არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი აგვისტო 2013

 მიჰბაძეთ მათ რწმენას

„ნოე და კიდევ შვიდი კაცი გადარჩნენ“

„ნოე და კიდევ შვიდი კაცი გადარჩნენ“

კოკისპირულმა წვიმამ დასცხო. წყვდიადით მოცულ კიდობანს ლამპის შუქიღა ანათებს. სუნთქვაშეკრული ნოე და მისი ოჯახის წევრები ერთმანეთს მიეკვრნენ. წარმოიდგინეთ მათი შეშინებული სახეები და გაფართოებული თვალები, როდესაც ესმით, როგორ ეცემა სახურავს ზემოდან ღვარად წამოსული წყალი და როგორ ეხეთქება კიდობანს აზვირთებული ტალღები. ეს საშინელი ხმა ირგვლივ ყველაფერს ახშობს.

ნოემ თავის საყვარელ ცოლს, შვილებსა და რძლებს გადახედა და გული მადლიერებით აევსო. ამ უკიდურესად რთულ სიტუაციაში ის მშვიდად იყო, რადგან საყვარელი ადამიანები გვერდით ჰყავდა. ისინი ცოცხლები და უვნებლები იყვნენ. ნოე უეჭველად ღმერთს მადლობას გადაუხდიდა და ოჯახის წევრების გასაგონად ხმამაღლა ილოცებდა, რადგან მისი ხმა შეიძლებოდა წყლის ხმაურს გადაეფარა.

ნოე რწმენის კაცი იყო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა იეჰოვამ, გადაერჩინა ის და მისი ოჯახი (ებრაელები 11:7). თუმცა მათ კიდევ უფრო დიდი რწმენა დასჭირდებოდათ იმ რთული დღეების გადასატანად, რაც წინ ელოდათ. ამ მშფოთვარე დროში ჩვენც გვჭირდება ძლიერი რწმენა. ვნახოთ, რის სწავლა შეგვიძლია კაცისგან, რომელსაც უდიდესი რწმენა გააჩნდა.

„ორმოცი დღე და ორმოცი ღამე“

„ორმოცი დღე და ორმოცი ღამე“ გრძელდებოდა თავსხმა (დაბადება 7:4, 11, 12). წყალი სულ უფრო და უფრო მატულობდა. ნოე ხედავდა, როგორ იცავდა იეჰოვა ღმერთი მართლებს და ამავდროულად, როგორ ანადგურებდა ბოროტებს.

წარღვნამ ჩაახშო ანგელოზების ამბოხება. სატანის წაქეზებით ბევრმა ანგელოზმა მიატოვა ზეცაში „მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“, რათა სქესობრივი კავშირი დაემყარებინათ ქალებთან, რის შედეგადაც დედამიწაზე გაჩნდნენ ჰიბრიდები, რომლებსაც ნეფილიმები ეწოდათ (იუდა 6; დაბადება 6:4). სატანამ მიზანს მიაღწია, ის უდავოდ ძალიან გახარებული იქნებოდა, რადგან ხედავდა, როგორ ეცემოდა და კნინდებოდა ადამიანი — იეჰოვას შემოქმედების გვირგვინი დედამიწაზე.

როგორც კი ანგელოზებმა დაინახეს, რომ წყალმა იმძლავრა დედამიწაზე, იძულებულნი გახდნენ, მიეტოვებინათ ხორციელი სხეული და ზეციერ სამყოფელს დაბრუნებოდნენ. ამის შემდეგ მათ აღარასოდეს შეუსხამთ ხორცი. მათი ცოლები და შთამომავლობა წარღვნის დროს უღვთო ადამიანებთან ერთად დაიხოცნენ.

იეჰოვამ ჯერ კიდევ ენოქის დროიდან, წარღვნამდე შვიდი საუკუნით ადრე, დაიწყო ხალხის გაფრთხილება, რომ გაანადგურებდა ბოროტებსა და უღვთოებს (დაბადება 5:24; იუდა 14, 15). მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული ხალხი უფრო მეტად სჩადიოდა ბოროტებას; დედამიწა ჩანაგდებოდა და ივსებოდა ძალადობით. მათი განადგურება ახლა უკვე გარდაუვალი იყო. უხაროდათ ნოესა და მის ოჯახს ამ ხალხის სიკვდილი?

