წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი მაისი 2013

 რჩევები ოჯახებისთვის

როგორ შეგიძლიათ ააწყოთ ურთიერთობა მეუღლის ყოფილ ოჯახთან?

როგორ შეგიძლიათ ააწყოთ ურთიერთობა მეუღლის ყოფილ ოჯახთან?

ავსტრალიაში მცხოვრები მარგარეტი, * რომელსაც გერები ჰყავს, ამბობს: „ჩემი მეუღლის ყოფილმა ცოლმა თავის შვილებს უთხრა, ჩემთვის არაფერი დაეჯერებინათ, თუნდაც მათთვის ისეთი ელემენტარული რამ შემეხსენებინა, როგორიცაა კბილების გახეხვა“. მარგარეტის თქმით, მისი ასეთი მოქმედება მათ ოჯახში განხეთქილებას იწვევდა.

ოჯახები, რომლებშიც დედინაცვალი ან მამინაცვალია, ხშირად ხვდებიან პრობლემებს მეუღლის ყოფილი ოჯახის წევრებთან. * ბევრს უჭირს გერების ცალკე მცხოვრებ მშობელთან ისეთ საკითხებზე შეთანხმება, როგორიცაა ბავშვების აღზრდა, ფინანსური დახმარება და ბავშვებთან ურთიერთობა. მეგობრებსა და ნათესავებსაც შეიძლება გაუჭირდეთ ოჯახის ახალ წევრთან შეგუება. ვიმსჯელოთ იმაზე, თუ ბიბლიური რჩევების გამოყენებით როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება.

პრობლემა 1: ურთიერთობა მშობელთან, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს

ნამიბიაში მცხოვრები ჯუდითი ამბობს: „ერთხელ ჩემს გერებს თავიანთმა დედამ უთხრა, რომ მე უბრალოდ მათი მამის ახალი ცოლი ვიყავი და შვილები, რომლებიც ჩვენ შეგვეძინებოდა, მათი და-ძმები არ იქნებოდნენ. მისმა  სიტყვებმა გული მატკინა, რადგან ჩემი გერები საკუთარი შვილებივით მიყვარს“.

ექსპერტების თქმით, ცალკე მცხოვრები მშობლები ხშირად უქმნიან პრობლემებს ყოფილი მეუღლის ახალ ოჯახს. ეს პრობლემები ხშირად დედასა და დედინაცვალს შორის წამოიჭრება. რის გაკეთება შეგიძლიათ?

გამოსავალი: დაადგინეთ გონივრული საზღვრები. თუ თქვენს შვილსა და ყოფილ მეუღლეს ერთმანეთს აშორებთ, ეს ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედებს. * როგორც წესი, მშობლებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ბავშვის ცხოვრებაში (იგავები 23:22, 25). მეორე მხრივ, თუ თქვენს ყოფილ მეუღლეს იმის უფლებას მისცემთ, რომ ზედმეტად ჩაერიოს თქვენი ოჯახის საქმეებში, ამით ახალ მეუღლეს გაანაწყენებთ. იყავით გაწონასწორებული და დაადგინეთ გონივრული საზღვრები, რომ დაიცვათ თქვენი ქორწინება, ამავე დროს საჭიროების შემთხვევაში ყოფილ მეუღლესთანაც ითანამშრომლეთ.

რჩევები მშობლებს

  • როდესაც ყოფილ მეუღლეს ელაპარაკებით, ყურადღება ძირითადად ბავშვებზე გაამახვილეთ და შეეცადეთ, ნაკლებად ილაპარაკოთ სხვა საკითხებზე. ტაქტიანად უთხარით, ბავშვთან გვიან ღამით არ დარეკოს და თუ შესაძლებელია, წინასწარ განსაზღვროს დრო, როდის უნდა დარეკოს.

  • თუ ბავშვებზე მეურვეობა თქვენ არ გაკისრიათ, მათთან ურთიერთობა შეგიძლიათ ტელეფონით, წერილებით, მესიჯებით ან იმეილებით იქონიოთ (კანონი 6:6, 7). თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ასეთი სახით რამხელა დახმარების გაწევა შეგიძლიათ შვილებისთვის. თქვენ უფრო მეტს გაიგებთ მათი გრძნობებისა და პრობლემების შესახებ და კარგ რჩევებსაც მისცემთ.

