წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ივლისი 2013

 რჩევები ოჯახებისთვის

მეორე ქორწინება რა დაგეხმარებათ ბედნიერების მიღწევაში

მეორე ქორწინება რა დაგეხმარებათ ბედნიერების მიღწევაში

ჰერმანი: * „ჩვენი ქორწინებიდან 34 წლის შემდეგ ჩემი ცოლი კიბოთი გარდაიცვალა. ლინდას, რომელზეც მეორედ დავქორწინდი, ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, რომ მას ყოველთვის ჩემს პირველ ცოლთან ვადარებდი. მდგომარეობა უფრო რთულდებოდა, როდესაც ჩემი ძველი მეგობრები ჩემი განსვენებული მეუღლის კარგ თვისებებზე დაიწყებდნენ ხოლმე საუბარს. ეს ძალიან აღიზიანებდა ლინდას“.

ლინდა: „მას შემდეგ, რაც ჰერმანს გავყევი ცოლად, ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, რომ მისი პირველი ცოლის ჩრდილში ვცხოვრობდი. ის ძალიან საყვარელი, ტკბილად მოსაუბრე და დახვეწილი ქალი ყოფილა. ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხებოდი, შევძლებდი როდისმე ისე ახლოს ვყოფილიყავი ჩემს მეუღლესთან, როგორც მისი პირველი ცოლი იყო“.

ჰერმანი და ლინდა ძალიან ბედნიერები არიან, რომ ერთმანეთს შეხვდნენ. ლინდა, რომელიც პირველ ქმარს გაშორდა, ჰერმანს „თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცსაც“ კი უწოდებს. თუმცა, როგორც მათ აღნიშნეს, მეორე ქორწინებამ შეიძლება ცოლ-ქმარს შორის ისეთი პრობლემები წარმოშვას, რაც ორივესთვის წინა ქორწინებაში უცხო იყო. *

რას ელით მეორე ქორწინებიდან? თამარა, რომელიც განქორწინებიდან სამი წლის შემდეგ გათხოვდა, ამბობს: „როცა პირველად თხოვდები, ისეთი გრძნობა გიჩნდება, რომ შენი ქორწინება მარადიულად გაგრძელდება. მაგრამ მეორედ დაქორწინების შემდეგ ასეთი გრძნობა შეიძლება აღარ გაგიჩნდეს, რადგან იცი, რომ პირველი ქორწინება სულაც არ გაგრძელდა მარადიულად“.

ყველაფრის მიუხედავად, ბევრი წყვილი ბედნიერი და კმაყოფილია მეორე ქორწინებაში და ეს გარკვეულწილად მათი დამსახურებაა. თქვენც შეგიძლიათ იყოთ ბედნიერი და წარმატებული. როგორ? განვიხილოთ  სამი ყველაზე გავრცელებული პრობლემა და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ დაგეხმარებათ ბიბლიური პრინციპები მათ მოგვარებაში. *

პრობლემა 1: გამუდმებით ცდილობთ, რომ პირველმა ქორწინებამ არ დაჩრდილოს თქვენი მეორე ქორწინება.

„თავიდან ვერაფრით ვიგდებ მოგონებებს, რომლებიც პირველ ქორწინებასთან მაკავშირებს. განსაკუთრებით მიჭირს იმ ადგილებში მოგზაურობა, სადაც ჩემს ყოფილ მეუღლესთან ერთად შვებულებას ვატარებდი, ამბობს სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ელენი. ზოგჯერ ეს ყველაფერი იმით მთავრდებოდა, რომ ჩემს ახლანდელ მეუღლეს ყოფილ მეუღლესთან ვადარებდი“. მეორე მხრივ, თუ თქვენი მეუღლე თქვენამდეც დაქორწინებული იყო, თქვენც შეიძლება გაღიზიანდეთ, თუ ის ხშირად ლაპარაკობს ყოფილ მეუღლეზე და პირველ ქორწინებაზე.

შექმენით ახალი, საერთო მოგონებები, რომელიც გაგაერთიანებთ

რჩევა: არარეალურია იმის მოლოდინი, რომ თქვენ ან თქვენი მეუღლე საერთოდ ამოიგდებთ თავიდან პირველ ქორწინებას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ქორწინება რამდენიმე წელი გაგრძელდა. ზოგმა აღიარა, რომ თავის ახლანდელ მეუღლეს შემთხვევით ყოფილი მეუღლის სახელსაც კი ეძახდა. როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ ასეთ ან მსგავს სიტუაციებში? ეცადეთ, ერთმანეთს გაუგოთ, გვირჩევს ბიბლია 1 პეტრეს 3:8-ში.

