არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  ნოემბერი 2013

 მიჰბაძეთ მათ რწმენას | რახაბი

ის „საქმეებით იქნა მართლად აღიარებული“

ის „საქმეებით იქნა მართლად აღიარებული“

რახაბი ფანჯრიდან იყურება და ხედავს, როგორ ეფინება ამომავალი მზის სხივები იერიხონის ველს. იერიხონის დასაპყრობად მოსული ისრაელის ჯარი ქალაქს კვლავ გარს უვლის, ირგვლივ მტვრის ბუღი ტრიალებს, არემარეს მათი საყვირების ხმა აყრუებს.

იერიხონი რახაბის მშობლიური ქალაქია. მისთვის უცნობი არ არის ამ ქალაქის ქუჩები, სახლები და ხალხმრავალი ბაზრები. მაგრამ კიდევ უფრო კარგად ის იქ მცხოვრებ ხალხს იცნობს. რახაბი ხედავს, რა შიშის ზარს სცემს მათ ისრაელი მეომრების უცნაური რიტუალი, რომლებიც დღეში ერთხელ გარს უვლიან ქალაქს. საყვირების ხმა იერიხონის ქუჩებსა და მოედნებამდე აღწევს, მაგრამ თანამემამულეებისგან განსხვავებით, რახაბს არ ეშინია და სასოწარკვეთილებაში არ ვარდება.

მეშვიდე დღეს, განთიადისას, რახაბი ისევ სარკმლიდან იყურება და ხედავს, როგორ იწყებენ ისრაელი მეომრები ქალაქის გარშემოვლას. მეომრების შუაში ის ხედავს მღვდლებს, რომლებიც საყვირებს აყვირებენ და თან მიაქვთ წმინდა კიდობანი, რაც იეჰოვას, ისრაელის ღმერთის, იქ ყოფნასთან ასოცირდება. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ აქვს რახაბს ხელი ჩაჭიდებული თავისი სახლის სარკმელზე გამობმულ ალისფერ თოკზე. ეს თოკი რახაბს შეახსენებს ისრაელი მზვერავების მიერ დადებულ პირობას, რომ ქალაქის განადგურებისას მას და მის სახლეულობას არაფერი დაუშავდებათ. მოღალატე იყო რახაბი? იეჰოვას თვალში ნამდვილად არა. იეჰოვა ხედავდა, რომ ამ ქალს საოცარი რწმენა ჰქონდა. მოდი, გავიგოთ ვინ იყო რახაბი და რა შეგვიძლია ვისწავლოთ მისგან.

„მეძავი რახაბი“

რახაბი მეძავი იყო. ძველ დროში მცხოვრები ბიბლიის კომენტატორები არ ეთანხმებოდნენ ამ აზრს და აცხადებდნენ, რომ რახაბი უბრალოდ სასტუმროს მეპატრონე იყო. მაგრამ ბიბლია არ მალავს ფაქტებს და გარკვევით ამბობს, რომ რახაბი ნამდვილად მეძავი იყო (იესო ნავეს ძე 2:1; ებრაელები 11:31; იაკობი 2:25). ქანაანელთა კულტურაში მეძაობა, როგორც ჩანს, დასაძრახი არ იყო. თუმცა კულტურას ყოველთვის არ შეუძლია ჩაახშოს სინდისის ხმა, სწორისა და არასწორის გარჩევის უნარი, რომელიც იეჰოვამ თითოეულ ჩვენგანს გვიბოძა (რომაელები 2:14, 15). რახაბს შესაძლოა, რცხვენოდა კიდეც ასეთ ცხოვრებას რომ ეწეოდა. შეიძლება დღეს მცხოვრები ბევრი მეძავის მსგავსად, რახაბიც იძულებული იყო ოჯახის წევრების სარჩენად დასდგომოდა ასეთ გზას.

სავსებით შესაძლებელია, რომ რახაბი უკეთეს ცხოვრებას ნატრობდა. მის სამშობლოში ძალადობა და აღვირახსნილობა, მათ შორის სისხლის აღრევა და ზოოფილია, ფართოდ იყო გავრცელებული (ლევიანები 18:3, 6, 21—24). ამგვარი ბოროტებისა და გახრწნილების გავრცელებაში დიდი წვლილი რელიგიას მიუძღოდა. ტაძრებში სრულდებოდა აღვირახსნილი რიტუალები, ხალხი თაყვანს სცემდა დემონურ ღვთაებებს, ბაალსა და მოლოქს, რომლებსაც ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად.

