წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2013

 მთავარი თემა | რატომ გვჭირდება ღმერთი?

რატომ გვჭირდება ღმერთი?

რატომ გვჭირდება ღმერთი?

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანი ვერ იქნება ჭეშმარიტად ბედნიერი, თუ ის არ დაიკმაყოფილებს სულიერ მოთხოვნილებებს. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ბედნიერების მისაღწევად ადამიანები ისწრაფვიან აღმატებული მიზნებისკენ. სწორედ ამიტომ ისინი თავისუფალ დროს უძღვნიან ბუნებას, ხელოვნებას, მუსიკას თუ სხვა რამეს. თუმცა ამას უმეტესობისთვის მაინც არ მოაქვს ნამდვილი და ხანგრძლივი ბედნიერება.

ღმერთს სურს, რომ ადამიანები იყვნენ ბედნიერები ახლაც და მარადიულადაც

ბიბლიის მკითხველებს არ უკვირთ, რომ ადამიანებს თანდაყოლილი სულიერი მოთხოვნილებები აქვთ. „დაბადების“ პირველი თავებიდან ვიგებთ, რომ ღმერთი ხშირად ელაპარაკებოდა პირველ მამაკაცსა და ქალს, რითაც მასთან ურთიერთობის საშუალებას აძლევდა (დაბადება 3:8—10). ღმერთს ადამიანი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის არ შეუქმნია. ადამიანებს თავიანთ შემოქმედთან ურთიერთობის მოთხოვნილება აქვთ, რაზეც ბიბლია არაერთხელ ამახვილებს ყურადღებას.

მაგალითად, იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). ამ სიტყვებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბედნიერი და კმაყოფილებით აღსავსე ცხოვრება თანდაყოლილი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული. როგორ შეგვიძლია სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება? ამ კითხვაზე პასუხს იესოს სიტყვებიდან ვიგებთ: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). როგორ გვეხმარება ღვთის პირიდან მომდინარე სიტყვები, ანუ ბიბლიაში ჩაწერილი მისი აზრები და მითითებები, გვქონდეს ბედნიერი და აზრიანი ცხოვრება? განვიხილოთ სამი ძირითადი საშუალება.

ჩვენ გვჭირდება კარგი ხელმძღვანელობა

დღეს მრავლად არიან ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებიც გვთავაზობენ რჩევებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ურთიერთობები, სიყვარული, ოჯახური ცხოვრება, უთანხმოებების მოგვარება და ბედნიერება. ისინი იმასაც კი გვირჩევენ, თუ როგორ ვიცხოვროთ აზრიანად. მაგრამ ყველაზე მეტად ვის შეუძლია საუკეთესო რჩევების მოცემა ზემოხსენებულ  საკითხებზე თუ არა ადამიანის შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს!

ნებისმიერ ნივთს მოჰყვება ინსტრუქცია, ღმერთმა კი ჩვენი ცხოვრების სახელმძღვანელოდ ბიბლია მოგვცა

დავუშვათ, ვყიდულობთ ფოტოაპარატს ან კომპიუტერს. უდავოა, მას მოჰყვება ინსტრუქცია, რომელშიც ახსნილია მისი გამოყენების წესი. თუ მივყვებით ინსტრუქციას, შენაძენით კმაყოფილი დავრჩებით. ბიბლია ასეთ ინსტრუქციას ჰგავს. ის არის სახელმძღვანელო, რომელიც სიცოცხლის შემოქმედმა ღმერთმა ადამიანებს გვიბოძა. ამ სახელმძღვანელოში ახსნილია, თუ რა მიზნით შეიქმნა სიცოცხლე და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის.

ყველა კარგად შედგენილი ინსტრუქცია აფრთხილებს მომხმარებელს, რამ შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანოს ესა თუ ის პროდუქცია. მსგავსადვე, ბიბლია აფრთხილებს მკითხველს, რამ შეიძლება გააუბედუროს ადამიანი. ზოგმა შეიძლება ისეთი რჩევა მოგვცეს, რომლის გათვალისწინებაც, ერთი შეხედვით, ადვილი ჩანს, მაგრამ განა ლოგიკური არ იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ჩვენი შემოქმედის მითითებების მიყოლა საუკეთესო შედეგებს მოგვიტანდა და პრობლემებს აგვარიდებდა?

„მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო! ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ესაია 48:17, 18).

ბიბლია საჭირო დახმარებასა და ხელმძღვანელობას გვიწევს

მართალია, იეჰოვა ღმერთი ხელმძღვანელობას გვიწევს და მითითებებსაც გვაძლევს, მაგრამ ის არ გვაიძულებს მორჩილებას. მას ვუყვარვართ და ჩვენი დახმარება სურს. ამიტომ ის თბილად მოგვიწოდებს: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო! ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ესაია 48:17, 18). მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ღვთის ხელმძღვანელობას მივყვებით, ცხოვრებით გავიხარებთ. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ბედნიერი და კმაყოფილების მომგვრელი ცხოვრებისთვის ღმერთი ნამდვილად გვჭირდება!

ჩვენ გვჭირდება პასუხები

ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთი არ სჭირდება, რადგან ცხოვრებაში ბევრ ისეთ პრობლემას ხედავს, რაც ღვთისადმი რწმენას უკარგავს. მაგალითად, მათ აფიქრებთ: რატომ იტანჯებიან კარგი ადამიანები? რატომ იბადებიან უდანაშაულო ბავშვები ხეიბრები? რატომ ხდება ამდენი უსამართლობა? ეს მართლაც სერიოზული კითხვებია და მათზე დამაკმაყოფილებელი პასუხების მიღებამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ჩვენს ცხოვრებაზე. ნაცვლად იმისა, რომ ღმერთი დავადანაშაულოთ ამ პრობლემებში, ვნახოთ, როგორ ჰფენს ნათელს ღვთის სიტყვა, ბიბლია ამ საკითხებს.

„დაბადების“ მესამე თავში საუბარია სატანაზე, რომელმაც გველის მეშვეობით ადამი და ევა წააქეზა, არ დამორჩილებოდნენ ღვთის მითითებას და ეჭამათ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან. სატანამ ევას უთხრა: „არა, არ მოკვდებით. იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“ (დაბადება 2:16, 17; 3:4, 5).

ამ სიტყვებით სატანამ ღმერთს არა მარტო სიცრუეში დასდო ბრალი, არამედ ისიც თქვა, რომ ის არ იყო სამართლიანი მმართველი. ეშმაკი ირწმუნებოდა, რომ თუ ადამიანები მას მოუსმენდნენ, უკეთესად იცხოვრებდნენ. როგორ უნდა მოგვარებულიყო ეს საკამათო საკითხები? იეჰოვამ საჭიროდ ჩათვალა, რომ დრო გასულიყო, რათა ყველას დაენახა,  გამართლდებოდა თუ არა მის მიმართ წაყენებული ბრალდებები. ღმერთმა სატანასა და მის მხარდამჭერებს საშუალება მისცა, დაემტკიცებინათ, იქნებოდნენ თუ არა ადამიანები ბედნიერები ღვთის გარეშე.

გამართლდა სატანის სიტყვები? არიან ადამიანები ბედნიერები ღვთის გარეშე და შეუძლიათ წარმატებულად მართონ საკუთარი თავი? ტანჯვა, უსამართლობა, ავადმყოფობა, სიკვდილი, დამნაშავეობა, ზნეობრივი დაკნინება, ომები, გენოციდი და სხვა სახის ბოროტება საუკუნეებია, რაც კაცობრიობას აწუხებს. ყოველივე ეს იმის უტყუარი მტკიცებაა, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, ადამიანს არ შეუძლია ღვთისგან დამოუკიდებლად საკუთარი თავის მართვა. ადამიანთა უბედურებებზე პასუხისმგებელი ღმერთი არ არის. ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რა არის ამის მთავარი მიზეზი: „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9).

აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ღმერთია ერთადერთი, ვინც არა მარტო პასუხს გაგვცემს იმ კითხვებზე, რომლებიც გვაწუხებს, არამედ გამოსავალსაც გვაპოვნინებს. რას გვპირდება ღმერთი?

