წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი მარტი 2013

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

როგორ ამზადებდნენ მკვდარს დაკრძალვისთვის პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველები?

იუდეველები მკვდარს მალევე მარხავდნენ, ჩვეულებრივ, სიკვდილის დღესვე. ასე ისინი ორი მიზეზის გამო იქცეოდნენ. პირველი მიზეზი ის იყო, რომ ახლო აღმოსავლეთის ცხელი კლიმატის პირობებში გვამი მალევე იხრწნებოდა. მეორე მიზეზი კი იმ დროს გავრცელებული შეხედულება გახლდათ; თუ მკვდარს რამდენიმე დღე არ დამარხავდნენ, ეს ოჯახის წევრების სირცხვილი იყო.

სახარებებში და „საქმეების“ წიგნში სულ მცირე ოთხი შემთხვევაა ჩაწერილი იმისა, რომ დაკრძალვა სიკვდილის დღესვე მოხდა (მათე 27:57—60; საქმეები 5:5—10; 7:60—8:2). საუკუნეებით ადრე იაკობის საყვარელი ცოლი, რახელი მგზავრობისას გარდაიცვალა. იაკობს რახელის სხეული თავის საგვარეულო სამარხში არ წაუღია, მან ის „ბეთლემის გზაზე დამარხა“ (დაბადება 35:19, 20, 27—29).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იუდეველები დიდ ყურადღებას აქცევდნენ მკვდრის სხეულის მომზადებას. ოჯახის წევრები და მეგობრები ბანდნენ მკვდარს, სხეულს სურნელოვანი მცენარეებითა და ზეთებით ამუშავებდნენ და ქსოვილში ახვევდნენ (იოანე 19:39, 40; საქმეები 9:36—41). მეზობლები და ახლობლები მიდიოდნენ ჭირისუფალთან და მწუხარებასა და თანაგრძნობას გამოთქვამდნენ (მარკოზი 5:38, 39).

იესოც იუდაური ტრადიციის მიხედვით დაკრძალეს?

მრავალი ებრაელი ოჯახი მიცვალებულს კლდეში გამოკვეთილ გამოქვაბულში ან აკლდამაში ასვენებდა. ასეთი სახით ისინი პატრიარქების მიერ დადგენილ წესს მიჰყვებოდნენ. აბრაამი, სარა, ისაკი, იაკობი და სხვები ხებრონის მახლობლად მაქფელას გამოქვაბულში იყვნენ დაკრძალულნი (დაბადება 23:19; 25:8, 9; 49:29—31; 50:13).

იესო კლდეში გამოკვეთილ სამარხში დაკრძალეს (მარკოზი 15:46). ასეთ სამარხს ვიწრო შესასვლელი ჰქონდა. კლდეშივე იყო გამოკვეთილი რამდენიმე ადგილი, რომლებიც მომავლისთვის მიცვალებულის ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი. მას შემდეგ, რაც სხეული გაიხრწნებოდა, გამხმარ ძვლებს აგროვებდნენ და ქვის ყუთში აწყობდნენ, რომელსაც „ოსუარიუმს“ უწოდებდნენ. შედეგად სამარხში ყოველთვის იყო ადგილი ახალი გარდაცვლილისთვის. ასეთი ტრადიცია იყო იესოს დროს.

შაბათის კანონის გამო ებრაელებს არ შეეძლოთ ამ დღეს მკვდრის დაკრძალვა. რადგანაც იესო შაბათის დაწყებამდე სამი საათით ადრე მოკვდა, იოსებ არიმათეელმა და სხვებმა იესო ისე დაკრძალეს, რომ მისი სხეული ბოლომდე არ იყო დამუშავებული (ლუკა 23:50—56). ამიტომ შაბათის დასრულების შემდეგ იესოს ზოგი მეგობარი სამარხისკენ გაემართა, რათა სხეულის დამუშავების პროცესი დაესრულებინათ (მარკოზი 16:1; ლუკა 24:1).