არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი თებერვალი 2013

მოსე — კაცი, რომელსაც უდიდესი სიყვარული გააჩნდა

მოსე — კაცი, რომელსაც უდიდესი სიყვარული გააჩნდა

რა არის სიყვარული?

ორი სიტყვით თუ ვიტყვით, ეს არის სხვების მიმართ ღრმა და თბილი გრძნობები. ვისაც უყვარს, ის თავის გრძნობებს სიტყვითა და საქმით გამოხატავს და მზად არის მსხვერპლზეც კი წავიდეს.

რაში ვლინდებოდა მოსეს სიყვარული?

მოსეს ძალიან უყვარდა ღმერთი. 1 იოანეს 5:3-ში წერია: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“. მოსე მთელი გულით იცავდა ღვთის მცნებებს და სწორედ ამით დაამტკიცა ღვთისადმი სიყვარული. ის მას ყველაფერში ემორჩილებოდა, იქნებოდა ეს რთული დავალების შესრულება, მაგალითად, როგორიც იყო ძლევამოსილი ფარაონის წინაშე წარდგომა, თუ ერთი შეხედვით მარტივი მითითების მიყოლა, როგორიც მაგალითად წითელ ზღვაზე ჯოხის გაწოდება იყო. მოსე ღვთის ყველა მითითებას ასრულებდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რთული იქნებოდა ეს, თუ მარტივი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოსემ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც იეჰოვამ უბრძანა; ზუსტად ისე გააკეთა“ (გამოსვლა 40:16).

მოსეს თანამემამულეებიც უყვარდა. მათ ესმოდათ, რომ იეჰოვამ მოსე დანიშნა მათ ხელმძღვანელად და პრობლემების დროს რჩევის საკითხავად მასთან მიდიოდნენ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ხალხიც დილიდან საღამომდე იდგა მოსეს წინაშე“ (გამოსვლა 18:13—16). წარმოიდგინეთ, რა დამღლელი იქნებოდა მოსესთვის მთელი დღის განმავლობაში უამრავი ადამიანის საწუხარისა და სადარდებლის მოსმენა. მაგრამ ის ამას სიხარულით აკეთებდა, რადგან უყვარდა ხალხი.

მოსე არა მარტო უსმენდა ხალხს, არამედ ლოცულობდა კიდეც მათთვის. ის მათთვისაც ლოცულობდა, ვინც მას ცუდად ექცეოდა. მაგალითად, ერთხელ, მირიამი, ღვთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელის, საკუთარი ძმის, მოსეს წინააღმდეგ წავიდა. იეჰოვამ მას კეთრი შეჰყარა. იმის ნაცვლად, რომ მირიამის დასჯით გახარებულიყო, მოსემ მისთვის ილოცა: „ღმერთო, გევედრები! გევედრები, განკურნე ის!“ (რიცხვები 12:13). სხვა რა უნდა ყოფილიყო მოსეს ასეთი ლოცვის მიზეზი, თუ არა სიყვარული?!

გაკვეთილი ჩვენთვის.

ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ მოსეს და ღვთისადმი ღრმა სიყვარული განვივითაროთ. ასეთი სიყვარული დაგვეხმარება, „გულით დავემორჩილოთ“ მას (რომაელები 6:17). როცა მთელი გულით ვემორჩილებით იეჰოვას, მას დიდად ვუხარებთ გულს (იგავები 27:11). ამით ჩვენც დიდ კმაყოფილებას ვიღებთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როცა ღმერთს წრფელი სიყვარულით ვემსახურებით, მარტო რაც სწორია იმას კი არ ვაკეთებთ, არამედ სიამოვნებასაც ვიღებთ ღვთის ნების შესრულებით (ფსალმუნი 100:2).

მოსეს კიდევ იმაში შეგვიძლია მივბაძოთ, რომ განვივითაროთ სხვებისადმი თავგანწირული სიყვარული. როცა მეგობრები ან ოჯახის წევრები ჩვენთან თავიანთ საწუხარზე სასაუბროდ მოდიან, სიყვარული აღგვძრავს 1) გულწრფელად მოვუსმინოთ 2) ვუთანაგრძნოთ, ანუ შევიდეთ მათ მდგომარეობაში და 3) ვაგრძნობინოთ, რომ ვზრუნავთ მათზე.

მოსეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ვილოცოთ ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის. ზოგჯერ შესაძლოა ვწუხვართ იმის გამო, რომ ყოველთვის არ შეგვწევს ძალა, დავეხმაროთ მათ. შესაძლოა ნაღვლობთ კიდეც და ამბობთ: „მაპატიე, ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, ის არის, რომ ვილოცო შენთვის“. მაგრამ გახსოვდეთ: „მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს, რადგან სრულდება“ (იაკობი 5:16). ჩვენმა ლოცვამ შეიძლება ღმერთი აღძრას, რაღაც გააკეთოს იმ პიროვნებისთვის, ვისთვისაც ვლოცულობთ, მაშინ, როცა შესაძლოა არაფრის გაკეთებას არ აპირებდა. მართლაც, იმაზე უკეთესი რა შეგვიძლია გავაკეთოთ სხვებისთვის თუ არა ის, რომ ვილოცოთ მათთვის?! *

ნამდვილად ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მოსესგან! ამ ერთმა ჩვეულებრივმა ადამიანმა რწმენის, თავმდაბლობისა და სიყვარულის მართლაც არაჩვეულებრივი მაგალითი დაგვიტოვა. რაც უფრო მეტად მივბაძავთ მას, მით უფრო მეტ სარგებლობას მივიღებთ, როგორც ჩვენ, ასევე ჩვენ ირგვლივ მყოფები (რომაელები 15:4).

^ აბზ. 8 ღმერთმა რომ მოისმინოს ჩვენი ლოცვები, გულწრფელად უნდა მივყვეთ მის პრინციპებსა და ნორმებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 17. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.