იეჰოვას თვალს არ გამოჰპარვია ის, რაც ქანაანში ხდებოდა. ფაქტობრივად, ქანაანში გავრცელებულ ბოროტებაზე თქვა იეჰოვამ: „გაუწმინდურებულია მიწა და მე დავატეხ მას სასჯელს მისივე დანაშაულის გამო, და ამოანთხევს მიწა თავის მკვიდრთ“ (ლევიანები 18:25). რას მოიცავდა ეს სასჯელი? ღმერთი ისრაელს დაჰპირდა: „იეჰოვა, შენი ღმერთი,  ნელ-ნელა განდევნის ამ ერებს შენგან“ (კანონი 7:22). საუკუნეებით ადრე იეჰოვამ, რომელმაც „შეუძლებელია იცრუოს“, აბრაამის შთამომავლებს აღუთქვა, რომ ქანაანის მიწას მისცემდა (ტიტე 1:2; დაბადება 12:7).

იეჰოვამ ისიც თქვა, რომ ზოგ ერს საერთოდ აღგვიდა მიწის პირისგან (კანონი 7:1, 2). დედამიწის სამართლიანმა მოსამართლემ, რომელიც ადამიანის გულებს კითხულობს, კარგად იცოდა, რა ღრმად ჰქონდა ბოროტებას და აღვირახსნილობას ფესვები გადგმული მათ გულებში (დაბადება 18:25; 1 მატიანე 28:9). როგორი იქნებოდა რახაბისთვის იმ ქალაქში ცხოვრება, რომელსაც განაჩენი ჰქონდა გამოტანილი? წარმოიდგინეთ, რა გრძნობა დაეუფლებოდა რახაბს, როცა მის ყურამდე ისრაელის ამბები მიაღწევდა. მას გაგებული ჰქონდა, როგორ მოაპოვებინა ღმერთმა სრული გამარჯვება მონად ქცეულ თავის ხალხს და როგორ დაამარცხა იმ დროისთვის უძლეველი ეგვიპტის ჯარი. ახლა კი, ისრაელი იერიხონს უნდა დასხმოდა თავს. იერიხონის მცხოვრებლები მაინც არ იშლიდნენ ბოროტების ჩადენას. ამიტომაც უწოდებს ბიბლია რახაბის თანამემამულეებს ურჩებს (ებრაელები 11:31).

მაგრამ რახაბი მათგან განსხვავდებოდა. ის ალბათ წლების განმავლობაში ფიქრობდა იმ ამბებზე, რასაც ისრაელისა და მათი ღმერთის, იეჰოვას, შესახებ იგებდა. რახაბი ხედავდა, რომ იეჰოვა სრულიად განსხვავდებოდა ქანაანის ღმერთებისგან. იეჰოვა იყო ღმერთი, რომელიც თავისი ხალხისთვის იბრძოდა. ის არ ითხოვდა თავისი თაყვანისმცემლებისგან ისეთ მსხვერპლს, როგორიცაა მაგალითად, ტაძარში მეძაობა და ბავშვების ცოცხლად დაწვა. იეჰოვა თავის მსახურებს მაღალზნეობრივ ნორმებს უდგენდა, მაშინ როცა სხვა ერების ზნეობა კნინდებოდა. ისრაელის ღმერთის თვალში ქალები დაფასებული იყვნენ. ის არ თვლიდა, რომ მათი ერთადერთი ფუნქცია მამაკაცების სქესობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება იყო. ღმერთი არ მიიჩნევდა, რომ მათი ყიდვა-გაყიდვა ან აღვირახსნილ თაყვანისმცემლობაში ჩაბმა თავისუფლად შეიძლებოდა. როცა რახაბმა შეიტყო, რომ ისრაელები იორდანის გადაღმა იყვნენ დაბანაკებული და იერიხონზე თავდასასხმელად ემზადებოდნენ, ის ალბათ შეწუხდებოდა იმაზე ფიქრით, რაც მის ხალხს მოელოდა. შეუმჩნეველი ხომ არ დარჩა იეჰოვას რახაბი და მისი კარგი თვისებები?

