოებით 114 000 მოწმეა.

განადან დაბრუნებიდან ორი წლის შემდეგ 1990 წლის 6 აგვისტოს ევას ახლო მეგობარზე, ბეტი მილერზე დავქორწინდი. ჩვენ ერთად განვაგრძეთ იეჰოვასადმი მსახურება. მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა ჩვენს ბებიებსა და პაპებს, ჩვენს მშობლებსა და ევას შევხვდებით დედამიწაზე აღდგენილ სამოთხეში (საქმეები 24:15).

ახლა უკვე 70-ზე მეტი წელია, რაც იეჰოვას ვემსახურები. თვალებზე ცრემლი მადგება, როცა ვფიქრობ იმ უდიდეს პატივზე, რომელიც იეჰოვამ მომანდო. ყოველთვის მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ დამეხმარა, კარიერად მისი მსახურება ამერჩია. 90 წელს გადაცილებული ვარ, მაგრამ იეჰოვა, სამყაროს დიდებული არქიტექტორი, დღესაც მაძლიერებს და მამხნევებს, რომ კვლავაც ვემსახურო მას.