ნუ იქნებით ეგოისტი და ნუ მოითხოვთ მეუღლისგან, რომ საერთოდ აღარ ახსენოს პირველი ქორწინება. თუ ატყობთ, რომ მას ძალიან სურს ამ თემაზე საუბარი, თანაგრძნობით მოუსმინეთ. სწრაფად ნუ დაასკვნით, რომ ის ამით პირველ მეუღლესთან გადარებთ. „ჩემი მეუღლე კეტლინი არ ფიქრობს, რომ ჩემს განსვენებულ მეუღლეზე საუბარი ტაბუ დადებულია, გვიყვება იანი, რომელიც ათი წლის წინ მეორედ დაქორწინდა. პირიქით, კეტლინი ჩემი საუბრებიდან იგებს, როგორი ვიყავი ადრე და რამ გამხადა ისეთი, როგორიც დღეს ვარ“. შეიძლება ასეთი საუბრები თქვენს ახლანდელ მეუღლესთან უფრო ახლო ურთიერთობის განვითარებაშიც კი დაგეხმაროთ.

ყურადღება თქვენი ახლანდელი მეუღლის დადებით და კარგ თვისებებზე გაამახვილეთ. შეიძლება მას არა აქვს რომელიმე თვისება ან უნარი, რაც ყოფილ მეუღლეს ჰქონდა, მაგრამ ის უდავოდ, სხვა მხრივ იქნება გამორჩეული. ამიტომ, იზრუნეთ იმაზე, რომ გააძლიეროთ თქვენი ოჯახური კვანძები თქვენი მეუღლის არა სხვასთან შედარებით, არამედ ყურადღების იმ თვისებებზე გადატანით, რაც გხიბლავთ და გიზიდავთ მასში (გალატელები 6:4). ედმონდი, რომელიც ორჯერ დაქორწინდა, აღნიშნავს: „შეუძლებელია ორი ქორწინება იდენტური იყოს, როგორც ორი ერთნაირი მეგობრობა არ არსებობს“.

როგორ უნდა გააწონასწოროთ პირველი ქორწინების სასიამოვნო მოგონებები მეორე ქორწინებასთან? „ერთხელ მეუღლეს ავუხსენი, რომ ჩემი პირველი ქორწინება ჩემი და ჩემი პირველი მეუღლის მიერ ლამაზად დაწერილ წიგნს მაგონებდა. დროდადრო, შეიძლება ეს წიგნი ხელში ავიღო, ხელახლა გადავიკითხო და გავიხსენო სასიამოვნო მოგონებები. მაგრამ მე ამ წიგნით არ ვცხოვრობ. დღეს უკვე მე და ჩემი ახლანდელი ცოლი ვწერთ ჩვენს საკუთარ წიგნს. მე ახლაც ბედნიერი ვარ“, ამბობს ჯერედი.

ეცადეთ ასე მოიქცეთ: ჰკითხეთ მეუღლეს, თავს უხერხულად ხომ არ გრძნობს, როცა თქვენს ყოფილ მეუღლეზე ჩამოვარდება საუბარი. გააანალიზეთ, როდის არ ღირს ამ თემაზე ლაპარაკი.

პრობლემა 2: გიჭირთ ურთიერთობა ძველ მეგობრებთან, რომლებიც არ იცნობენ თქვენს ახლანდელ მეუღლეს.

„ჩვენი ქორწინებიდან ცოტა ხანში ჩემმა ცოლმა იგრძნო, რომ ზოგიერთი ჩემი ძველი მეგობარი მას შეფასების მიზნით აკვირდებოდა“, — ამბობს ჯავიერი, რომელიც განქორწინებიდან ექვსი წლის შემდეგ ხელახლა დაქორწინდა. ლეო კი განსხვავებულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ის გვიყვება: „ზოგი ჩემს ცოლს ჩემ გასაგონად ეუბნებოდა, როგორ უყვარდათ და ენატრებოდათ მისი ყოფილი ქმარი“.

რჩევა: წარმოიდგინეთ თავი თქვენი მეგობრების ადგილას. „ჩემი აზრით, ზოგჯერ მეგობრებს ძალიან უჭირთ იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელმაც მათი ძვირფასი მეგობრის ადგილი დაიკავა“, ამბობს ზემოხსენებული იანი. ამიტომ, იყავით „გონიერნი, ყველასთან რბილი ხასიათი გამოავლინეთ“ (ტიტე 3:2). დრო გავა და თქვენი ძველი მეგობრები და ახალი ოჯახი ერთმანეთს უკეთ შეეწყობიან. ბუნებრივია, ახალ ოჯახთან ერთად ახალი მეგობრების წრეც ჩნდება. ჯავიერი ამბობს, რომ დროის  სვლასთან ერთად მან და მისმა ცოლმა ძველ მეგობრებთან ურთიერთობა განაახლეს. „მაგრამ ჩვენ იმასაც ვცდილობთ, რომ ახალი, საერთო მეგობრები შევიძინოთ, რაც ძალიან გამამხნევებელია“.