დღესაც არიან რახაბის მსგავსი ადამიანები. თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ მათ ისეთი ცხოვრება უწევთ, რაც სიხარულსა და ღირსების გრძნობას უკარგავს. ისინი ფიქრობენ, რომ მათ არავინ ამჩნევს და არავინ აფასებს. მაგრამ რახაბის შემთხვევა გვანუგეშებს და შეგვახსენებს, რომ ღმერთს შეუმჩნეველი არავინ რჩება. რაც უნდა უღირსად ვგრძნობდეთ თავს, იეჰოვა „შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:27). იეჰოვა ახლოს არის და იმედს აძლევს ყველას, ვინც მისადმი რწმენას ავლენს. კიდევ რა შეიძლება ითქვას რახაბზე?

მან „მიიღო მზვერავები“

ერთხელ, მანამ სანამ ისრაელები იერიხონის გარშემოვლას დაიწყებდნენ, რახაბის სახლს ორი უცხო მამაკაცი მიადგა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ შეუმჩნევლად შეძლებდნენ ქალაქში შეღწევას. მაგრამ ამ ხალხმრავალ ქალაქში ბევრი ფხიზლობდა, რომ ისრაელის მზვერავების შემოსვლა არ გამოჰპარვოდათ. როგორც ჩანს, გამჭრიახმა რახაბმა იეჭვა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მისი სტუმრები. თავის კართან  უცხო მამაკაცების დანახვა მას არ გაუკვირდებოდა, მაგრამ ამ კაცებს მხოლოდ ღამის გასათევი ადგილი სჭირდებოდათ და არა მეძავის მომსახურება.

ეს ორი მამაკაცი ისრაელის ბანაკიდან გამოგზავნილი მზვერავები გახლდნენ. მათმა მეთაურმა იესო ნავეს ძემ ისინი იმ მიზნით გამოგზავნა, რომ გაეგოთ იერიხონის ძლიერი და სუსტი მხარეები. იერიხონი ქანაანის პირველი ქალაქი იყო, რომელსაც ისრაელი დასაპყრობად მიადგა, და შესაძლოა, ყველაზე ძლიერიც. იესო ნავეს ძეს უნდოდა, სცოდნოდა, რა წინააღმდეგობას შეხვდებოდნენ ის და მისი ხალხი ამ მიწაზე. მზვერავებმა განზრახ აირჩიეს რახაბის სახლი. ყველაზე მეტად მეძავის სახლში შეიძლებოდა შეუმჩნევლად შეღწევა. შესაძლოა ისინი იმასაც იმედოვნებდნენ, რომ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას სწორედ იქ მოისმენდნენ მოლაყბეებისგან.

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ რახაბმა „სტუმართმოყვარულად მიიღო მაცნეები“ (იაკობი 2:25). მან ისინი სახლში შეიპატიჟა და ღამის გათევის ნება მისცა, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იცოდა მათი ვინაობა და მოსვლის მიზანი. შესაძლოა ის ფიქრობდა, რომ მათგან უფრო მეტს გაიგებდა ისრაელის ღმერთზე, იეჰოვაზე.

მოულოდნელად რახაბის სახლს იერიხონის მეფის მაცნეები მოადგნენ. იერიხონში ხმები დადიოდა, რომ რახაბის სახლში ისრაელი მზვერავები იყვნენ. როგორ მოიქცეოდა რახაბი? თუ ამ ორ უცხო მამაკაცს დაიცავდა, განა თავს საფრთხეში არ ჩაიგდებდა? თუ მტრებს შეიფარებდა, განა იერიხონის მცხოვრებლები არ ამოხოცავდნენ მას და მის ოჯახს? რახაბს ახლა უკვე აღარ ეპარებოდა ეჭვი ამ მამაკაცების ვინაობაში. და თუ უკვე იცოდა, რომ იეჰოვა თავის ღმერთებზე ბევრად უკეთესი და ძლიერი ღმერთი იყო, განა ეს არ აღძრავდა მას, რომ იეჰოვას მხარე დაეკავებინა?

