წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი მაისი 2013

 ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

„ვოცნებობდი, მღვდელი გავმხდარიყავი“

„ვოცნებობდი, მღვდელი გავმხდარიყავი“
  • დაბადების წელი: 1957

  • ქვეყანა: მექსიკა

  • წარსულში: სასულიერო სემინარიის სტუდენტი. ფიცხი და აგრესიული ხასიათის.

მოკლე ბიოგრაფია:

დავიბადე პატარა ქალაქ ტესკოკოში. მაშინ ქუჩები არ იყო მოკირწყლული და ქალაქი მტვერში იყო გახვეული. ყველგან შეხვდებოდით ახლომდებარე სოფლებიდან ჩამოსულებს, რომლებსაც ვირებით გასაყიდი საქონელი ჩამოჰქონდათ. ჩვენი ოჯახი ძალიან ღარიბი იყო; ცხრა დედმამიშვილიდან მეშვიდე ვიყავი. მამაჩემი მეწაღე იყო და ოჯახს სანდლების შეკეთებით არჩენდა. შვიდი წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა და მთელ ოჯახზე ზრუნვა საბრალო დედას უწევდა.

პაპაჩემი ვიოლინოზე უკრავდა და დირიჟორობდა ორკესტრს, რომელიც რელიგიური ხასიათის მუსიკებს უკრავდა. ოჯახში თითქმის ყველა ვუკრავდით ამა თუ იმ ინსტრუმენტზე. დედა ეკლესიის გუნდში გალობდა, ბიძაჩემი ოპერის მომღერალი და პიანისტი გახლდათ. ოჯახში ყველა მორწმუნე ვიყავით; ეკლესიაში სტიქაროსნად ვმსახურობდი და მინდოდა, კათოლიკე მისიონერი გავმხდარიყავი, მაგრამ ამავე დროს ძალიან მიტაცებდა ფილმები კარატეზე და დროთა განმავლობაში მეც ჩამომიყალიბდა აგრესიული და ფიცხი ხასიათი.

პუებლაში სასულიერო სემინარიაში დავიწყე სწავლა. ჩემი მიზანი იყო, კათოლიკე მღვდელი გავმხდარიყავი. მაგრამ სწავლის ბოლო წელს კათოლიკურ ეკლესიაზე გული გამიტყდა. ერთმა ახალგაზრდა მონაზონმა სქესობრივი ურთიერთობა შემომთავაზა. ცდუნებას კი გავუძელი, მაგრამ ამ შემთხვევამ დაქორწინების სურვილი აღმიძრა. ისიც შევამჩნიე, რომ ზოგი მღვდელი თვალთმაქცურად  ცხოვრობდა. საბოლოოდ, ჩემს მიზანზე, რომ მღვდელი გავმხდარიყავი, გული ავიცრუე.

ეკლესიაში სტიქაროსნად ვმსახურობდი და მინდოდა კათოლიკე მისიონერი გავმხდარიყავი, მაგრამ ამავე დროს ძალიან მიტაცებდა ფილმები კარატეზე და დროთა განმავლობაში მეც ჩამომიყალიბდა აგრესიული და ფიცხი ხასიათი.

გადავწყვიტე, მეხიკოში სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩამებარებინა. როდესაც სწავლა დავამთავრე, დავქორწინდი; დროთა განმავლობაში მე და ჩემს მეუღლეს ოთხი ბავშვი შეგვეძინა. კათოლიკურ ეკლესიაში მესაზე ვგალობდი და ოჯახს ასე ვარჩენდი.