რა თქმა უნდა, არა! მათი განადგურება არც გულმოწყალე ღმერთს ახარებდა (ეზეკიელი 33:11). იეჰოვამ ყველაფერი გააკეთა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩენილიყო. ის ხალხს ენოქის მეშვეობით აფრთხილებდა. მან ნოეს კიდობნის აშენება დაავალა. ნოე და მისი ოჯახი ათწლეულების განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, რომ აეშენებინათ უზარმაზარი კიდობანი, რასაც ხალხიც შესანიშნავად ხედავდა. უფრო მეტიც, იეჰოვამ ნოეს დაავალა,  სიმართლე ექადაგა (2 პეტრე 2:5). ნოეც, ენოქის მსგავსად აფრთხილებდა ხალხს ღვთის განაჩენის შესახებ, რომელიც მთელ დედამიწას დაატყდებოდა თავს. მაგრამ როგორი იყო მათი რეაქცია? იესომ, რომელიც ამ ყველაფერს ზეციდან აკვირდებოდა, მოგვიანებით ნოეს დღეებში მცხოვრები ხალხის შესახებ თქვა: „არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“ (მათე 24:39).

საინტერესოა, რა საქმით იქნებოდნენ დაკავებული ნოე და მისი ოჯახი კიდობანში კარის დახურვიდან პირველი ორმოცი დღის განმავლობაში. გარეთ კოკისპირულად წვიმდა, შიგნით კი ნოე და მისი ცოლ-შვილი ალბათ ერთმანეთზე ზრუნავდნენ, საოჯახო საქმეებს აკეთებდნენ და ცხოველებს უვლიდნენ. და ასე, საქმეში გართულებმა უცბად იგრძნეს, როგორ შეირყა და დაირწა უზარმაზარი ხომალდი. ის ნელ-ნელა მაღლა იწევდა და ბოლოს „მიწის ზემოთ დაიწყო ტივტივი“ (დაბადება 7:17). მართლაც, ეს იყო ყოვლისშემძლე ღვთის, იეჰოვას, ძალის უდიდესი გამოვლინება!

ნოე უეჭველად ღვთის მადლიერი იქნებოდა არა მარტო იმიტომ, რომ ის და მისი ოჯახი წარღვნას გადაურჩა, არამედ იმიტომაც, რომ იეჰოვამ მათ შესაძლებლობა მისცა, გარეთ დარჩენილი ხალხი მოსალოდნელი განადგურების შესახებ გაეფრთხილებინათ. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ მათ ის წლები ტყუილად იშრომეს. მათი გაფრთხილება ყურად არავინ იღო. დაფიქრდით, ნოეს ალბათ ეყოლებოდა ძმები, დები, დისშვილები, ძმისშვილები, მაგრამ არც ერთი მათგანი არ უსმენდა (დაბადება 5:30). ამ დროს კიდობანში მყოფები უეჭველად დაიწყებდნენ იმაზე ფიქრს, რომ მათ გადასარჩენად დრო და ენერგია არ დაუზოგავთ. ეს მათ ერთგვარ შვებას მოჰგვრიდა.

იეჰოვა არ იცვლება (მალაქია 3:6). იესო ქრისტემ ჩვენი დრო „ნოეს დროს“ შეადარა (მათე 24:37). ჩვენ განსაკუთრებულ, მშფოთვარე პერიოდში ვცხოვრობთ, რომელიც ამ ქვეყნიერების განადგურებით დასრულდება. დღესაც ღვთის მსახურები ყველას გადასცემენ გამაფრთხილებელ ცნობას. გამოეხმაურებით მას? თუ უკვე გამოეხმაურეთ და გაიგეთ ჭეშმარიტება, რომელიც გადარჩენისთვისაა აუცილებელი, სხვებსაც გააგებინებთ ამის შესახებ? ნოემ და მისმა ოჯახმა ამ მხრივ კარგი მაგალითი დაგვიტოვეს.