რახაბს ფიქრისთვის ბევრი დრო არ ჰქონდა. ის გონიერი იყო და სწრაფად იმოქმედა. მან მზვერავები ბანზე გასაშრობად გაშლილ სელის ძნებში დამალა. შემდეგ მეფის გამოგზავნილ მაცნეებს უთხრა: „კი, იყვნენ მოსულები, მაგრამ არ ვიცი, საიდან იყვნენ, შებინდებისას წავიდნენ, კარიბჭის დაკეტვამდე, ოღონდ არ ვიცი, სად წავიდნენ. საჩქაროდ დაედევნეთ და დაეწევით“ (იესო ნავეს ძე 2:4, 5). წარმოიდგინეთ, როგორ უყურებდა რახაბი მეფის კაცებს სახეში, მას ალბათ აინტერესებდა, ხომ არ მიხვდნენ ისინი, რა ძლიერ უცემდა შიშისაგან გული.

რახაბმა იეჰოვას ორი მსახური სელის ძნებში დამალა, რითაც თავი საფრთხეში ჩაიგდო

რახაბის ტაქტიკამ გაჭრა. მეფის კაცები სასწრაფოდ გაემართნენ „იორდანის მიმართულებით, ფონებისკენ“ (იესო ნავეს ძე 2:7). მათი წასვლის შემდეგ რახაბი ალბათ შვებით ამოისუნთქავდა. ასე მარტივი ხერხით მან შეცდომაში შეიყვანა მკვლელები, რომელთაც არანაირი უფლება არ ჰქონდათ, სიმართლე სცოდნოდათ. ასე გადაარჩინა რახაბმა ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას მსახურები.

რახაბი სასწრაფოდ ავიდა ბანზე და მზვერავებს ყველაფერი უამბო. მან აგრეთვე მათ მნიშვნელოვანი რამ გაუმჟღავნა — იერიხონი შიშს მოეცვა და ხალხი შეძრწუნებული იყო დამპყრობლების გამო. ეს  კარგი ამბავი მზვერავებს ძალიან გაახარებდა. ბოროტი ქანაანელები ისრაელის ღმერთის, იეჰოვას, შიშით კანკალებდნენ. შემდეგ რახაბმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ თქვა, რაც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს: „იეჰოვა, თქვენი ღმერთი ცისა და მიწის ღმერთია“ (იესო ნავეს ძე 2:11). ის, რაც რახაბს იეჰოვაზე ჰქონდა გაგებული, საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, რომ მინდობოდა ისრაელის ღმერთს და რწმენა გამოევლინა მისადმი.

რახაბი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა თავის ხალხს გაამარჯვებინებდა. ამიტომ მან წყალობა ითხოვა, რომ მისთვის და მისი სახლეულობისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. მზვერავებმაც პირობა მისცეს, რომ არაფერს დაუშავებდნენ მას და მის ოჯახს, თუ რახაბი არ გასცემდა მათ და სარკმელზე ალისფერ თოკს გამოაბამდა (იესო ნავეს ძე 2:12—14, 18).

რახაბის რწმენიდან ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ვსწავლობთ. როგორც ბიბლია ამბობს, „რწმენა მოსმენილისგან მოდის“ (რომაელები 10:17). მან სანდო ინფორმაცია მოისმინა იეჰოვა ღმერთის სამართლიანობასა და ძალაზე, რამაც რახაბს ღვთის რწმენა და ნდობა განუვითარა. დღეს ჩვენ იეჰოვაზე უფრო მეტი ცოდნის მიღების შესაძლებლობა გვაქვს. შევეცდებით ბიბლიის მეშვეობით ღვთის გაცნობას და რწმენის გამოვლენას?

ძლიერი გალავანი ინგრევა

რახაბის რჩევისამებრ, მზვერავები სარკმელზე გამობმული თოკით დაბლა დაეშვნენ და მთებისკენ გაიქცნენ. იერიხონის ჩრდილოეთით შეფენილ ფერდობებზე ბევრი მღვიმე იყო, სადაც მზვერავები ადვილად დაიმალებოდნენ. შემდეგ კი, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობდნენ, ისრაელის ბანაკში კარგი ამბით დაბრუნდებოდნენ.