ჩვენი ქორწინება თავიდანვე პრობლემებით დაიწყო. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს უხეშად ვექცეოდით. ამის მიზეზი ძირითადად ეჭვიანობა იყო. თავდაპირველად, მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფით შემოვიფარგლებოდით, შემდეგ კი ფიზიკურზეც გადავედით. 13 წლის შემდეგ ერთმანეთს დავშორდით და მოგვიანებით განვქორწინდით.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

პირველად იეჰოვას მოწმეებს მაშინ შევხვდი, სანამ ჩემს მეუღლეს დავშორდებოდი. კარზე ორმა მოწმემ მოგვიკაკუნა და ბიბლიურ საკითხებზე მსჯელობა შემოგვთავაზა. მეგონა, რელიგიაში კარგად ვერკვეოდი, ამიტომ გადავწყვიტე, მათთვის დამემტკიცებინა, რომ ცდებოდნენ. ისეთი კითხვები დავუსვი, რომლებზეც ვფიქრობდი, რომ პასუხი არ არსებობდა. მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მათ ყველა კითხვაზე ბიბლიიდან გამცეს დამაკმაყოფილებელი პასუხი. მივხვდი, რომ ბევრი არაფერი მცოდნია. ჩემი ცოლი მოწმეების მიმართ ძალიან უხეში იყო, მე კი სულ დაკავებული ვიყავი, ამიტომ ჩვენი შეხვედრები მალევე შეწყდა.

ხუთი წლის შემდეგ, როდესაც უკვე სხვა ქალთან, ელვირასთან, ვცხოვრობდი, კვლავ შევხვდი იეჰოვას მოწმეებს. ელვირა მოწმეების წინააღმდეგი არ იყო, რამაც გამიადვილა ბიბლიის შესწავლა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წელი დამჭირდა, რომ ცხოვრების სტილი შემეცვალა.

მივხვდი, რომ თუ მინდოდა იეჰოვასთვის მთელი გულით მემსახურა, ცხოვრებაში დიდი ცვლილებები უნდა მომეხდინა. პირველ რიგში, კათოლიკური ეკლესიის გუნდიდან უნდა წამოვსულიყავი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახალი სამუშაო უნდა მომეძებნა (გამოცხადება 18:4). ასევე ელვირასთან ჩემი ქორწინება უნდა დამერეგისტრირებინა.

ყველაზე მეტად ჩემი ფიცხი ხასიათის შეცვლა გამიჭირდა. ძალიან დამეხმარა ორი ბიბლიური მუხლი: ფსალმუნის 11:5, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთს სძულს ძალადობა და 1 პეტრეს 3:7, საიდანაც გავიგე, რომ თუ მინდოდა, იეჰოვას შეესმინა ჩემი ლოცვები, მეუღლეს პატივისცემით უნდა მოვპყრობოდი. ამ მუხლებზე დაფიქრება და ლოცვა დამეხმარა თანდათან შემეცვალა ჩემი ფიცხი ხასიათი.

ბიბლიიდან გავიგე, რომ თუ მინდოდა, იეჰოვას შეესმინა ჩემი ლოცვები, მეუღლეს პატივისცემით უნდა მოვპყრობოდი

კურთხევები:

დღეს ბედნიერი ოჯახი მაქვს. ჩემს ოჯახს ვეხმარები, რომ რწმენაში მტკიცედ იდგნენ. აგრეთვე ვცდილობ, კარგი ურთიერთობა მქონდეს ჩემს ბიჭებთან, რომლებიც პირველი ქორწინებიდან მყავს.

პატარაობისას ვოცნებობდი, მღვდელი გავმხდარიყავი და ხალხს დავხმარებოდი. სინამდვილეში კი ახლა ვიპოვე ცხოვრების აზრი. მუსიკას ვასწავლი და ასე ვარჩენ ჩემს ოჯახს. იეჰოვას მადლიერი ვარ, რომ ამდენი მომითმინა და შესაძლებლობა მომცა უკეთესი ადამიანი გავმხდარიყავი.

ეკლესიაში სტიქაროსნად ვმსახურობდი და მინდოდა კათოლიკე მისიონერი გავმხდარიყავი, მაგრამ ამავე დროს ძალიან მიტაცებდა ფილმები კარატეზე და დროთა განმავლობაში მეც ჩამომიყალიბდა აგრესიული და ფიცხი ხასიათი.

ბიბლიიდან გავიგე, რომ თუ მინდოდა, იეჰოვას შეესმინა ჩემი ლოცვები, მეუღლეს პატივისცემით უნდა მოვპყრობოდი