წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი თებერვალი 2013

 ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

„მათ უნდოდათ, ჭეშმარიტებაში თავად დავრწმუნებულიყავი“

„მათ უნდოდათ, ჭეშმარიტებაში თავად დავრწმუნებულიყავი“
  • დაბადების წელი: 1982
  • ქვეყანა: დომინიკელთა რესპუბლიკა
  • წარსულში: მორმონი

მოკლე ბიოგრაფია:

დავიბადე სანტო-დომინგოში (დომინიკელთა რესპუბლიკა). ოთხი დედმამიშვილიდან ბოლო ვიყავი. განათლებული მშობლები მყავდა; მათ სურდათ, რომ შვილები კარგი და პატიოსანი ხალხის გარემოცვაში აღეზარდათ. ჩემ დაბადებამდე ოთხი წლით ადრე მშობლები მორმონ მისიონერებს შეხვდნენ. მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ახალგაზრდა ყმაწვილების ლამაზმა, მოწესრიგებულმა ჩაცმულობამ და მათმა მოხდენილმა მანერებმა. ჩვენი ოჯახი დომინიკელთა რესპუბლიკაში ერთ-ერთი პირველი ოჯახი იყო, რომელიც შეუერთდა „უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას“, იგივე მორმონთა ეკლესიას.

თანდათან მომწონდა ეკლესიის საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობა და დიდ პატივს ვცემდი მორმონთა შეხედულებებს ოჯახურ ცხოვრებასა და მორალთან დაკავშირებით. მეამაყებოდა, რომ მორმონი ვიყავი და მიზნად მქონდა დასახული, მისიონერი გავმხდარიყავი.

18 წლის ვიყავი, როცა საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავედით. იქ შემეძლო კარგი განათლების მიღება. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ფლორიდაში დეიდა და ბიძა გვესტუმრნენ, რომლებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ. მათ საოლქო კონგრესზე დაგვპატიჟეს. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ შლიდნენ დამსწრეები ბიბლიას და როგორ აკეთებდნენ ჩანაწერებს. მეც ვითხოვე კალამი და ფურცელი და დავიწყე ჩაწერა.

კონგრესის შემდეგ დეიდამ და ბიძამ მითხრეს, რომ რაკიღა მისიონერული მსახურებით ვიყავი დაინტერესებული, კარგი იქნებოდა, თუ ბიბლიას შევისწავლიდი და შესწავლა შემომთავაზეს. მათი შემოთავაზება მომეწონა, რადგან იმ დროს მორმონების წიგნი უფრო კარგად ვიცოდი, ვიდრე ბიბლია.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

ხშირად ვესაუბრებოდი ბიბლიურ საკითხებზე დეიდასა და ბიძას ტელეფონით. ისინი მირჩევდნენ, რომ ყოველთვის შემედარებინა ჩემი რელიგიის სწავლებები ბიბლიური სწავლებებისთვის. მათ უნდოდათ, რომ ჭეშმარიტებაში თავად დავრწმუნებულიყავი.

ჩემს რელიგიაში ბევრი რამ მომწონდა, მაგრამ ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, ბიბლიას ეფუძნებოდა თუ არა ეს სწავლებები. დეიდამ 1995 წლის 8 ნოემბრის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ გამომიგზავნა, რომელშიც რამდენიმე სტატია მორმონების მრწამსს შეეხებოდა. გაკვირვებული დავრჩი, რადგან აღმოჩნდა, რომ მორმონთა ბევრ სწავლებას საერთოდ არ ვიცნობდი. გადავწყვიტე, მორმონთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადამემოწმებინა, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა ის, რაც „გამოიღვიძეთში!“ ეწერა. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი სიმართლე იყო. ამაში კიდევ უფრო მეტად მაშინ დავრწმუნდი, როდესაც იუტაში მორმონების მუზეუმს ვეწვიე.