რახაბმა ირწმუნა ისრაელის ღმერთი

მოგვიანებით, იერიხონის მკვიდრთ უსათუოდ შიში შეიპყრობდა, როცა გაიგებდნენ, რა სასწაულებრივად გააჩერა იეჰოვამ იორდანეს წყალი და როგორ გადაკვეთეს ისრაელებმა მშრალად მდინარე (იესო ნავეს ძე 3:14—17). მაგრამ რახაბს ეს ამბავი კიდევ უფრო მეტად დაარწმუნებდა იმაში, რომ სწორი არჩევანი გააკეთა, როცა იეჰოვასადმი რწმენა გამოავლინა.

დადგა დრო, როცა ისრაელმა ექვსი დღის განმავლობაში, დღეში ერთხელ, იერიხონს გარს უნდა შემოუაროს. მაგრამ მეშვიდე დღეს მათ სხვანაირად უნდა იმოქმედონ. როგორც სტატიის დასაწყისში იყო აღნიშნული, მათ გამთენიისას დაიწყეს ქალაქის შემოვლა და ეს რამდენჯერმე გაიმეორეს (იესო ნავეს ძე 6:15).

ბოლოს, მეშვიდე წრის შემოვლის შემდეგ, ისრაელის ჯარი გაჩერდა. საყვირების ხმაც შეწყდა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ქალაქში ყველა დაძაბულობამ მოიცვა. იესო ნავეს ძის ნიშანზე ისრაელმა მეომრებმა ყიჟინა დასცეს. იერიხონის გალავანზე მდგარი მცველები შეიძლება ფიქრობდნენ, თუ რას ნიშნავდა შეტევის ეს უცნაური მეთოდი. მაგრამ დიდხანს ფიქრი არც მოუწევდათ, რადგან კედლებმა მათ ფეხქვეშ დაიწყო რყევა. ბოლოს კი სულ ჩამოინგრა და მიწასთან გასწორდა. როგორც კი მტვერი გაიფანტა, გამოჩნდა, რომ ნანგრევებში გალავნის ერთი ნაწილიღა იდგა მყარად. ეს იყო რახაბის სახლი — მისი რწმენის უტყვი მოწმე. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა რახაბი, როცა დაინახავდა, როგორ დაიცვა იეჰოვამ. * მისი სახლეულობა ცოცხალი გადარჩა (იესო ნავეს ძე 6:10, 16, 20, 21).

რახაბის რწმენა იეჰოვას ხალხმაც დააფასა. როდესაც დაინახეს ნანგრევებში აღმართული ერთადერთი სახლი, ისინი მიხვდნენ, რომ იეჰოვა იყო რახაბთან. ის და მისი სახლეულობა ამ ბოროტი ქალაქის განადგურებისას ცოცხალი გადარჩა. ბრძოლის შემდეგ რახაბს უფლება მიეცა, ისრაელის ბანაკის გარეთ ეცხოვრა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ისრაელ ერს შეუერთდა. რახაბი ცოლად ისრაელ მამაკაცს, სალმონს გაჰყვა. მათ ვაჟს, ბოაზსაც სამაგალითო რწმენა ჰქონდა. მან ცოლად მოაბელი რუთი შეირთო * (რუთი 4:13, 22). მეფე დავითი და მოგვიანებით მესია, იესო ქრისტე, მათი შთამომავლობითი ხაზიდან მოვიდნენ (იესო ნავეს ძე 6:22—25; მათე 1:5, 6, 16).

რახაბის ისტორიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა თითოეულ ჩვენგანს აფასებს. ის ყველას ამჩნევს, ყველას გულს ხედავს და ძალიან უხარია, როცა რახაბის მსგავსად ჩვენს გულშიც ხედავს რწმენის თუნდაც პატარა მარცვალს. რწმენამ რახაბი მოქმედებისკენ აღძრა. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ის „საქმეებით იქნა მართლად აღიარებული“ (იაკობი 2:25). რამდენად გონივრული იქნება ჩვენც მივბაძოთ მის რწმენას.

^ აბზ. 27 აღსანიშნავია, რომ იეჰოვამ პატივი სცა იმ ორი მზვერავის მიერ რახაბთან დადებულ პირობას.

^ აბზ. 28 რუთისა და ბოაზის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2012 წლის 1 ივლისისა და 1 ოქტომბრის ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“, რუბრიკა „მიჰბაძეთ მათ რწმენას“.