 „გადაურჩა წყალს“

ოკეანეში მოტივტივე კიდობანში მყოფთ ალბათ ესმოდათ, როგორ ჭრიალებდა და ჭრაჭუნებდა ხის ეს უზარმაზარი ნაგებობა. შეაშინებდა ნოეს აზვირთებული ტალღები ან დაიწყებდა იმაზე წუხილს, ვაი თუ კიდობანი საიმედო არ გამოდგესო? რა თქმა უნდა, არა. ასეთი ეჭვები დღეს შეიძლება სკეპტიკოსებს გაუჩნდეთ, მაგრამ ნოე არ იყო სკეპტიკოსი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რწმენით ნოემ . . . კიდობანი ააგო“ (ებრაელები 11:7). რისი რწმენა ჰქონდა ნოეს? იეჰოვამ შეთანხმება დაუდო ნოეს, რომ წარღვნის დროს მას და მის ოჯახს გადაარჩენდა (დაბადება 6:18, 19). ნუთუ ამხელა სამყაროს შემოქმედი, დედამიწისა და ცოცხალი არსებების გამჩენი, ვერ შეძლებდა კიდობნის გადარჩენას?! ნოე ენდობოდა იეჰოვას და სჯეროდა, რომ ის შეასრულებდა თავის დაპირებას. და მართლაც, ის და მისი ოჯახი „გადაურჩა წყალს“ (1 პეტრე 3:20).

ორმოცი დღისა და ორმოცი ღამის შემდეგ წვიმა შეწყდა. ჩვენი კალენდრის მიხედვით, ეს მოხდა დაახლოებით ძვ. წ. 2370 წლის დეკემბერში. უკიდეგანო ოკეანეში, რომელმაც მთის მწვერვალებიც კი დაფარა, ცოცხალი არსებებით სავსე ერთადერთი ხომალდიღა ტივტივებდა (დაბადება 7:19, 20). მაგრამ კიდობანში მყოფი ნოეს ოჯახის თავგადასავალი ამით არ დასრულებულა. წარმოიდგინეთ, რამხელა შრომას ეწეოდნენ ნოე და მისი შვილები — სემი, ქამი და იაფეთი, რათა ეზრუნათ ცხოველების გამოკვებაზე, მათ სისუფთავესა და ჯანმრთელობაზე. ღმერთი, რომელმაც მოათვინიერა ყველა ეს გარეული ცხოველი და შეიყვანა კიდობანში, უდავოდ იმაზეც იზრუნებდა, რომ წარღვნის დროს ისინი უწყინრები ყოფილიყვნენ და არ გამოევლინათ მტაცებლური ბუნება. *

ნოე უეჭველად გააკეთებდა დაწვრილებით ჩანაწერებს. ეს ჩანაწერები მოგვითხრობს, როდის დაიწყო წვიმა და როდის — შეწყდა. ვიგებთ იმასაც, რომ წყალი 150 დღე მძლავრობდა დედამიწაზე. ბოლოს წყალმა კლება დაიწყო. ერთ დღესაც კიდობანი „არარატის მთებზე გაჩერდა“, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, ეს მოხდა ძვ. წ. 2369 წლის აპრილში. 73 დღის შემდეგ, ივნისის თვეში, მთის მწვერვალები გამოჩნდა. მომდევნო სამი თვის შემდეგ, სექტემბერში, ნოემ გადაწყვიტა, აეხადა კიდობნის ზოგი სარკმელი ან სახურავი. ეს ადვილი გასაკეთებელი არ იქნებოდა, მაგრამ როგორც კი მზის სინათლე და სუფთა ჰაერი კიდობანში შეაღწევდა, მათ დაღლა დაავიწყდებოდათ. ნოემ მანამდეც რამდენჯერმე შეამოწმა, იყო თუ არა გამშრალი მიწის პირი. მან ჯერ ყორანი გაუშვა, რომელიც გაფრინდებოდა, მაგრამ ისევ უკან ბრუნდებოდა, შესაძლოა იმიტომ, რომ კიდობანზე ჩამომჯდარიყო. გარკვეული დროის შემდეგ მან მტრედი გაუშვა, რომელიც მანამ ბრუნდებოდა უკან, სანამ საბოლოოდ არ იპოვა დასაჯდომი ადგილი (დაბადება 7:24—8:13).