რჩევები დედინაცვლებს

  • იყავით თანამგრძნობი ბავშვების დედის მიმართ და დაანახვეთ, რომ არ ცდილობთ მისი ადგილის დაკავებას (1 პეტრე 3:8). თუ მისი შვილები თქვენთან იზრდებიან, შეატყობინეთ ხოლმე ბავშვების მდგომარეობა, ძირითადად ყურადღება დადებითზე გაამახვილეთ (იგავები 16:24). ჰკითხეთ რჩევები და მადლობა გადაუხადეთ, თუ დახმარებას შემოგთავაზებთ.

  • შეეცადეთ ნაკლებად მოეფეროთ ბავშვებს მათი დედის თანდასწრებით. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ბევერლი ამბობს: „ჩემს პატარა გერებს უნდოდათ, ჩემთვის დედა დაეძახათ. ჩვენ შევთანხმდით, რომ სახლში თავისუფლად შეეძლოთ დედა დაეძახათ, მაგრამ თავიანთ დედასთან ერთად ყოფნისას არა. ამის შემდეგ მე და ჩემი ქმრის ყოფილ ცოლს, ჯეინს, უკვე ნორმალური ურთიერთობა განგვივითარდა. ჩვენ ვთანამშრომლობდით ისეთ საკითხებში, როგორიც იყო სკოლაში წარმოდგენების დადგმა თუ ექსკურსიებზე სიარული“.

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა დადებითი გავლენის მოხდენა შეგიძლიათ შვილებზე

რჩევები ღვიძლ და შეძენილ მშობლებს

    თავაზიანობა და პატივისცემა მშვიდობას უწყობს ხელს

  • არ იქნება კარგი, თუ მშობელი ან დედინაცვალი (ან მამინაცვალი) ბავშვების გასაგონად უარყოფითად ილაპარაკებენ ერთმანეთზე. მართალია, თავშეკავება ყოველთვის იოლი არ არის, მაგრამ იცოდეთ, რომ უარყოფითი საუბარი ბავშვებზე ცუდად მოქმედებს. თან არ იცით, თქვენი ნათქვამი როდის და როგორ დაგხვდებათ წინ (ეკლესიასტე 10:20). თუ ბავშვი გეტყვით, რომ დედამისმა უარყოფითად ილაპარაკა თქვენზე, ყურადღება ბავშვის გრძნობებზე გადაიტანეთ. შეგიძლიათ უთხრათ: „ამაზე არ ინერვიულო. შენი დედიკო უბრალოდ გაბრაზებულია ჩემზე და ასეთ დროს, ჩვეულებრივ, ადამიანები ცუდ რაღაცებს ამბობენ ხოლმე“.

  •   შეეცადეთ ერთმანეთს შეუთანხმდეთ წესების დადგენასა და აღზრდის საკითხებში. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მეორე მშობლის დამცირების გარეშე აუხსენით ბავშვს, რაში მდგომარეობს განსხვავება. განვიხილოთ ასეთი სიტუაცია:

    დედინაცვალი: ზურიკო, გთხოვ, შენი სველი პირსახოცი ჩამოკიდე.

    ზურიკო: დედასთან იატაკზე ვყრით ხოლმე და დედა თვითონ ჰკიდებს.

    დედინაცვალი (გაბრაზებული): დედაშენს გაზარმაცებული ჰყავხარ.

    ასე ხომ არ ჯობდა?

    დედინაცვალი (მშვიდი ტონით): კარგი, მაგრამ ჩვენთან ყველა თვითონ ჰკიდებს თავის პირსახოცს.