გაითვალისწინეთ მეუღლის გრძნობები მაშინ, როცა დროს ძველ მეგობრებთან ატარებთ. მაგალითად, თუ საუბარი პირველ ქორწინებაზე ჩამოვარდება, გონიერება და ტაქტიანობა გმართებთ, რომ თქვენმა ახლანდელმა მეუღლემ თავი გარიყულად არ იგრძნოს. ერთი ბიბლიური იგავი ამბობს: „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის, ბრძენის ენა კი კურნავს“ (იგავები 12:18).

ეცადეთ ასე მოიქცეთ: წინასწარ იფიქრეთ, რა სიტუაციებში შეიძლება თქვენ ან თქვენმა მეუღლემ თავი უხერხულად იგრძნოთ. იმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ უპასუხებთ მეგობრების კითხვებსა და კომენტარებს, რომლებიც თქვენს პირველ ქორწინებას შეეხება.

პრობლემა 3: გიჭირთ თქვენი ახლანდელი მეუღლის ნდობა იმის გამო, რომ ყოფილი მეუღლე გღალატობდათ..

ენდრიუ, რომელიც პირველმა ცოლმა მიატოვა, მოგვიანებით რილიზე დაქორწინდა. ის ამბობს: „სულ იმის შიში მქონდა, რომ რილიც მიღალატებდა. ხშირად ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა მეც ისეთივე კარგი ქმარი ვყოფილიყავი რილისთვის, როგორიც მისი პირველი ქმარი იყო. მეგონა, ამას ვერ შევძლებდი და ერთხელაც ჩემი პირველი ცოლივით, ისიც სხვასთან წავიდოდა“.

რჩევა: თქვენი ფიქრები და საწუხარი მეუღლეს გაუზიარეთ. „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება“ (იგავები 15:22). გულახდილი საუბარი დაეხმარა ენდრიუსა და რილის ერთმანეთის ნდობაში. „რილის ვუთხარი, რომ პრობლემებიდან გამოსავლად არასოდეს მიმაჩნდა გაყრა. მანაც დამარწმუნა, რომ თვითონაც იმავეს ფიქრობდა. ამის შემდეგ მას უკვე ყველაფერში ვენდობი“.

თუ თქვენს ახლანდელ მეუღლეს ყოფილმა მეუღლემ უღალატა, ყველაფერი გააკეთეთ მისი ნდობის მოსაპოვებლად. მაგალითად, მიშელი და საბინა, რომელთა პირველი ქორწინებაც გაყრით დასრულდა, შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს აუცილებლად ეტყოდნენ, თუ ყოფილ მეუღლესთან რაიმე ურთიერთობა მოუწევდათ. „ამის შემდეგ თავს უფრო უსაფრთხოდ და დაცულად ვგრძნობდით“, — აღნიშნა საბინამ (ეფესოელები 4:25).

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: შეამცირეთ პირადი საუბრები საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან პირისპირ იქნება ეს, ტელეფონით თუ ინტერნეტით.

ბევრი ადამიანის მეორე ქორწინება წარმატებული აღმოჩნდა. თქვენც შეგიძლიათ იყოთ წარმატებული. პირველი ქორწინებიდან უსათუოდ რაღაცას ისწავლიდით და საკუთარ თავსაც უკეთ გაიცნობდით. „რილისთან თავს უზომოდ ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ, — ამბობს ზემოთ მოხსენიებული ენდრიუ. — 13 წელია დაქორწინებულები ვართ და ერთმანეთთან იმდენად ახლო და კარგი ურთიერთობა გვაქვს, რომ გვინდა, ეს მარადიულად გაგრძელდეს“.

^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 5 რასაკვირველია, ის, თუ რა გრძნობები დაეუფლება ადამიანს იმაზეა დამოკიდებული, მისი ქორწინება გაყრით დამთავრდა, თუ მეუღლის სიკვდილით. ამ სტატიის მიზანია, ორივე სიტუაციაში მყოფ ადამიანებს დაეხმაროს, ჰქონდეთ ბედნიერი ოჯახი.

^ აბზ. 7 გერების აღზრდასთან დაკავშირებით იხილეთ 2012 წლის აპრილის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ გამოქვეყნებული სტატიათა სერია „ოჯახი, სადაც დედინაცვალი და მამინაცვალია“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

ჰკითხეთ საკუთარ თავს . . .

  • განსაკუთრებით რომელ თვისებებს ვაფასებ ჩემს მეუღლეში?

  • თუ ლაპარაკი პირველ ქორწინებაზე ჩამოვარდება, როგორ შემიძლია საუბარი ისე წარვმართო, რომ ჩემმა ახლანდელმა მეუღლემ თავი უღირსად არ იგრძნოს?

 

გაიგეთ მეტი

უერთგულეთ ერთმანეთს

შეიძლება მოხდეს ისე, რომ არ მრუშობდეთ, მაგრამ მაინც არ ითქმოდეს თქვენზე, რომ ერთგული ხართ?