არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  იანვარი 2013

 დაუახლოვდით ღმერთს

„ეს ყველაფერი . . . ჩვილებს გაუმჟღავნე“

„ეს ყველაფერი . . . ჩვილებს გაუმჟღავნე“

გსურთ, გაიგოთ ჭეშმარიტება ღვთის შესახებ — ვინ არის ის, რა უყვარს და რა სძულს? იეჰოვა ღმერთი თავის სიტყვაში, ბიბლიაში, სრულ სიმართლეს მოგვითხრობს საკუთარი თავის შესახებ. მაგრამ ყველას არ შეუძლია, უბრალოდ წაიკითხოს ბიბლია და ბოლომდე გაიგოს ეს ჭეშმარიტება? მიზეზი ისაა, რომ სულიერი ჭეშმარიტების გაგება დიდი პატივია და ეს პატივი ყველას არ ხვდება წილად. განვიხილოთ, რა თქვა იესომ ამასთან დაკავშირებით (წაიკითხეთ მათეს 11:25).

ეს მუხლი შემდეგი სიტყვებით იწყება: „მაშინ იესომ თქვა“. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა მოხდა მანამ, სანამ იესო ამ სიტყვებს იტყოდა, მივხვდებით, თუ ვინ ჰყავდა იესოს მხედველობაში. მან უსაყვედურა გალილეის სამი ქალაქის მცხოვრებთ, რომელთაც არ მოინანიეს. ამ ქალაქებში მან უამრავი სასწაული მოახდინა (მათე 11:20—24). შეიძლება იკითხოთ: „როგორ შეიძლებოდა ვინმეს ენახა იესოს მიერ მოხდენილი სასწაულები და არ მიეღო ჭეშმარიტება, რომელსაც ის ქადაგებდა?“ ის, რომ ამ ხალხმა არ მოუსმინა და არ მოინანია, იმაზე მიუთითებს, რომ ჯიუტი და ურჩი გული ჰქონდათ (მათე 13:10—15).

იესომ იცოდა, ბიბლიურ ჭეშმარიტებას რომ ჩასწვდომოდა ხალხი, ორი რამ სჭირდებოდათ: ღვთის დახმარება და სწორი განწყობა. იესომ ახსნა: „მამა, ცისა და მიწის უფალო, გაქებ ყველას წინაშე, რადგან დაუფარე ეს ყველაფერი ბრძენებსა და ჭკვიანებს და ჩვილებს გაუმჟღავნე“. შეგიძლიათ ახსნათ, რატომ ითვლება პატივად ბიბლიური ჭეშმარიტების გაგება? იეჰოვამ, „ცისა და მიწის უფალმა“, შეიძლება დაუფაროს ან არ გაუმჟღავნოს ჭეშმარიტება ვინმეს. თუმცა ღმერთი მიკერძოებას არ იჩენს, რადგან ყველას აძლევს ჭეშმარიტების გაგების შესაძლებლობას. რის საფუძველზე უმჟღავნებს ღმერთი ბიბლიურ ჭეშმარიტებას ზოგს, ზოგს კი — არა?

იეჰოვას თავმდაბლები უყვარს და არა ამპარტავნები (იაკობი 4:6). ის არ უმჟღავნებს ჭეშმარიტებას „ბრძენებსა და ჭკვიანებს“ — წუთისოფლის ბრძენებსა და განათლებულებს, რომელთაც სიამაყე და თავდაჯერებულობა არ აძლევს საშუალებას, ღვთისგან დახმარება მიიღონ (1 კორინთელები 1:19—21). მაგრამ ის უმჟღავნებს ჭეშმარიტებას „ჩვილებს“ — მათ, ვისაც წრფელი გული აქვთ და ბავშვივით თავმდაბლები არიან (მათე 18:1—4; 1 კორინთელები 1:26—28). ღვთის ძე, იესო ორივე კატეგორიის ადამიანებს იცნობდა. ბევრმა ამაყმა, განათლებულმა რელიგიურმა წინამძღოლმა არ მიიღო იესოს ცნობა, მაგრამ თავმდაბალმა მეთევზეებმა მიიღეს (მათე 4:18—22; 23:1—5; საქმეები 4:13). თუმცა, ზოგმა მდიდარმა და განათლებულმა ადამიანმაც გამოავლინა თავმდაბლობა და იესოს მიმდევარი გახდა (ლუკა 19:1, 2, 8; საქმეები 22:1—3).

ახლა დავუბრუნდეთ კითხვას, რომელიც სტატიის დასაწყისში დავსვით: გსურთ გაიგოთ ჭეშმარიტება ღვთის შესახებ? თუ დიახ, მაშინ გაგიხარდებათ იმის გაგება, რომ ღმერთს არ მოსწონს ისინი, ვისაც თავი ბრძნად მოაქვს. ღმერთს ისინი უყვარს, ვისაც წუთისოფლის ბრძენნი ზემოდან დაჰყურებენ. თუ სწორი განწყობით იკვლევთ ღვთის სიტყვას, შეიძლება თქვენც მათ შორის აღმოჩნდეთ, ვისაც ღმერთი ძვირფას საჩუქარს უბოძებს — მის შესახებ ჭეშმარიტების გაგების შესაძლებლობას მისცემს. ჭეშმარიტების გაგება თქვენს ცხოვრებას უფრო აზრიანს გახდის ახლავე, მომავალში კი დაგაჯილდოვებთ „ჭეშმარიტი სიცოცხლით“ — უსასრულო სიცოცხლით, რომელსაც ღვთის დაპირებისამებრ, მალე მიიღებთ სამართლიან ქვეყნიერებაში * (1 ტიმოთე 6:12, 19; 2 პეტრე 3:13).

იანვარში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი

მათე 1—21

^ აბზ. 7 იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან ღვთის გაცნობაში და მისი განზრახვების გაგებაში. ისინი გთავაზობენ ბიბლიის უსასყიდლოდ შესწავლას წიგნის

„რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მეშვეობით.