ეჭვგარეშეა, რომ ნოე უკიდურესად რთულ სიტუაციაშიც კი ოჯახთან ერთად სცემდა ღმერთს თაყვანს

არანაკლებ დიდ ყურადღებას მიაქცევდა ნოე სულიერ საკითხებსაც. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ იკრიბებოდა მისი ოჯახი რეგულარულად, რათა ერთად ელოცათ და თავიანთ მხსნელ ზეციერ მამაზე ესაუბრათ. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ნოე იეჰოვაზე იყო მინდობილი. მაშინაც კი, როცა მან დაინახა, რომ „გაშრა დედამიწა“, კიდობნის კარი არ გააღო და გარეთ არ გამოვიდა. ის იეჰოვას მითითებას ელოდა (დაბადება 8:14).

ოჯახის თავებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ამ ერთგული კაცისგან. ის მოწესრიგებული, შრომისმოყვარე, მომთმენი და მზრუნველი ადამიანი იყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნოე იეჰოვას ნებას პირველ ადგილზე აყენებდა. თუ ნოეს ამ მხრივაც მივბაძავთ, ჩვენი ოჯახის წევრები ბედნიერები და კურთხეულები იქნებიან.

„გამოდით კიდობნიდან“

ბოლოს იეჰოვამ ნოეს უთხრა: „გამოდით კიდობნიდან შენ, შენი ცოლი, შენი ვაჟები და მათი ცოლები“. ამგვარად, მხოლოდ იეჰოვას სიტყვის მერე გამოვიდნენ კიდობნიდან ნოე, მისი ოჯახი და ყველა ცხოველი. ქაოსურად მოხდა ეს გამოსვლა? ჩანაწერები მოგვითხრობს, რომ ყველა ცოცხალი ქმნილება კიდობნიდან „თავ-თავიანთი გვარისდა მიხედვით“ გამოვიდა (დაბადება 8:15—19). გარეთ გამოსვლისთანავე ნოემ და მისმა ოჯახის წევრებმა გრილი ნიავის სურნელი შეიგრძნეს, შემდეგ არარატის მთებს მოავლეს თვალი და დაინახეს, რომ დედამიწა გაწმენდილიყო. აღარც ნეფილიმები იყვნენ და აღარც მეამბოხე ანგელოზები. ბოროტი და მოძალადე ადამიანებიც გამქრალიყვნენ. * ადამიანთა მოდგმას მიეცა შესაძლებლობა ღვთის მოსაწონი ცხოვრება დაეწყო.

 ნოემ კარგად უწყოდა, რაც უნდა გაეკეთებინა. პირველი, რაც მან გააკეთა, წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენა იყო. მან სამსხვერპლო ააგო და წმინდა ცხოველებიდან და ფრინველებიდან, რომლებიც შვიდ-შვიდი შეიყვანა კიდობანში, რამდენიმე დასაწვავ შესაწირავად შესწირა იეჰოვას (დაბადება 7:2; 8:20). ესიამოვნა იეჰოვას ასეთი მსხვერპლი?

ბიბლიაში ვკითხულობთ: „ესიამოვნა დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვას“. როცა დედამიწა ბოროტებით აივსო, გული მოუკვდა იეჰოვას. ახლა კი როცა ხედავდა, ამ ერთგულ თაყვანისმცემლებს, რომლებსაც მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი მისი ნების შესრულება, მისი მწუხარება სიხარულმა შეცვალა. ღმერთი მათგან სრულყოფილებას არ ელოდა. იგივე მუხლი დასძენს: „სიყრმიდანვე ბოროტებისკენ ისწრაფვის ადამიანის გული“ (დაბადება 8:21). ვნახოთ, როგორ გამოავლინა შემდგომშიც იეჰოვამ თანაგრძნობა და მოთმინება ადამიანების მიმართ.