ჩვენ გვჭირდება ღვთის დახმარება

დიდი ხანია ადამიანები ნატრობენ, თავი დააღწიონ ავადმყოფობას, სიბერესა და სიკვდილს. ამისათვის ისინი არ იშურებენ დროს, ენერგიასა და სახსრებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში უშედეგოდ. ზოგი იმედოვნებს, რომ იპოვის ლეგენდარულ სიცოცხლის ელექსირს, გაახალგაზრდავების წყაროს ან რაღაც ამდაგვარს. მაგრამ მათი ოცნებები ოცნებებად რჩება.

ღმერთს უნდა, რომ ადამიანებს ბედნიერი და კმაყოფილების მომგვრელი ცხოვრება ჰქონდეთ. ეს მისი თავდაპირველი განზრახვა იყო და ის არ შეცვლილა (დაბადება 1:27, 28; ესაია 45:18). იეჰოვა ღმერთი გვარწმუნებს, რომ მისი განზრახვა აუცილებლად შესრულდება (ესაია 55:10, 11). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი აღადგენს სამოთხეს დედამიწაზე, რომელიც პირველმა ადამიანებმა დაკარგეს. ბიბლიის ბოლო წიგნში ასეთი სიტყვები წერია: „მოსწმენდს [იეჰოვა ღმერთი] მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4). როგორ შეასრულებს ღმერთი ამ საოცარ დაპირებებს და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამ კურთხევების მისაღებად?

ღვთის ძემ, იესო ქრისტემ, თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ ელოცათ ღვთის ნების შესრულებაზე. ბევრმა კარგად იცის ეს ლოცვა და ხშირად ლოცულობს კიდეც. ზოგი მას „მამაო ჩვენოს“ უწოდებს. ის ასე იწყება: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10). იეჰოვა ღმერთი თავისი სამეფოს მეშვეობით ბოლოს მოუღებს ადამიანური მმართველობით გამოწვეულ უბედურებებს და დაამყარებს სამართლიან ახალ ქვეყნიერებას * (დანიელი 2:44; 2 პეტრე 3:13). რა  უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენც ვიხილოთ ღვთის დანაპირების შესრულება?

იესო ქრისტე მოგვიწოდებს: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). ღვთის დახმარებით, მარადიული სიცოცხლე დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში აუხდენელი ოცნება არ არის. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმაში დასარწმუნებლად, რომ ღმერთი ნამდვილად გვჭირდება.

დროა, ვიფიქროთ ღმერთზე

ორი ათასი წლის წინათ ათენის არეოპაგში, იგივე მარსის ბორცვზე, პავლე მოციქულმა იქ შეკრებილ თავისუფლად მოაზროვნე ათენელებს უთხრა: „[ღმერთი] თვითონ აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვასა და ყოველივეს. რადგან მისით ვცოცხლობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ, როგორც თქვენს ზოგ პოეტსაც უთქვამს, ჩვენ მისი მოდგმა ვართო“ (საქმეები 17:25, 28).

პავლეს ეს სიტყვები დღესაც არ კარგავს თავის ძალას. შემოქმედი გვაძლევს ჰაერს, საკვებსა და წყალს, რის გარეშეც ჩვენ უბრალოდ ვერ ვიარსებებთ. მაგრამ, რატომ აძლევს ღმერთი ამ ყოველივეს განურჩევლად ყველას? როგორც პავლე ამბობს, „რათა ეძებნათ ღმერთი, იქნებ როგორმე ეგრძნოთ იგი, და ეპოვათ, თუმცა ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:27).

თუ გსურთ, უკეთ გაიცნოთ ღმერთი და მეტი გაიგოთ მისი განზრახვებისა და იმ რჩევების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ, დღესვე გქონდეთ კმაყოფილების მომგვრელი ცხოვრება, მომავალში კი მარადიული სიცოცხლე, გაესაუბრეთ მას, ვინც ეს ჟურნალი მოგიტანათ ან დაუკავშირდით ამ ჟურნალის გამომცემლებს. ისინი დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან.

^ აბზ. 20 მეტი ინფორმაციის მისაღებად, თუ როგორ შეასრულებს ღვთის სამეფო იეჰოვას ნებას დედამიწაზე, იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 8. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამ წიგნის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ვებ-გვერდიდან www.jw.org.