ყოველთვის მჯეროდა, რომ მორმონების წიგნი და ბიბლია სრულ თანხმობაში იყო ერთმანეთთან. მაგრამ როცა ბიბლიის დაკვირვებით კითხვა დავიწყე, ბევრი შეუსაბამობა აღმოვაჩინე. მაგალითად, ეზეკიელის 18:4-ში ბიბლია ამბობს, რომ სული კვდება. მაგრამ მორმონების წიგნში, ალმას 42:9-ში წერია: „სული შეუძლებელია ოდესმე მოკვდეს“.

კიდევ ერთი არაბიბლიური მოძღვრება მორმონების ნაციონალური იდეებით გაჟღენთილი სწავლება იყო. მაგალითად, მორმონები ასწავლიან, რომ ედემის ბაღი მისურის შტატში, ჯექსონის ოლქში მდებარეობდა და რომ „ერთ დღესაც, როცა ღვთის სამეფო დამყარდება დედამიწაზე, ღმერთი მსოფლიოს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მეშვეობით უხელმძღვანელებს“.

ამან ერთ საკითხზე დამაფიქრა: რა დაემართებოდა ჩემს ქვეყანას, სადაც დავიბადე ან მსოფლიოს სხვა ქვეყნებს? ერთ საღამოს ერთმა ახალგაზრდა მორმონმა დამირეკა, რომელიც მისიონერობისთვის ემზადებოდა და ამ თემაზე ჩამოვუგდე საუბარი. პირდაპირ ვკითხე, იბრძოლებდა თუ არა თავისი თანამორწმუნეების წინააღმდეგ, მის ქვეყანას სხვა ქვეყნისთვის ომი რომ გამოეცხადებინა. სახტად დავრჩი, როცა მითხრა, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებო. ამის მერე უფრო ღრმად დავიწყე მორმონთა სწავლებების გამოკვლევა და ხშირად ვსაუბრობდი მორმონთა ეკლესიის წინამძღოლებთან. მითხრეს, რომ ის საკითხები, რომლებიც მაინტერესებდა, საიდუმლო იყო და დადგებოდა დრო, როცა ამ ყველაფერს ნათელი მოეფინებოდა.

ასეთმა ახსნამ იმედი გამიცრუა, კიდევ ერთხელ დავფიქრდი ჩემს რწმენაზე და იმაზე, თუ რისთვის მინდოდა მისიონერობა. ეს მიზანი პირველ რიგში იმიტომ მხიბლავდა, რომ ხალხის დახმარება მსურდა. თანაც, როგორც მისიონერს, ხალხი დიდად დამაფასებდა. მაგრამ, რაც შეეხება ღმერთს, მე მასზე არაფერი ვიცოდი. ბიბლია არ იყო ჩემთვის უცხო წიგნი, მაგრამ მისი ნამდვილი ფასეულობა არ მესმოდა. წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო ღვთის განზრახვა დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებით.

კურთხევები:

იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის წყალობით ბევრ სხვა საკითხთან ერთად ისიც გავიგე, თუ რა ჰქვია ღმერთს, რა ემართება გარდაცვლილ ადამიანებს და რა როლი აკისრია იესო ქრისტეს ღვთის განზრახვის შესრულებაში. საბოლოოდ, ჩავწვდი ამ საოცარი წიგნის არსს და სხვებთანაც დიდი სიხარულით ვსაუბრობდი იმაზე, რასაც ვსწავლობდი. ადრე უბრალოდ ვიცოდი, რომ ღმერთი არსებობდა, ახლა კი შემიძლია მას ისე ვესაუბრო ლოცვის დროს, როგორც ჩემს ახლო მეგობარს. 2004 წლის 12 ივლისს იეჰოვას მოწმედ მოვინათლე და ექვსი თვის შემდეგ სრული დროით მსახურება დავიწყე.

ხუთი წელი ბრუკლინში არსებულ იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარ სამმართველოში ვიმსახურე. დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის გამოცემაში მონაწილეობის მიღება, რასაც მილიონობით ადამიანისთვის მოაქვს სარგებლობა. დღესაც დიდი სიხარულით ვეხმარები ხალხს ღვთის გაცნობაში.