  • ნუ დაგეგმავთ ბავშვებთან ერთად რაიმეს კეთებას იმ დროს, რომელიც მათ თავის მშობელთან უნდა გაატარონ (მათე 7:12). მაგრამ თუ თქვენი გეგმები მაინცდამაინც ამ დროს ემთხვევა და ვერაფერს ცვლით, სანამ ამის შესახებ ბავშვებს ეტყვით, ჯერ მშობლისგან აიღეთ ნებართვა.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: როდესაც თქვენი მეუღლის ყოფილ მეუღლეს ან თქვენი ყოფილი მეუღლის ახალ მეუღლეს შეხვდებით, გაითვალისწინეთ შემდეგი რამ:

  1. შეხედეთ და გაუღიმეთ. მოერიდეთ უკმაყოფილების გამომხატველ ჟესტებსა და მიმიკებს.

  2. მისალმებისას სახელით მიმართეთ.

  3. თუ სხვებთან ერთად ხართ, ნუ გარიყავთ მას და შეეცადეთ, საუბარში ჩართოთ.

პრობლემა 2: ურთიერთობა მოზარდებთან

ერთ წიგნში, რომელიც ოჯახურ პრობლემებს ეხება, ერთი ქალბატონი ამბობს, რომ მისი მეუღლე ყოველთვის თავისი შვილების მხარეს იკავებს და არც კი უნდა იმის მოსმენა, რომ ისინი ცუდად ეპყრობიან დედინაცვალს (Step Wars). „ეს ძალიან მაღიზიანებს“, — ამბობს ის. როგორ შეგიძლიათ მოზარდ შვილებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება ისე, რომ მეუღლესთან არ დაგეძაბოთ ურთიერთობა?

გამოსავალი: იყავით თანამგრძნობი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24). შეეცადეთ, გაიგოთ სხვისი გრძნობები და თანაუგრძნოთ მათ. მოზარდ გერებს შეიძლება იმის ეშინიათ, რომ თავიანთი ნამდვილი მშობლის სითბოსა და სიყვარულს დაკარგავენ. ან შესაძლოა ფიქრობენ, რომ თუ ახალ მშობელს გულთბილად მიიღებენ, ამით ნამდვილ მშობელს უღალატებენ. მშობელი კი, თავის მხრივ, შეიძლება ფიქრობდეს, რომ თუ შვილებს შენიშვნას მისცემს, მათ შორის ურთიერთობა გაცივდება.

ეცადეთ, გერებთან ბუნებრივი ურთიერთობა დაამყაროთ; ნუ დააძალებთ მათ თქვენთან ახლო ურთიერთობას. ნამდვილად არ არის გონივრული, ვინმეს სიყვარული დააძალო (ქებათა ქება 8:4). ამიტომ, როცა საქმე გერებთან ახლო ურთიერთობას ეხება, ეცადეთ, იყოთ გაწონასწორებული და გქონდეთ რეალური მოლოდინი.

არ ღირს ყველაფრის თქმა, რასაც ფიქრობთ და გრძნობთ, მაშინაც კი, თუ გერები ცუდად გეპყრობიან (იგავები 29:11). როცა ატყობთ, რომ გიჭირთ თავშეკავება, ისრაელის მეფე დავითის მსგავსად, ილოცეთ: „დაცვა დაუყენე ჩემს პირს, იეჰოვა, დარაჯი დაუყენე ჩემს ბაგეებს“ (ფსალმუნი 141:3).

თუ იმ ბინაში ცხოვრობთ, სადაც გერები გაიზარდნენ, ალბათ, ამჩნევთ, როგორ არიან ბავშვები შეყვარებული თავიანთ სახლზე და იქაურ გარემოზე. ეცადეთ, სახლში ბევრი რამ არ შეცვალოთ, განსაკუთრებით ბავშვების ოთახებში. ზოგ შემთხვევაში ოჯახმა შეიძლება სხვა ბინაში გადასვლაზეც იფიქროს.

 ეცადეთ, ასე მოიქცეთ: თუ თქვენი მოზარდი გერები გამუდმებით უხეშად და უპატივცემულოდ გექცევიან, თქვენი გრძნობების შესახებ მეუღლეს ესაუბრეთ და ყურადღებით მოუსმინეთ, რას გეტყვით. არ აიძულოთ მეუღლე, შენიშვნა მისცეს ბავშვებს. ნაცვლად ამისა, ეცადეთ, პირველ რიგში, მეუღლეებმა გაუგოთ ერთმანეთს და როცა ერთი აზრი გექნებათ, ერთობლივად შეძლებთ სიტუაციის გაუმჯობესებას (2 კორინთელები 13:11).

