არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  ოქტომბერი 2013

 ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

„ბევრ ადამიანს ვძულდი“

„ბევრ ადამიანს ვძულდი“
  • დაბადების წელი: 1978

  • ქვეყანა: ჩილე

  • წარსულში: დაუნდობელი მოძალადე

მოკლე ბიოგრაფია:

გავიზარდე ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში. ჩემს სამეზობლოში დანაშაული და ნარკოტიკები უცხო არ იყო. ბანდიტურ დაჯგუფებებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებოდით. ხუთი წლის რომ ვიყავი, მამაჩემი მოკლეს. დედამ ერთ სასტიკ კაცთან დაიწყო ცხოვრება. ის გამუდმებით გვცემდა მე და დედას. ბავშვობაში მიღებული ემოციური ჭრილობები დღემდე მომყვება.

მოზარდობის წლებში ჩემზე სხვა რამემაც იმოქმედა უარყოფითად, რამაც საბოლოო ჯამში, მოძალადე პიროვნებად ჩამომაყალიბა. ჰევი-მეტალს ვუსმენდი, ბევრს ვსვამდი და ხანდახან ნარკოტიკებსაც ვიღებდი. ხშირად ქუჩურ ჩხუბში ვებმებოდი ნარკოდილერებთან, რომლებმაც არაერთხელ სცადეს ჩემი მოკვლა. ერთხელ ერთმა ბანდამ ჩემ მოსაკლავად ბოროტმოქმედიც კი დაიქირავა. მან დანა დამარტყა, მაგრამ როგორღაც მოვახერხე გაქცევა. ერთხელაც რამდენიმე ნარკოდილერმა თავზე პისტოლეტი მომადო; მათ ჩემი ჩამოხრჩობა უნდოდათ.

1996 წელს ერთი ქალი შემიყვარდა. მას კაროლინა ერქვა. 1998 წელს მე და კაროლინა დავქორწინდით. პირველი ვაჟის დაბადების შემდეგ ვშიშობდი, რომ აგრესიული ხასიათის გამო ჩემი მამინაცვალივით დავუწყებდი ცემას ცოლ-შვილს. ამიტომ დახმარებისთვის ადგილობრივ რეაბილიტაციის ცენტრს მივაკითხე. იქ მკურნალობის კურსი გავიარე, მაგრამ უშედეგოდ. პატარა რამეზეც კი ვცოფდებოდი. მიჭირდა თავის გაკონტროლება. ძალიან ვცდილობდი, რომ ჩემი ოჯახისთვის ზიანი არ მიმეყენებინა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ამიტომ თავის მოკვლა გადავწყვიტე. საბედნიეროდ, ცოცხალი გადავრჩი.

წლების განმავლობაში ათეისტი ვიყავი, მაგრამ ძალიან მინდოდა, რომ ღმერთი მერწმუნა. ერთი პერიოდი ევანგელისტურ ეკლესიაში დავდიოდი. ამასობაში ჩემმა ცოლმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მოწმეებს ვერ ვიტანდი, მათ ხშირად ვუყვიროდი და ვაგინებდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ისინი ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ.

ერთხელ კაროლინამ მთხოვა, ჩემს ბიბლიაში ფსალმუნის 83:18 წამეკითხა. იქ გარკვევით წერია, რომ ღვთის სახელი იეჰოვაა. გამიკვირდა, რადგან ევანგელისტურ ეკლესიაში ღმერთზე კი გვესაუბრებოდნენ, მაგრამ იეჰოვაზე არაფერს გვეუბნებოდნენ. 2000 წელს მეც დავიწყე ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

ძალიან მანუგეშა იმის გაგებამ, რომ იეჰოვა თანამგრძნობი და მპატიებელი ღმერთია. მაგალითად, გამოსვლის 34:6, 7-ში ნათქვამია, რომ იეჰოვა „გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში; ათასებისთვის ინახავს სიკეთეს, პატიობს დანაშაულს, შეცოდებასა და ცოდვას“.

ძალიან მანუგეშა იმის გაგებამ, რომ იეჰოვა თანამგრძნობი და მპატიებელი ღმერთია

მიუხედავად ამისა, მიჭირდა ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს აგრესიულ ხასიათს ვერასოდეს შევიცვლიდი. ყოველთვის, როცა მარცხს განვიცდიდი, კაროლინა მამხნევებდა. ის მახსენებდა, რომ იეჰოვა ხედავდა, როგორ ძალიან ვცდილობდი გამოსწორებას. მეუღლის მხარდაჭერით ძალა მომეცა, ხელი არ ჩამექნია და ბრძოლა გამეგრძელებინა, თუმცა ხშირად ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა.

ერთხელ ალეხანდრომ, რომელიც ბიბლიის შესწავლაში მეხმარებოდა, მთხოვა გალატელების 5:22, 23 წამეკითხა. ამ მუხლებში ნათქვამია, რომ ღვთის სულის ნაყოფია: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი და თავშეკავება“. ალეხანდრომ ამიხსნა, რომ ამ თვისებების გამოვლენას მხოლოდ ჩემი ძალით ვერ შევძლებდი. ეს ღვთის წმინდა სულით იქნებოდა შესაძლებელი. ამის გაგებამ მთლიანად შემიცვალა თვალსაზრისი.

მოგვიანებით, იეჰოვას მოწმეების დიდ კონგრესს დავესწარი. იქ არსებულმა წესრიგმა, სისუფთავემ და მეგობრულმა ურთიერთობამ დამარწმუნა, რომ ჭეშმარიტი რელიგია ვიპოვე (იოანე 13:34, 35). 2001 წლის თებერვალში მოვინათლე.

კურთხევები:

იეჰოვას დახმარებით, ერთ დროს დაუნდობელი მოძალადე მშვიდობიანი ადამიანი გავხდი. ღმერთმა ღრმა ჭაობიდან ამომათრია. ბევრ ადამიანს ვძულდი და არც ვამტყუნებ, მაგრამ დღეს ჩემს ცოლთან და ორ ვაჟთან ერთად სიხარულით ვემსახურები იეჰოვას.

ნათესავებს და ყოფილ მეგობრებს უკვირთ, რომ ასე შევიცვალე. ჩემი შემხედვარე რამდენიმე მათგანი ჭეშმარიტებით დაინტერესდა და ბიბლიის შესწავლა დაიწყო. იეჰოვა ღმერთმა იმის პატივიც მარგუნა, რომ სხვებს მის გაცნობაში დავეხმარო. დიდი ბედნიერებაა, როცა ხედავ, როგორ ცვლის ბიბლიური ჭეშმარიტება ადამიანებს.