არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  ნოემბერი 2013

 მთავარი თემა | ღმერთზე გავრცელებული სიცრუე

სიცრუე, რომელმაც ღმერთი საიდუმლოების საბურველში გახვია

სიცრუე, რომელმაც ღმერთი საიდუმლოების საბურველში გახვია

რა სწამს ბევრს.

ქრისტიანული სამყაროს „სამი ძირითადი მიმდინარეობა — რომის კათოლიკური, აღმოსავლურ მართლმადიდებლური და პროტესტანტული ეკლესიები — ასწავლის, რომ არსებობს სამპიროვანი ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა. ქრისტიანული თეოლოგიის თანახმად, სამპიროვან ღმერთში იგულისხმება სამი ღმერთი არსებითად ერთში და არა სამი ცალკე მდგომი ღმერთი“— (ახალი ენციკლოპედია ბრიტანიკა).

ბიბლიური ჭეშმარიტება.

იესოს, ღვთის ძეს, არასოდეს უთქვამს, რომ მამის თანასწორი ან მისი ერთარსი იყო. პირიქით, მან თქვა: „მამასთან . . . მივდივარ, რადგან მამა ჩემზე დიდია“ (იოანე 14:28). თავის ერთ მიმდევარს მან ასეთი რამ უთხრა: „მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“ (იოანე 20:17).

სულიწმინდა ანუ წმინდა სული პიროვნება არ არის. იეჰოვამ თქვა: „გადმოვღვრი ჩემს სულს ყველანაირ ხორციელზე“. მართლაც, პირველი ქრისტიანები „წმინდა სულით“ აღივსნენ (საქმეები 2:1—4, 17). წმინდა სული არ არის სამების ნაწილი. ის ღვთის მოქმედი ძალაა.

რატომ უნდა გვაინტერესებდეს.

კათოლიკე სწავლულები კარლ რანერი და ჰერბერტ ფორგრიმლერი განმარტავენ, რომ „შეუძლებელია სამების არსს ადამიანი გამოცხადების გარეშე ჩასწვდეს. გამოცხადების შემდეგაც კი შეუძლებელია ყველაფერი ნათელი გახდეს“. შეგიძლიათ შეიყვაროთ ისეთი ადამიანი, რომლის გაცნობაც შეუძლებელია ან გიჭირთ მისი გაგება? სამების მოძღვრება ის ბარიერია, რომელიც ხელს გვიშლის გავიცნოთ და შევიყვაროთ ღმერთი.

წინა სტატიაში მოხსენიებულ მარკოს ღვთის გაცნობაში სამების ბუნდოვანი სწავლება უშლიდა ხელს. ის ამბობს: „მეგონა ღმერთი თავის ვინაობას მიმალავდა. ეს კი მას საიდუმლოების საბურველში ხვევდა და უფრო მიუწვდომელს ხდიდა“. სინამდვილეში, ღმერთი არ არის საიდუმლოებით მოცული. ის არ გვიმალავს თავის ვინაობას. ღმერთს სურს, რომ ვიცნობდეთ მას. იესომ თქვა: „ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს“ (იოანე 4:22).

„მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ღმერთი სამების ნაწილი არ არის, შევძელი მასთან დაახლოება“, — ამბობს მარკო. თუ იეჰოვა ჩვენთვის ბურუსით მოცული პიროვნება არ იქნება, მას ბევრად ადვილად შევიყვარებთ. „ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8).