ეცადეთ, რომ სიყვარული ოჯახში ყველა ბავშვის მიმართ გამოავლინოთ

პრობლემა 3: ურთიერთობა ნათესავებთან და მეგობრებთან

კანადაში მცხოვრები მერიანი, რომელსაც გერები ჰყავს, ამბობს: „ჩემი მშობლები ხშირად ჩუქნიდნენ ჩემს ბიჭს საჩუქრებს, ჩემს გერებს კი — არა. მე და ჩემი ქმარი ვცდილობდით, მათთვის გული არ დაგვეწყვიტა და თვითონ ვყიდულობდით საჩუქრებს, მაგრამ ამის საშუალება ყოველთვის არ გვქონდა“.

გამოსავალი: პირველ ადგილზე ახალი ოჯახი დააყენეთ. უთხარით თქვენს ნათესავებსა და მეგობრებს, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ახალი ოჯახი (1 ტიმოთე 5:8). მართალია, ნათესავებსა და მეგობრებს ვერ მოსთხოვთ მაშინვე შეიყვარონ თქვენი ახალი ოჯახის წევრები, მაგრამ სთხოვეთ, რომ მათ მიმართ თავაზიანები და მიუკერძოებლები იყვნენ. აუხსენით, რა მტკივნეულია ბავშვებისთვის, როცა მათ უყურადღებოდ ტოვებენ.

უთხარით თქვენი ყოფილი მეუღლის მშობლებს, რომ მათ შეუძლიათ თავისუფლად ჰქონდეთ შვილიშვილებთან ახლო ურთიერთობა. ინგლისელი სუზენი ამბობს: „მეუღლის დაღუპვიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ გავთხოვდი. ჩემი ყოფილი დედამთილ-მამამთილი ამას ვერ ეგუებოდა, მაგრამ ჩვენ ვცდილობდით, კარგი ურთიერთობა გვქონოდა მათთან, ბავშვებს შევახსენებდით ხოლმე, რომ ხშირად დაერეკათ მათთვის და მადლიერებას გამოვხატავდით იმისთვის, რასაც გვიკეთებდნენ. დღეს ჩვენ საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს“.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: დაფიქრდით, რომელ ნათესავთან ან მეგობართან გაქვთ ყველაზე დაძაბული ურთიერთობა, შემდეგ მეუღლესთან ერთად იმსჯელეთ, როგორ შეიძლება მასთან ურთიერთობის გაუმჯობესება.

შესაძლოა, ხელმეორედ დაქორწინების შემდეგ თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობა დაგეძაბოთ. გამოიყენეთ ბიბლიური რჩევები და თქვენს ოჯახზეც შესრულდება ბიბლიის შემდეგი სიტყვები: „სიბრძნით აშენდება ოჯახი და გამჭრიახობით განმტკიცდება იგი“ (იგავები 24:3).

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 4 იმასთან დაკავშირებით, თუ კიდევ რა პრობლემებს ხვდებიან ასეთი ოჯახები, იხილეთ 2012 წლის აპრილის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, სათაურით „ოჯახი, სადაც დედინაცვალი ან მამინაცვალია“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 8 მაგრამ თუ ყოფილი მეუღლე მუქარასა და შეურაცხყოფაზე გადადის, მაშინ შეგიძლიათ ოჯახის უსაფრთხოებისთვის უფრო მკაცრ ზომებს მიმართოთ.

ჰკითხეთ საკუთარ თავს . . .

  • რა შემიძლია გავაკეთო, რომ ნორმალური ურთიერთობა მქონდეს ჩემი მეუღლის ყოფილ მეუღლესთან?

  • რა გავაკეთო იმისათვის, რომ ნათესავებმა და მეგობრებმა უნებლიეთ არ დაძაბონ სიტუაცია ჩემს ახალ ოჯახში?