წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი სექტემბერი 2013

 დაუახლოვდით ღმერთს

„ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“

„ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“

როგორ საჩუქარს უფრო დააფასებდით? უდავოა, უმეტესობას გულით გაღებული საჩუქრის მიღება უფრო გაგვიხარდებოდა, ვიდრე ისეთის, რომელსაც მოვალეობის მოხდის მიზნით გვჩუქნიან. როცა საქმე გაცემას ეხება, დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივებს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამას ღვთისთვისაც აქვს მნიშვნელობა. მოდი, ვიმსჯელოთ ღვთის შთაგონებით წარმოთქმულ პავლე მოციქულის სიტყვებზე, რომლებიც ჩაწერილია 2 კორინთელების 9:7-ში.

რატომ მისწერა პავლემ კორინთელ ქრისტიანებს ეს სიტყვები? მას სურდა, წაეხალისებინა იქაური ქრისტიანები, რომ დახმარებოდნენ გაჭირვებაში მყოფ იუდეველ თანამორწმუნეებს. აიძულებდა პავლე კორინთელ ქრისტიანებს გაცემას? ნამდვილად არა, რადგან მან დაწერა: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“. მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს სიტყვები.

„როგორც გულში გადაწყვიტა“. პავლეს ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი იმიტომ გასცემს, რომ მან ამის გაკეთება „გულში გადაწყვიტა“. ამავე დროს, ქრისტიანი იმაზეც ფიქრობს, თუ რა მხრივ სჭირდება დახმარება თანაქრისტიანს. დედნისეულ ენაზე სიტყვა „გადაწყვიტა“, „წინასწარ განჭვრეტის აზრს ატარებს“, — აღნიშნავს ერთი სწავლული. ასე რომ, ქრისტიანი ფიქრობს გაჭირვებულ თანაქრისტიანზე და იმაზე, თუ როგორ დაეხმაროს მას (1 იოანე 3:17).

„არა უხალისოდ ან ნაძალადევად“. პავლე ყურადღებას ამახვილებს ორ რამეზე, რაც არ უნდა ახასიათებდეთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს გაცემის დროს. ეს არის უხალისოდ და იძულებით გაცემა. ბერძნული სიტყვა, რომელიც „უხალისოდ“ ითარგმნება, სიტყვასიტყვით ნიშნავს, „წუხილით“ ან „სინანულით“. უხალისოდ გამცემი „სინანულით გასცემს და გულში იმაზე წუხს, რომ ფული მოაკლდა“, — ნათქვამია ერთ ნაშრომში (Paul’s Second Epistle to the Corinthians, by Philip E. Hughes). ხოლო ნაძალადევად გაცემა იმას ნიშნავს, რომ მას ვიღაც აიძულებს ამის გაკეთებას. ნამდვილად არავინ ისურვებდა უხალისოდ და ნაძალადევად მოცემულ საჩუქარს.

„ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“. თუ ქრისტიანი გაცემას გადაწყვეტს, მან ეს — როგორც პავლემ თქვა — სიხარულით უნდა გააკეთოს. მართლაც, გაცემას სიხარული და ბედნიერება მაშინ მოაქვს, როცა ეს სწორი მოტივებით არის გაკეთებული (საქმეები 20:35). სიხარულით გამცემი ვერ დამალავს თავის გრძნობებს. ფაქტობრივად, გამოთქმა „სიხარულით გამცემი“, კარგად აღწერს როგორც გამცემის შინაგან გრძნობებს, ისე მის გარეგნულ გამომეტყველებას. ჩვენ გვსიამოვნებს, როცა სიკეთეს სიხარულით გვიკეთებენ. ეს იეჰოვასაც სიამოვნებს. ბიბლიის ერთ თარგმანში წერია: „ღმერთს უყვარს ის, ვისაც უყვარს გაცემა“ („თანამედროვე ინგლისური თარგმანი“).

„ღმერთს უყვარს ის, ვისაც უყვარს გაცემა“

როცა საქმე გაცემას შეეხება, ქრისტიანებმა უნდა იხელმძღვანელონ ღვთის შთაგონებით წარმოთქმულ პავლე მოციქულის სიტყვებში ჩადებული პრინციპით. როდესაც სხვებს ჩვენს დროს, ენერგიას თუ მატერიალურ სახსრებს ვწირავთ, მოდი ეს ხალისით და ძალდაუტანებლად გავაკეთოთ, რადგან ხელგაშლილობას ბედნიერება მოაქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ გაჭირვებულებს ვეხმარებით. ასეთი გაცემა დიდ სიხარულს მოგვიტანს; ჩვენ ღვთის სიყვარულსაც დავიმსახურებთ, ვინაიდან მას „სიხარულით გამცემი უყვარს“.

სექტემბერში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

1 და 2 კორინთელები