ღმერთმა გააუქმა მიწასთან დაკავშირებული წყევლა. ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ იეჰოვამ მიწა დაწყევლა, რაც გაართულებდა მოსავლის მოყვანას. ლამექმა, ნოეს მამამ, თავის შვილს ნოე დაარქვა, რაც შესაძლოა ნიშნავს „დასვენებას“ ან „ნუგეშს“. ამგვარად, ლამექმა იწინასწარმეტყველა, რომ მისი ვაჟის დღეებში მიწასთან დაკავშირებული წყევლა გაუქმდებოდა. როგორ გაუხარდებოდა ნოეს ამ წინასწარმეტყველების შესრულება და იმის დანახვა, რომ მიწა უფრო ადვილად მისცემდა ნაყოფს. ამიტომაც ნოემ მაშინვე დაიწყო მიწის დამუშავება (დაბადება 3:17, 18; 5:28, 29; 9:20).

კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ იეჰოვამ ნოესა და მის შთამომავლებს ნათელი და მარტივი კანონები მისცა. მათ ეკრძალებოდათ ადამიანის მოკვლა და სისხლის არასწორად გამოყენება. ღმერთმა აგრეთვე შეთანხმება დაუდო მათ და დაჰპირდა, რომ არასდროს მოსპობდა ცოცხალ ქმნილებებს წარღვნით. ამ შეთანხმების ნიშნად ღმერთმა შექმნა ცისარტყელა, ბუნების საოცრება. დღემდე ცისარტყელის ყოველი გამოჩენა შეგვახსენებს იეჰოვას მიერ სიყვარულით წარმოთქმულ დანაპირებს, რაც ნამდვილად მანუგეშებელია (დაბადება 9:1—17).

ნოეს ამბავი შეთხზული ზღაპარი რომ ყოფილიყო, მისი ისტორია ცისარტყელის გამოჩენით დასრულდებოდა. მაგრამ ნოე რეალური პიროვნება იყო და მას არცთუ ისე მარტივი ცხოვრება ჰქონდა. ნოეს დროს ადამიანები დიდხანს ცოცხლობდნენ. ამ ერთგულმა კაცმა წარღვნის შემდეგ კიდევ 350 წელი იცოცხლა და ამ პერიოდში უამრავი ტკივილი ნახა. ერთხელ სერიოზული შეცდომაც დაუშვა, როცა დათვრა. მაგრამ ნოეს შეცდომა კიდევ უფრო დამძიმდა, როცა მისმა შვილიშვილმა, ქანაანმა, უფრო სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. ამან ქანაანის შთამომავლებს საშინელი შედეგი მოუტანა. ნოემ საკუთარი თვალით იხილა თავისი შთამომავლების ცოდვები — როგორ მოიკიდა ფეხი კერპთაყვანისმცემლობამ და ძალადობამ ნიმროდის დღეებში. თუმცა ნოემ ისიც ნახა, რწმენის რა ძლიერ მაგალითს აძლევდა თავის ოჯახს მისი ვაჟი, სემი (დაბადება 9:21—28; 10:8—11; 11:1—11).

სირთულეების მიუხედავად, ნოეს მსგავსად ჩვენც უნდა დავრჩეთ ბოლომდე ერთგულები. ჩვენ გარშემო მყოფებმა შეიძლება უარყონ ჭეშმარიტი ღმერთი ან მიატოვონ კიდეც მისადმი მსახურება, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს ნოეს მსგავსად სწორი გზით სიარულში. იეჰოვა დიდად აფასებს ერთგულებასა და მოთმინებას. იესო ქრისტემ თქვა: „ბოლომდე მომთმენი გადარჩება“ (მათე 24:13).

^ აბზ. 17 ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ღმერთმა ამ ცხოველებს, შესაძლოა, ზამთრის ძილი მოჰგვარა, შედეგად მათ აღარ დასჭირდებოდათ ბევრი საკვები. ჩვენ არ ვიცით, სინამდვილეში რა გააკეთა ღმერთმა, თუმცა ერთი რამის თქმა ნამდვილად შეიძლება: მან შეასრულა თავისი სიტყვა და იზრუნა კიდობანში მყოფი ყველა ცოცხალი არსების გადარჩენაზე.

^ აბზ. 22 წარღვნა ედემის ბაღის ყველანაირ კვალს წაშლიდა. შესაბამისად, ქერუბიმები, რომლებიც 1600 წელი იცავდნენ ბაღის შესასვლელს, გათავისუფლდებოდნენ და ზეცას დაუბრუნდებოდნენ (დაბადება 3:22—24).