წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი მარტი 2013

 ასწავლეთ შვილებს

პეტრემ და ანანიამ ტყუილი თქვეს — რას ვსწავლობთ აქედან?

პეტრემ და ანანიამ ტყუილი თქვეს — რას ვსწავლობთ აქედან?

ტყუილი ის არის, როცა რაღაცა ისეთს ამბობ, რაც იცი, რომ მართალი არ არის. გითქვამს ოდესმე ტყუილი?  * დიდებსაც უთქვამთ ტყუილი, მათაც კი, ვისაც ღმერთი უყვარდა. ალბათ, ხვდები, ვის ვგულისხმობთ. საუბარია პეტრეზე, იესოს 12 მოციქულიდან ერთ-ერთზე. მოდი, გავიგოთ, რაში დასჭირდა მას ტყუილის თქმა.

იესოს აკავებენ და უფროსი მღვდლის სახლში მიჰყავთ. შუაღამე კარგა ხანია გადასულია. პეტრე იესოს უკან მიჰყვება, ისიც შედის მღვდელმთავრის სახლის შიდა ეზოში. იქ მას ვერავინ სცნობს. მაგრამ ცეცხლის შუქზე უფროსი მღვდლის მოახლე გოგონა პეტრეს ამოიცნობს და ეუბნება: „შენც იესო გალილეელთან იყავი“. შეშინებული პეტრე ამბობს, რომ არ იცნობს იესოს.

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ მოგვიანებით პეტრე «სხვა მოახლემ შენიშნა და უთხრა იქ მყოფებს: „ეს კაცი იესო ნაზარეთელთან იყო“ ». პეტრემ ამჯერადაც იუარა. ცოტა ხანში სხვები მივიდნენ პეტრესთან და უთხრეს: „შენ ნამდვილად ერთი იმათგანი ხარ“.

პეტრე შეშინებულია. ის მესამედაც იტყუება და ამბობს: „არ ვიცნობ მაგ კაცს!“. ამ დროს მამალმაც იყივლა. იესომ პეტრეს შეხედა და პეტრეს გაახსენდა, რა უთხრა მან რამდენიმე საათის წინ: „მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ“. პეტრემ თავი ვერ შეიკავა და ატირდა. ის ძალიან შეწუხდა იმის გამო, რაც მოხდა.

შეიძლება, ასეთი რამ შენც დაგემართოს?  ~ შეიძლება სკოლაში გესმის, როგორ ლაპარაკობენ იეჰოვას მოწმეებზე: „ეგენი სექტანტები არიან“, — ამბობს ერთი. „არც ჯარში მიდიან“, — ამატებს მეორე. „ეგენი რა ქრისტიანები არიან, ქრისტეშობასაც არ აღნიშნავენ“, — ამბობს მესამე. შემდეგ ვიღაც მოდის შენთან და გეუბნება, „შენც იეჰოვას მოწმე არა ხარ?“. რას უპასუხებ?  ~

გონივრული პასუხი რომ გასცე, წინასწარ უნდა მოემზადო ასეთი შემთხვევებისთვის. პეტრე არ იყო ამისთვის  მზად და ამიტომაც იცრუა. თუმცა ის ძალიან წუხდა იმის გამო, რაც გააკეთა და ღმერთმაც აპატია.

ტყუილი პირველ საუკუნეში მცხოვრებმა ქრისტეს სხვა მოწაფე ანანიამაც თქვა. მაგრამ ღმერთმა არ აპატია არც მას და არც მის ცოლს, საფირას. ის დაემოწმა თავის ქმარს ტყუილში. მოდი ვნახოთ, რატომ არ აპატია ღმერთმა ანანიას და საფირას.

ათი დღეა გასული მას შემდეგ, რაც იესომ მოწაფეები დატოვა და ღმერთთან დაბრუნდა ზეცაში. ამ დროს იერუსალიმში დაახლოებით 3 000 კაცი ინათლება. შორიდან ბევრია ჩამოსული ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის აღსანიშნავად. მონათვლის შემდეგ, მათ სურთ, დიდხანს დარჩნენ იერუსალიმში, რათა მეტი გაიგონ ახლადშეძენილ რწმენაზე. მათ დასახმარებლად იესოს ზოგი მოწაფე ფულს სწირავს.

ანანიამ და მისმა ცოლმა საფირამ თავიანთი ქონების ნაწილი გაყიდეს, რათა აღებული ფულით ახალმონათლულ ქრისტიანებს დახმარებოდნენ. ანანიამ მოციქულებს ფული მიუტანა და უთხრა, რომ ეს გაყიდული ქონების მთლიანი საფასური იყო. სინამდვილეში ანანიამ იცრუა. მან მიწის საფასურის ნაწილი თავისთვის გადაინახა. ღმერთმა ეს პეტრეს გაუმჟღავნა, ამიტომ პეტრემ ანანიას უთხრა: „შენ ადამიანებისა კი არა, ღვთის მოტყუებას შეეცადე“. ანანია იმ წუთასვე დაეცა და მოკვდა. რამდენიმე საათის შემდეგ მისი ცოლი მოვიდა. მან არ იცოდა, რა დაემართა თავის ქმარს და მანაც ტყუილი უთხრა პეტრეს. ისიც დაეცა და ადგილზევე მოკვდა.

მართლაც რა გამაფრთხილებელი გაკვეთილია ჩვენთვის. ყოველთვის სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ. განხილული შემთხვევებიდან ყველამ რაღაც უნდა ვისწავლოთ. შეცდომებს ყველა ვუშვებთ, განსაკუთრებით ბავშვობაში. არ გიხარია, რომ იეჰოვას უყვარხარ და მზად არის გაპატიოს შეცდომები, როგორც პეტრეს აპატია?  ~ თუმცა ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს: ყოველთვის სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ და თუ ოდესმე უნებლიეთ ტყუილს ვიტყვით, იეჰოვას უნდა შევთხოვოთ და შევევედროთ, რომ გვაპატიოს. პეტრე ასე მოიქცა და ღმერთმაც აპატია. თუ მთელი გულით ვეცდებით, ტყუილი აღარ ვთქვათ, იეჰოვა ჩვენც გვაპატიებს!

წაიკითხე შენს ბიბლიაში

^ აბზ. 3 თუ ამ სტატიას ბავშვს უკითხავთ, ტილდასთან შეჩერდით და მას საკუთარი აზრი გამოათქმევინეთ.