არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ივნისი 2013

 დაუახლოვდით ღმერთს

იეჰოვა „მიკერძოებული არ არის“

იეჰოვა „მიკერძოებული არ არის“

გამხდარხართ ოდესმე დისკრიმინაციის მსხვერპლი? გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა თქვენი თხოვნა არ დაუკმაყოფილებიათ, მომსახურებაზე უარი უთქვამთ ან სხვა მხრივ მოგქცევიან ცუდად თქვენი კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობის ან სოციალური მდგომარეობის გამო? თუ დიახ, იცოდეთ, რომ მარტო თქვენ არ გამხდარხართ დისკრიმინაციის მსხვერპლი. და მაინც, გვინდა განუგეშოთ და გითხრათ, რომ ასეთ შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ ქმედებებს, რომლებიც აქ, დედამიწაზე, ხშირად ხდება, ზეცაში ადგილი არა აქვს. „ღმერთი მიკერძოებული არ არის“, — სრული დარწმუნებით თქვა მოციქულმა პეტრემ (წაიკითხეთ საქმეების 10:34, 35).

პეტრემ ეს სიტყვები ძალზედ უჩვეულო ვითარებაში წარმოთქვა. ის სტუმრად იყო არაებრაელ კორნელიუსთან. პეტრე ებრაელი იყო; მისი თანამედროვენი არაებრაელებს უწმინდურებად მიიჩნევდნენ და მათთან არანაირ ურთიერთობას არ იჭერდნენ. მაშ, რამ მიიყვანა პეტრე კორნელიუსის სახლში? მარტივად რომ ვთქვათ, ეს შეხვედრა იეჰოვა ღმერთმა მოაწყო. პეტრეს ხილვა ჰქონდა და მას შემდეგი სიტყვები უთხრეს: „ნუღარ უწოდებ ბილწს იმას, რაც ღმერთმა განწმინდა“. პეტრემ არ იცოდა, რომ ერთი დღით ადრე კორნელიუსმაც ნახა ხილვა. მას ანგელოზმა უთხრა, პეტრესთვის მოეხმო (საქმეები 10:1—15). პეტრემ დაინახა, რომ ამ საქმეში იეჰოვას ხელი ერია და საუბრისგან თავი აღარ შეიკავა.

პეტრემ თქვა: „ახლა მართლა ვხედავ, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის“ (საქმეები 10:34). ბერძნული სიტყვა, რომელიც „მიკერძოებად“ ითარგმნება, სიტყვასიტყვით ნიშნავს „გარეგნობით შეფასებას“ („ბერძნული წერილების სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი“). ამ ბერძნულ სიტყვასთან დაკავშირებით ერთმა ბიბლეისტმა აღნიშნა: „ამ სიტყვას იყენებენ მოსამართლესთან მიმართებაში, რომელსაც განაჩენი ფაქტებზე დაყრდნობით კი არ გამოაქვს, არამედ ადამიანის გარეგნობის მიხედვით“. ღმერთი ადამიანებს არ არჩევს ეროვნების, რასის, სოციალური მდგომარეობის ან სხვა განსხვავებულობის მიხედვით.

იეჰოვა ადამიანის გულს ხედავს (1 სამუელი 16:7; იგავები 21:2). კორნელიუსთან საუბრისას პეტრემ თქვა: „ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:35). ღვთის შიში იმას ნიშნავს, რომ პატივი სცე, დააფასო და ენდო ღმერთს და არ გააკეთო ისეთი რამ, რაც მას არ მოსწონს. სიმართლის მქმნელი კი ის არის, ვინც ხალისით აკეთებს იმას, რაც ღვთის თვალში სწორია. იეჰოვას სიამოვნებას ჰგვრის ისეთი ადამიანები, რომელთა გულები სავსეა შიშნარევი მოწიწების გრძნობით, რაც მათ აღძრავს, აკეთონ ის, რაც სწორია (კანონი 10:12, 13).

როცა იეჰოვა ზეციდან იყურება, მხოლოდ ერთ რასას ადამიანებს ხედავს

თუ თქვენც გამხდარხართ მიკერძოების ან დისკრიმინაციის მსხვერპლი, მაშინ თქვენთვის მანუგეშებელი იქნება ღვთის მისამართით პეტრე მოციქულის ზემოთ ნათქვამი სიტყვები. მართლაც, იეჰოვა ყველა ერიდან იზიდავს ადამიანებს და მათ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში აერთიანებს (იოანე 6:44; საქმეები 17:26, 27). ის ისმენს და პასუხობს თავის თაყვანისმცემელთა ლოცვებს რასის, ეროვნებისა და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად (1 მეფეები 8:41—43). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ, როცა იეჰოვა ზეციდან იყურება, მხოლოდ ერთ რასას — ადამიანებს — ხედავს. არ ისურვებდით ასეთი მიუკერძოებელი ღმერთის გაცნობას?

ივნისში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

იოანე 17საქმეები 10